იბრაჰიმოვიჩი: „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ განადგურებული ვიყავი“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, როგორც ჩანს, ლონდონის „ჩელსისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე წაგებას ჯერ კიდევ ვერ შეეგუა.

„ჩელსისთან“ მარცხის შემდეგ მე განადგურებული და ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ასეთ მომენტებში ყოველთვის ვფიქრობ, რა იქნებოდა, თუკი ამ შეხვედრაში მეც მეთამაშა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ ვიცით, რაც მაწუხებს, რადგან, ჩემი აზრით, „ჩელსიზე“ უკეთესი გუნდი გვყავს. ვფიქრობ, ამ ორმატჩიანი რაუნდში ბევრი ვისწავლეთ, რაც მომავალში გამოგვადგება“, – განაცხადა ზლატანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტიაგო სილვა: „ინგლისის პრემიერლიგაში საკუთარ თავს ვერ ვხედავ“

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა ტიაგო სილვამ ინგლისის პრემიერლიგის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტურნირში საკუთარ თავს ვერ ხედავს.

„პრემიერლიგა ჩინებული ტურნირია, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, მისი გულშემატკივარი არ ვარ. მართალია, ინგლისის პირველობის მატჩების ყურება მიყვარს, თუმცა იქ თამაშს არ ვგეგმავ.

იქ ხშირი ორთაბრძოლებია, განსაკუთრებით, მეორე სართულზე. მიუხედავად იმისა, რომ თავით თამაში მეხერხება, საკუთარ თავს ინგლისში ვერ ვხედავ“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ზლატანი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს

ცნობილი გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლ მოთამაშეთა ვინაობა.

ტიტულის მოსაპოვებლად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო სილვა და ტიაგო მოტა, აგრეთვე „მონაკოს“ მოთამაშე ხამეს როდრიგესი იბრძოლებენ.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ლაივენ კურზავა („მონაკო“), ხამეს როდრიგესი („მონაკო“), მარკო ვერატი („პსჟ“), სერჟ ორიე („ტულუზა“);

სეზონის საუკეთესო მეკარის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ვინსენტ ენიეამა („ლილი“), სტეფან რუფიე („სენტ-ეტიენი“), სტივ მანდანდა („მარსელი“), სალვატორე სირიგუ („პსჟ“);

სეზონის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ლორან ბლანი („პსჟ“), კლაუდიო რანიერი („მონაკო“), რამი გარდი („ლიონი“), რენე ჟირარი („ლილი“).

გამარჯვებულებს 11 მაისს დაასახელებენ.

ბექა დოგრაშვილი

დე ლაურენტისი: „ლავეცის დაბრუნება? მიიღებდით თუ არა ცოლს, რომელმაც გიღალატათ?“

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ეზეკილ ლავეცის ნეაპოლიტანურ კლუბში დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„დაბრუნდება თუ არა ლავეცი? იგი უკვე დაბერდა. როგორც იტყვიან, გუშინ მომზადებული საჭმელი არც ისე გემრიელია. თანაც, მაინტერესებს, მიიღებდით თუ არა ცოლს, რომელმაც გიღალატათ?“, – განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ ლავეცის ტრანსფერი 2012 წლის ივლისში პსჟ-ს 26,5 მილიონი ევრო დაუჯდა.

პოგბა: „პსჟ დიდებული კლუბია“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ „პარი სენ-ჟერმენში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„პსჟ, რა თქმა უნდა, დიდებული კლუბია. ჩემი მიზანი? ამ ეტაპზე „იუვენტუსთან“ ერთად „სკუდეტოს“ მოგება. არ ვიცი, თუ რა იქნება მომავალში.

„იუვეს“ ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ მისაუბრია. კონტესთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ იგი იყო.

მსოფლიოს ჩემპიონატი? საფრანგეთის ნაკრების მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. ეს ოცნებაა, რომელიც რეალობად იქცა.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? ფინალში „ბაიერნს“ ვხედავ. ასევე მადრიდის „ატლეტიკო“ მომწონს. „მანჩესტერ იუნაიტედი“? ახლა კლუბს რთული პერიოდი აქვს, თუმცა ყველაფერი მალე უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა პოგბამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კავანის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის?

გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ედინსონ კავანის შეძენას აპირებს.

„წითელი ეშაკები“ ურუგვაელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, მანჩესტერელთა რიგებს, დიდი ალბათობით, ჰოლანდიელი ფორვარდი რობინ ვან პერსი დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ პარიზულ კლუბს კავანი გასული წლის ზაფხულში შეუერთდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მაქსველი: „ნახევარფინალში გასასვლელად კვლავ კარგად უნდა ვითამაშოთ“

პსჟ-ს ნახევარმცველმა მაქსველმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ლონდონის „ჩელსისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩის წინ პირველი შეხვედრის შედეგზე არ უნდა ფიქრობდეს.

„ჩვენ ჩინებულ შედეგს მივაღწიეთ. პირველი მატჩი დაძაბული და ფიზიკური თვალსაზრისით რთული აღმოჩნდა, თუმცა თავის გამოჩენა მაინც მოვახერხეთ. ანგარიში 2:1 სრულიად გვაწყობდა, რადგან „ჩელსის“ დონის გუნდის დამარცხება რთულია, თუმცა მესამე გოლმა ჩვენი მდგომარეობა გააუმჯობესა. ასეა თუ ისე, არ უნდა მოვდუნდეთ და ლონდონში მშვიდად ჩავიდეთ. სამშაბათს კვლავ ასე უნდა ვითამაშოთ, სხვა შემთხვევაში ნახევარფინალში ვერ გავალთ“,- განაცხადა არგენტინელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლავეცი: „ამჟამად პსჟ „ჩელსიზე“ ძლიერი გუნდია“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ეზეკიელ ლავეციმ ლონდონის „ჩელსისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული 1/4-ფინალური ეტაპის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩელსი“ სერიოზული გუნდია, თუმცა ტურნირის ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშნელობა არ აქვს, თუ ვის ვეთამაშებით, რადგან არავის გვეშინია. ლონდონელებს პატივს ვცემთ, ამ გუნდს წარმატებული მწვრთნელი და კარგი მოთამაშეები ჰყავს, თუმცა ამ ორ კლუბს შორის საუკეთესოს დასახელებას თუ მთხოვთ, გეტყვით, რომ პსჟ მირჩევნია. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივი ჩამოვაყალიბეთ და ვგრძნობთ, რომ სწორედ მისი გამარჯვების დრო დადგა. „პარი სენ-ჟერმენმა“ იმ დონეს მიაღწია, რომლის დახმარებითაც მაღალი დონის შემსრულებლების მოწვევასა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს“, – განაცხადა არგენტინელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლუკას მოურა: „პსჟ-ში გადავლას არ ვნანობ“

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ლუკას მოურამ განაცხადა, რომ პარიზულ კლუბში გადასვლას არ ნანობს.

„აქ მოსვლას არ ვნანობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დიდ კლუბში ვთამაშობ და დიდებულ ქალაქში ვცხოვროვ. აქაურმა საზოგადოებამ სწრაფად მიმიღო, რაც ძალიან დამეხმარა და მოტივაციაც მომიმატა. პარიზში ყოფნით დიდ გამოცდილებას ვიღებ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. როგორც ხედავთ, ჩემი სურვილი ახდა“, – განაცხადა ბრაზილიელმა შუახაზელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სილვა: „მიხარია, რომ „ჩელსის“ შევხვდებით“

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა ტიაგო სილვამ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრის შედეგი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალში გასასვლელად პარიზელებს „ჩელსისთან“ თამაში მოუწევთ.

„მიხარია, რომ „ჩელსის“ შევხვდებით. ამ გუნდში ჩემი თანამემამულეები: დავიდ ლუისი, რამირესი, ოსკარი და ვილიანი თამაშობენ. მათი ნახვა ძალიან გამიხარდება“, – განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლორან ბლანი: „პსჟ-ს მიზანი – ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა გუნდის მიზნებზე ისაუბრა. გარდა ამისა, პსჟ-ს თავკაცმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაშიც შეაფასა.

„ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ძლიერი გუნდები დარჩნენ. „რეალი“ ბრწყინვალე ფორმაშია, თუმცა ეს სხვა გუნდებსაც ეხება.

ჩვენი პროექტი კვლავ განვითარების პროცესშია, მაგრამ კლუბის მიზანი – ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

იბრაჰიმოვიჩი? იგი ბევრ გოლს სხვა გუნდთა რიგებშიც იტანდა, თუმცა პსჟ-ს სისტემა მას ყველაზე მეტად უხდება. ხშირ შემთხვევაში, მისი კარგი თამაში გადამწყვეტ როლს თამაშობს“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

როგორც დღეს ცნობილი გახდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების შემთხვევაში, პარიზული კლუბის ყველა ფეხბურთელს საჩუქრად დამატებით ერთი მილიონი ევრო გადაეცემა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფიფას ერთ-ერთი აგენტი: „მესი პსჟ-ს წარმომადგენლებს შეხვდა“ (ვიდეო)

ფიფას ერთ-ერთმა აგენტმა ფრანსუა გალარდომ ესპანურ გადაცემა „El Chiringuito“-ს ეთერში „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის სამომავლო გეგმების შესახებ ისაბრა.

გალარდოს თქმით, გასულ ზაფხულს თავის აგენტებთან ერთად ლეო „პარი სენ-ჟერმენის“ მფლობელის თანაშემწეს შეხვდა და შესაძლო კონტრაქტის დეტალებიც კი განიხილა. ფიფას აგენტის მტკიცებით, პარიზულ კლუბის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მესის ყოველწლიური ხელფასის სახით 30 მილიონი ევრო შესთავაზეს.

„თუ მესის „ბარსელონას“ დატოვება არ სურს, მაშინ რატომ შეხვდა იგი პსჟ-ს წარმომადგენლებს?“, – განაცხადა გალარდომ.

ალექსანდრე მატევოსოვი