გეგა გობეჯიშვილს სხვა დელეგატი ჩაანაცვლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინათ გაათავისუფლეს, აცხადებს, რომ უეფას წარმომადგენელის რეკომენდაციით, მას სხვა დელეგატი ჩაანაცვლებს.

“ყველას დიდ მადლობას ვუხდი, რადგან თქვენს გარეშე შესაძლოა, უარესი შედეგი ყოფილიყო. ჩემ მაგივრად იქნება სხვა დელეგატი. მე აღარ ვარ დელეგატი. უეფას წარმომადგენელმა გადაწყვიტა, რომ ასე აჯობებდა.

ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იქნება ჩემ ნაცვლად. მე ვარ რეზი არველაძის მხარდამჭერი და იმედია, ჩემი შემცვლელიც მხარს რეზის დაუჭერს. აქ იმისთვის მოვედი, რომ ხმა მიმეცა.

ჩემი დაკავება მოხდა სადარბაზოში, როდესაც მოვდიოდი “ჰოლიდეი ინში” დასარჩენად. დილით ვიცოდი, რომ ეს ოპერაცია იყო დაგეგმილი. დილით უნდა დავეკავებინე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ღამით “ჰოლიდეი ინში” დავრჩენილიყავი და დილით ჩამოვსულიყავი საარჩევნო ყრილობაზე. არ დაივიწყოთ, რომ ისევ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ყველას გვისმენენ. ერთი კვირის განმავლობაში სახლიდან არ გამოვსულვარ, გაფრთხილებული ვიყავი ჩემი მეგობრების მხრიდან, ლევანის წრიდან, რომ ეს იგეგმებოდა”, – განაცხადა გეგა გობეჯიშვილმა.

 

არველაძე და დელეგატების ნაწილი ოთახში ნამდვილად ჩაიკეტნენ

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ჟურნალისტებთან საუბრისას სფფ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ მისმა კონკურენტმა რევაზ არველაძემ დელეგატების ნაწილი ოთახში ჩაკეტა. კობიაშვილმა ჟურნალისტებს ამ ფაქტზე ყურადღების გადატანისკენ მოუწოდა.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი გვაცნობებს, არველაძე იმ დელეგატებთან ერთად, რომლებმაც რეგისტრაცია ჯერ არ გაიარეს, ოთახში ნამდვილად ჩაიკეტა და ჯერჯერობით გასვლას არ აპირებს. ცნობისთვის, რეგისტრაცია ამჟამად თვრამეტმა კანდიდატმა გაიარა.

არველაძის პროტესტის მიზეზი მისი მხარდამჭერის ასევე ერთ-ერთი დელეგატის გეგა გობეჯიშვილის ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დაკავებაა. არველაძე არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იქამდე არ აპირებს, სანამ გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ და მას არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მიეცემა.

დელეგატების ნაწილმა რეგისტრაცია გაიარა – არჩევნები, ალბათ, ჩატარდება

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაგეგმილი არჩევნები ერთ-ერთ დელეგატის გეგა გობეჯიშვილის დაკავების მიუხედავად, სავარაუდოდ, მაინც ჩატარდება.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი გვაცნობებს, აჟამად 34 დელეგატიდან რეგისტრაცია უკვე 18 დელეგატს აქვს გავლილი. ასე რომ, სავარაუდოდ, არჩვენები მაინც ჩატარდება. დაზუსტებით ამ ეტაპზე ცნობილი არაფერია.

შეგახსენებთ, რომ სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებიდ ღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ერთ-ერთ დელეგატის გეგა გობეჯიშვილის დაკავებნის შემდეგ რევაზ არველაძემ არჩევნების ჩაშლა მოითხოვა.

არველაძე თავის სიტყვებს ადასტურებს და ულტიმატუმს აყენებს

მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავა.

