“პსჟ”-ის ფეხბურთელებმა კლუბის ფანებს ვიდეოთი მიმართეს

“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართ მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ფრანგული კლუბის ფანებს საგანგებო ვიდეოთი მიმართეს და მათ გულმხურვალე გულშემატკივრობა სთხოვეს. “პარი სენ-ჟერმენის” მოთამაშეებმა ქომაგებს მიმართეს, რომ მატჩის მიმდინარეობისას ხმამაღლა იმღერონ და შესძახონ: “ეს პარიზია!”

მატჩი “პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის დამდეგ სამშაბათს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

“პსჟ”-ის ფეხბურთელები უახლოეს მატჩებში სპეციალური მაისურებით ითამაშებენ

“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელები უახლოეს ორ მატჩში მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვლენ, რითაც პატივს მიაგებენ 13 ნოემბერს, საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში “მალმიოსა” და საფრანგეთის ჩემპიონატის XV ტურში “ტრუას” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელებს მაისურზე სატიტულო სპონსორის გერბის ნაცვლად გამოსახული ექნებათ წარწერა: “JE SUIS PARIS” (“მე ვარ პარიზი”).

კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის სპონსორებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას დათანხმდნენ.

 

იბრაჰიმოვიჩმა “რეიმსთან” გამართული მატჩი შეაფასა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზელთა ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი რამდენიმე დღის წინათ თავს შეუძლოდ გრძნობდა, იგი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში შვედ ფეხბურთელს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა, თუმცა ახლო მანძილიდან თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მიზანს ასცდა. იბრაჰიმოვიჩმა მოედანი ამჯერადაც გატანილი გოლის გარეშე დატოვა, უგოლო სერია კი უკვე 419 წუთამდე გაიზარდა.

“კარგად ვარ, დღეს თავს უკეთ ვგრძნობ, სათამაშო დროც მომეცა. ამ კვირაში ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, თუმცა ვგრძნობ, რომ უწინდელ დონეზე ვბრუნდები.

დღეს გატანა შემეძლო, თუმცა რაღაც არ გამომივიდა. ეს “რაღაც” უნდა გამოვასწორო. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ასე რომ, მეტს არ ვიმსახურებდით. ყოველ სამ დღეში თამაში ადვილი არ არის, თუმცა წინ ხანგრძლივი სეზონია და ყველა ფრონტზე ვიბრძვით”, – იბრაჰიმოვიჩის კომენტარი L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

 

“რეიმსის” თავკაცი: “კანკავას არ გავუკვირვებივარ”

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “რეიმსი” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენს” დაუხვდა და მეტოქეს ანგარიშით 1:1 დაუზავდა. ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც შეხვედრის მე-4 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უხეშობისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. ჩვენებური ერთ-ერთი გამორჩეული იყო მასპინძელთა შორის, არაერთხელ ჩაშალა პარიზელთა შეტევა და ადგილობრივი პუბლიკისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

მატჩის შემდეგ კანკავას თამაში “რეიმსის” თავკაცმა ოლივიე გუჟანმაც შეაფასა:

“კანკავას არ გავუკვირვებივარ. მან საერთაშორისო მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა. მისგან სწორედ ასეთ თამაშს მოველოდი”.

 

ზიდანმა იბრაჰიმოვიჩი რონალდუს შეადარა

მადრიდის “რეალის” მეორე გუნდის თავკაცმა ზინედინ ზიდანმა “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “სამეფო კლუბის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.

“არა მგონია, იბრაჰიმოვიჩი რაიმე სახის პრობლემას წარმოადგენდეს. ის “პსჟ”-ისთვის დიდ სამუშაოს ასრულებს.

Zidane

მას აქვს ეგო, მოედანზე ჩემპიონივით იქცევა. ეს მისი ხასიათია და ვერავინ ვერ შეცვლის – ისევე, როგორც რონალდუს.

ზოგჯერ ზლატანი ამპარტავანივით იქცევა, თუმცა მას რომ იცნობდეთ, გეცოდინებათ, რომ ასეთი ნამდვილად არ არის. ის წყნარი ადამიანია.

მე არ ვიცნობ იბრაჰიმოვიჩს, თუმცა მისი მსგავსი ფეხბურთელის ყოლა საჭიროა”, – ზიდანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

“პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის ჩემპიონია!

საფრანგეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” “მონპელიე” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ამით ლორან ბლანის გუნდმა სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე საჩემპიონო ტიტული გაინაღდა. პარიზული კლუბი ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეხუთედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (1985/86, 1993/94, 2012/13, 2013/14, 2014/15).

ევროთასებზე შინ “პარი სენ-ჟერმენის” წაუგებელი სერია შეწყდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” შინ “ბარსელონასთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ამრიგად, ევროთასებზე შინ პარიზელების დაუმარცხებელი სერია შეწყდა, რომელმაც 33 მატჩი შეადგინა.

