სქოულზი: “სიტის” არა კლოპი, არამედ გვარდიოლა ჩაიბარებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” ჩაიბარებს. კატალონიელ სპეციალისტს ბავარიულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება. ყოფილი ფეხბურთელი იმაშიც დარწმუნებულია, რომ იურგენ კლოპი, რომელმაც დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებით იმუშავებს.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ ინგლისში კლოპის მუშაობა წარმატებული იქნება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რომელ კლუბს ჩაიბარებს იგი. “მანჩესტერ სიტის” ხშირად ახსენებენ, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, “ქალაქელებს” პეპ გვარდიოლა ჩაუდგება სათავეში. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ესპანელს “ბაიერნთან” მოქმედი კონტრაქტი დაუმთავრდება.

არა მგონია, რომელიმე ბრიტანელ მწვრთნელს შეეძლოს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი კლუბების ლიდერთა შორის დაბრუნება. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მომავალში სიტუაცია გამოსწორდება. ჩემს მეგობარ რაიან გიგზზე დიდ იმედებს ვამყარებ. მინდა, მჯეროდეს, რომ ლუი ვან გაალი ერთხელაც “მანჩესტერ იუნაიტედის” მართვის სადავეებს სწორედ გიგზს გადააბარებს, თუმცა შესაძლოა, ეს კლოპი აღმოჩნდეს. მას კარგი ტრანსფერების გაჩარხვა შეუძლია, არ ეშინია იმის, რასაც მასზე წერენ და ამბობენ. “ბორუსიადან” წამყვანი მოთამაშეები წავიდნენ, თუმცა ის ამ პრობლემასაც გაუმკლავდა. ასე რომ, მას პრემიერლიგაში მუშაობაც შეუძლია”, – სქოულზის სიტყვები The Independent-მა გამოაქვეყნა.

 

გვარდიოლა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ფიგუს უჭერს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ლუიშ ფიგუს უჭერს.

“ფიგუ ფეხბურთის მცოდნე, ახალგაზრდა კაცია. მას ბევრი კარგი რამის შემოღება, ფეხბურთის განვითარება შეუძლია. მე მისით ვამაყობ. ის ჩემი მეგობარია და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “ასი”.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ: მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ლუიშ ფიგუ და ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მიქაელ ვან პრააგი.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში შედგება.

 

ინგლისსა და შოტლანდიაში მოურინიო საუკეთესოა

ინგლისსა და შოტლანდიაში მოასპარეზე 123 ფეხბურთელს შორის ჩატარებული გამოკითხვით, ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელი ჟოზე მოურინიო იდეალურ მენეჯერად დასახელდა.

შეკითხვაზე, თუ ვისი ხელმძღვანელობით ისურვებდნენ თამაშს, ფეხბურთელთა უმეტესობამ პორტუგალიელის სასარგებლოდ გასცა პასუხი.

მოურინიო 48%-ით პირველზეა, მეორე ადგილზე მიუნხენის “ბაიერნის” მესაჭეს, პეპ გვარდიოლას ერგო(31%), მომდევნო ადგილებზე გასულები კი, ჟოზეს და პეპს ძალზე დიდი სხვაობით ჩამორჩებიან. “არსენალის” მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მხოლოდ 8% მიიღო, “დორტმუნდის” თავკაცმა იურგენ კლოპმა კი 6%, “ვესტ ჰემის” დამრიგებელმა სემ ელერდაისმა 6%, ხოლო ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მხოლოდ 1%-ს დააჯერეს.

გვარდიოლა: “თუ ალონსო ასე თამაშს გააგრძელებს, ერთ თვეში მოკვდება”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თვლის, რომ კლუბის ახალწვეული ჩაბი ალონსო თითოეულ მატჩში ბოლომდე ცლის ენერგიას.

32 წლის ბასკმა ნახევარმცველმა ბავარიულ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან გერმანიის ბუნდესლიგის უკვე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა — “შალკესა” (1:1) და “შტუტგარტის” (2:0) წინააღმდეგ. ალონსო, სავარაუდოდ, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ხვალ გასამართ საჩემპიონთალიგო შეხვედრაშიც ითამაშებს.

“დანარჩენი ფეხბურთელები ჩაბი ალონსოს უნდა დაეხმარონ. თუ ის ასევე გააგრძელებს მთელი მატჩის განმავლობაში თავდადებას, ერთ თვეში მოკვდება. არ შეიძლება თამაშის დროს ამდენი ენერგიის დახარჯვა”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს insidespanishfootball.com-ი.

 

მოურინიო: “გვარდიოლა ფეხბურთით ვერ ტკბება”

რამდენიმე დღის წინათ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა:

“ფეხბურთის სილამაზე მწვრთნელის მიერ შერჩეულ ტაქტიკაზე არის დამოკიდებული. მგონია, რომ მოურინიო საბოლოო შედეგისთვის სანახაობას სწირავს. მისთვის მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრებია მნიშვნელოვანი. ის ფეხბურთისგან სიამოვნებას ვერ იღებს”.

მოურინიო რისი მოურინიო იქნებოდა, ეს სიტყვები უპასუხოდ რომ დაეტოვებინა.

“როდესაც შენი მუშაობა სიამოვნებას განიჭებს, თმაც არ გცვივა. გვარდიოლა მელოტია. ის ვერ ტკბება ფეხბურთით”, – ციტირებს პორტუგალიელი მწვრთნელის სიტყვებს El Confidencial-ი.

 

გვარდიოლა დაოჯახდა

დღეს მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა დაოჯახდა.

