პლატინიმ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პირველად სიჭინავას ამცნო

დღეს უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფიფას დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

TV Sport-ის ცნობით, ფრანგმა ფუნქციონერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გამოუგზავნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პლატინიმ ფიფას საპრეზიდენტო პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირველად სწორედ სიჭინავას აცნობა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სწორედ მას დაუჭერს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პლატინის დაუდასტურა, რომ არჩევნებზე მხარს მხოლოდ პლატინის კანდიდატურას დაუჭერს.

სფფ-ის პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პლატინი წერს, პირველები ხართ თქვენ, ვისაც მინდა, ვაცნობო, რომ მე გადავწყვიტე ფიფას პრეზიდენტობა. ეს ადამიანი აფასებს ჩვენს ფედერაციას, ჩვენს ქვეყანას, გვერდში გვიდგას და ჩვენგანაც უნდა გვერდში დგომა.

ვთვლით, რომ ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი ფეხბურთში, რომელიც უნდა იყოს ფიფას სათავეში.

სანამ მე ვარ პრეზიდენტი, სხვა კანდიდატურა არც განიხილება, ვინაიდან მიშელ პლატინიმ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის: სუპერთასი, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2017 წელს, აკადემიის გახსნა და სხვადასხვა პროექტები”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ TV Sport-ის ეთერში.

პლატინის საგანგებო წერილი

 

სუპერთასის ჩატარების თარიღი ცნობილია

როგორც გაირკვა, საქართველოს 2015 წლის სუპერთასი 25 აგვისტოს შედგება. აღნიშნული თარიღი უკვე საბოლოოდ დადასტურდა.

წელს სუპერთასი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბრუნდება. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის სუპერთასი „დინამო არენაზე“ შედგა. აღსანიშნავია მატჩის ჩატარების თარიღიც – მოგეხსენებათ, წინა წლებში საქართველოს სუპერთასი ზამთარში ტარდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2014/15 წლების სეზონის საქართველოს ჩემპიონატი გორის „დილამ“ მოიგო, ქვეყნის თასის გათამაშებაში კი საუკეთესო სუპერთასის მოქმედი მფლობელი, თბილისის „დინამო“ გახდა.

კახი კალაძე: “ეს არის უპასუხისმგებლობა”

უეფას სუპერთასის ბილეთების გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გამოეხმაურა. იგი მომხდარს უპასუხისმგებლობად აფასებს.

“ფეხბურთის ფედერაციაც და biletebi.ge-ც მომზადებულნი უნდა შეხვედროდნენ გადაწყვეტილებას, როდესაც მათ ბილეთების გაყიდვის უფლება მისცეს. თუ უეფას მხრიდან იყო დავალება, ფეხბურთის ფედერაციას biletebi.ge-სთან ყველა დეტალი უნდა გაევლო, რომ ისინი მზად შეხვედროდნენ ასეთ აჟიოტაჟს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, თუ რამდენად დიდი ინტერესი იქნებოდა ამ თამაშის მიმართ. ამიტომ, ჩემი შეხედულებით, რაც მოხდა, ეს არის უპასუხისმგებლობა”.

 

კოორდინაცია ნაკრებებს შორის – ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების სამუშაო შეხვედრა

დღეს, სფფ-ში მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის – კახა ცხადაძისა და სფფ-ის სპორტული დირექტორის – არჩილ არველაძის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები შეიკრიბნენ.

შეხვედრა, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა. როგორც ეროვნული ნაკრების თავკაცმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში აღნიშნა, ისინი მუდმივად შეიკრიბებიან სამუშაო ფორმატში.

კახა ცხადაძე: „ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა, რომ ყველა ნაკრები ერთ სისტემაში მოექცეს და საბოლოოდ, ჩემამდე, ანუ ეროვნულ ნაკრებში სრულფასოვნად მომზადებული ფეხბურთელი მოვიდეს, რომ სანაკრებო შეკრებაზე მისთვის რამის სწავლება არ გვიწევდეს.

ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და ეს შეხვედრები მუდმივ ხასიათს მიიღებს. ჩვენს მომდევნო შეხვედრას სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტი დაგეგმავს და მალევე შევიკრიბებით.

დღეს რაც დავგეგმეთ და მოვილაპარაკეთ, ნაკრებების მთავარი მწვრთნელები წინადადებით მივმართავთ სფფ-ის აღმასკომს, რომ მიიღოს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საუბარი მაქვს იმ ინიციატივაზე, რაც თავის დროზე თემურ ქეცბაიას ჰქონდა, რომ კლუბებმა განაცხადში შეიყვანონ ოთხი 21-წლამდე ფეხბურთელი და ორ მათგანს თამაშის საშუალება მისცენ. ამით ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რომ დაახლოებით, 64 ახალგაზრდა ფეხბურთელს ექნება სათამაშო პრაქტიკა.

ამასთან, მინდა სპორტის სამინისტროს ვთხოვო, რომ დააფინანსონ ფიზმომზადების მწვრთნელების პროგრამა, რომელიც ნამდვილად არ ღირს ძვირი და ჩვენთან დიდი საჭიროებაა ამ სპეციალისტების.

დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, გადავხედეთ პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელების იმ 50-კაციან სიას, რომელიც ერთი წლის წინ შეადგინეს ფედერაციის სპორტულმა და ტექნიკურმა დეპარტამენტებმა და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა. განვიხილეთ, ვინ როგორ „გაიზარდა“ ამ ერთ წელში, ვინ მოუმატა, ვინ მოუკლო და ასე შემდეგ…

ვფიქრობ, კოორდინირებული მუშაობით მალე დავლაგდებით და ჩავჯდებით ერთიან სისტემაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიზანი მომდევნო შესარჩევში ჯგუფიდან გასვლაა, თავადაც მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის შედეგის მალე და ეფექტურად მიღწევა.“

 

სფფ-ის პრესსამსახური

U17 – „პრეზიდენტის თასის“ ფინალში ყვითელმა ბარათებმა არ გაგვიშვა

დღეს, ასტანაში, „პრეზიდენტის თასზე“ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. ჯგუფის პირველადგილოსნის ბედი საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის მატჩში გადაწყდა. მატჩი 0:0 დასრულდა და სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ფინალში ვერ გავიდა. საქმე იმაშია, რომ ორივე ნაკრებმა თანაბარი ქულები დააგროვა; ზუსტად ერთნაირი იყო ბურთების შეფარდებაც – 4/1. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით კი, გამარჯვებულის ვინაობა გაფრთხილებების რაოდენობამ გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრებს 4 ყვითელი ბარათი ჰქონდა, აზერბაიჯანს – 3. შესაბამისად, ფინალში აზერბაიჯანი გავიდა. საქართველოს ნაკრები ხვალ მე-3 ადგილისთვის მატჩში ყაზახეთი-ტაჯიკეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

„ძალიან ცუდია, რომ გამარჯვებული ყვითელი ბარათების მიხედვით გამოვლინდა. მაგრამ რას ვიზამთ? კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ მატჩი პენალტების სერიით დასრულებულიყო. მსაჯმა იცოდა, რომ სავარაუდოდ, ყველაფერი ბარათებით გადაწყდებოდა და მკაცრად არ სჯიდა მატჩს. თუმცა, გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ. ყველაფერი წინ გვაქვს – ბევრი მატჩი და ვეცდებით ყველაფერი გამოვასწოროთ“ – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – გოჩა ავსაჯანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩი საქართველოს ნაკრებმა რუსეთისა (2:0) და ბელორუსის (2:1) ნაკრებებს მოუგო.

25.06.2015, „ასტანა არენა“

საქართველოU17 vs აზერბაიჯანიU17 0:0

საქართველოU17: გუგეშაშვილი, ნიკოლეიშვილი, ასათიანი, ქაფიანიძე, ვირუბოვი, ხარაბაძე, ნინუა, ქიმერიძე (ბარაბაძე 41), (სპანდერაშვილი 60), ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, ლურსმანაშვილი

მთ.მწვრთნელი – გოჩა ავსაჯანიშვილი

აზერბაიჯანიU17: მ.ჰუსეინოვი, სეილიღლი, ჰასანოვი (ა.ჰუსეინოვი), ასადოვი, გადირზადე, ნაბიევი, გულერი, გასიმოვი (მეხდიევი), გარაევი, მულტარლი, ოკსუზი (გასიმლი)

„პრეზიდენტის თასის“ ფინალური მატჩები ხვალ გაიმართება.

