იტალიის სუპერთასისთვის ბრძოლაში “იუვეს” “ნაპოლიმ” აჯობა

იტალიის სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” და თასის მფლობელი “ნაპოლი” დაუპირისპირდნენ. ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მატჩი ნეაპოლიტანელებმა პენალტების სერიით მოიგეს.

მე-5 წუთზე “ბიანკონერი” კარლოს ტევესმა დააწინაურა, რომელმაც “ნაპოლის” მცველების  კალიდუ კულიბალისა და ფაუზი გულამის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და გაიტანა. მეორე ტაიმის შუაწელს გონსალო იგუაინმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.106-ე წუთზე პოლ პოგბას ეფექტურ თამაშს არანაკლებ ეფექტურად ტევესი გამოეხმაურა და არგენტინელმა დუბლი გაიფორმა, თუმცა 118-ე წუთზე იგუაინმა კვლავ იყოჩაღა და მატჩი პენალტების სერიებამდე მიიყვანა. თერთმეტმეტრიანი დარტყმები “ნაპოლის” ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს — რვიდან ექვსი გაიტანეს, როცა ტურინელებმა შვიდიდან ხუთი პენალტი გამოიყენეს.

ამრიგად, იტალიის სუპერთასი “ნაპოლის” საკუთრება გახდა. ნეაპოლიტანელებმა ეს ტიტული არსებობის მანძილზე მეორე მოიგეს, პირველად იტალიის სუპერთასს 1990 წელს დაეუფლნენ.

იტალიის სუპერთასი:
“იუვენტუსი” — “ნაპოლი” 2:2 (პენ. 5:6)

გოლები: ტევესი 5′, 106′ — იგუაინი 68′, 118′.

“ნაპოლიმ” “პარმა” დაამარცხა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა

იტალიის სერია A-ს XVI ტურში “ნაპოლიმ” “პარმა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-19 წუთზე დუვან საპატამ გახსნა. 30-ე წუთზე დრის მერტენსმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:0.

“ნაპოლიმ” 27 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე აღზევდა. “პარმა” 7 ქულით ბოლო ადგილზეა.

იტალიის სერია A
XVI ტური
“ნაპოლი” — “პარმა” 2:0 (2:0)

გოლები: საპატა 19′, მერტენსი 30′ (პენ).

 

“ჩელსი” კალეხონით გაძლიერებაზე ფიქრობს

ფიფას აგენტი ჯანფრანკო ჩიკეტი აცხადებს, რომ მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის “ჩელსი” “ნაპოლიდან” ხოსე კალეხონის გადაბირებას შეეცდება.

“ახლა კალეხონის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს “ჩელსი” იჩენს. ლონდონელები მზად არიან, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს და კალეხონი დაიმატონ”, – ციტირებს ჩიკეტის სიტყვებს “ტუტონაპოლი”.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ხოსე კალეხონს კარგად იცნობს. პორტუგალიელი სპეციალისტი ესპანელ ფეხბურთელს მადრიდის “რეალში” თავკაცობდა.

 

მანჩინის იტალიაში მუშაობა არ სურს

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში იტალიაში მუშაობას არ აპირებს.

მანჩინი 2001-დან 2008 წლამდე “ფიორენტინას”, რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერს” თავკაცობდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი ინგლისურ “მანჩესტერ სიტისა” და თურქულ “გალათასარაის” ედგა სათავეში. ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მანჩინი უახლოეს პერიოდში “ნაპოლის” თავკაცის პოსტზე რაფაელ ბენიტესს შეცვლის.

“საზღვარგარეთ მუშაობა მინდა. თუ იტალიიდან საინტერესო წინადადებას მივიღებ, რა თქმა უნდა, შემოთავაზებას განვიხილავ. რაც შეეხება “ნაპოლის”, მოხარული ვარ, რომ “სასუოლოს” დამარცხება შეძლო. ბენიტესს დიდად ვაფასებ, ის შესანიშნავი მწვრთნელია”, – მანჩინის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

ბენიტესს ინგლისში დაბრუნება სურს

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის ესპანელი სპეციალისტი ნეაპოლიტანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. არადა, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა მომდევნო წლის ზაფხულს ეწურება. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ბენიტესს ინგლისში დაბრუნება სურს, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს მისი ოჯახი.

“ნაპოლის” ხელმძღვანელობა აპირებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს ბენიტესისგან პასუხი, რათა 2013 წელს ჩავარდნილ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, როცა კლუბის თავკაცის პოსტი ვალტერ მაცარიმ დატოვა.

 

იკერ მუნიაინი: “ნაპოლისთან” შეხვედრა არ გვინდოდა”

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკი” “ნაპოლის” დაუპირისპირდება. ბასკთა თავდამსხმელი იკერ მუნიაინი ამბობს, რომ ნეაპოლელთა წინააღმდეგ დაპირისპირება არ სურდა.

