“ინტერს” და “ნაპოლის” რეინას გაფორმება სურთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ, პეპე რეინამ “რეკორდმეისტერთა” სათადარიგოთა სკამიდან შეიძლება იტალიაში გადაინაცვლოს.

“ბაიერნის” სარეზერვო მეკარემ შეიძლება სათამაშო გარემო შეიცვალოს.

32 წლის მეკარით დაინტერესებულნი არიან “ინტერი” და “ნაპოლი”. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელში პეპე გასულ სეზონში ასპარეზობდა.

“ფურია როხას” წევრი გერმანიის ფლაგმანში გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა, თუმცა იქ მანუელ ნოიერს კონკურენციას ვერ უწევს სასტარტო თერთმეტეულისთვის ბრძოლაში.

გასულ სეზონში, პეპე რეინამ სერია ა-ში 30 მატჩი ჩაატარა, სადაც 29 გოლი გაუშვა.

ბენიტესი: “მსაჯების შეცდომებზე საუბრით დავიღალე”

იტალიური “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა “ტორინოსთან” გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის მსაჯებზე საუბრით დაიღალა.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს იტალიის ჩემპიონატში, “ტორინომ” “ნაპოლი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში ნეაპოლელები პენალტს ითხოვდნენ, მათ ეგონათ, რომ ემილიანო მორეტის ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

“არ მინდა, ამ მომენტზე ვისაუბრო, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის. თუმცა, ყველამ დაინახა, რაც მოხდა. მსაჯების შეცდომებზე საუბრით უკვე დავიღალე. ვფიქრობ, მსაჯის ერთ გადაწყვეტილებას შეუძლია მოვლენები სხვაგვარად წარმართოს”, – უთხრა ბენიტესმა Sky Sport Italia-ს.

ბენიტესი: „დინამო“ რთული მეტოქეა“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა უეფა-ს ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის კენჭისყრა შეაფასა. ცნობისთვის, ნეაპოლიტანელთა მეტოქე 1/8 ფინალში მოსკოვის „დინამო“ იქნება.

„მოსკოვის „დინამოს“ ვიცნობთ და გვესმის, რომ ეს რთული მეტოქეა, რომელმაც ექვსჯერ მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ეს დიდი ტრადიციებისა და გამოცდილი მოთამაშეების მქონე კლუბია. საპასუხო მატჩი მოსკოვში გაიმართება, იქაური ატმოსფერი ჩვენთვის არც ისე კარგი იქნება. „ანდერლეხტთან“ სერიაში „დინამოელებმა“ თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს. ამის მიუხედავად, ამ ტურნირზე რაც შეიძლება შორს გასვლა გვსურს“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ლავესი: “კარგი იქნებოდა “ნაპოლიში” დაბრუნება”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ესეკიელ ლავესიმ მიანიშნა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ნაპოლიში” დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

“გონსალო იგუაინთან ერთად თამაშის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნებოდი. იტალია მენატრება. თუ სერია A-ში დაბრუნებას გადავწყვეტ, “ნაპოლი” ჩემთვის პრიორიტეტი იქნება. “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი მაქვს, თუმცა სეზონის ბოლოს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს”, – ციტირებს ლავესის სიტყვებს “სქაი იტალია”.

შეგახსენებთ, რომ ესეკიელ ლავესი “ნაპოლის” ღირსებას 2007-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 173 მატჩი ჩაატარა.

 

მერტენსი: „ნაპოლიდან“ წასვლის მიზეზებს ვერ ვხედავ“

„ნაპოლის“ თავდამსხმელის დრის მერტენსის თქმით, იგი ნეაპოლიტანური კლუბიდან წასვლის მიზეზებს ვერ ხედავს. გარდა ამისა, ბელგიელი რაფაელ ბენიტესის მხრიდან შემადგენლობის ხშირ როტაციასაც შეეხო.

„რა თქმა უნდა, უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება მსურს, თუმცა მთავარი მწვრთნელის მესმის. იტალიაში გარემარბის პოზიციაზე თამაშისთვის ბევრი სირბილი და თავდაცვაა საჭირო, რაც არც ისე ადვილია. სწორედ ამიტომ, მწვრთნელი შემადგენლობას ხშირად ცვლის. მიმდინარე კვირას სათადარიგოთა სკამზე იგუაინიც კი დარჩა.

მე წასვლის მიზეზებს ნამდვილად ვერ ვხედავ. ინტერესი „შალკეს“ მხრიდან? ამის შესახებ არაფერი ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, იანვარში სხვა კლუბში გადასვლა არ მსურს“, – განუცხადა დრისმა „VoetbalNieuws“-ს.

„ლაციო“ 15 ათასი ევროთი დააჯარიმეს

„ლაციოს“ ხელმძღვანელობას, ჯარიმის სახით, 15 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. ამის მიზეზი კი „ნაპოლისთან“ იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურის მატჩში რომაული კლუბის ფანების ქცევაა.

