როგორ აფასებენ ფესტივალს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები

სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ევროპის ახალგარდული ოლიმპიური ფესტივალის დასკვნითი პრესკონფერენცია გაიმართა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა “თბილისი 2015” შეაფასეს.

იანეს კოციანჩიჩი (ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი): “ჩვენ კმაყოფილები ვართ თბილისში გამართული ფესტივალით. შეჯიბრება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი წარმატებულად ჩატარდა, თქვენ გადმოეცით ქართული სული. ორგანიზება საკმაოდ მაღალ დონე იყო, აღვნიშნავ მოხალისეების მუშაობასაც. ყველა საჭირო ობიექტი უმაღლეს დონე იყო მომზადებული. ეს იყო პირველი გამოცდილება ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის და მათ საშუალება ეძლევათ, გააუმჯობესონ თავიანთი უნარები.  მადლობლები ვართ გულთბილი მასპინძლობისთვის”.

ჯოზეფ ლიბა (ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე): “რასაც ხუთი წლის წინათ შეგვპირდით, შეასრულეთ.  შეჯიბრებებზე კარგი ატმოსფერო იყო. თქვენ საუკეთესოდ წარმოაჩინეთ როგორც სპორტული მხარე, ასევე თქვენი ქვეყნის დედაქალაქი. ჩვენ ერთად დავწერეთ ქართული სპორტის ისტორიის ახალი ფურცელი. ფესტივალის შემდეგ დაგრჩებათ ახალი ობიექტები, ყველა უმაღლესი დონისაა, ათლეტებს შედეგების გაუმჯობესების საშუალება ექნებათ. უცხოელი სპორტსმენებისთვისაც კარგი შესაძლებლობა, რომლებიც აქ ივარჯიშებენ. ხვალ მივემგზავრებით, 50 ქვეყნის დელეგაცია სასიამოვნო განწყობით გტოვებთ. მადლობას ვუხდით მედიას კარგი შეტყობინებების გავრცელებისთვის, მადლობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, მადლობა ქვეყანას. მომავალ შეხვედრამდე”.

როდის ჩამოვლენ “ბარსელონასა” და “სევილიას” ფეხბურთელები თბილისში

ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის ჩამოვლენ უეფას სუპერთასის მონაწილე გუნდები თბილისში. “სევილია” საქართველოს დედაქალაქში 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, “ბარსელონა” კი – ერთი დღით გვიან, 10 აგვისტოს.

ანდალუსიელები 9 და 10 აგვისტოს ივარჯიშებენ, კატალონიელები კი 10 აგვისტოს და 11 აგვისტოს დილას. პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი სუპერთასის მატჩში არ ითამაშებს, სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ ადასტურებს.

“სევილია” სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, “ბარსელონა” კი “თბილისი მარიოტში” დაბინავდება.

მატჩი “დინამო არენაზე”, 11 აგვისტოს, 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი არბიტრი 36 წლის შოტლანდიელი რეფერი უილიამ კოლამი იქნება.

 

თბილისში ახალი საჩოგბურთო კორტები გაიხსნა (ვიდეო, ფოტოები)

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი კორტები გახსნა, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა. საჩოგბურთო ბაზა უმაღლესი დონის ცხრა ღია და ორ დახურულ ჩოგბურთის კორტს მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 6,5 მილიონი ლარია.

ამრიგად, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად ყველა ობიექტი მზად არის.

“ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ქართველ ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტები ექნებათ. აქ ბევრი წარმატებული ჩოგბურთელი გაიზრდება. ჩვენ უკვე გვყავს სახელოვანი ჩოგბურთელები. სულ რამდენიმე კვირის წინ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასეთი ბაზა კი მათთვის წამახალისებელი და დამატებითი სტიმულის მიმცემია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საჩოგბურთო კომპლექსს შესაძლებლობა ექნება, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ, ეროვნულის გარდა, საერთაშორისო დონის A კლასის ტურნირებსაც უმასპინძლოს.

 

უეფას სუპერთასი: მსაჯების ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ მსაჯთა ვინაობა, რომლებიც თბილისში გასამართ უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩს განსჯიან. შეხვედრის მთავარი არბიტრი 36 წლის შოტლანდიელი რეფერი უილიამ კოლამი იქნება. მან ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ექვსი მატჩი განსაჯა, მათ შორის “მონაკოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე გამართული შეხვედრა. კოლამს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ მატჩში აქვს ნამსაჯი. გარდა ამისა, 29 წლის ასაკში მან 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში იმსაჯა, რომელიც იტალიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ჩატარდა.

კოლამი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი 2006 წელს გახდა. მას უეფას ტურნირებზე 67 მატჩი აქვს განსჯილი.

ხაზის მსაჯი: დამიენ მაკგრეითი (ირლანდია);
ხაზის მსაჯი: ფრენსის კონორი (შოტლანდია);
მეოთხე მსაჯი: გრემ ჩემბერსი (შოტლანდია);
მსაჯის დამატებითი თანაშემწე: ბობი მედენი (შოტლანდია);
მსაჯის დამატებითი თანაშემწე: კევინ კლენსი (შოტლანდია).

უეფას სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე” ჩატარდება. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

 

სფფ სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბილეთების გაყიდვა არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის დასაწყისში არ დაიწყება.

უცვლელად გთავაზობთ სფფ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას:

“მეგობრებო, მოკლედ გაგაცნობთ ამჟამინდელ სიტუაციას:

გრძელდება სამუშაო შეხვედრები სფფ-ში და სხვადასხვა უწყებებთან. ჩვენს მიერ უეფაში გაგზავნილი კონცეფცია მოწონებული და დადასტურებულია. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბილეთების სალაროებში გაყიდვის მიმართულებით. მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ გულშემატკივრებს მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში მივაწოდოთ ბილეთები.

ამასთან, სფფ-ის წარმომადგენლები შეხვდებიან biletebi.ge-ს წარმომადგენლებს და გადმოიბარებენ გაყიდული ბილეთების მონაცემებს (მყიდველების შესახებ ინფორმაციას და ა.შ.).

არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის საწყის დღეებში, ბილეთების გაყიდვა არ დაიწყება.

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გულშემატკივარს უკვე ექნება სრული, ამომწურავი ინფორმაცია ყველა დეტალზე. გულშემატკივრებს ვთხოვთ, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ სალაროში გაიყიდება ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 22 ათასი ბილეთი.

გისურვებთ წარმატებებს”.

 

 

ლევან კობიაშვილი სტიქიისგან დაზარალებულებს დაეხმარება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი სტიქიისგან დაზარალებულთა დასახმარებლად ათი ათასს ლარს გამოყოფს.

კობიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“ლევან კობიაშვილის საერთაშორისო ფონდი “კობი და მეგობრები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ოჯახებს. გვსურს, ჩვენი მოქალაქეობრივი წვლილი შევიტანოთ და დაზარალებულთა დასახმარებლად გადავრიცხოთ 10 000 ლარი”.

 

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩამოფრინდა (ფოტოგალერეა)

რამდენიმე წუთის წინათ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩამოფრინდა.

როგორც მოგეხსენებათ, 13 ივნისს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია სომხეთის ნაკრებს სტუმრობს. პორტუგალიელები ამ შეხვედრისთვის სწორედ საქართველოს დედაქალაქში, კერძოდ კი – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოემზადებიან. ისინი თბილისში, სავარაუდოდ, ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე I ქვეჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. სომხეთის ნაკრებს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილი უკავია.

 

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩამოდის

6 ივნისს, თბილისში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ჩამოვა.

ამ ინფორმაციას TVS ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, 13 ივნისს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია სომხეთის ნაკრებს სტუმრობს. პორტუგალიელები ამ შეხვედრისთვის სწორედ საქართველოს დედაქალაქში, კერძოდ კი – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოემზადებიან. ისინი თბილისში ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან.

პორტუგალიურ მხარესა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულება მარტის თვეში გაფორმდა. ამ ინფორმაციას სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ადასტურებს.

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე I ქვეჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. სომხეთის ნაკრებს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილი უკავია.

 

იენს ლემანის თვალით დანახული თბილისი

საქართველოსთან ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩსთვის თბილისში ლონდონის „არსენალისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე იენს ლემანიც ჩამოვიდა. დღეს თავისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ექს-გოლკიპერმა საქართველოს დედაქალაქის სურათიც გამოაქვეყნა:

Lehmann

შვაინშტაიგერს “დინამო არენაზე” დაუჩოქეს (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, დღეს გერმანიის ნაკრებმა “დინამო არენაზე” წინასამატჩოდ ივარჯიშა.

ვარჯიშის დროს მოედანზე მოულოდნელად ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ბასტიან შვაინშტაიგერთან მიირბინა, მას “ბაიერნის” შარფი გადასცა, გადაეხვია და დაუჩოქა კიდეც. გულშემატკივარი “ბუნდესგუნდის” ვარჯიშს ვოლონტიორის რანგში ესწრებოდა.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას. (ფოტოები)

გერმანიის ნაკრები თბილისში — პირველი კადრები (ვიდეო)

გუშინ საღამოს გერმანიის ეროვნული ნაკრები საქართველოს დედაქალაქში ჩამოფრინდა. გუნდი სასტუმრო “რადისონში” დაბინავდა. გთავაზობთ მსოფლიოს ჩემპიონების თბილისში ჩამოსვლის პირველ კადრებს.

საქართველო — მალტა (Fanebi.com-ის მომხმარებელთა ვარაუდი)

დღეს საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ცხადაძეს დებიუტი ექნება. “ჯვაროსნები” ამხანაგურად მალტის ნაკრებს გაეჯიბრებიან. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

Fanebi.com-ის მომხმარებლებმა საკუთარი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი მატჩი.

საქართველო (89 %) ფრე (4 %) მალტა (7 %)

იხილეთ  საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა.