სინიშა მიხაილოვიჩი “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელია

ფეხბურთის სერბი სპეციალისტი სინიშა მიხაილოვიჩი ლისაბონისის “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.

სინიშა მიხაილოვიჩმა “სპორტინგის” თავკაცის პოსტზე ჟორჟე ჟეზუში შეცვალა, რომელმაც გუნდი სეზონის ბოლოს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის სერბ სპეციალისტს საკლუბო დონეზე მთელი სამწვრთნელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული, სადაც სხვადასხვა დროის განმავლობაში “ბოლონიას”, “კატანიას”, “ფიორენტინას”, “სამპდორიას”, “მილანსა” და “ტორინოს” ედგა სათავეში.

 

დაეხმარეთ ვლადიმირ ვაისს სასტარტო განაცხადის დაყენებაში

საქართველოს ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 24 მარტს, “დინამო არენაზე”, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. წარმოიდგინეთ თავი გუნდის მთავარ მწვრთნელად და აღნიშნული შეხვედრისთვის თქვენეული სასტარტო შემადგენლობა დაასახელეთ.

სერბთა თავკაცი: “ქართველები თავდასხმაში უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე დაცვაში”

სერბეთის ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ თბილისში გასამართი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ნაკრების თავკაცმა სლავოლიუბ მუსლინმა განაცხადი უკვე დაასახელა და პრესკონფერენციაზე მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“განაცხადში დავასახელე ის ფეხბურთელები, რომელთა მიმართაც დიდი ნდობა მაქვს. კონსულტაციების გავლისა და მეტოქის ანალიზის შემდეგ შემადგენლობაში კანდიდატთა შორის საუკეთესონი შევიყვანე. იმედი მაქვს, რომ განაცხადში არაფერი შეიცვლება. ვიმედოვნებ, არ იქნება ტრავმები და არ მოგვიწევს იძულებითი ცვლილებების განხორციელება. ყველა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის.

დებიუტანტებმა უროშ ჯურჯევიჩმა და მიატ გაჩინოვიჩმა თავიანთ კლუბებში კარგი თამაშის გამო ნაკრებში გამოძახება დაიმსახურეს.

საქართველოს ნაკრები ძალზედ უჩვეულო გუნდია, რომელმაც განვლილ მატჩებში უფრო მეტი ქულა დაიმსახურა, ვიდრე რეალურად მოიპოვა. რუსეთში მუშაობის პერიოდში ქართველი მოთამაშეების თვისებების შესახებ ბევრი რამ გავიგე. მეტოქეს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მათი პრობლემა ხასიათი და გუნდური თამაშია. ისინი თავდასხმაში უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე დაცვაში.

ამ მატჩში ფავორიტები ჩვენ ვართ, მაგრამ მოთმინება და დიდი სიფრთხილე გვმართებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩემი ბიჭების მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს საკლუბო დონეზე სათამაშო დროსთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. არაფრის მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მათ ისე თამაში შეუძლიათ, როგორსაც ჩვენ მოველით”, – განაცხადა სერბეთის ნაკრების თავკაცმა.

სერბებმა სათბილისო განაცხადი დაასახელეს

სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ თბილისში გასამართი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა. სერბები თბილისს ამ შემადგენლობით ეწვევიან:

მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (“ნოტინგემი”), პრედრაგ რაიკოვიჩი (“მაკაბი თელ-ავივი”), ალექსანდრ იოვანოვიჩი (“ორჰუსი”);

მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (“ზენიტი”), იაგოშ ვუკოვიჩი (“ქონიასფორი”), სტეპან მიტროვიჩი (“გენტი”), ნიკოლა მაქსიმოვიჩი (“ნაპოლი”), ალექსანდრ კოლაროვი (“მანჩესტერ სიტი”), მილან ობრადოვიჩი (“ანდერლეხტი”), ანტონიო რუკავინა (“ვილიარეალი”), უროშ სპაიჩი (“ანდერლეხტი”);

ნახევარმცველები: ლიუბომირ ფეისა (“ბენფიკა”), ლუკა მილივოევიჩი (“კრისტალ პალასი”), ნემანია რადოია (“სელტა”), ნემანია მატიჩი (“ჩელსი”);

თავდამსხმელები: დუშან ტადიჩი (“საუთჰემპტონი”), ფილიპ კოსტიჩი (“ჰამბურგი”), ლაზარ მარკოვიჩი (“ჰალ სიტი”), ზორან ტოშიჩი (ცსკა), ალექსანდარ მიტროვიჩი (“ნიუკასლი”), ანდრია პავლოვიჩი (“კოპენჰაგენი”), უროშ ჯურჯევიჩი (“პარტიზანი”), მიატ გაჩინოვიჩი (“აინტრახტი”).

