ვან პერსის გოლი მონეტაზე გამოსახეს

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების კარში რობინ ვან პერსის მიერ ნახტომში გატანილი გოლი სამახსოვრო მონეტაზე გამოსახეს.

მონეტა ჰოლანდიის სამეფო ზარაფხანამ მოჭრა და ექვსი ათასი ეგზემპლარი გამოუშვა. მონეტის რევერსზე ნახტომში მყოფი ვან პერსის სილუეტია გამოსახული. ფასი 9,95 ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ჰოლანდიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

 

ვან პერსი: „ვან გალმა გოლი მიწინასწარმეტყველა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. მატჩის გმირად ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დაასახელეს, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა ესპანელთა წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაჯამა.

„მატჩის წინ ვან გაალმა მითხრა, რომ გოლის გატანა შემეძლო. ასეც მოხდა – ამიტომაც აღვნიშნე ესპანელთა კარში გატანილი პირველი გოლი მწვრთნელთან ერთად. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ესპანეთის ნაკრების ტაქტიკა სწორად გავანაალიზეთ და მათ წინააღმდეგ მატჩს სრულად შეიარაღებულნი შევხვდით“, – განაცხადა ვან პერსიმ.

 

ესპანეთი — ჰოლანდია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დასახელდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ვან პერსიმ მოედანზე 79 წუთი დაჰყო, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

ვან პერსის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის გამართულ მატჩში (3:0) ინგლისელთა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება საკაცის საშუალებით მოუწია.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რამაც შემაშფოთებელი შედეგი აჩვენა. „წითელი ეშმაკების“ თავკაცი დევიდ მოიესი კი ამბობდა, ტრავმა სერიოზული არ ჩანსო, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ვან პერსის მუხლის მყესები აქვს გაჭიმული და ტრავმის მოშუშებას ოთხიდან ექვს კვირამდე დასჭირდება. შესაბამისად, ჰოლანდიელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორივე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულმა წილისყრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მეტოქედ მიუნხენის „ბაიერნი“ არგუნა. პირველი მატჩი პირველ აპრილს, „ოლდ ტრაფორდზე“ შედგება, განმეორებითი კი – 9 აპრილს, „ალიანს არენაზე“.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერი ვან პერსის აგენტს შეხვდა

ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი გვაუწყებს, რომ ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ რობინ ვან პერსის აგენტს შეხვდა. პალმერი იტყობინება, რომ აღნიშნული შეხვედრა 28 იანვარს შედგა, მთავარი განსახილველი თემა კი ვან პერსის „არსენალში“ დაბრუნება იყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ტრანსფერის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელი ფორვარდის ლონდონში დაბრუნების წინააღმდეგი არც „მანჩესტერ იუნაიტედია“.

შეგახსენებთ, რომ რობინ ვან პერსი „არსენალის“ ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგდა. აღნიშნული ტრანსფერის გამო ჩრდილოლონდონური გუნდის ბევრმა ქომაგმა ჰოლანდიელი თავდამსხმელი მოიძულა და საკითხავია, ვან პერსის „ემირეითსზე“ დაბრუნების შემთხვევაში, როგორ შეხვდებიან მას „არსენალის“ გულშემატკივრები.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერმა ვან პერსიზე საუბარი არ ისურვა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა „ემირეითსზე“ შედგება, სადაც ლონდონის „არსენალი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კლუბში რობინ ვან პერსის შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი არ ისურვა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი თავდამსხმელი „არსენალის“ ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა.

„არა მგონია, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვან პერსი განსახილველად საუკეთესო თემა იყოს. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ“, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს ბრიტანული „მირორი“.

მატჩი „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის 12 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

„სუონსისთან“ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ორი ლიდერი ვერ დაეხმარება

როგორც ცნობილია, შაბათს, „სუონსისთან“ ინგლისის პრემიერლიგის XX ტურის მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ერთდროულად ორი თავდამსხმელი უეინ რუნი და რობინ ვან პერსი ვერ დაეხმარება.

სავარაუდოდ, რუნი მოედანზე შემდეგ კვირას დაბრუნდება, როდესაც „წითელი ეშმაკების“ მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ იქნება. რაც შეეხება ჰოლანდიელ ფორვარდს, მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ვან პერსის ერთი თვით კარგავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი რობინ ვან პერსი საკუთარ გუნდს ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

30 წლის ჰოლანდიელმა ფეხის კუნთის ტრავმა დონეცკის „შახტართან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში მიიღო.

ცნობისთვის, უახლოეს თვეში „წითელ ეშმაკებს“ 8 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოუწევთ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვან პერსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას აპირებს?

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელი რობინ ვან პერსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 2012 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა და თავის სადებიუტო სეზონში სერ ალექს ფერგუსონის გუნდის მაისურით ინგლისის ჩემპიონი გახდა. თუმცა, გუნდის თავკაცის შეცვლის შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ თამაში არც თუ ისე შედეგიანია.

როგორც ჩანს, მოვლენების ასეთი განვითარება 30 წლის ბომბარდის არ აწყობს. გუშინ ВВС-ის ერთ-ერთმა ექსპერტმა მარკ ლოურენსონმა განაცხადა, რომ ვან პერსი სამუშაო ადგილის შეცვლაზე ფიქრობს. ამის შესახებ ბრიტანელ ანალიტიკოსს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უამბო, რომელიც მანჩესტერ კლუბთან არის დაახლოებული.

ცნობისთვის, ბოლო მატჩებში ვან პერსი ტრავმის გამო არ თამაშობდა. დიდი ალბათობით, იგი „ნიუკალთან“ დღევანდელ შეხვედრასაც გამოტოვებს.

აქვე გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ლოურენსის ირლანდიურ რადიოსთან მიცემული ინტერვიუს მოსმენა შეგიძლიათ:

დიდი ალბათობით, ვან პერსი „ევერტონთან“ ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთვნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, მისი გუნდის თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ „ევერტონთან“ ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში თამაში მოახერხოს.

„რობინი თავს კარგად გრძნობს. დიდი ალბათობით, მოედანზე მას „ევერტონტან“ მატჩში ვიხილავთ“, – განაცხადა ფეხბურთს შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „ევერტონთან“ აღნიშნულ თამაშს „წითელი ეშმაკები“ ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოიესი: „გოლებს მხოლოდ რუნი და ვან პერსი არ უნდა იტანდნენ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთვნელი დევიდ მოიესი გუნდის ერთდროულად ორი ძირითადი თავდამსხმელის უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის ტრავმებში დიდ პრობლემას ვერ ხედავს.

„ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს, ამიტომაც, გოლების გატანა არამხოლოდ უეინსა და რობინს შეუძლიათ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შედეგის მოტანა ამ ორი ფეხბურთელის არყოფნაშიც შეუძლიათ“, – აღნიშნა მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ რუნიმ ტრავმა დონეცკის „შახტართან“ მატჩამდე მიიღო, ხოლო ვან პერსი იმავე შეხვედრაში დაშავდა, რის გამოც „სანდერლენდთან“ მატჩში მისი მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

ალექსანდრე მატევოსოვი