ჩიჩარიტო „ინტერს“ უახლოვდება

ბრიტანული პრესის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი მილანის „ინტერში“ გადავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩიჩარიტოს ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

„ინტერის“ გარდა, 26 წლის მექსიკელი ფორვარდის თავისთან გადაბირება „საუთჰემპტონსაც“ სურს.

შეგახსენებთ, რომ ჩიჩარიტო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2010 წლიდან იცავს. მექსიკელმა ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

კავანის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა არ უნდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ ედინსონ კავანის დამდეგ სატრანსფერო პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა არ სურს. „წითელ ეშმაკებს“ უკვე დიდი ხანია, ურუგვაელი ფეხბურთელის დამატების სურვილი აქვთ, თუმცა თავად კავანის არ უნდა იმ გუნდში თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა.

სათქმელია ისიც, რომ ურუგვაელი ფორვარდი პარიზულ კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობით მთლად კმაყოფილი არ არის, თუმცა „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მან გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.

 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი გარდაიცვალა

86 წლის ასაკში გარდაიცვალა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამერიკელი მფლობელი მალკომ გლეიზერი.

გლეიზერი 86 წელი ზუსტად სამი დღის წინათ შეუსრულდა..

გლეიზერი მსხვილი ამერიკელი ბიზნესმენი გახლდათ. 1995 წლიდან მის საკუთრებაში იყო ნაციონალური საფეხბურთო ლიგის კლუბი „ტამპა ბეი“, 2005 წელს კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეიძინა.

გლეიზერის საკუთრებაში არსებულმა „იუნაიტედმა“ ხუთჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა,

2014 წლის მარტის მონაცემების მიხედვით, გლეიზერის კაპიტალი 4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

 

როჯერსი: „მოუთმენლად ველი ვან გალთან შეხვედრას“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი თვლის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ კლუბის თავკაცის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, მერსისაიდული გუნდის დამრიგებელმა დევიდ მოიესის გათავისუფლების გამო სინანული გამოთქვა.

„პირველ რიგში, სამწუხაროა, რომ მოიესს შანსი არ მიეცა. მისი წასვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გამოცდილი სპეციალისტი სჭირდებოდა. ვან გალი ამ პოსტისთვის იდეალური ვარიანტია. მრავალი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი მის მუშაობას. ის ყოველთვის აღწევდა წარმატებას. აქვს საკუთარი ხედვა და გაგება, თუ როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა. ვან გალს ახალგაზრდებთან მუშაობაც ეხერხება. ჰოლანდიელის სტატუსი კლუბის ისტორიას შეესაბამება. მოუთმენლად ველი ვან გალთან შეხვედრას“, – განაცხადა ბრენდან როჯერსმა რადიოსადგურ „თოქსპორტის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ლუი ვან გალი „მანჩესტერ იუნაიტედს“ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ვან გალს შორის კონტრაქტი გაფორმდა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ლუი ვან გალთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ.

62 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ვან გალი, რომლის თავკაცობითაც ჰოლანდიის ნაკრები ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობას მუნდიალის დასრულების შემდეგ შეუდგება.

ვან გალის თანაშემწეებად რაიან გიგზი, ფრანს ჰუკი და მარსელ ბუტი იმუშავებენ.

„ლუი ვან გალის სახით თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი გამოჩენილი მწვრთნელი მოვიყვანეთ. მან კარიერის განმავლობაში ბევრს მიაღწია. „ოლდ ტრაფორდზე“ მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ახალი თავი დაწეროს“, – განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავკაცის პოსტზე ვან გალის დანიშვნის გამოცხადება გადადო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნის ოფიციალური გამოცხადება გადაიდო და „სქაი სპორტსის“ ცნობით, მიმდინარე კვირაში ეს არც მოხდება. არადა, გასულ კვირაში უცხოურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ „ჰალ სიტის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა კლუბის თავკაცის პოსტზე ვან გალს წარადგენდა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელ სპეციალისტსა და „წითელ ეშმაკებს“ შორის შეთანხმება მიღწეულია და ახლა მხოლოდ დანიშვნის თარიღია გასარკვევი. შესაძლოა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება მომდევნო კვირაში გაკეთდეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვან გალი ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერის“ თავკაცის პოსტზე ვან გალის კანდიდატურა მომდევნო კვირაში დასახელდება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ ექსკლუზიურ მასალაში წერს, რომ მომდევნო კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება. როგორც მოგეხსენებათ, 62 წლის სპეციალისტი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობს, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს.