სერბეთის ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო მცველი მატია ნასტასიჩი (“შალკე”) და თავდამსხმელი ალექსანდარ კატაი (“ალავესი”) ვერ დაეხმარებიან.

საქართველოსა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის მატჩი 24 მარტს, “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება.

სერბეთმა შინ ავსტრია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე D ჯგუფის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. სერბეთის ეროვნულმა გუნდმა ბელგრადში ავსტრიის ნაკრები მიიღო და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მაყურებლებმა შეხვედრის პირველ ტაიმში სამი გატანილი ბურთი იხილეს. სერბთაგან დუბლი გაიფორმა ალექსანდრ მიტროვიჩმა, ავსტრიელთაგან კი გოლით მარსელ ზაბიტცერი გამოირჩა. მატჩის მეორე ნახევრის შუაწელს მარკ იანკომ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მასპინძლებმა დუშან ტადიჩის გოლით გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლეს.

სატურნირო ცხრილი:

standing

მ.ჩ. შესარჩევი ეტაპი (D ჯგუფი)
სერბეთი — ავსტრია 3:2 (2:1)

გოლები: მიტროვიჩი 6′, 23′ ტადიჩი 74′ — ზაბიტცერი 16′ იანკო 62′.
გაფრთხილებები: ტადიჩი 35′ მილივოევიჩი 37′ კოლაროვი 80′ — ბაუმგარტლინგერი 39′, ილზანკერი 77′.

ალბანეთში სერბეთის ნაკრების ავტობუსს ქვები დაუშინეს (ვიდეო)

დღეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ალბანეთის ნაკრები სერბეთს მიიღებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. უცნობმა პირებმა სერბეთის ნაკრების ავტობუსს ქვები დაუშინეს.

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ სერბეთში ამ გუნდებს შორის გამართული მატჩი ტრიბუნაზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა. უეფამ მაშინ ალბანეთს ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, სერბეთს კი სამი ქულა ჩამოაკლო და ორ მატჩში გულშემატკივრების გარეშე თამაში დააკისრა.

როგორც ცნობილია, ალბანეთის პოლიციამ დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით ტირანაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

ცნობისთვის, მატჩი ალბანეთისა და სერბეთის ნაკრებებს შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

სერბი და ალბანელი ფეხბურთელების ერთობლივი აქცია

რომის “ლაციოს” სერბმა და ალბანელმა ფეხბურთელებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს ნიშნად იმისა, რომ მათი ქვეყნების ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობის დროს მომხდარი კონფლიქტი დაუყოვნებლივ უნდა ამოიწუროს.

აღნიშნული აქციის საერთო სახელწოდებაა “ერთად”.

კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს “ლაციოს” სერბმა ფეხბურთელებმა ფილიპ ჯორჯევიჩმა და დუშან ბასტამ და კლუბის ალბანელმა მოთამაშეებმა ეტრიტ ბერიშამ, ლორიკ ცანამ და ტომას სტრაკოშამ.

სტანკოვიჩმა კარიერა დაასრულა

სერბეთის ნაკრების ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა 35 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა.

„შერეული გრძნობები მეუფლება. ბედნიერი და ამაყი ვარ. სწორედ ამისთვის ვიცხოვრე. მეორე მხრივ, ცრემლებს ვერ ვიკავებ, რადგან ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დასრულდა. გაღიმება და გაძლიერება მინდა, მაგრამ ეს დღეს არ გამომდის. თითოეულ სანაკრებო მატჩზე ასი პროცენტით ვიხარჯებოდი. როგორც დიდებული, ასევე სევდიანი მოგონებები დამრჩა. ეროვნული ნაკრების დასახმარებლად ყოველთვის მზად ვიქნები“, – განაცხადა სტანკოვიჩმა, რომლისთვისაც უკანასკნელი მატჩი იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრა (2:0) აღმოჩნდა.

სტანკოვიჩს სანაკრებო დებიუტი 1998 წლის 22 აპრილს ჰქონდა, როცა მისმა გუნდმა ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეის ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა. სტანკოვიჩი ერთადერთი სერბი ფეხბურთელია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე (1998, 2006 და 2010).