 

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-სთან აქციის მონაწილე: „ამ ხალხის უპასუხისმგებლობის გამო მთელი დღე კომპიუტერებთან გავატარეთ“

23 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან გულშემატკივრების აქცია გაიმართა, რომლებიც თბილისში ჩასატარებელ უეფა-ს სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ.

ჩვენი საიტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ადგილზე კომენტარი სთხოვა და შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით თავისი აზრის გამოთქვის საშუალება მისცა.

„ძირითადად „ბარსელონას“ ქომეგები მოვედით. ორი დღის განმავლობაში ბილეთებთან დაკავშირებულ ამბავს ვაპროტესტებთ. ძალიან ცუდი სიტუაციაა, იმიტომ, რომ ქართველი ქომაგები ამას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. მთელი დღე ამ ხალხის უპასუხისმგებლობის გამო კომპიუტერებთან გავატარეთ. მსგავსი დიდი ღონისძიება ასე არ იგეგმება. ეს კი ნამდვილად დიდი ღონისძიებაა. ვითხოვთ, სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რათა დაიწყოს ბილეთების გაყიდვა“, – განაცხადა Fanebi.com-თან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

17-წლამდელებმა „პრეზიდენტის თასი“ რუსეთთან გამარჯვებით დაიწყეს

დღეს, ასტანაში დაიწყო ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი – „პრეზიდენტის თასი“. ჩვენი ნაკრები Bჯგუფში ასპარეზობს და ჩვენი მეტოქეები რუსეთის, ბელორუსისა და აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებები არიან.

ტურნირის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრებთან გამართა. ქიმერიძისა და ხარაბაძის გოლებით გოჩა ავსაჯანიშვილის ფეხბურთელებმა 2:0 გაიმარჯვეს და პირველი სამი ქულა მოიპოვეს.

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო. უკვე მე-13 წუთზე, აკაკი ქიმერიძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ, რუსეთის ნაკრები ანგარიშის გასათანაბრებლად მთელი გუნდით უტევდა, თუმცა, გადამწყვეტ ფაზაში შედეგიანი დარტყმის განხორციელებას ვერ ახერხებდნენ. სამაგიეროდ, 35-ე წუთზე, ლევან ხარაბაძის ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახდა.

მეორე ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს კვლავ ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შანსები, თუმცა, მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა. არადა, რუსებს მშვენიერი შანსი მიეცათ, ანგარიშის სხვაობა თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეემცირებინათ, თუმცა, ნიკიტა რიბაკოვმა ლუკა გუგეშაშვილს ვერ აჯობა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა პენალტი მოიგერია.

22.06.2015, „ასტანა არენა“

რუსეთიU17 vs საქართველოU170:2 (0:2)

რუსეთიU17: ბატერი (კატკოვი 74), ნესტეროვი, კაკვასინი, კახიძე, ტოპილსკი (ფილიპენკოვი 41), რიბაკოვი, პეტოში (ვოლკოვი 63), ცაავა (გალოიანი 41), მამარასული (ვლადიმიროვი 69), აიბოვი (ფეოკტისტოვი 51), კოპილოვი

საქართველოU17: გუგეშაშვილი , ვირუბოვი (კიკალიშვილი 75), ასათიანი, ქაფიანიძე, ხარაბაძე (ოზბეთელაშვილი 75), ბარაბაძე (ნიკოლეიშვილი 78), ნინუა, ქიმერიძე, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, სპანდერაშვილი (ლურსმანაშვილი 54)

მთ.მწვრთნელი – გოჩა ავსაჯანიშვილი

გოლები: ქიმერიძე (13), ხარაბაძე (35)

ხვალ, 23 ივნისს, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ბელორუსის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღეს პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებთან 1:3 წააგო.

სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის ფედერაცია დაზარალებულებს 20 ათასი ლარით ეხმარება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 20 ათასი ლარი გამოყო, რის შესახებაც თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს თანაგრძნობას სტიქიით დაზარალებულთა მიმართ… ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სფფ-მ თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისათვის გახნილ საბანკო ანგარიშზე (ვითიბი ბანკში) გადარიცხა 20 ათასი ლარი.
ერთად დგომა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთად დგომითა და სოლიდარობით გადავლახავთ სიძნელეებს…
ვიმედოვნებთ, შემოგვიერთდებიან სხვა სპორტული ფედერაციები და ქართული სპორტული სამყაროს სოლიდარობა ახლაც სამაგალითო იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ქალთა ნაკრები მზადებას შეუდგა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, პირველი ვარჯიში ჩაატარა. თამაზ კოსტავას გუნდი, 22 მაისის ჩათვლით თბილისში, სასტუმრო “White House”-ში დაბინავდა და ვარჯიშებს ე.წ. „მარაკანასა“ და ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართავს.

ამის შემდეგ, ქართველი გოგონები წვრთნას აზერბაიჯანში გააგრძელებენ, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ, 26 და 29 მაისს. მწვრთნელების მიერ გამოძახებული 20 მოთამაშიდან თბილისურ შეკრებას 18 გაივლის, ბაქოში კი მათ, კიდევ ორი გოგონა შეუერთდება.

ევრო 2017-ის პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე გამოძახებულები არიან:

მეკარეები: ჭკუასელი ნინო (სკ „იბერია-სთარი“, საქართველო), თამარ ნადირაშვილი (MFA Žalgiris, ლიტვა)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (სკ „გურია“, საქართველო), ნათია სხირტლაძე, თინათინ თევდორაძე, ნინო კოჭლამაზაშვილი, სალომე ხუბულური, ანა ზაქაიძე (ყველა – სკ „იბერია-სთარი“, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (FC Samsung Abta, Turkey), ნინო სუთიძე (FC Niva Belkard  Belarus).

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (FC Niva Belkard  Belarus),  ანა სინატაშვილი, ლანა გორგაძე (სკ „მართვე ქუთაისი“, საქართველო), მარიამ დანელია (სკ „აფხაზეთი“, საქართველო), მარი ბასილაძე, მედეა მუმლაძე (სს 35-ე სკოლა), ტატა მატვეევა (FC Konak Belediye, Turkey).

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (MFA Žalgiris ლიტვა), ლელა ჭიჭინაძე (FC Adana İdmanyurduspor, Turkey), თამრიკო კვალიაშვილი (სკ „იბერია-სთარი“, საქართველო).

შეგახსენებთ, რომ ქალთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის სექტემბრიდან, ევრო 2017-ის შესარჩევ ჯგუფში იწყებს ასპარეზობას. ქართველი გოგონების მეტოქეები შვეიცარიის, იტალიის, ჩრდ. ირლანდიისა და ჩეხეთის გუნდები იქნებიან.

სფფ-ის პრესსამსახური

U19 – დევდარიანი თავის „ჯვაროსნებს“ ელიტრაუნდის დასკვნით შეკრებაზე უხმობს

ორშაბათს, 18 მაისს, ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელ, დასკვნით შეკრებას დაიწყებს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები გუნდი. გიორგი დევდარიანი თავის „ჯვაროსნებს“ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრებს. ადგილზე წარიმართება საწვრთნელი პროცესიც.

შეკრების საწყის ეტაპზე, დევდარიანის განკარგულებაში 26 ფეხბურთელი იქნება, რომელთაგან 18 საუკეთესოც 29 მაისიდან ნაკრებისა და ქვეყნის ღირსებას დაიცავს.

მეკარეები: ბექა ქურდაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე „საბურთალო“), ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი)

მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ცოტნე ნადარაია (ყველა „საბურთალო“), ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი), გიორგი დუმბაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი თევზაძე („სამტრედია“)

ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი, ლადო მამუჩაშვილი (ყველა „საბურთალო“), გიორგი ბერიძე („ზესტაფონი“), ლადო მოხევიშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ზაურ გოგუაძე („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი კილასონია („მეტალურგი“, რუსთავი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („გენკი“, ბელგია), გიორგი ხორხელი („საბურთალო“), ბექა ჭკუასელი („დინამო“, ბათუმი), მათე კვირკვია („ზესტაფონი“), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), გიორგი არაბიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია კერძევაძე („სამტრედია“), რომან ჭანტურია („ემპოლი“, იტალია)

მეკარე ბექა ქურდაძე გუნდთან ერთად მხოლოდ შეკრების საწყის ეტაპზე იქნება. ახალგაზრდა გოლკიპერი შემდეგ 21-წლამდე ნაკრებში გადაინაცვლებს და გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ჩასატარებლად გაემგზავრება.

ჯერჯერობით, გაურკვეველია რომან ჭანტურიას ჩამოსვლის ზუსტი თარიღი, რადგან „ემპოლის“ ქართველ ფორვარდს 17 მაისს საპასუხისმგებლო თამაშის ჩატარება უწევს თავისი კლუბის შემადგენლობაში. ბელგიური „გენკის“ ახალგაზრდა ქართველი შემტევი – ლუკა ზარანდია კი, უკვე თბილისშია და ის შეკრებას თავიდანვე შეუერთდება.

რაც შეეხებათ საქართველოს თასის ფინალისტებს – „სამტრედიელ“ გიორგი თევზაძესა და ილია კერძევაძეს და „დინამოელ“ოთარ კიტეიშვილს, ეს ფეხბურთელები დევდარიანის განკარგულებაში 26 მაისის თასის ფინალური მატჩის შემდეგ იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ელიტრაუნდი 29 მაისს დაიწყება და 3 ივნისს დასრულდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის 19-წლამდე ნაკრებები იქნებიან. მატჩები „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ნაკრების სამივე მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

 

სფფ-ის პრესსამსახური 

“კოკა-კოლას” თასი” დაიწყო! (ფოტოები)

დღეს “მიხეილ მესხის” სტადიონის სათადარიგო მოედანზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლას” მიერ ორგანიზებული ბავშვთა ყველაზე მასობრივი საფეხბურთო ტურნირი — “კოკა-კოლას თასი”.

წლევანდელი გათამაშება იმითაა გამორჩეული, რომ მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურნირში გოგონების გუნდებიც ჩაერთვნენ.

ამ ტურნირის ისტორია 2006 წლიდან იწყება და მას „სკოლბურთის“ სახელით იცნობდნენ. 2007 წლიდან, ტურნირი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში 10-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობენ.

გახსნისას მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ მიმართეს.

Coca-Cola Cup 2

რევაზ არველაძე: “ისეთი შესაფერისი ბმა, როგორიც არის ფეხბურთი და “კოკა-კოლა”, ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ “კოკა-კოლა”, განსაკუთრებით კი ქართული, არის ყველაზე გემრიელი და ძალიან უხდება ფეხბურთს. ჩვენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წლების განმავლობაში ვატარებთ ამ არაჩვეულებრივ ტურნირს. წელს 13 ათასი მონაწილე გვყავს, აქედან 10 ათასი არის ახალგაზრდა ბიჭი და 3 ათასი – გოგონა. დიდი იმედი გვაქვს, რომ რაოდენობრივად იმ ჩამორჩენას, რომელიც გვაქვს ქალთა ფეხბურთში, მაქსიმალურად შეამცირებს წლევანდელი სკოლბურთის გათამაშება. დიდი ბედნიერებაა, რომ ამდენი ახალგაზრდა დღეს ჩვენთან ერთად არის და თამაშობს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თამაშს, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია. მე არ დამეზარება და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი საქართველოს განათლების სამინისტროს და კომპანია “კოკა-კოლას” ჩვენთან ერთად ამ არაჩვეულებრივი ტურნირის ორგანიზებისთვის”.

თემურ ჭყონია: “ჩვენ უნდა ვიპოვოთ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი. ამ ტურნირს ესწრება უამრავი სელექციონერი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, იპოვონ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე მაგარი ფეხბურთელი, ამიტომ დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას და განათლების სამინისტროს. გოგოებს ვუსურვებ, რომ მაგრად იყვნენ და არ შეეშინდეთ. “კოკა-კოლას” თასს” გახსნილად ვაცხადებ, მოგილოცავთ და წინ გამარჯვებისკენ!”

Coca-Cola Cup 3

ორად გაყოფილი მოედანი პატარა გოგოებმა და ბიჭებმა დაიკავეს, მინდორზე გუნდი გუნდს ენაცვლებოდა, პატარა ფეხბურთელებს კი ტრიბუნიდან მშობლები და ნაცნობ-მეგობრები ამხნევებდნენ.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას იღებს 1155 გუნდი, აქედან ბიჭების გუნდები – 935 სკოლა, 9350 მოზარდი და გოგონების გუნდები – 220 სკოლა, 2200 გოგონა, ანუ სულ 11550 ბავშვი მონაწილეობს.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

 

აღმასკომმა გარიგებებში მონაწილე პირებსა და კლუბებს სანქციები დაუწესა

დღეს, სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა მორიგ სხდომაზე სერიოზული და პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღო. სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად შეტანილი იყო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გარიგებულ თამაშებში მონაწილე პირებისა და კლუბების საქმის განხილვა. მსჯელობის შემდეგ, აღმასკომი ერთსულოვნად ჩამოყალიბდა შემდეგ გადაწყვეტილებაზე:

აღმასკომმა სრულად გაიზიარა სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის წინადადება-რეკომენდაცია და ეროვნულ ჩემპიონატში გარიგებულ თამაშებში მონაწილე, ბრალდებული დავით გენძეხაძე საფეხბურთო სამყაროში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. გენძეხაძეს აეკრძალა არა მხოლოდ საფეხბურთო საქმიანობა, არამედ, სტადიონზე ყოფნა და ეროვნული ჩემპიონატისა თუ სხვა საერთაშორისო თამაშებზე დასწრება. აღმასკომის ეს გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით ეცნობება უეფას შესაბამის სამსახურს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გენძეხაძის შესახებ სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფსაც გააჩნდა დამატებითი მონაცემები და გადაწყვეტილების მიღების მართებულობაც ამით საბუთდება.

მხარე, რომელიც არ დაემორჩილება ამ გადაწყვეტილებას და რაიმე ფორმით ითანამშრომლებს დავით გენძეხაძესთან, ამ მხარის მიმართ გატარდება სადისციპლინო სანქციები.

რაც შეეხება გარიგებულ თამაშებში მონაწილე სხვა პირებსა და საფეხბურთო კლუბებს, აღმასკომის გადაწყვეტილებით, მათ შეუჩერდათ ყოველგვარი უფლებამოსილება ბრალის წაყენების დღიდან  – სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამასთან, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის მიერ საკითხის მოკვლევის დასრულებამდე.

თუ გარიგებულ თამაშებში მონაწილე პირები, რომლებიც ოფიციალურად დაბარებულნი არიან სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში, ითანამშრომლებენ ფეხბურთის ფედერაციასთან, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფი იხელმძღვანელებს უეფას დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით და გადაიხედება მათ მიმართ დაწესებული სანქციები.

მომდევნო საკითხად, დღის წესრიგში შეტანილი იყო საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ არსებული დავალიანებები მისი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის მიმართ. აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და ფეხბურთელთა ინტერესების დამცველმა – ბესო აბაშიძემ და მოითხოვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, ფეხბურთელების – შოთა ბაბუნაშვილის, თორნიკე აფციაურისა და მეკარეთა მწვრთნელის – თამაზ ოდიკაძის დავალიანება „ზესტაფონს“ ამ დრომდე არ გაუსტუმრებია. შესაბამისად, აღმასკომმა იხელმძღვანელა მოცემული რეალობით და ამ ეტაპზე, „ზესტაფონს“ შეუჩერდა სფფ-ის წევრობა დავალიანებების დაფარვამდე. თუ „ზესტაფონმა“ არსებული დავალიანებები ახლაც არ გაისტუმრა, სფფ-ის მორიგ ყრილობაზე დადგება საკითხი სფფ-ის წევრობიდან მისი გარიცხვის შესახებ.

 

სფფ-ის პრესსამსახური