“ოქროს ბურთი” რონალდუს საკუთრებაა

“ოქროს ბურთი” მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. მან აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო, საერთო ჯამში კი – მისთვის ეს მესამე “ოქროს ბურთია”. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ხმათა 37.66 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი გავიდა (15.76%), მესამე კი მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი (15.72%) გახლავთ.

“ჩემს შვილს ვხედავ, ჩემს ოჯახსა და დედას ვხედავ. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამ კონკურსში მხარი დამიჭირა: ჩემს მწვრთნელს, თანაგუნდელებს, კლუბის პრეზიდენტს. ჩვენ ერთად გავიარეთ ეს დაუვიწყარი წელი. ამ ჯილდოს მოგება უნიკალური მიღწევაა. ასეთივე სულისკვეთებით მუშაობას გავაგრძელებ. მინდა, რომ მომავალშიც მოვიგო როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ტიტულები. ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავძლიერდე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ “ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელი გავხდებოდი. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გავხდე, თუმცა ეს ახალ მსხვერპლს მოითხოვს”, – განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 2014 წელს “რეალთან” ერთად ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. პორტუგალიელ ფეხბურთელს “ოქროს ბურთი” მანამდე 2008 და 2013 წლებში ჰქონდა მოგებული.

 

ლიონელ მესი: „ოქროს ბურთის“ მოგება გამიჭირდება“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთის“ მოგების შანსები შეაფასა.

„რეალისტი ვიქნები და ვიტყვი, რომ წელს „ოქროს ბურთის“ მიღება გამიჭირდება. დღეს ჩვენ დაჯილდოვების ცერემონიალით დავტკბებით. კრიშტიანუსა და ნოიერს ბრწყინვალე წელი ჰქონდათ. ერთმა ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ასევე უამრავი გოლი გაიტანა, მეორე კი, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა“, – განაცხადა არგენტინელმა.

ლიოვი: „ოქროს ბურთი“ ნოიერმა უნდა მოიგოს“

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთს წოდებას მისი გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი იმსახურებს.

„ოქროს ბურთი“ ნოიერმა უნდა მიიღოს. სხვა შედეგის შემთხვევაში, გული დამწყდება. ბოლო წლებში იგი ისეთ თამაშს აჩვენებს, რომელიც მეკარეთა შესრულებით არასდროს გინახავთ. მუნდიალის დროს მან თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა“, – განაცხადა ლიოვმა.

ვილაშ-ბოაშმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაადასხელა

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაადასხელა.

„გასულ სეზონში ხმა მესის მივეცი, თუმცა რონალდუს ამბიციებსა და გამოსვლას 2014 წელს საზღვარი არ მქონდა. ჩვენ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეებზე ვსაუბრობთ. ორივე ეს ფეხბურთელი ამ ეპოქაში განუმეორებელია. ვფიქრობ, კრიშტიანუ 2014-ში და 2013-ში ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებდა“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი 12 იანვარს გაირკვევა.

მარადონამ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ მოთამაშეებს შორის ფავორიტი დაასახელა.

“არც მესი და არც რონალდუ. ჩემი ფავორიტი მანუელ ნოიერია. 2014 წლის მიხედვით, ის ყველაზე მეტად იმსახურებს “ოქროს ბურთს”, – განაცხადა მარადონამ ვენესუელის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

“მილანისა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ ფეხბურთელთა შესახებ ისაუბრა და ფავორიტიც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ თავად შევჩენკომ ეს ჯილდო 2004 წელს მოიგო.

“ოქროს ბურთის” მოგება ბევრ რამეს ნიშნავს. ეს ფეხბურთში მთავარი ინდივიდუალური ჯილდოა. ახალგაზრდობაში მის მოპოვებაზე ბევრი მიოცნებია, რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოსაც ვიყავი. უბედნიერესი გახლდით, როდესაც “ოქროს ბურთი” მოვიგე. ვიგრძენი, როგორ ახდა ჩემი ერთ-ერთი ოცნება.

Shevchenko

ჯილდოსთვის ბრძოლაში ფავორიტად მანუელ ნოიერს დავასახელებ. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს თვალყური მივადევნე. ნოიერი მუნდიალის მომგები გუნდიდანაა და ტურნირზე ყველა ეპიზოდში თავი ფანტასტიურად წარმოაჩინა. იგი თამაშობდა როგორც მეკარედ, ასევე მცველადაც, რითაც დიდად დაეხმარა დაცვის ხაზს.

თუმცა, ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მაინც აქვთ ჯილდოს მოპოვების შანსი. “რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, რონალდუ კი კლუბის მთავარი ვარსკვლავი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებმა საოცარი ფინალი გვიჩვენეს. მესისთვის იოლი არ ყოფილა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მან ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა. შესაძლოა, ლეო ინდივიდუალური თვალსაზრისით საუკეთესო არ იყო, თუმცა მან გუნდისთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწია.

Lionel Messi - Cristiano Ronaldo - Manuel Neuer

სამივე მათგანი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მე არჩევანს ნოიერზე ვაკეთებ. ის მართლაც გამორჩეული იყო გერმანიისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში. მან ეს წელიწადი ფანტასტიურად განვლო”, – შევჩენკოს სიტყვები ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

ნოიერი: „რონალდუსა და მესის მოგების მეტი შანსი პოპულარობის გამოც აქვთ“

„ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთმა კანდიდატმა, მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ მას მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ლიდერებთან, კრიშტიანუ რონალდუსთან და ლიონელ მესისთან შედარებით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოგების ნაკლები შანსი მათი პოპულარობის გამოც აქვს.

