აჯობებთ ამ ძაღლს ფეხბურთის სიყვარულში?

რადგან ჩვენს საიტზე შემოდიხართ, ფეხბურთი გეყვარებათ. სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატსაც ადევნებთ თვალყურს, თუმცა განიცდით ისეთივე სიამოვნებას, როგორც ეს ძაღლი?

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ერთობა ოთხფეხა ცხოველი არგენტინისა და ბოსნია & ჰერცეგოვინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ტელერეპორტაჟის ცქერისას. ეს ჯერ მხოლოდ ჯგუფური ეტაპია და წარმოიდგინეთ, პლეი-ოფების დროს რა დღეში ჩავარდება.

გთავაზობთ ვიდეოს.

„დინამომ“ დავით აღმაშენებლის სახელობის თასი მოიგო?

დავით ყიფიანის თასის ფინალური მატჩის შემდეგ, „კურიერის” სპორტულმა კორესპონდენტმა დავით ერაძემ პირდაპირი ჩართვის დროს მექანიკური შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ „დინამო თბილისმა“ ჩემპიონობას დავით აღმაშენებლის სახელობის თასიც დაამატა, რაზეც დიმიტრი ობოლაძისგან საკადრისი პასუხი მიიღო.

გთავაზობთ ამ კურიოზული ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

 

ამინდის პროგნოზი ვილაშ-ბოაშისგან

ერთ-ერთი შვედური ტელევიზიის მაყურებლები გაოცდნენ, როდესაც ამინდის პროგნოზის წამყვანად „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ აწ უკვე ყოფილი თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში დაინახეს.

ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ლონდონური კლუბიდან ორშაბათს დაითხოვეს, უკვე მოძებნა ახალი სამსახური. ამიერიდან ის შვედურ ტელევიზიაში ამინდის პროგნოზს წაიყვანს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა პორტუგალიელთან ფიზიკურ მსგავსებას არც თავად წამყვანი ნიცან კოენი უარყოფს.

„მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომლებთაც ერთმანეთთან რაღაც მსგავსება აქვთ, თუმცა ჩვენი შემთხვევა მართლაც წარმოუდგენელი და სასაცილოა“, – აღნიშნა დიქტორმა.

ვილაშ-ბოაშსა და კოენს შორის მსგავსება იმავე ტელევიზიის სპორტულმა რეპორტიორებმა შენიშნეს. თავად კოენი ფეხბურთით დაინტერესებული არ გახლავთ.

ბექა დოგრაშვილი

გადაუხდელი სიყვარული

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე უზომოდ შეყვარებული ირლანდიელი ქომაგის შესახებაა. დუბლინის მკვიდრი დევიდ ფინი სამშობლოდან შორეულ ავსტრალიაში 16 წლის წინათ გადაიხვეწა. საბედნიეროდ, ევროპიდან ავსტრალიაში საფეხბურთო მატჩების ტელეტრანსლაციის განხორციელების პრობლემა არ დგას. ფინიც ცდილობდა, ხელიდან არ გაეშვა ეროვნული ნაკრების მატჩების ტელევიზიით ხილვის შესაძლებლობა, თუმცა…

გასულ კვირას მისთვის დაუჯერებელი რამ მოხდა: ფინიმ ტელეპროგრამაში  ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ვერ იპოვა. ადგილობრივ ტელევიზიებში მას განუმარტეს, რომ აღნიშნული შეხვედრის ტრანსლირებას არ გეგმავდნენ. 38 წლის ფინიმ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო…

საზრიანი ქომაგი იმ კომპანიას დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნული მატჩის ჩვენებაზე უფლებებს ფლობდა: „ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ჩვენებაზე ამ თქვენი უფლებების შეძენა მინდა“.

კომპანიის თანამშრომლები ასეთმა მოულოდნელმა შემოთავაზებამ განაცვიფრა და დევიდი ზრდილობიანად უარით გაისტუმრეს. ჯიუტმა ირლანდიელმა ხელი არ ჩაიქნია და მეორე დღეს კომპანიას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მას მწვანე შუქი აუნთეს.

ტრანსლაციის განხორციელებაზე ფინი იმ ტელეარხს მოელაპარაკა, რომელიც ბარებში, კაზინოებსა და ავსტრალიის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე პოპულარულია. ნაკრებისადმი სიყვარული დევიდ ფინის რამდენიმე ათასი დოლარი დაუჯდა.

– დევიდ, საიდან გაქვთ ამდენი პირადი თანხა? – დაინტერესდა ჟურნალისტი.
– არც მქონია და არც მაქვს. ყველაზე რთული ჩემი მეუღლის დარწმუნება იყო. მეწინააღმდეგებოდა, თუმცა სიტყვა მივეცი, რომ რასაც ამ ტელეტრანსლაციისთვის დახარჯავდა, უკლებლივ უკან დაუბრუნდებოდა.

ირლანდიელმა ფეხბურთელებმა ავსტრალიაში მცხოვრები მათი თანამემამულე ვერ გაახარეს და მატჩი ანგარიშით 1:2 დათმეს.

ბექა დოგრაშვილი