ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის I დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

დღეს სტარტს იღებს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების მერვედფინალური ეტაპი. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის ორი მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“პარი სენ-ჟერმენი” (39 %) ფრე (32 %) “ჩელსი” (29 %)
“შახტარი” (1 %) ფრე (3 %) “ბაიერნი” (96 %)

 

ბეილი „ლივერპულთან“ მატჩსა და „ელ კლასიკოს“ გამოტოვებს?

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი უელსის ნაკრების შემადგენლობაში მიღებული ტრავმის გამო, დიდი ალბათობით, „ლივერპულთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ემსამე ტურის მატჩს გამოტოვებს.

გარდა ამისა, შესაძლოა, გარეთმა ვერც კატალონიის „ბარსელონასთან“ პრინციპულ შეხვედრაში ითამაშოს, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართება.

„რეალმა“ მოთამაშის ტრავმა უკვე დაადასტურა, თუმცა მისი გამოჯანმრთელების ვადის შესახებ ამჟამად ცნობილი არაფერია.

“რეალის” სარეკორდო

მადრიდის “რეალმა” შარშანდელ სეზონში კლუბის შემოსავლები გაასაჯაროვა.

როგორც აღმოჩნდა, “სამეფო კლუბის” შემოსავალმა 603,9 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 10,9 პროცენტით აღემატება შარშანწინდელ მაჩვენებელს.

კლუბის წმინდა შემოსავალი 38,5 მილიონ ევროს გაუტოლდა, რაც 4,4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. წმინდა ვალი 21 პროცენტით შემცირდა და 71,5 მილიონი ევრო შეადგინა.

 

კურიოზული შემთხვევა “ფიორენტინასა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში

ფლორენციის “ფიორენტინასა” და მადრიდის “რეალს” შორის პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:1) კურიოზული შემთხვევა მოხდა.

მაშინ, როდესაც მადრიდელები კუთხურის მოწოდებას აპირებდნენ, მოედანზე კრიშტიანუ რონალდუს ფორმიანი გულშემატკივარი შეიპარა და თავი ისე წარმოაჩინა, თითქოს მატჩში მონაწილე ფეხბურთელი ყოფილიყო. ქომაგი მოედნიდან მალევე გაიყვანეს.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

კრუიფი: “ადრე ფლეიმეიქერებს “ბარსელონა” ყიდულობდა, ახლა ამას “რეალი” აკეთებს”

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა მადრიდის “რეალს” სატრანსფერო პოლიტიკა მოუწონა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “სამეფო კლუბმა” ტონი კროოსისა და ხამეს როდრიგესის დამატება მოახერხა.

“კროოსი “ბაიერნის” და გასული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მას შესანიშნავად შეუძლია გუნდის თამაშის წაყვანა. ხამესიც გასაოცარი ფლეიმეიქერია. ადრე ასეთ მოთამაშეებს ძირითადად “ბარსელონა” ყიდულობდა, ახლა კი ამას “რეალი” აკეთებს”, – ციტირებს კრუიფის სიტყვებს goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ იოჰან კრუიფს “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვს.

 

ოფიციალურად: კროოსი „რეალის“ ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა ტონი კროოსის ტრანსფერი.

გერმანელმა ნახევარმცველმა „სამეფო კლუბთან“ ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„რეალში“ გადავედი, რითაც ჩემი ოცნება ახდა. კრიშტიანუ რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ამ კლუბში მხოლოდ ის არ თამაშობს“, – ციტირებს კროოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა „ასი“.

ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მადრიდელებმა კროოსის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღეს. ფეხბურთელი ჯამაგირის სახით წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

„რეალი“ კროოსს თბილისის დროით 19:00 საათზე წარადგენს.

 

Bild: „რეალი“ კროოსს ხუთშაბათს წარადგენს

გერმანული გამოცემა „ბილდი“ იუწყება, რომ ხუთშაბათს, 17 ივლისს მადრიდის „რეალი“ ტონი კროოსს ოფიციალურად წარადგენს.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ 24 წლის გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, კროოსი წელიწადში ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის აგენტი ფოლკერ შტრუგი ამბობს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

„კროოსის მომავალი ჯერ არ გადაწყვეტილა. მინდა, ამაში ყველა დაგარწმუნოთ. სამშაბათს ერთმანეთს შევხვდებით და სამომავლო გეგმებს დავსახავთ“, – აღნიშნა აგენტმა.

გასულ სეზონში კროოსმა მიუნხენის „ბაიერნის“ ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტონი კროოსმა შვიდივე შეხვედრა ჩაატარა, მხოლოდ ერთხელ შეცვალეს – მეოთხედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში. მუნდიალზე გერმანელმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ფერნანდო იერო ანჩელოტის თანაშემწედ იმუშავებს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწის პოსტზე „სამეფო კლუბის“ ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო იმუშავებს.

აღნიშნულ პოზიციაზე იერო ზინედინ ზიდანს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ, „რეალის“ სარეზერვო გუნდს ჩაუდგება სათავეში.

ფერნანდო იერო „სამეფო კლუბში“ 1989-დან 2003 წლამდე გამოდიოდა. „რეალის“ რიგებში ჩატარებულ 601 მატჩში 127 გოლი აქვს გატანილი.

იერომ კარიერა 2005 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ერთხანს იყო „მალაგას“ დირექტორიც.

 

„რეალმა“ კროოსთან შეთანხმებას მიაღწია

ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება, რომ მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ტონი კროოსთან შეთანხმებას მიაღწია. 24 წლის ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში „სამეფო კლუბთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სეზონის განმავლობაში კი ჯამაგირის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ტრანსფერის საბოლოოდ გასაჩარხად „ბაიერნის“ თანხმობაღა დარჩა. კლუბებს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. კროოსის სავარაუდო ტრანსფერი 25-30 მილიონ ევროდ ფასდება.

შეგახსენებთ, რომ გერმანელ ფეხბურთელს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება. კროოსმა ცოტა ხნის წინათ მიანიშნა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

გერმანელი ფეხბურთელი „ბუნდესთიმთან“ ერთად ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება.

 

El Confidencial: „იუვენტუსი“ დი მარიაში 45 მილიონს იხდის

ესპანური El Confidencial-ის ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ანხელ დი მარიას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ტურინის „იუვენტუსისგან“ წინადადება მიიღო. აღნიშნული წყაროს თანახმად, „ბებერი ქალბატონი“ მზად არის, 26 წლის არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გაიღოს, რაც მხოლოდ 5 მილიონით ნაკლებია იმ თანხაზე, რისი მიღებაც მადრიდელებს აქამდე სურდათ.

„იუვენტუსი“ თავად დი მარიას ხელფასის სახით სეზონში 6 მილიონ ევროს სთავაზობს.

მანამდე არგენტინელ ნახევარმცველს ლონდონის „არსენალთანაც“ აქტიურად აკავშირებდნენ.

ცნობისათვის, დი მარიას მადრიდის „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.

ბექა დოგრაშვილი

Marca: სუარესს „რეალთან“ მოლაპარაკებების დაწყება სურს, „ლივერპულს“ – არა

ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით სპეკულაციები გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, ურუგვაელი ფეხბურთელის თავისთან გადაბირება მადრიდის „რეალს“ სურს.

ესპანური გამოცემა „მარკა“ წერს, რომ თავად სუარესს „სამეფო კლუბთან“ მოლაპარაკებების დაწყების სურვილი აქვს, თუმცა „ლივერპულს“ მთავარი გოლეადორის გაშვება არ უნდა.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა შარშან მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გახანგრძლივა. ფეხბურთელს წლიური ჯამაგირი 10 მილიონ ევრომდე გაეზარდა. კონტრაქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 92 მილიონ ევროს უტოლდება.

„რეალი“ მზად არის, სუარესის სანაცვლოდ 90-დან 100 მილიონ ევრომდე გაიღოს.

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ერთ-ერთ შეხვედრაზე გუნდში სუარესის შესაძლო მოსვლის შესახებაც ესაუბრა.

„მარკას“ თანახმად, „სამეფო კლუბი“ მზად არის, ჯიბეზე ლაღად გაიკრას ხელი, თუმცა მადრიდში ისიც კარგად ესმით, რომ ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან რთული საქმე იქნება.

ბექა დოგრაშვილი

ესპანურ გრანდებს სერხიო აგუერო სურთ

კატალონიური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ იუწყება, რომ „ბარსელონას“ ყურადღების არეალში „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო მოექცა. არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „ბარსას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იჩენს. გარიგება შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მოხდეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო აგუეროთი მადრიდის „რეალიც“ არის დაინტერესებული, რომელიც მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გაიღოს.

აწ უკვე დასრულებულ სეზონში სერხიო აგუერომ „მანჩესტერ სიტის“ რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.