„ამ პრიზის მოგების კანდიდატთა შორის ყოფნის გამო ვამაყობ. ჩემი ორივე მეტოქე მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს და, შესაძლოა, მათ მოგების უფრო მეტი შანსი ამის გამოც ჰქონდეთ“, – ციტირებს ნოიერს „Suddeutsche Zeitung“-ი.

ჩავიმ წლის საუკეთესო სამ ფეხბურთელში მასკერანო შეიყვანა, რონალდუ – არა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა წლის საუკეთესო სამი ფეხბურთელი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ კატალონიური გრანდის კაპიტანმა საუკეთესო სამეულში ორი თანაგუნდელი შეიყვანა.

Sport-ის ჟურნალისტმა ჩავის ჰკითხა, ესპანეთის ნაკრების კაპიტანი რომ ყოფილიყო, ვის მისცემდა ხმას “ოქროს ბურთის” გამოკითვაში.

“პირველი ლიონელ მესი, მეორე ფილიპ ლამი, მესამე კი ხავიერ მასკერანო”, – თქვა ჩავიმ.

ბევრისათვის მოულოდნელად, ესპანელმა ფეხბურთელმა სამეულს მიღმა მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ დატოვა.

“ჩემი აზრით, 2014 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად თამაში ბევრს ნიშნავდა, ეს კი რონალდუს არ გამოუვიდა”, – აღნიშნა 34 წლის მოთამაშემ.

ნოიერი: „ოქროს ბურთი“ ერთმა მეკარემ მოიგო, თუმცა მისი სახელი არ მახსოვს“

„ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ კანდიდატს მანუელ ნოიერს ლევ იაშინის სახელი დაავიწყდა.

„ისტორიაში „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ერთმა მეკარემ მიიღო. ეს რუსი გოლკიპერი იყო, თუმცა მისი სახელი არ მახსოვს.

მეკარისთვის ამ სამეულში მოხვედრა ადვილი არ არის. ჩემთვის ეს დიდი პატივია. „ბაიერნისა“ და ნაკრების თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი. თუმცა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, თუ სამეულში კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელი მოხვდებოდა. იგი, შესაძლოა, „ბაიერნის“ ან „ბორუსიას“ მოთამაშე ყოფილიყო“, – განუცხადა ნოიერმა „Daily Mail“-ს.

„ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა 12 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარემ ლევ იაშინმა „ოქროს ბურთი“ 1963 წელს მიიღო.

რონალდო: “რონალდუმ მესის წელსაც აჯობა”

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რონალდომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის გაჩაღებული მეტოქეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“რონალდუს აქვს სისწრაფე, ძალა, თან ბევრ გოლს იტანს. ჩემი აზრით, შარშანდელის მსგავსად, მან წელსაც აჯობა ლეო მესის. როგორც იჩანს, რონალდუ კიდევ ერთხელ მოიგებს “ოქროს ბურთს”, – ციტირებს რონალდოს სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

ბრაზილიელს იმის შესახებაც ჰკითხეს, აჯობა თუ არა კრიშტიანუ რონალდუმ მას მიღწევებით, რაზეც რონალდომ ასე უპასუხა:

“რთულია, სხვადასხვა პერიოდებში მოთამაშე ფეხბურთელების ერთმანეთთან შედარება. მე ჩემი საქმე დიდი ხნის წინათ გავაკეთე”.

 

ჩაბი ალონსომ კრიშტიანუ რონალდუს მოუბოდიშა

რამდენიმე დღის წინ ჩაბი ალონსომ „ოქროს ბურთის“ ფავორიტად თავისი ამჟამინდელი გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი დაასახელა, რასაც პრესაში ბევრი საუბარი მოჰყვა. არაერთმა გამოცემამ იმის შესახებაც დაწერა, რომ ამ ინტერვიუს გამო რონალდუ ალონსოზე განაწყენდა.

როგორც გაირკვა, გუშინ 32 წლის ნახევარმცველმა პორტუგალიელს დაურეკა და მოუბოდიშა. გარდა ამისა, ყოიფილ თანაგუნდელს ალონსომ აუხსნა, რომ ნოიერი მხოლოდ „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მოიხსენია.

თავის მხვრივ, კრიშტიანუმ აღნიშნა, რომ ალონსოს სიტყვების გამო იგი გაბრაზებული არ არის, რისი წყალობითაც, ორივე ფეხბურთელმა შესაძლო კონფლიქტი თავიდან მოიცილა

ინტერვიუში ალონსომ ისიც აღნიშნა, რომ მანუელ ნოიერი საუკეთესო მეკარეა, რომელთან ერთადაც მას თამაში მოუწია. როგორც „მარკა“ წერს, ამ თემაზე ჩაბი იკერ კასილასთან საუბარს არ აპირებს.

პეპე: “ეს ნამდვილი სკანდალი იქნება”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველი პეპე გადაჭრით ამბობს, რომ “ოქროს ბურთი” მისმა თანაგუნდელმა კრიშტიანუ რონალდუმ უნდა მიიღოს. მისი თქმით, სხვა ფეხბურთელის დაჯილდოება სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.

“თუ “ოქროს ბურთს” რონალდუს არ მისცემენ, ეს ნამდვილი სკანდალი იქნება. ვერავინ ვერ იტყვის, რომ 2014 წლის მიხედვით, ის ამ ჯილდოს არ იმსახურებს. ნამდვილად სამარცხვინო ამბავი იქნება, თუ “ოქროს ბურთს” სხვა მოთამაშეს მისცემენ და არა კრიშტიანუს, რომელმაც საოცარ შედეგებს მიაღწია: ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში 17 გოლი, ბოლო სამ თვეში კი 23 ბურთი გაიტანა.კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ “ოქროს ბურთი” მისცენ?” – პეპეს სიტყვებს bundesligapremier-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.