სტანკოვიჩი უკანასკნელად მილანის „ინტერის“ ღირსებას იცავდა.

აქვე გთავაზობთ სტანკოვიჩის მიერ გატანილი საუკეთესო გოლების ამსახველ ვიდეოკოლაჟს.

 

ბექა დოგრაშვილი

19-წლამდელთა პირველი ტესტ-მატჩი სერბეთთან ფრედ დასრულდა

ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრებმა, სერბ სტუმრებთან პირველი ამხანაგური მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულა. შეხვედრას გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.

სერბეთის ასაკობრივი ნაკრებები, ტრადიციულად, კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. ამ ფორმაციის 19-წლამდე ნაკრებში კი, რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც წლევანდელ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონები გახდნენ.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა, ჩვენი ფეხბურთელები ბურთს უფრო მეტხანს აკონტროლებდნენ. მიუხედავად ამისა, პირველი გოლი საკუთარ კარში მივიღეთ. დაცვის ხაზში დაშვებული შეცდომისა და ბურთის დაკარგვის შემდეგ, სტეფან ილიჩი ბექა ქურდაძესთან პირისპირ აღმოჩნდა და გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ქართველებმა წონასწორობის აღდგენა 24-ე წუთზე შეძლეს, როცა გიორგი გოროზიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად მათე ცინცაძემ შეასრულა – 1:1. ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, თუმცა, მანამდე ჩვენმა სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს საქართველოს ნაკრების კართან.

მეორე ტაიმიდან, გუნდების მწვრთნელებმა შეცვლების განხორციელება დაიწყეს. სერბები კვლავ სახიფათოდ იჩხვლიტებოდნენ. საქართველოს ნაკრები კი, მისთვის დამახასიათებელ ფეხბურთს ვერ აჩვენებდა. მატჩის ბოლოს, საჯარიმოს შესრულების შემდეგ, სერბებმა მეორე გოლის გატანა შეძლეს, თუმცა, ეს ბურთი არ ჩაითვალა, რადგან ჩვენს საჯარიმოში ერთბაშად 2 თუ 3 სერბი ფეხბურთელი თამაშგარეში იყო. რამდენიმე, მეტნაკლებად სახიფათო მომენტი ჰქონდათ ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებსაც, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო სერბთა თავკაცი – ველჟკო პაუნოვიჩი, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კარგი დახვედრისა და თბილი მასპინძლობითვის.

„ძალიან კარგი, დინამიური და კარგად საყურებელი თამაში გამოვიდა. იმედი მაქვს, სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა ისიამოვნა და მინდა მათაც მადლობა ვუთხრა, რომ მოვიდნენ. ქართულ მხარესთან ჩვენ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს და ასეთი თამაშები ჩვენი შეთანხმების საფუძველზე იგეგმება. ვფიქრობ, მომავალი თამაში უფრო საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან გუნდები უკვე კარგად იცნობენ ერთმანეთს და შესაბამისად, მატჩიც განსხვავებული იქნება. თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მსაჯების მოქმედებით ძალიან უკმაყოფილო ვარ…“ – განაცხადა პაუნოვიჩმა.

ამის შემდეგ კი, კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა.

ვასილ მაისურაძე: „დაცვაში აშკარად ბევრი შეცდომა დავუშვით. სრული შემადგენლობით თავიდანვე ვერ შევიკრიბეთ და ეს მხოლოდ ბოლო 3 დღე მოვახერხეთ, რადგან ბიჭებს თავიანთ კლუბებში ეროვნული ჩემპიონატის თამაშები ჰქონდათ და ესენი, ძირითადად, დაცვის ხაზში მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ. დაღლილობა აშკარად იგრძნობოდა. თუმცა, ვთვლი, რომ დასაწყისისთვის ნორმალური თამაში გამოვიდა, რადგან ამ ასაკში ევროპის მოქმედ ჩემპიონ გუნდს დავუპირისპირდით და ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი დღეს მოედანზე იყო. ძალიან კარგი გუნდია და შესაბამისად, თამაშიც რთულად წავიდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ფეხბურთელები და ჩვენ ყველა მოკლებულნი ვართ ასეთ სწრაფ ტემპში თამაშს და ვფიქრობ, რომ მომდევნო თამაშს უკეთ ვითამაშებთ.

პენალტზე ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ვიდეოჩანაწერი უნდა ვნახო. მსაჯობის ხარისხსა და დონეზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არჩათვლილი გოლი დროს, ყველამ დაინახა თამაშგარე მდგომარეობა. ჩვენ რომ უცხოეთში ტურნირებზე მივდივართ, მსაჯობა ასეთი კი არა, ბევრჯერ ამაზე უარესია. ასე რომ, ძალიანაც ნუ გავიკვირვებთ, რადგან ჩვენ უარესებსაც გვიკეთებენ უცხოურ შეკრებებსა თუ თამაშებზე…“

ასე რომ, 11 ოქტომბერს, ეს გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და 19-წლამდე ნაკრებისთვის ეს იქნება ბოლო საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ნოემბრის ევროშესარჩევის დაწყებამდე.

9 ოქტომბერი, 2013. გორი, სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველოU19 – სერბეთიU19 1:1 (ამხ)

საქართველოU19: ქურდაძე, კაკაბაძე (გაბაძე 58), თევზაძე (კუსიანი 86), ნ.ჭანტურია (კაპ), ტაბიძე, ცინცაძე, ზარანდია (კერძევაძე 46), გოროზია (შენგელია 65), ჯიქია (ახვლედიანი 46), აბურჯანია, კიკაბიძე (მზევაშვილი 58)

მთ.მწვრთნელი – ვასილ მაისურაძე

სერბეთიU19: რაიკოვიჩი, ვიკო (იოვანოვიჩი 80), მილოშევიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, მარასი (ცვეტკოვიჩი 80), ბაბიჩი, შიმიჩი (პანტიჩი 58), მაქსიმოვიჩი, ილიჩი (მანდიჩი 80), გაჩინოვიჩი (ზუკანოვიჩი 80), ანტონოვი (რიშტიჩი 67)

მთ.მწვრთნელი – ველჟკო პაუნოვიჩი

გოლები: ილიჩი (18), ცინცაძე (24 პენ)

გაფრთხილება: ტაბიძე, ვიკო, შიმიჩი, ბაბიჩი, მანდიჩი

მსაჯი: ა.კრიჭაშვილი (საქართველო)

ამ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური შეხვედრა 11 ნოემბერს, კვლავ გორში გაიმართება და დღის 3 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

ევრობასკეტი 2013: სერბეთმა ბელგიას აჯობა

სლოვენიაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის E ჯგუფის ბოლო ტურის ფარლგებში ერთმანეთს ბელგია და სერბეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი სერბი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა.

ბელგია – სერბეთი – 69:76 (18:19, 18:21, 15:14, 18:22)

ბელგია: ვან როსონი (12 ქ.), მუია (2 ქ.), მუკუბუ (16 ქ. 6 მ.), ერველი (8 ქ. 9 მ.), მასო (9 ქ.) – სტარტი; ბეგინი (12 ქ.), მოორსი (5 ქ.), დე ზეეუვი (4 ქ.), ტაბუ (3 ქ.), შვემა (0 ქ.)

სერბეთი: მარკოვიჩი (15 ქ.), ზოგდანოვიჩი (12 ქ. 5 მ.), კალინიჩი (9 ქ. 5 მ.), ბიელიცა (7 ქ. 9 მ.), ნენად კრსტიჩი (17 ქ. 5 მ.) – სტარტი; კატიჩი (7 ქ.), მჩიჩი (5 ქ.), გაგიჩი (2 ქ.), ნედოვიჩი (2 ქ.), ანჯუშიჩი (0 ქ.)

სროლები ახლო და საშუალო დისტანციიდან: 19/39 (48,7%) – 20/36 (55,6%)

სროლები შორეული დისტანციიდან: 7/22 (31,8%) – 7/18 (38,9%)

საჯარიმო სროლები: 10/16 (62,5%) – 15/22 (68,2%)

მოხსნები: 27-37; გადაცემები: 14-20; დაკარგვები: 9-16

ალექსანდრე მატევოსოვი

ფანკულტურა, როგორც სოციალურ-პოლიტიკური მაჩვენებელი

რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკვარი, რა როლი ენიჭება მას, როგორ შეუძლია ქომაგს გუნდის მეთორმეტე წევრად ქცევა, ამის შესახებ ბევრი დაწერილა და ბევრიც თქმულა, თუმცა დღეს ამაზე საუბარს არ ვაპირებთ. Fanebi.com-ი ფანკულტურის, როგორც სოციალურ-პოლიტიკურ ინდიკატორზე გესაუბრებათ, გავიხსენებთ რამდენიმე შემთხვევას, როცა კონკრეტული გუნდის ქომაგებმა სახელმწიფოებრივ მოვლენებში განსაკუთრებული როლი ითამაშეს, მეტიც – ქვეყნების ისტორიები შეცვალეს.