“თანაბარი მატჩი იქნება. ნეაპოლიტანელებს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა თუ გვინდა, რომ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. კარგია, რომ საპასუხო შეხვედრას შინ გავმართავთ. ყველაფერი “სან მამესზე” გადაწყდება. “ნაპოლისთან” დაპირისპირება არ გვსურდა, თუმცა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს მუნიაინის სიტყვებს Football Italia.

წყვილის პირველი მატჩი “სან პაოლოზე” სამშაბათს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა ბილბაოში, 27 აგვისტოს შედგება.

 

“ნაპოლიმ” “ბარსელონა” დაამარცხა

“ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართული ამხანაგური მატჩი იტალიური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-80 წუთზე ბლერიმ ჯემაილიმ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავოს დებიუტი ჰქონდა. სწორედ მისი უხეში შეცდომის შემდეგ გავიდა გოლი.

ამხანაგური მატჩი:
“ნაპოლი” — “ბარსელონა 1:0 (0:0)

“ნაპოლი”: რაფაელი, ალბიოლი (ლუპერტო 85′), ბრიტოსი (გულამი 46′), კულიბალი, მაჯო (მესტო 46′), გარგანო (სუნიგა 72′), ჰამშიკი (ვარგასი 72′), ჟორჟინიო (მერტენსი 61′), ზაპატა (მიჩუ 46′), ხოსე კალეხონი (ჯემაილი 72′), ინსინიე.
მთავარი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

“ბარსელონა”: ბრავო, პიკე (ედგარი 60′), ალბა (გრიმალდო 60′), ბარტრა (ბაგნაკი 75′), მონტოია, ინიესტა (სერხი რობერტო 60′), რაკიტიჩი (ჰალილოვიჩი 60′), ბუსკეტსი (სამპერი 60′), რაფინია (ადამა 75′), პედრო (დეულოფეუ 75′), მუნირი (სანდრო რამირესი 60′).
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

გოლი: ჯემაილი 80′.

მესი “ნაპოლის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს — “ბარსას” განაცხადი

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ოთხშაბათს, “ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდნენ ლეო მესი, ხავიერ მასკერანო, ჩავი, ჟერემი მატიე და დანი ალვესი.

“ბარსელონას” შემადგენლობა ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, მონტოია, ბარტრა, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, სერხი რობერტო, რაკიტიჩი, რაფინია, დეულოფეუ, ედგარი, გრიმალდო, სამპერი, ჰალილოვიჩი, ადამა, მუნირი, სანდრო.

“ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის გასამართი ამხანაგური მატჩი დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

“ნაპოლის” სტადიონთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა

“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ემზადება, თუმცა გუნდს სტადიონთან დაკავშირებით ახალი პრობლემა შეექმნა.

“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, უეფამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნეაპოლიტანურ კლუბს სტადიონ “სან პაოლოზე” არსებული მოძველებული ადგილების შეცვლა მოსთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაპოლის” ეს პროცედურა შესაძლოა 6 მილიონი ევრო დაუჯდეს.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლის” ტურნირის ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული არ აქვს, ნეაპოლელებმა ჯერ პლეი-ოფის ეტაპი უნდა დაძლიონ.

 

რეინას “ლივერპულთან” კონტრაქტის გაწყვეტა სურს

Sky Sport Italia-ს ცნობით, ესპანელი მეკარე პეპე რეინა “ლივერპულთან” კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის ივნისში გასდის, თუმცა 31 წლის კიპერს ახლავე სურს კონტრაქტის გაწყვეტა და კლუბის შეცვლა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი რეინამ იჯარის წესით “ნაპოლიში” გაატარა.

ნეაპოლიტანური კლუბი “ლივერპულთან” ესპანელი მეკარის გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, პეპე რეინას მიმართ ინტერესი მიუნხენის “ბაიერნმა” და “მილანმა” გამოხატეს.

 

ფელაინის “ნაპოლიში” უშვებენ

ბრიტანული “დეილი მირორის” თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” ნახევარმცველ მარუან ფელაინის იჯარის წესით “ნაპოლიში” გაუშვებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლიტანური კლუბი ბელგიელ ფეხბურთელს ჯამაგირის სახით “მანჩესტერ იუნაიტედში” არსებული ხელფასის 50 პროცენტს გადაუხდის.

“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ახალ სათამაშო კონცეფციაში ფელაინის ადგილს ვერ ხედავს და სწორედ მისი ინიციატივით დააყენეს 26 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” შარშან ლივერპულის “ევერტონიდან” გადავიდა, თუმცა “ოლდ ტრაფორდზე” ფეხი საფუძვლიანად ვერ მოიკიდა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში ფელაინიმ მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

ოფიციალურად: ბეჰრამი “ნაპოლიდან” ჰამბურგში” გადავიდა

შვეიცარიელი ნახევარმცველი ვალონ ბეჰრამი “ნაპოლიდან” “ჰამბურგში” გადავიდა. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გერმანულმა კლუბმა 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გაიღო.

ვალონ ბეჰრამი “ნაპოლის” ღირსებას ბოლო ორი სეზონის განმავლობაში იცავდა. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ნეაპოლიტანური გუნდის რიგებში 50-ზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.