როდის ჩამოვლენ “ბარსელონასა” და “სევილიას” ფეხბურთელები თბილისში

ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის ჩამოვლენ უეფას სუპერთასის მონაწილე გუნდები თბილისში. “სევილია” საქართველოს დედაქალაქში 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, “ბარსელონა” კი – ერთი დღით გვიან, 10 აგვისტოს.

ანდალუსიელები 9 და 10 აგვისტოს ივარჯიშებენ, კატალონიელები კი 10 აგვისტოს და 11 აგვისტოს დილას. პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი სუპერთასის მატჩში არ ითამაშებს, სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ ადასტურებს.

“სევილია” სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, “ბარსელონა” კი “თბილისი მარიოტში” დაბინავდება.

მატჩი “დინამო არენაზე”, 11 აგვისტოს, 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი არბიტრი 36 წლის შოტლანდიელი რეფერი უილიამ კოლამი იქნება.

 

თბილისში ახალი საჩოგბურთო კორტები გაიხსნა (ვიდეო, ფოტოები)

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი კორტები გახსნა, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა. საჩოგბურთო ბაზა უმაღლესი დონის ცხრა ღია და ორ დახურულ ჩოგბურთის კორტს მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 6,5 მილიონი ლარია.

ამრიგად, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად ყველა ობიექტი მზად არის.

“ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ქართველ ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტები ექნებათ. აქ ბევრი წარმატებული ჩოგბურთელი გაიზრდება. ჩვენ უკვე გვყავს სახელოვანი ჩოგბურთელები. სულ რამდენიმე კვირის წინ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასეთი ბაზა კი მათთვის წამახალისებელი და დამატებითი სტიმულის მიმცემია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საჩოგბურთო კომპლექსს შესაძლებლობა ექნება, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ, ეროვნულის გარდა, საერთაშორისო დონის A კლასის ტურნირებსაც უმასპინძლოს.

 

უეფას სუპერთასი: მსაჯების ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ მსაჯთა ვინაობა, რომლებიც თბილისში გასამართ უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩს განსჯიან. შეხვედრის მთავარი არბიტრი 36 წლის შოტლანდიელი რეფერი უილიამ კოლამი იქნება. მან ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ექვსი მატჩი განსაჯა, მათ შორის “მონაკოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე გამართული შეხვედრა. კოლამს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ მატჩში აქვს ნამსაჯი. გარდა ამისა, 29 წლის ასაკში მან 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში იმსაჯა, რომელიც იტალიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ჩატარდა.

კოლამი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი 2006 წელს გახდა. მას უეფას ტურნირებზე 67 მატჩი აქვს განსჯილი.

ხაზის მსაჯი: დამიენ მაკგრეითი (ირლანდია);
ხაზის მსაჯი: ფრენსის კონორი (შოტლანდია);
მეოთხე მსაჯი: გრემ ჩემბერსი (შოტლანდია);
მსაჯის დამატებითი თანაშემწე: ბობი მედენი (შოტლანდია);
მსაჯის დამატებითი თანაშემწე: კევინ კლენსი (შოტლანდია).

უეფას სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე” ჩატარდება. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

 

„გაბალას“ ლეგიონერმა „დინამოსთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა

აზერბაიჯანული „გაბალას“ ესტონელმა ახალწვეულმა სერგეი ზენევმა თბილისის „დინამოსთან“ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ეს ჩვენი პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. მნიშვნელოვანია, სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ. ვიცნობ თუ არა „დინამოს“? მხოლოდ ის ვიცი, რაც მწვრთნელმა გვითხრა. ეს დიდი კლუბია და მასთან თამაში გაგვიჭირდება. „კარპატში“ თამაშის პერიოდში ჩემს თანაგუნდელებს შორის მურთაზ დაუშვილი და ალექსანდრე გურული იყვნენ. სიმართლე რომ გითხრათ, მათთან „დინამოს“ შესახებ არ მისაუბრია.

გვაწყობს თუ არა თბილისში ფრე? „გაბალა“ მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. მთავარია, მწვრთნელის მითითებები შევასრულოთ და ვაჩვენოთ, რომ გუნდმა ვარჯიშებზე ნაყოფიერად იმუშავა“, – განაცხადა ზენევმა.

„გაბალას“ თავკაცი: „ანგარიშით 5:0 მოგება გვსურს“

სფფ სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბილეთების გაყიდვა არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის დასაწყისში არ დაიწყება.

უცვლელად გთავაზობთ სფფ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას:

“მეგობრებო, მოკლედ გაგაცნობთ ამჟამინდელ სიტუაციას:

გრძელდება სამუშაო შეხვედრები სფფ-ში და სხვადასხვა უწყებებთან. ჩვენს მიერ უეფაში გაგზავნილი კონცეფცია მოწონებული და დადასტურებულია. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბილეთების სალაროებში გაყიდვის მიმართულებით. მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ გულშემატკივრებს მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში მივაწოდოთ ბილეთები.

ამასთან, სფფ-ის წარმომადგენლები შეხვდებიან biletebi.ge-ს წარმომადგენლებს და გადმოიბარებენ გაყიდული ბილეთების მონაცემებს (მყიდველების შესახებ ინფორმაციას და ა.შ.).

არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის საწყის დღეებში, ბილეთების გაყიდვა არ დაიწყება.

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გულშემატკივარს უკვე ექნება სრული, ამომწურავი ინფორმაცია ყველა დეტალზე. გულშემატკივრებს ვთხოვთ, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ სალაროში გაიყიდება ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 22 ათასი ბილეთი.

გისურვებთ წარმატებებს”.

 

 

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩამოფრინდა (ფოტოგალერეა)

რამდენიმე წუთის წინათ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩამოფრინდა.