წყაროს ცნობით, ვან გაალი „ოლდ ტრაფორდზე“ თავისი სამწვრთნელო შტაბის მიყვანას გეგმავს, მათ შორის იქნება ჰოლანდიის ნაკრებში მისი ამჟამინდელი თანაშემწე პატრიკ კლუივერტი.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით მომუშავე რაიან გიგზსა და მის სამწვთნელო გუნდს, რომელშიც პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და ფილ ნევილი შედიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიგზსა და კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის მთავარი თემა უელსელის მომავალი იყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. სხვადასხვა წყაროების თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობას გიგზის შენარჩუნება სურს, თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვან გალი „ოლდ ტრაფორდზე“ საკუთარი სამწვრთნელო შტაბით მისვლას აპირებს.

გარდა ამისა, „დეილი მეილი“ წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ვან გალისთვის ფინანსებს არ დაიშურებს, რათა ჩავარდნილი სეზონის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინოს.

ბექა დოგრაშვილი

მოიესის ბოლოსიტყვაობა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა სერ ალექს ფერგიუსონს, კლუბის ხელმძღვანელობასა და „წითელი ეშმაკების“ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

სამშაბათს კლუბის ხელმძღვანელობამ შოტლანდიელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

გასულ უქმეებზე „წითელი ეშმაკები“ მოიესის ყოფილ კლუბ „ევერტონთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ, რითაც „იუნაიტედმა“ სეზონის დასრულება ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა „გაინაღდა“. ასეთი რამ უკანასკნელი 19 წლის მანძილზე პირველად ხდება. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მანჩესტერ იუნაიტედს“ 57 ქულით სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიცია აქვს დაკავებული.

„ვთვლი, რომ მწვრთნელი მთელი კარიერის განმავლობაში სწავლობს. „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული დრო ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა. სერ ალექს ფერგიუსონის მადლიერი ვარ. მან შანსი მომცა და დიად კლუბში მიმიწვია.

ვამაყობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიყვანე. ვამაყობ, რომ ამ დიდებული კლუბის ნაწილი ვიყავი. ხანგრძლივი პროგრესისა და სტაბილურობის შემდეგ ახალი კლუბის ჩაბარება დიდი გამოწვევაა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობა განსაკუთრებული პოზიციაა, თუმცა მძიმე სამუშაოსი არ მეშინოდა. ეს ჩემს სამწვრთნელო შტაბსაც ეხება. ჩემი მწვრთნელების მადლიერი ვარ მთელი სეზონის განმავლობაში გამოვლენილი ერთგულებისა და ნდობისთვის. ჩვენ ფუნდამენტურ გარდაქმნაზე ვიყავით ორიენტირებულნი, ეს აუცილებელი იყო ძირითადი შემადგენლობისთვის. ამ რთულ პერიოდში ისეთ თამაშებს ვერ ვაჩვენებდით, როგორსაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკვრები იყვნენ მიჩვეულნი. მე მესმის მათი იმედგაცრუების.

ამ მოკლე პერიოდში გავაცნობიერე, როგორი განსაკუთრებული ადგილია „ოლდ ტრაფორდი“, ასევე კარინგტონში არსებული ბაზა. მადლობას ვუხდი ქომაგებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ მთელი სეზონის განმავლობაში. კლუბს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ „წითელ ეშმაკებს“ ინგლისის ჩემპიონატის დამდეგ მატჩში კლუბის ვეტერანი ფეხბურთელი რაიან გიგზი უხელმძღვანელებს.

ბექა დოგრაშვილი

ფილ ნევილი: „სეზონი ჩავაგდეთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ფილ ნევილმა შექმნილ რეალობას თვალი გაუსწორა და გამოტყდა, რომ კლუბმა სეზონი ჩააგდო.