43 წლის კატალონიელი სპეციალისტი თავის რჩეულს 20 წელზე მეტია, იცნობს და მისგან სამი შვილიც ჰყავს, თუმცა დაქორწინება ახლაღა გადაწყვიტა.

საქორწილო ცერემონიალი ბარსელონაში გაიმართა და მას ნეფე-დედოფლის მხოლოდ მშობლები და შვილები ესწრებოდნენ.

წყვილი საქორწილო პროცესზე ყოველდღიური სამოსით იყო წარმოდგენილი.

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა: „ამ მარცხს ერთადერთი მიზეზი აქვს“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

მატჩი „ბაიერნის“ თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ შეაფასა.

„კარიერის განმავლობაში რამდენიმე მძიმე დარტყმა მიმიღია, ეს კი ერთ-ერთი მათგანია. მარცხის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ცუდად ვითამაშეთ. სხვა მიზეზი არ არსებობს. მოედანზე აღფრთოვანებული განწყობით გავედით და „რეალისგან“ სწრაფი გოლიც მივიღეთ. შემდეგ, პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, სხვა ვარიანტი არც გვქონია“, – გვარდიოლას სიტყვებს ესპანური გამოცემა „ასი“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა: „ალბათ, შეცდომა დავუშვი“

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ალიანს არენაზე“ შედგა, სადაც მიუნხენის „ბაიერნმა“ გათამაშების მეორეადგილოსან დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ ბავარიული გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ საუბრობდა.

„ბორუსიას“ ვულოცავ. პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ. მეორე ნახევარშიც რაღაც გვაკლდა. აქამდე დაცვაში ძალზედ საიმედოდ ვთამაშობდით, მაგრამ „ბორუსიასთან“ ეს ვერ მოვახერხეთ. ალბათ შეცდომა დავუშვი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ შეხვედრაში ცოტა სხვანაირად თამაში გადავწყვიტე. რაც არ უნდა იყოს, თავს იმით ვერ გავიმართლებ, რომ გუნდის როტაციას მივმართე“, – პეპ გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კროოსში 40 მილიონს იხდის

ბრიტანული პრესის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, მიუნხენის „ბაიერნს“ ნახევარმცველ ტონი კროოსის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზოს.

24 წლის გერმანელ ფეხბურთელს ბავარიულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც მას „ბაიერნის“ დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, „რეკორდმაისტერს“ თანხას არავინ არ გადაუხდის.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ უკვე მყარად აქვთ გადაწყვეტილი კროოსის შეძენა. შესაძლო ტრანფერის გაჩარხვის ალბათობას გერმანელი ნახევარმცველის განცხადებაც ზრდის, რომელმაც მიმდინარე სეზონის ბოლოს „ბაიერნიდან“ აბარგება და ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე კლუბში გადასვლა არ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესმა „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობის პირველ სეზონში ორი ნახევარმცველი უკვე დაიმატა: ჯერ ყოფილი კლუბიდან მარუან ფელაინი გადმოიყვანა, შემდეგ კი ლონდონის „ჩელსიდან“ ხუან მატა დაიბევა.

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა: „მოხარული ვარ, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ მომავალ სეზონში „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდება. ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა ამ საკითხზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართი მატჩის პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. მერსისაიდული გუნდი საოცარ ფეხბურთს უჩვენებს. მათ დაიმსახურეს ამ ტურნირზე ასპარეზობა და ჩემპიონთა ლიგისთვისაც კარგია, რომ „ლივერპული“ მომდევნო სეზონში ითამაშებს“, – პეპ გვარდიოლას სიტყვებს Liverpool Echo აქვეყნებს.

რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბაიერნს“ შორის გასამართ მატჩს, ის 1-ელ აპრილს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას კარლოს ველასკო კარბალიოს თავკაცობით ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა: „ვიმედოვნებ, ჰიონესის დაბრუნებისას მე ისევ აქ ვიქნები“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იმედს გამოთქვამს, რომ კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან ული ჰიონესის გადადგომა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გავლენას არ იქონიებს.

„კლუბში მხოლოდ ცხრა თვის წინათ მოვედი, თუმცა ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ გამეგო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა ული ჰიონესი „ბაიერნისთვის“. მან შეცდომა დაუშვა და აღიარა კიდეც. იმედი მაქვს, როცა კლუბში დაბრუნდება, მე ისევ აქ ვიქნები“, – გვარდიოლას სიტყვებს „სქაი სპორტსი“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ჰიონესი ფინანსური მაქინაციების გამო დააპატიმრეს და სამწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „ბაიერნის“ ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული აღიარა.

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა: „ბარსაში“ გვარდიოლას კი არა, მესის ეპოქა იყო“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ მუშაობის პერიოდში ბევრი რამ ისწავლა. ამასთანავე, ესპანელი სპეციალისტი ამბობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა მოენატრა.

„ბარსელონას“ თავკაცად მუშაობამ, რაღა თქმა უნდა, ბევრი რამ მასწავლა, თუმცა არ ღირს იმის თქმა, რომ ეს იყო გვარდიოლას ეპოქა. მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს იყო მესის ეპოქა. რაც შეეხება „ბაიერნს“, ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბს ვხელმძღვანელობ, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა მომენატრა. სასიამოვნო სანახავია, როცა რეზერვებიდან ახლად გადმოსული მოთამაშის ზრდა-განვითარებასა და ლიდერად ჩამოყალიბების პროცესს უცქერ“, – პეპ გვარდიოლას სიტყვებს სპორტული პორტალი sport.es ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი