ფერნანდესმა „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის „რეალმა“ რუდი ფერნანდესთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა, რის შესახებაც ACB-ის ტვიტერის ოფიციალური გვერდი იუწყება. არაოფიციალური ინფორმაციით, ოთხ სეზონში უკანახაზელი ხელფასის სახით ათ მილიონ ევროს მიიღებს.

ფერნანდესისადმი ინტერესი მოსკოვის ცსკა-სა და თურქული „ფენერბაჰჩე-ალკერის“ ხელმძღვანელებს ჰქონდა, რომლებიც შემდეგ ზაფხულს მისი გადაბირებისთვის მზად იყვნენ.

ცნობისთვის, წინა კონტრაქტი მხარეებს სწორედ შემდეგ ზაფხულამდე აკავშირებდათ.

რობენი, რონალდუ და ნოიერი ევროპის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ

უეფა-ს 54 ეროვნული ასოციაციის ჟურნალისტებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდების კანდიდატები აირჩიეს.

საბოლოოდ, სამეულში მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ და „ბაიერნის“ გოლკიპერი მანუელ ნოიერი მოხვდნენ.

ევროპის 2013/14 წლების საუკეთესო ფეხბურთელი 28 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის კენჭყის დღეს დასახელდება.

რა გააკეთა რონალდუმ, უფრო მაღალი რომ წარმოჩენილიყო

უეფას სუპერთასის მატჩიწინა სამახსოვრო ფოტოს გადაღებისას მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ უფრო მაღალი რომ წარმოჩენილიყო, ფეხის წვერებზე დადგა.

ფაკუნდო კამპაცო მადრიდის „რეალში“ გადავიდა

გამთამაშებელმა ფაკუნდო კამპაცომ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რის შესახებაც მოთამაშის აგენტზე კლაუდიო ბილანუევუზე დაყრდნობით Sportando.com-ი წერს.

არგენტინის საკალათბურთო ნაკრების 23 წლის მოთამაშე 2008 წლიდან სამშობლოში, კერძოდ კი, „პენიაროლის“ რიგებში გამოდიოდა.

რონალდუს დუბლით “რეალმა” უეფას სუპერთასი მოიგო

მადრიდის “რეალსა” და “სევილიას” შორის უელსის დედაქალაქ კარდიფში შემდგარი უეფას სუპერთასის მატჩი “სამეფო კლუბის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ორივე გოლი მადრიდელთა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

“რეალი” 30-ე წუთზე დაწინაურდა. შეტევის მარცხენა ფლანგზე გარეტ ბეილი გაიჭრა და საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთს შორეულ ძელთან რონალდუმ მიუსწრო, მეტოქეს პოზიციურად აჯობა და “სევილიას” კარის ბადეც შეარხია.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დუბლი მეორე ტაიმის დებიუტში გაიფორმა. ამჯერად საგოლე პასი კარიმ ბენზემამ გააკეთა, რონალდუმ კი 16 მეტრის მანძილიდან მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა.

ამრიგად, “რეალმა” არსებობის ისტორიაში უეფას სუპერთასი მეორედ მოიგო, მანამდე “სამეფო კლუბი” აღნიშნულ ტიტულს 2002 წელს დაეუფლა, როდესაც ჰოლანდიური “ფეინოორდი” დაამარცხა.

უეფას სუპერთასი
“რეალი” — “სევილია” 2:0 (1:0)

“რეალი”: კასილასი, პეპე, რამოსი, ფაბიო კოენტრაუ (მარსელო 84′), კარვახალი, კროოსი, როდრიგესი (ისკო 72′), ბეილი, მოდრიჩი (ილიარამენდი 86′), რონალდუ, ბენზემა.
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

“სევილია”: ბეტო, ფასიო, ფერნანდო ნავარო, პარეხა, კოკე (ფიგეირაში 84′), კრიხოვიაკი, დანიელ კარისუ, დენის სუარესი (რეიესი 79′), ვიტოლო, ვიდალ-პარეუ (ასპასი 66′), ბაკა.
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი.

გოლები: რონალდუ 30′, 49′.
გაფრთხილებები: კარვახალი 45′, კროოსი 53′ — ვიტოლო 42′, ფერნანდო ნავარო 66′.

მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

უეფას სუპერთასი — სასტარტო შემადგენლობები

სულ ცოტა დრო რჩება მადრიდის “რეალსა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის მატჩის დაწყებამდე.

უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლბები:

“რეალი”: კასილასი, პეპე, რამოსი, ფაბიო კოენტრაუ, კარვახალი, კროოსი, როდრიგესი, ბეილი, მოდრიჩი, რონალდუ, ბენზემა.
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

“სევილია”: ბეტო, ფასიო, ფერნანდო ნავარო, პარეხა, კოკე, კრიხოვიაკი, დანიელ კარისუ, დენის სუარესი, ვიტოლო, ვიდალ-პარეუ, ბაკა.
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი.

მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

 

უეფას სუპერთასი — ანჩელოტის წინასამატჩო სიტყვა

დღეს უეფას სუპერთასის მატჩში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” ევროპის ლიგის ჩემპიონ “სევილიას” უელსის დედაქალაქ კარდიფში დაუპირისპირდება. “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პოზიტიურად არის განწყობილი და ამბობს, რომ გუნდს ახალ სეზონში შარშანდელი წარმატების გამეორება შეუძლია.

“არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და პირდაპირ გეტყვით, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს გამარჯვებისთვის. “რეალის” დონის კლუბისთვის ეს ლოგიკურიც გახლავთ. გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გასულ სეზონში. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ შარშანდელი სეზონის წარმატების გამეორება შეგვიძლია. “სევილია” ისე ითამაშებს, როგორც წინა სეზონში თამაშობდა. მეტოქე ოდნავ შეიცვალა, შუა ხაზში ახალი ფეხბურთელები მივიდნენ, თუმც საერთო სურათი უცვლელია.

კრიშტიანუ რონალდუ მზად არის, არანაირი პრობლემა არ აქვს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამდეგ მატჩში მაქსიმუმი გაიღოს, პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ტონი კროოსი დაახლოებით ხუთი დღეა, ვარჯიშობს, კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, რომ მას და ხამეს როდრიგესს “სევილიასთან” დებიუტი ექნებათ. მოედანზე იკერ კასილასიც იქნება. ის მუყაითად მუშაობს და ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაშიც.

გარეტ ბეილს საოცარი სეზონი ჰქონდა. მან ჩემპიონატი წინასასეზონო მზადების გარეშე დაიწყო. გარკვეული დრო დასჭირდა ფორმის დასაბრუნებლად. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ის უკვე იცნობს გუნდის ატმოსფეროს და თანაგუნდელებს. დარწმუნებული ვარ, ბეილი ამ სეზონშიც შესანიშნავად ითამაშებს. წინასასეზონო მომზადება ძალიან კარგად გაიარა. ის სასურველ კონდიციებშია როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. გასულ სეზონთან შედარებით, მან უფრო დიდ წარმატებას უნდა მიაღწიოს”, – ანჩელოტის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “რეალსა” და “სევილიას” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის ხელმძღვანელობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.

 

უეფას სუპერთასი — უნაი ემერის წინასამატჩო სიტყვა

დღეს უეფას სუპერთასის მატჩში მადრიდის “რეალი” და “სევილია” შეერკინებიან ერთმანეთს. “სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი აღიარებს, რომ “რეალი” ფავორიტია, თუმცა მისი თქმით, ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული საკუთარი შანსების გამოყენებას ეცდება.

“ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენებით ერთხელ უკვე მოვახერხეთ “რეალის” დამარცხება (მარტი, 2014 წ. 2:1). ასე რომ, პრეცედენტი არსებობს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, თუმცა “სევილიამ” ევროპის ლიგაზე ნაჩვენები შესანიშნავი სერიით დაამტკიცა, რომ გუნდური შრომისმოყვარეობით ფავორიტის დამარცხება შესაძლებელია, როგორც ეს “ბენფიკასთან” შევძელით. ახალწვეულებს მხედველობაში თუ არ მივიღებთ, “რეალს” ძალიან კარგად ვიცნობთ, თუმცა თავად ჩვენზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გუნდურად, გონივრულად უნდა ვითამაშოთ, შემტევი პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, დაცვაშიც მარჯვედ თამაში გვმართებს. სწორედ ამის წყალობით დავამარცხეთ “რეალი” გასულ სეზონში.

“რეალი” უეჭველად ფავორიტია. გვინდა, რომ ინიციატივა ჩვენ ავიღოთ, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად მოგვცემს “რეალი” ამის საშუალებას. მადრიდელებს შეუძლიათ, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში თამაში გვაიძულონ. კრიშტიანუ, ბენზემა და ბეილი სწრაფები არიან და დაცვის ხაზში მეტოქეს სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ. ნახევარდაცვაში ხამეს როდრიგესს თავისუფლება არ უნდა მივცეთ. ასევე დასაშვებია, რომ თამაში საკუთარ თავზე მოდრიჩმა და კროოსმა აიღონ. ბურთი როგორც კი ჩაგვივარდება, მაშინვე სწრაფ კონტრშეტევებზე უნდა გადავიდეთ.

ბეილის შეჩერება ვერ მოვახერხეთ, როცა მან ჩვენს წინააღმდეგ პირველად ითამაშა. მაშინ ჩვენ ანგარიშით 3:7 დავმარცხდით (ოქტომბერი, 2013 წ.), ბეილი კი იმ დღეს გამორჩეული იყო. როდესაც გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს, შეგიძლია, მშვიდად იყო, მაგრამ როცა ის შენს წინააღმდეგ თამაშობს, მის გასანეიტრალებლად ორმაგი ან სამმაგი მუშაობა გიწევს. ვეცდებით, რომ ეს მოვახერხოთ, თუმც არც სხვა მოთამაშეების დავიწყებას ვაპირებთ”, – უნაი ემერის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “რეალსა” და “სევილიას” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის ხელმძღვანელობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.

 

ხამეს როდრიგესმა “ოქროს ბუცი” მიიღო

კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს ბრაზილიაში წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის “ოქროს ბუცი” გადასცეს.

როგორც მოგეხსენებათ, როდრიგესი 6 გატანილი გოლით მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

“6 გატანილი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატზე. ოცნება ამიხდა. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელმა.

კეი სი რივერსი მადრიდის „რეალში“ ითამაშებს

კეი სი რივერსი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს, რის შესახებაც „სამეფო კლუბის“ ოფიციალური საიტი წერს.

ყუბანის „ლოკომოტივისა“ და „ხიმკის“ ექს-კალათბურთელი გასულ სეზონში D-ლიგაში გამოდიოდა და საშუალოდ ერთ შეხვედრაში მისმა მონაგარმა 15,7 ქულა, 4 მოხსნა და 2,1 გადაცემა შეადგინა.

მიმდინარე ზაფხულს რივერსი მადრიდელთა მეოთხე ახალწვეული გახდა. აქამდე „რეალმა“ ანდრეს ნოსიონის, იონას მაჩულისისა და ფაკუნდო კამპაცოს დამატება მოასწრო.

კასილასი: “უკეთ, ვიდრე წინა სეზონში”

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი ამბობს, რომ წარმატებული 2013/14 წლების სეზონის შემდეგ გუნდი მოდუნებას არ აპირებს.

“ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგება შარშანდელი სეზონის დაგვირგვინება იყო. 2002 წლის შემდეგ ეს ტიტული არ გვქონდა მოგებული და საკმაოდ დიდ წნეხს განვიცდიდით. ამ ყველაფერმა გუნდისთვის სახეიროდ იმოქმედა.

ახლა წნეხისგან გავთავისუფლდით და მეტის მიღწევა შეგვიძლია. “რეალი” ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბია ამ აქ თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა: ყოველ სეზონში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ფანები გავახაროთ”, – ციტირებს კასილასის სიტყვებს Goal.com-ი.

 

დიეგო ლოპესი საკუთარ თავს “რეალის” საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს?

მადრიდის “რეალის” მეკარე დიეგო ლოპესს კლუბში დარჩენა ძალიან უნდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. “სამეფო კლუბმა” ცოტა ხნის წინათ კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების კიპერი კეილორ ნავასი დაიმატა და იკერ კასილასიც დაარწმუნა, რონმ გუნდში უნდა დარჩეს. შესაბამისად, დიეგო ლოპესის ადგილი აღარ რჩება, თუმცა 32 წლის მეკარე სხვანაირად თვლის.

goal.com-ის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას დიეგო ლოპესს კატეგორიულად განუცხადებია, მე “რეალის” საუკეთესო მეკარე ვარ და ეს თქვენ კარგად იცით, თუმცა რაც გინდათ, ის გიქნიათო.

აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანელი კიპერის მიმართ “მილანი” არის დაინტერესებული.

დიეგო ლოპესი “რეალის” აღზრდილია. ის მადრიდული კლუბის ღირსებას 2000-დან 2007 წლამდე იცავდა, 2013 წელს კი გუნდში დაბრუნდა.