გუშინ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპი დაინიშნა. დღეს ცნობილი გახდა მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დეტალები. გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი სქემით “3+1” გააფორმა. მისი წლიური ჯამაგირი ხუთი მილიონი ფუნტ სტერლინგით განისაზღვრა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ან პრემიერლიგის მოგების შემთხვევაში, ანაზღაურება შესაძლოა, გაიზარდოს.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე კლოპმა განაცხადა, რომ “ლივერპულს” ყველაფერი აქვს მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად და ამას ლამაზი ფეხბურთის ჩვენებით აპირებს.
“პირველ რიგში, მადლობას ვუხდი “ლივერპულის” ხელმძღვანელობას ჩემი და ჩემი კოლეგების ნდობისთვის. ასევე იმისთვის, რომ მან მოგვცეს შესაძლებლობა, საკუთარი თავი სრულიად ახალ დონეზე წარმოვაჩინოთ. მათ მე წარმომიდგინეს კლუბის განვითარების თავიანთი ხედვა. სრულად ვიზიარებ მათ ამბიციასა და საქმისადმი მიდგომას.
გუნდში ბევრი ბრწყინვალე და ნიჭიერი შემსრულებელია და დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონში მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლებთ.
ყველამ იცის, რომ ფეხბურთში მნიშვნელოვანია გამარჯვება, თუმცა საქმე მხოლოდ მოგებაშიც არაა, ისიც საინტერესოა, თუ როგორ გაიმარჯვებ. ჩემი ფილოსოფიით, ფეხბურთი ლამაზი და ემოციური, სწრაფი და მკაცრი, სულაც უხეში უნდა იყოს. ჩემი გუნდი ყოველთვის ასი პროცენტით იხარჯება, თითოეულ მატჩში მაქსიმუმის მიღწევას ცდილობს.
მნიშვნელოვანია ახალი ფილოსოფიის დამკვიდრება, რომელიც კლუბის სტატუსს ასახავს, მისცემს სახასიათო ნიშანს და წინსვლის საშუალებას. არც ტაქტიკა უნდა დავივიწყოთ. ტაქტიკა ნათელი და ემოციური უნდა გვქონდეს.
მე აქ იმიტომ ვარ, რომ მჯერა “ლივერპულის” პოტენციალის. დღესდღეობით ჩვენ არ ვართ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, მაგრამ ეს ვის ანაღვლებს? მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვინდა, უახლოეს პერიოდში გავხდეთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა ამას თანდათანობით მოვაგვარებთ. მშვენიერი მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები გვყავს. აქ ოთხი წლის განმავლობაში თუ ვიქნები, ვფიქრობ, ერთ ტიტულს მაინც მოვიგებ.
თანამედროვე ფეხბურთში ყველა დიდი გუნდი ცდილობს ბურთის კონტროლს. პირველ რიგში, დაცვაში უნდა დავლაგდეთ. გვინდა, გავხდეთ ისეთი გუნდი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელი იქნება. ვერ ვიტყვი იმას, რომ “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ფანები სრულიად ახალ “ლივერპულს” იხილავენ, თუმცა ჩვენ ამას შევეცდებით.
“ლივერპულს” გამორჩეული ფანობა ჰყავს, “ენფილდი” კი ნამდვილი ციხე-სიმაგრეა, რომელსაც საოცარი ატმოსფერო აქვს. ერთმანეთის დახმარებით ჩვენ შევძლებთ მწვერვალების დაპყრობას”, – კლოპის კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.