ინგლისის მოქმედ ჩემპიონს 33 ტურის შემდეგ აქტივში 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უკავია, რაც იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ „წითელი ეშმაკები“ მომავალ სეზონში, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩებიან.

დევიდ მოიესის სადებიუტო სეზონში გუნდმა უკვე ყველა ტურნირიდან გამოვარდნა მოასწრო (ინგლისის თასი, ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგა).

„ჩვენ ამ სეზონის მოლოდინები ვერ გავამართლეთ. სეზონი ჩავაგდეთ. რთული საყურებელია სხვა გუნდების წარმატება. სატურნირო ცხრილში ჩახედვავ გვიჭირს“, – განაცხადა ფილ ნევილმა „ბი ბი სის“ ეთერში.

ბექა დოგრაშვილი

ბერბატოვს ერიკ კანტონას გზის არჩევა სურს

„მონაკოს“ ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი, რომელიც თავის დროზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა, აცხადებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ერიკ კანტონას გზის არჩევა სურს. 33 წლის ფეხბურთელის მხრიდან საუბარია სამსახიობო კარიერის დაწყებაზე.

„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც კარიერის განმავლობაში მივაღწიე, თუმცა ძალისხმევას არც ახალი კლუბისთვის არ ვიშურებ. როდესაც ბუცებს ლურსმანზე დავკიდებ, თვითკმაყოფილი ღიმილით შემეძლება უკან გახედვა, რადგან ბევრ რამეს მივაღწიე.

ერიკ კანტონასთან ჩემი შედარება არასამართლიანია. ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდებული ფეხბურთელი იყო. მის მიერ გატანილი გოლები საფირმო ნიშნებად იქცა. შესანიშნავი მოთამაშე იყო. შემდეგ კინოებში მონაწილეობის მიღება დაიწყო.

თავად მეც კინემატოგრაფიის დიდი მოყვარული გახლავართ. როდესაც კარიერას დავასრულებ, კინოში გადაღებაზე უარს მეც არ ვიტყვი“, – განაცხადა ბერბატოვმა „ევროსპორტის“ ეთერში.

იქვე ბულგარელი თავდამსხმელი აღნიშნავს, რომ მოთამაშის კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კროოსში 40 მილიონს იხდის

ბრიტანული პრესის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, მიუნხენის „ბაიერნს“ ნახევარმცველ ტონი კროოსის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზოს.

24 წლის გერმანელ ფეხბურთელს ბავარიულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც მას „ბაიერნის“ დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, „რეკორდმაისტერს“ თანხას არავინ არ გადაუხდის.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ უკვე მყარად აქვთ გადაწყვეტილი კროოსის შეძენა. შესაძლო ტრანფერის გაჩარხვის ალბათობას გერმანელი ნახევარმცველის განცხადებაც ზრდის, რომელმაც მიმდინარე სეზონის ბოლოს „ბაიერნიდან“ აბარგება და ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე კლუბში გადასვლა არ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესმა „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობის პირველ სეზონში ორი ნახევარმცველი უკვე დაიმატა: ჯერ ყოფილი კლუბიდან მარუან ფელაინი გადმოიყვანა, შემდეგ კი ლონდონის „ჩელსიდან“ ხუან მატა დაიბევა.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.com-ი და REDARMY.GE პარტნიორები გახდნენ

სპორტული ინტერნეტ-პორტალი Fanebi.com-ი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი REDARMY.GE პარტნიორები გახდნენ.

ჩვენს შორის იგეგმება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ვარიანტების განხილვა. REDARMY.GE-ს სიახლეები გამოქვეყნდება Fanebi.com-ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ გვერდზე. გარდა ამისა, ჩვენი სტატიების გაცნობა REDARMY.GE-ზეც შეგეძლებათ. ეს ჩვენი თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისია, მომავალში კი ერთობლივად სხვადასხვა საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებთ.

ეწვიეთ „მანჩესტერ იუნაიტედის“ საკმაოდ დახვეწილი დიზაინის მქონე ვებ-გვერდს, რომლის მეშვეობითაც „წითელი ეშმაკების“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდამ საქმის კურსში იქნებით.