გობეჯიშვილი სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე რევაზ არველაძის მხარდამჭერია. ღამით არველაძის „ფეისბუქის“ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კანდიდატი დღეს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას იქამდე არ მიიღებდა, სანამ გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებდნენ. ცოტახნის წინ თავად არველაძემ თავისი პოზიცია უკვე ჟურნალისტებს გაუზიარა.

„არჩევნებში მონაწილეობას იქამდე არ მივიღებ, სანამ გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ“, – ციტირებს არველაძეს ადგილზე მყოფი ჩვენი კორესპონდენტი.

ამჟამად ამბის სხვა დეტალები უცნობია. რაიმე სახის სიახლის გაგებისთანავე Fanebi.com ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვვდით.

არველაძე: „არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ“

როგორც მოგახსენეთ, რამდენიმე საათის წინ პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დააკავა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე რევაზ არველოაძის მხარდამჭერია. არველაძის „ფეისბუქის“ გვერდზე ამასთან დაკავშირებული პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც კანდიდატი სხვა დელეგატებს ვაკის პოლიციასთან მოსვლასა და კოლეგის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნები იქამდე არ უნდა ჩატარდეს, სანამ გობეჯიშვილს არ გაათავიოსუფლებენ.

„გეგა გობეჯიშვილი დააკავეს, ტყუილად, ნარკოტიკის ქონას ედავებიან. ჩემთან შეხვედრაზე მოდიოდა!!! ხმის უფლების მქონეა და ჩემი მხარდამჭერია. ვაკის პოლიციასთან ვართ შეკრებილი (მზიურში) და არ დავიშლებით სანამ არ გამოუშვებენ. რა არჩევნებზე და რა ფეხბურთზეა საუბარი. ყველაფერს და ყველას გადააბიჯეს, ყველა დაწერილი და დაუწერელი წესი და კანონი დაარღვიეს!! სფფ-ს არჩევნების დელეგატებს მოვუწოდებ მოვიდენ, შემოგვიერთდნენ და მანამდე არ ჩავატაროთ არჩევნები, სანამ გეგა გობეჯიშვილი, ასევე დელეგატი არ გამოვა და არ შემოგვიერთდება. დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და აუცილებლად, სამართლიანად გავიმარჯვებთ!!“, – წერია განცხადებაში.

arveladze

ცოტახანში არველაძის გვერდზე კიდევ ერთი პოსტი გამოქვეყნდა.:

„გეგა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოში (ესე გვეუბნებიან). ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას – მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდგები ბოლომდე. არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე და მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისევ და ისევ, მოვუწოდებ ყველა დელეგატს გამოხტონ პოზიცია და დაგვიდგნენ გვერდით!!“.

სფფ-ს დელეგატი და რევაზ არველაძის მხარდამჭერი ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს

როგორც ცნობილია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავა.

სათქმელია, რომ გობეჯიშვილი სამ ოქტომბერს სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატის რევაზ არველაძის მხარდამჭერია.

ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბრისას გობეჯიშვილის მეუღლემ თათა ხუნდაძემ აღნიშნა, რომ მეუღლის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. მისივე თქმით, ბოლო დროს მის მეუღლეზე ზეწოლა არ წყდებოდა – გობეჯიშვილს არჩევნებზე ლევან კობიაშვილის მხარდაჭერას სთხოვდნენ.

წესების მიხედვით, სფფ-ს არჩევნებში მონაწილეობას 34 დელეგატი მიიღებს, გამარჯვებული კი ის კანდიდატი იქნება, რომელიც მინიმუმ 18 ხმის დაგროვებას შეძლებს.