გასული საფეხბურთო წელი დახუნძლული იყო რასისტული გამოხტომებით. იყო სერბ და ინგლისელ 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი რასისტული შეძახილების ფონზე, იყო იერუსალიმის “ბეითარის” გულშემატკივართა თავდასხმა პალესტინელებზეც.

მათ, ვინც სერბულ ფეხბურთს იცნობს, სულაც არ გაუკვირდებოდა ამგვარი ინციდენტი. სერბ ქომაგთა კულტურა ყოველთვის შეიცავდა ზედმეტ ნაციონალიზმს, რაც ხშირად რასისტული ელემენტების მატარებელი ხდება. მათი კულტურა ძალადობრივია. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს, სერბი გულშემატკივრები ფიქრობდნენ, მხარი დაეჭირათ ნაცისტებისთვის. 90-იან წლებში სწორედ ისინი იყვნენ სლობოდან მილოშევიჩის შეიარაღებული ჯგუფების მთავარი წარმმართველი ძალები. არაოფიციალურად თვლიან, რომ იუგოსლავიური ომები სულაც საფეხბურთო მატჩის დროს დაიწყო, რომელიც 1990 წლის 13 მაისს, ზაგრების “დინამოსა” და “ცრვენა ზვეზდას” შორის უნდა შემდგარიყო, თუმცა ხორვატ და სერბ გულშემატკივართა შეტაკების გამო შეხვედრა ჩაიშალა. ჩხუბი ერთ საათს გაგრძელდა და საბოლოოდ, პოლიციამ ქომაგები წყლის ჭავლით დაშალა. ეს მოვლენა ხორვატიაში ომის დაწყების მთავარი ფაქტორი თუ არა, ერთ-ერთი ძირითადი კატალიზატორი მაინც იყო.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბეთი/მონტენეგრო და ბოსნია/ჰერცეგოვინა ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმც ქომაგებს შორის ჩხუბი მაინც გაიმართა, რომელშიც 20-მდე კაცი დაშავდა. უშუალოდ მატჩის დროს ქომაგები ერთმანეთთან ტრანსფარანტებით ურთიერთობდნენ. “ჩვენ გვაქვს 250 ათასი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გვძულდეთ”, – ეს წარწერა იყო გამოსახული ბოსნიელთა ბანერზე. მათი მონაცემებით, სწორედ ამ რაოდენობის ბოსნიელი შეეწირა სერბეთთან ომს (საყოველთაოდ მიღებულია, რომ 100 ათასი დაიღუპა).

მსოფლიოს ისტორიაში “საფეხბურთო ომის” სახელით შევიდა 1969 წლის ივნისში სალვადორსა და ჰონდურასს შორის შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ექვს დღეს გაგრძელდა. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული შეხვედრა ჰონდურასის დამარცხებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა, რამაც სახელმწიფოებს შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. სალვადორსა და ჰონდურასს შორის სადავო საზღვრის გამო დაწყებული უთანხმოება საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. ექვსდღიან ომში 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ანალოგიურის თქმა შეიძლება იერუსალიმის “ბეითარის” ქომაგებზეც, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი სიძულვილით არაბებისა და პალესტინელების მიმართ. “ბეითარი” ერთადერთი მსხვილი ებრაული კლუბია, რომელშიც პალესტინელ ფეხბურთელს არასდროს უთამაშია. აღნიშნულ გუნდის მატჩებზე ხშირად წააწყდებით რასისტულ, ანტიმაჰმადიანურ ლოზუნგებს. რამდენიმე თვის წინ, “ბეითარის” გულშემატკივრები იერუსალიმის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიჭრნენ და იქიდან პალესტინელი მყიდველები გამოაძევეს. იყო ებრაელ ქალ მუსიკოსზე თავდასხმაც, რომელიც მათ ძალადობას აპროტესტებდა. “ბეითარს” ორი ჩეჩენი მაჰმადიანი ფეხბურთელის დამატება შეეძლო, თუმცა კლუბმა უარი განაცხადა, გუნდის სისუფთავე უნდა შევინარჩუნოთო.