ხსენებულ მატჩში „ლაციოს“ ფანები ნეაპოლელი სტუმრების მისამართით ტერიტორიული დისკრიმინაციის ხასიათის შეძახილებს იყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამის გამო იტალიური კლუბები პირველად არ ჯარიმდებიან. მსგავსი შემთხვევის გამო გასულ სეზონში სერია ა-ს რამდენიმე კლუბი დაჯარიმდა.

გონსალო იგუაინის შესანიშნავი გოლი “ლაციოს” კარში (ვიდეო)

18 იანვარს, იტალიის ჩემპიონატში, “ლაციოსა” და “ნაპოლის” შორის გამართულ შეხვედრაში (0:1) გონსალო იგუაინმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

იგუაინი: “ნაპოლიში” დავრჩები, თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეთ”

იტალიის სერია A-ს XIX ტურში “ნაპოლიმ” სტუმრად რომის “ლაციო” გონსალო იგუაინის კინკილა გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა თავდამსხმელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“საბედნიეროდ, რთულ შეხვედრაში გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ. “ლაციო” ძლიერი გუნდია, თუმცა მესამე ადგილზე დაბრუნებისთვის მხოლოდ მოგება გვმართებდა.

“ნაპოლიში” ბედნიერი ვარ. გუნდში დავრჩები იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება, თანაც მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს”, – ციტირებს იგუაინის სიტყვებს Football Italia.

ცნობისთვის, 27 წლის არგენტინელ ფეხბურთელს ნეაპოლიტანურ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის ივნისში ეწურება

 

ალეგრი: “იტალიაში მარცხის აღიარება არ შეუძლიათ”

იტალიის სერია A-ს XVIII ტურის ცენტრალური შეხვედრა “სან პაოლოზე” გაიმართა, სადაც “ნაპოლიმ” გათამაშების ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლიტანური გუნდის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მსაჯები “იუვეს” დაეხმარნენ, რაზეც მოგვიანებით “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

“სასაცილოა. არბიტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაპროტესტება რომ დავიწყოთ, ქაოსს მივიღებთ. როდესაც მსაჯი ჩვენ წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას, ყველა კმაყოფილია. როდესაც პირიქით ხდება, უთანხმოება წარმოიშვება ხოლმე.

“სამპდორიასთან” გამართული მატჩი მახსენდება, როდესაც არბიტრი ჩვენ საწინააღმდეგოდ ორჯერ შეცდა. შეცდომას ყველა უშვებს: ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც და პრეზიდენტებიც და რატომ არ შეიძლება, რომ მსაჯი შეცდეს? დიდებული მატჩის შემდეგ რა საჭიროა სკანდალის მოწყობა?

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ასეთი სანახაობრივი საღამოს გაფუჭებას ცდილობს. ვწუხვარ, მაგრამ დღეს ასეთია იტალიური ფეხბურთი – მარცხს არავინ აღიარებს. თუ არბიტრებს ერთ შეცდომაზე გამოვეკიდებით, მალე აღარავინ იმსაჯებს”, – ალეგრის სიტყვები Football italia-მ გამოაქვეყნა.

 

“ნაპოლის” მფლობელი: “მსაჯთა ეს ექვსეული დიდი ხნით უნდა ჩამოშორდეს ფეხბურთს”

იტალიის სერია A-ს XVIII ტურში “ნაპოლი” შინ ტურინის “იუვენტუსთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ნეაპოლიტანური გუნდის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა შეხვედრაში მონაწილე მსაჯები გააკრიტიკა.

“იუვენტუსი” ძლიერი გუნდია და როდესაც მას არბიტრები ეხმარებიან, დაუმარცხებელი ხდება.

არანორმალურია, როდესაც ექვსი მსაჯი თამაშგარე მდგომარეობაში მყოფ ორ ფეხბურთელს ვერ ამჩნევს. ან არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე, ან არაკეთილსინდისიერ მუშაობასთან.

ეს ექვსეული დიდი ხნით უნდა ჩამოშორდეს ფეხბურთს”, – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Football italia.

 

“იუვენტუსმა” ნეაპოლში მოიგო

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში “იუვენტუსი” “ნაპოლის” ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტურინელებმა ანგარიში 29-ე წუთზე პოლ პოგბას გოლით გახსნეს და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება 64-ე წუთამდე შეძლეს, სანამ ბრიტოსმა ანგარიში არ გაათანაბრა. თუმცა, სულ რაღაც 5 წუთში სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ. ამჯერად თავი მარტინ კასერესმა გამოიჩინა. მატჩის საბოლოო შედეგი კი 94-ე წუთზე არტურო ვიდალმა დააფიქსირა – 1:3.

18 ტურის შედმეგ “იუვე” 43 ქულით პირველობას ინარჩუნებს და “რომას” უკვე 3 ქულით უსრებს. “ნაპოლი” კი 30 ქულით მეოთხეზეა.

ნაპოლი 1-3 იუვენტუსი

გოლები: პოგბა 29′ (0:1); ბრიტოსი 64′ (1:1); კასერესი 69′ (1:2); ვიდალი 90+4′

პოლ პოგბამ “ნაპოლის” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

11 იანვარს, იტალიის ჩემპიონატში, “ნაპოლისა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ შეხვედრაში პოლ პოგბამ მეტოქეს ლამაზი გოლი გაუტანა.