როგორც მოგეხსენებათ, 13 ივნისს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია სომხეთის ნაკრებს სტუმრობს. პორტუგალიელები ამ შეხვედრისთვის სწორედ საქართველოს დედაქალაქში, კერძოდ კი – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოემზადებიან. ისინი თბილისში, სავარაუდოდ, ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე I ქვეჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. სომხეთის ნაკრებს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილი უკავია.

 

დინამოში სამი ახალწვეულია

დინამო თბილისში სამი ფეხბურთელი ჩაირიცხა. ამიერიდან საქართველოს რეკორდსმენის რიგებში იასპარეზებენ 24 წლის გიორგი ბეგაშვილი, 26 წლის გიორგი გურული და 22 წლის არჩილ ტვილდიანი. გიორგი ბეგაშვილი ამპლუთ მეკარეა. მისი ბოლო კლუბი მარტვილის მერანი გახლდათ. მანამდე გიორგის ჩიხურაში, გაგრაში და სამტრედიაში უასპარეზია. მცველი გიორგი გურული დინამომ ქობულეთის შუქურადან დაიმატა. მანამდე კი გურული ქუთაისის ტორპედოში და ზესტაფონში ასპარეზობდა. არჩილ ტვილდიანი კი ორწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა დინამოს. ამ პერიოდში მცველი ბოლნისის სიონში, რუსთავის მეტალურგში და ქობულეთის შუქურაში გამოდიოდა.

FCDinamo.GE

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩამოდის

6 ივნისს, თბილისში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ჩამოვა.

ამ ინფორმაციას TVS ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, 13 ივნისს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია სომხეთის ნაკრებს სტუმრობს. პორტუგალიელები ამ შეხვედრისთვის სწორედ საქართველოს დედაქალაქში, კერძოდ კი – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოემზადებიან. ისინი თბილისში ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან.

პორტუგალიურ მხარესა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულება მარტის თვეში გაფორმდა. ამ ინფორმაციას სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ადასტურებს.

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე I ქვეჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. სომხეთის ნაკრებს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილი უკავია.

 

იენს ლემანის თვალით დანახული თბილისი

საქართველოსთან ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩსთვის თბილისში ლონდონის „არსენალისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე იენს ლემანიც ჩამოვიდა. დღეს თავისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ექს-გოლკიპერმა საქართველოს დედაქალაქის სურათიც გამოაქვეყნა:

Lehmann

შვაინშტაიგერს “დინამო არენაზე” დაუჩოქეს (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, დღეს გერმანიის ნაკრებმა “დინამო არენაზე” წინასამატჩოდ ივარჯიშა.

ვარჯიშის დროს მოედანზე მოულოდნელად ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ბასტიან შვაინშტაიგერთან მიირბინა, მას “ბაიერნის” შარფი გადასცა, გადაეხვია და დაუჩოქა კიდეც. გულშემატკივარი “ბუნდესგუნდის” ვარჯიშს ვოლონტიორის რანგში ესწრებოდა.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას. (ფოტოები)

საქართველო — მალტა (Fanebi.com-ის მომხმარებელთა ვარაუდი)

დღეს საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ცხადაძეს დებიუტი ექნება. “ჯვაროსნები” ამხანაგურად მალტის ნაკრებს გაეჯიბრებიან. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

Fanebi.com-ის მომხმარებლებმა საკუთარი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი მატჩი.

საქართველო (89 %) ფრე (4 %) მალტა (7 %)

იხილეთ  საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა.

 

საფეხბურთო მატჩი საქართველოს სამთავრობო გუნდსა და ცხინვალის “ლიახვს” შორის

დღეს, გორის ცენტრალურ სტადიონზე ცხინვალის “ლიახვსა” და “თბილისს” შორის ამხანაგური მატჩი შედგა. “ლიახვი”, რომელიც ძირითადად ეთნიკურად ოსი სპორტსმენებით არის დაკომპლექტებული, მთავრობის წევრებისა და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს შეხვდა. “თბილისის” კაპიტანი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ, რომელიც თავდასხმის ხაზში მოქმედებდა და მატჩში 3 გოლიც გაიტანა. მეორე ტაიმში პრემიერი “ლიახვის” შემადგენლობაში გადავიდა. “თბილისის” კარს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იცავდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კახა კალაძემ, ლევან ყიფიანმა, ლევან კობიაშვილმა, გიორგი დემეტრაძემ, ლევან ცქიტიშვილმა, გიორგი ქინქლაძემ, ალექსანდრე იაშვილმა, ლაშა სალუქვაძემ, ალექსანდრე ამისულაშვილმა, კახა ცხადაძემ, დავით მუჯირმა და სხვებმა. ტაიმები 30-30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.

“ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ოსებსა და ქართველებს შორის ნდობა აღდგეს, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რაც მოხდა წლების წინათ, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ჩვენმა ქვეყანამ გადადგა ნაბიჯი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებისკენ. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საფეხბურთო კლუბი ცხინვალის “ლიახვი”, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობენ ქართველი და ცხინვალიდან გამოსული ოსი ფეხბურთელები. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება და ჩვენ ერთობლივი ძალებით წარმატებას მივაღწევთ”, – აღნიშნა “ლიახვის” დირექტორმა სოსო რომელაშვლმა.

ცხინვალის “ლიახვი” საქართველოს მეორე ლიგაში ასპარეზობს და 4 ჩატარებული მატჩიდან ოთხივე გამარჯვებით დაასრულა.

TBILISI - LIAKHVITBILISI - LIAKHVI0TBILISI - LIAKHVI1 TBILISI - LIAKHVI2TBILISI - LIAKHVI3TBILISI - LIAKHVI4TBILISI - LIAKHVI5TBILISI - LIAKHVI6

 ფოტოები: Kakha Kaladze კახა კალაძე