ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგაში მომუშავე ის მწვრთნელები გააკრიტიკა, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ბურთის კონტროლზე და არა – კონტრშეტევებზე.
ახალი თაობის მწვრთნელები, როგორებიც არიან “ლივერპულის” თავკაცი ბრენდან როჯერსი და “ევერტონის” ხელმძღვანელი რობერტო მარტინესი, ბოლო სეზონში ლამაზ, შემტევ თამაშს ანიჭებდნენ უპირატესობას. ლონდონის “არსენალიც” და “მანჩესტერ სიტიც” სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდნენ. სეზონის მიმდინარეობისას ლუი ვან გაალმა და არსენ ვენგერმა “ჩელსის” სათამაშო სტილი გააკრიტიკეს, თუმცა მოურინიოს სჯერა, რომ დაცვითი თამაშითაც შესაძლებელია გამარჯვება, რაც ფეხბურთში ყველაზე მთავარი რამ არის.
“რას ნიშნავს ახალი თაობა? ფეხბურთში მხოლოდ ერთი თაობა იქნება, რომელიც იგებს. იმათ, ვინც ხანდახან ან ვერასდროს ვერ იგებს, სხვა რამე ჰქვიათ.
არსებობს ხალხი, რომელსაც აქვს რაღაც იდეა, ფილოსოფია. ისინი ამბობენ: “ჩვენ ვქმნით საიმედო დაცვას, კარგად ვფლობთ ბურთს და არ ვთამაშობთ კონტრშეტევებზე”.
თუ კონტრშეტევებზე არ თამაშობ, სულელი ხარ. კონტრიერიში ძალზედ კარგი საფეხბურთო ელემენტია. როდესაც ხედავ, რომ შენი მეტოქე არადაბალანსებულია, გოლის გატანის ფანტასტიური შანსი გეძლევა.
ზოგიერთები ქმნიან ილუზიებს, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ფეხბურთი არასდროს არ შეიცვლება. ფეხბურთი არსებობს გამარჯვებისთვის”, – უთხრა მოურინიომ “სანდი თაიმსის” ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო სეზონში ყველაზე მეტი გოლი (83) “მანჩესტერ სიტიმ” გაიტანა და ბურთების შეფარდების ყველაზე კარგი მაჩვენებელიც (+45) “ქალაქელებს” ჰქონდათ. ამ მხრივ “ჩელსი” მეორე ადგილზეა 73 გატანილი გოლით და +41 ბურთების შეფარდებით.