“პარი სენ-ჟერმენს” აქამდე უკანასკნელად შინ 2006 წლის ნოემბერში ჰქონდა წაგებული. მაშინ პარიზულ გუნდს თელ-ავივის “ჰაპოელმა” მოუგო.

 

“პსჟ”-მა და “მარსელმა” ტელეკომპანია “კანალ პლუსს” ბოიკოტი გამოუცხადეს (ვიდეო)

“ლე პარიზიენის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენისა” და “მარსელის” ხელმძღვანელობამ ფრანგულ ტელეარხ “კანალ პლუსს” ბოიკოტი გამოუცხადა.

“შემდგომი გაუგებრობების თავიდან აცილებისა და ჩვენი ინტერესების დაცვის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელები “კანალ პლუსის” კამერების წინაშე საჯარო განცხადებებს სეზონის ბოლომდე, 30 მაისამდე აღარ გააკეთებენ”, – ნათქვამია “პარი სენ-ჟერმენის” განცხადებაში.

ფრანგულმა კლუბებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარიზელთა თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და და მარსელელთა ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ტრიბუნქვეშა ოთახში გამოხატული ზედმეტი ემოციების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ორივე ეპიზოდი ტელეკომპანია “კანალ პლუსმა” გადაიღო და გაავრცელა.

ზლატანის სპეციალური ვიდეოკლიპი — ბრძოლა შიმშილის წინააღმდეგ (ვიდეო, ფოტოები)

“პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო სასურსათო პროგრამაში ჩაერთო და სპეციალურ ვიდეოკლიპში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში მისი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “კანის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (2:2) ზლატანმა გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიხადა და საზოგადოებას ახალი ტატუ უჩვენა. ამისთვის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელს ყვითელი ბარათი მისცა, თუმცა შვედმა თავდამსხმელმა მოგვიანებით განმარტა, რომ სხვეულზე იმ 50 უცხო ადამიანის გვარი ამოისვირინგა, რომელთაც შიმშილთან ბრძოლა უწევთ.

“რომ შემეძლოს, ყველას გვარს გამოვისახავდი, დღესდღეობით შიმშილის წინააღმდეგ 805 მილიონი ადამიანი იბრძვის. მათ შორის ბევრი ბავშვია. ისინი ომებს, სტიქიურ უბედურებებსა და უკიდურეს სიღარიბეს განიცდიან. მე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყავს მხარდამჭერები. დღეიდან მინდა, რომ ეს მხარდაჭერა იმ ადამიანებმა იგრძნონ, რომლებსაც ეს მართლაც სჭირდებათ. ასე რომ, როდესაც ჩემს სახელს გაიგონებთ, მათზე იფიქრებთ. როდესაც მე დამინახავთ, იმათ დაინახავთ”, – ამბობს ვიდეოკლიპში იბრაჰიმოვიჩი.

Zlatan Ibrahimovic1Zlatan Ibrahimovic2

დანი ალვესი კარიერას პარიზში გააგრძელებს

კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” იუწყება, რომ “ბარსელონას” მცველი დანიელ ალვესი ზაფხულში კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს.

31 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს “ბლაუგრანასთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, შესაბამისად – ის პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანი ალვესის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენდა.

ალვესმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ფორმით 26 მატჩი ჩაატარა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ზლატანი: “იქნებ ეიფელის კოშკი იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებით შევცვალოთ”

პარიზში მდებარე გრევენის მუზეუმში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ცვილის ფიგურა დადგეს. შვედმა ფეხბურთელმა აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტრი გააკეთა.

“როდესაც შენ პატივსაცემად გრევენის მუზეუმში ქანდაკებას დგამენ, საოცარი გრძნობა გეუფლება. ჩემი ფიგურა ძალზედ ფოკუსირებული იცქირება. ზუსტად ისე იყურება, როგორც – მე მოედანზე ყოფნისას. ამ ფანტასტიური ნაშრომის მადლიერი ვარ. ვამაყობ, რომ ეს პატივი მე მხვდა წილად, მით უფრო იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მე უცხოელი ვარ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გრევენის მუზეუმში ფიგურა დამიდგეს. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? არ ვიცი… იქნებ ეიფელის კოშკი იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებით შევცვალოთ?!” – ზლატანის სიტყვები Yahoo-მ გამოაქვეყნა.

 

ბლანი: “ვერატი ერთი და იგივე შეცდომას უშვებს”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველის, მარკო ვერატის პრობლემაზე ისაუბრა.

“მარკო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მშვიდად უნდა იყოს, მით უფრო მოედანზე ყოფნისას. მესმის, რომ ეს ძნელია, რადგან ის იტალიელია, თუმცა ვერატიმ მინდორზე ყოფნისას საკუთარ თავზე კონტროლი აუცილებლად უნდა ისწავლოს. ის საფრანგეთში უკვე ორწელიწადნახევარია, თამაშობს და მუდამ ერთი და იგივე შეცდომას უშვებს”, – ბლანის სიტყვებს “ტოდო მერკადო” აქვეყნებს.