უეფამ სფფ-ს გამაფრთხილებელი წერილი გამოუგზავნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უეფამ სფფ-ს გამარფთხილებელი წერილი გამოუგზავნა:

“ძვირფასო ბ-ნ ფირცხალავა, (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
ვიცე-პრეზიდენტი)

ვადასტურებთ თქვენს მიერ 2015 წლის 9 სექტემბერს უეფასთვის გაგზავნილი ორი წერილის მიღებას და მადლობას გიხდით 2015 წლის 3 ოქტომბერს გასამართი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) საარჩევნო კონგრესის წინასაარჩევნო პროცესის გარშემო არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის.
რაც შეეხება სფფ-ს წესდების და საპროცესო ნორმების სავარაუდო დარღვევებს სფფ-ს საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ წარმოებული წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ:
(ი) საკითხები, რომელიც ეხება სფფ-ს წევრობისთვის ან სფფ-ს კონგრესის დელეგატთა ნომინაციისთვის განაცხადებს, უნდა განხორციელდეს სფფ-ის წესდების და რეგულაციების თანახმად, რომელიც მოქმედია დროდადრო;
(იი) სფფ – როგორც საფეხბურთო მმართველი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე – სრულად არის უფლებამოსილი, გამოიყენოს თავისი საწესდებო და მარეგულირებელი ჩარჩო სამუშაო ისე, როგორც ამჟამად არის მოქმედი ზემოთხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.
სამთავრობო ორგანოებისგან სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით სფფ-ის საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო პროცესში, მადლობელი ვიქნებით თუ მიაწოდებთ ფიფას და უეფას უფრო დეტალურ ინფორმაციას. ამასთან დაკავშირებით გვინდა შეგახსენოთ, რომ ფიფას წესდების მე-17 მუხლის და უეფას წესდების მე-7(2) მუხლის თანახმად, ფიფას/უეფას თითოეული წევრი ფედერაციის აღმასრულებელი ორგანო (მათ შორის პრეზიდენტი) თავისუფლად უნდა იყოს არჩეული, ე.ი.პროცედურის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების სრულ დამოუკიდებლობას, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში მიიჩნევა მიუღებლად როგორც ფიფას, ისე უეფას მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უეფა ითხოვს, რომ სფფ-მ შეატყობინოს წინამდებარე განხილვები ყველა შესაბამის სამთავრობო ორგანოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი ჩარევა საარჩევნო პროცესში შეწყდეს დაუყოვნებლივ.

პატივისცემით, უეფა
/ხელმოწერილია/
ჯიანი ინფანტინო
გენერალური მდივანი”

UEFA letter

„დინამოს“ პრეზიდენტი სიჭინავას გადადგომას გამოეხმაურა

თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი რომან ფიფია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან ზვიად სიჭინავას გადადგომას გამოეხმაურა.

„მადლობა მინდა გადავუხადო, ზვიად სიჭინავას გასული წლებისთვის და იმ სამუშაოსთვის, რაც მან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისას გასწია. თბილისში გამართული სუპერთასის წარმატებულად ჩატარება სწორედ ზვიად სიჭინავას სახელს უკავშირდება. გულწრფელად ვისურვებდი, რომ ამ ადამიანის შრომა და ამაგი დაუფასებელი არ დარჩენილიყოს. წარმატებას ვუსურვებ მას მომავალ საქმიანობაში“, – ციტირებს ფიფიას „დინამოს“ ოფიციალური გვერდი.

კობიაშვილი უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს საქართველოს ფეხბურითს ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, საქართვლელოს ნაკრების ექს-პაპიტანი, ლევან კობიაშვილი უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა ქართული ფეხბურთის მართვის და განვითარების გეგმა და ფინანსური მხარე განიხილეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. აბსოლიუტურად ღია და გახსნილი. კლუბებს ვაჩვენე, თუ როგორ წარმომიდგენია ქართული ფეხბურთოს განვითარება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩემს გეგმაში ეროვნულ ჩემპიონატს განსაკუთრებული ადგილი უკავია“, – განუცხადა კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.

შეგახსენებთ, რომ კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის კანდიდატი ოფიციალურად ხვალ, 14:00 საათზე დახდება. მის კანდიდატად წარდგენას თბილისის „დინამო“ აპირებს. თბილისური კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას თქმით, „დინამო“ კობიაშვილს მხარს სრულიად უჭერს, რადგან ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დრო დადგა.

ლევან კობიაშვილმა დაადასტურა, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს

ლევან კობიაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს.

კობიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ოფიციალურად გამოაცხადა ყრილობის თარიღი – 3 ოქტომბერი.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავარეგისტრირო საკუთარი კანდიდატურა.

ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის.
კანდიდატურის დარეგისტრირების დღიდან აქტიურად დავიწყებ ჩემი ხედვებისა და გეგმების პრეზენტაციას, წარმოვადგენ ჩემს გუნდსაც და შევხვდები ჩვენი ფეხბურთის ბედით და მომავლით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს.

მჯერა, რომ ყველანი ერთად შევძლებთ შევცვალოთ ქართული ფეხბურთი უკეთესობისკენ!”

 

კახა კალაძე ზვიად სიჭინავას მადლობას უხდის

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სოციალური ქსელის მეშვეობით თბილისში ჩატარებულ სუპერთასის მატჩსა და ზვიად სიჭინავას მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო პოსტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ეს მოხდა!
საქართველომ , თბილისმა, “დინამო-არენამ” უმასპინძლა მსოფლიო დონის მატჩს!
უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე “ბარსელონა” “სევილია” -ს შეხვდა.
დამეთანხმებით ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა და სპორტული ეიფორია, მიღებული პოზიტივი კიდევ დიდხანს გაყვება გულშემატკივარს.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ითანამშრომლა უეფასთან, განახორციელა ეს პროექტი, ვინც გაუწია ამ მატჩს ორგანიზება, რაც მთავარია- უზრუნველყო შეხვედრის უნაკლოდ ჩატარება! მადლობა და დაფასება ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა საერთო, სახალხო სიხარულის შექმნაში!
აქვე მინდა ავღნიშნო პერსონალურად ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მონაწილეობა. მისი უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასის ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა აქ, და ასეულ მილიონობით ადამიანის ყურადღება სხვადასხვა ქვეყნებიდან მიპყრობილი იყო თბილისზე! მის კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს.

ზვიად სიჭინავას ბოლო განცხადებასაც მსურს გამოვეხმაურო- წასვლის შესახებ: ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა; განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით, განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებით, არაერთხელ თქმულა რომ, ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გუნდი, ოჯახი- და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო და გათავისებული ხდება… არ აქვს მნიშვნელობა მოქმედი მოთამაშე მიდიხარ, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზს, და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს- ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ … მთავრია მხოლოდ ის რომ, თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით, ვინც საფუძველს ვუქმნიდით მომავალ თაობებს ამ სპორტში- ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც”.

 

პლატინი სიჭინავას: “ამას არ დავივიწყებ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები”

როგორც რამდენიმე დღის წინათ მოგახსენეთ, უეფას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ფრანგი წერდა, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პირველს სწორედ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს აცნობდა და მისი მხარდაჭერის იმედსაც აფიქსირებდა. ზვიად სიჭინავამ გადაჭრით თქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს პლატინის დაუჭერს, რის შემდეგაც ფრანგმა ფუნქციონერმა სფფ-ში სამადლობელი წერილი გამოაგზავნა.

“ჩემო ძვირფასო მეგობარო, ზვიად!
გულითად მადლობას გიხდი შენი თბილი, მხარდამჭერი წერილისთვის, რომელიც ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემი გამოცხადების შემდეგ მივიღე.
ძალიან აღელვებული და კმაყოფილი ვარ ამ პატივისცემით. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ – თქვენი პირადი და თქვენი ასოციაციის ასეთი მხარდაჭერის გამო.
დარწმუნებული იყავით, მე დავაფასებ და არ დავივიწყებ თქვენს თანადგომას და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები.
ჩვენ ერთად – როგორც ერთი გუნდი, შევძლებთ აღვადგინოთ ფიფას პრესტიჟი და რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება და ფოკუსი გადავიტანოთ ფეხბურთზე.
კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას თბილი და გამახნევებელი სიტყვებისთვის”, – წერს პლატინი.