სერბი და ებრაელი ქომაგებისთვის ძალადობა და რასიზმი იმდენად დამახასიათებელია, რომ სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის ფეხბურთის ასოციაციას ხულიგნობისა და რასიზმის აღსაკვეთად ცალკე ერთეულიც კი აქვთ შექმნილი. აღნიშნულის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურად მიმდინარეობს, მით უფრო სერბეთში. ამაში დამნაშავე ისევ ქვეყნის ხელისუფლებაა. შარშან სერბი გულშემატკივრების მხრიდან 21-წლამდე ნაკრებებთა მატჩში ინგლისელების მიმართ გამოხატული რასისტული შეურაცხყოფა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არ აღიარა, შესაბამისად, არც გამოძიება დაწყებულა. ამით თავს დიდად არც სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია იწუხებს. საერთოდაც, სერბეთში მომხდარი მოვლენები უეფას პრინციპებს მკვეთრად ეწინააღმდეგება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამის გამოსწორებას არავინ ცდილობს, ეს ყველაფერი კი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ძალზედ აფერხებს.

რა შეიცვალა ან არ შეიცვალა სერბეთის საზოგადოებაში? ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი ამბობს, რომ მილოშევიჩის დამხობიდან 13 წლის შემდეგ, სერბები ჯერ კიდევ არიან შეუწყნარებლობისა და რასიზმის პრობლემის წინაშე.

ვინ არიან ისინი? ვინ არიან ე.წ. “ულტრასები”? ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავის იდენტიფიცირებას ახდენს პოპულარულ კულტურაში – ამ შემთხვევაში ფეხბურთში, თუმცა მათ საკუთარი თავის, შეხედულებების წარმოჩენა სხვა ფორმითაც შეუძლიათ: მუსიკა, ვიდეო, გრაფიტი. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავისი სოციალურ-პოლიტიკური აქტივობებით პროვოცირებას ახდენს არსებული პოლიტიკური ან სოციალური ცვლილების განხორციელებისკენ. ხშირად ისინი სცდებიან ფეხბურთს და სხვადსხვა მოთხოვნებს აყენებენ, თანაც ამის მისაღწევად ხშირად უკიდურეს ხერხებსაც იყენებენ.

ამ ყველაფრის კარგი გამოხატულებაა “ბარსელონას” ქომაგთა აქტივობები. “ელ კლასიკო” რომ ფეხბურთზე მეტია, ეს მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ კატალონიელებმა კვლავ გაბედეს თავიანთი დროშის აფრიალება და ეს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად სწორედ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოხდა. ბარსელონელები “რეალთან” დაპირისპირებას კარგად იყენებენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ თავიანთი მისწრაფების წარმოჩენისთვის. შარშან გამართულ “ელ კლასიკოზე” სპეციალური აქციაც დაგეგმეს. კატალონიელებმა მატჩის მე-17 წუთის მე-14 წამზე სიტყვა “დამოუკიდებლობის” სკანდირება დაიწყეს. აღნიშნული დრო შემთხვევით არ შურჩევიათ – 1714 წელს მეფე ფელიპე მეხუთემ კატალონია საბოლოოდ შეუერთა ესპანეთის სახელმწიფოს. საბედნიეროდ, კატალონიურ-მადრიდული ქომაგობა მშვიდობიან საზღვრებს არ სცდება.

ხშირად დაპირისპირება ერთი ქვეყნის ორი გუნდის რადიკალური ფანატების შეტაკებით იწყება. ერთი წლის წინ, მთელი მსოფლიო შეძრა ეგვიპტეში მომხდარმა უბედურებამ. ქალაქ პორტ-საიდში “ალ-მასრისა” და “ალ-აჰლის” შორის მატჩის (3:1) შემდეგ ორივე გუნდის ფანები მოედანზე ჩავიდნენ და მასობრივი ჩხუბი დაიწყეს, რასაც სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა: დაიღუპა 74 ადამიანი. მიმდინარე წლის იანვრის თვეში ეგვიპტის სასამართლომ აღნიშნულ ტრაგედიაში მონაწილე 21 გულშემატკივარს სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა გამოუტანა.

მოყვანილი მაგალითები ადასტურებს იმას, რომ გულშემატკივრებს, ანგაჟირებულ ადამიანთა ჯგუფს უდიდესი ძალა აქვს და მისი სახიფათო გზით წარმართვის შემთხვევაში, რისკიც საკმაოდ მაღალია. როგორც ხედავთ, ფეხბურთის ქომაგებს ომებიც წამოუწყიათ, სხვადასხვა ქვეყნების ისტორიებიც შეუცვლიათ და მნიშვნელოვანი როლიც უთამაშიათ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებში.