საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 2014 წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
მეკარე: მანუელ ნოიერი;
— მსოფლიოს ჩემპიონატის შვიდ მატჩში მხოლოდ ოთხი გაშვებული გოლი და ოქროს მედალი ნათლად მიუთითებს ნოიერის საიმედოობაზე. გარდა ამისა, ის სტაბილურია კლუბშიც. ნოიერს ბევრი ძლიერი მხარე აქვს და წელს ის უკონკურენტო იყო.
მცველები: დავიდ ალაბა, მატს ჰუმელსი, ვენსან კომპანი, ფილიპ ლამი;
— ალაბა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ფეხბურთელია, რომელსაც “ბაიერნში” საკმაოდ კარგი წელი ჰქონდა. მიუნხენური კლუბის დაცვაში დიდი კონკურენციაა, ამიტომ ალაბას შედეგი დასაფასებელია.
მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის “ბორუსია” მიმდინარე სეზონში არასტაბილურად გამოიყურება, ჰუმელსი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებების კარში გადამწყვეტი გოლები გაიტანა.
ბოლო წლებში ბელგიის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი გახდა, რაშიც კომპანის დამსახურება დიდია. მან “მანჩესტერ სიტისთან” ერთად ერთბაშად ორი ტიტული — ინგლისის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
ლამი “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების უნივერსალი ფეხბურთელია. მსოფლიოს ჩემპიონატზე ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ წლის სიმბოლურ გუნდში შევიყვანო. მან შესანიშნავად დაასრულა საერთაშორისო კარიერა.
ნახევარმცველები: ტონი კროოსი, პოლ პოგბა, არიენ რობენი;
— მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის შემდეგ კროოსმა მადრიდის “რეალშიც” დაიმკვიდრა თავი. მიუხედავად იმისა, რომ კროოსი ტიპიური გერმანელი ცივსისხლიანია, იგი ტექნიკითაც გამოირჩევა – განსაკუთრებით საგოლე პასებითა და შორეული დარტყმებით.
პოგბა ჩემს გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. მან ყურადღება ჯერ კიდევ საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისას მიიქცია. მასში ვხედავ პოტენციალს, რომელიც საშუალებას მაძლევს, არამხოლოდ შევიყვანო წლის სიმბოლურ გუნდში, არამედ ინდივიდუალური ჯილდოც მივაკუთვნო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთ რთულ ჯგუფში ჰოლანდიის ნაკრების ბრწყინვალე თამაში ბევრ სპეციალისტს გაუკვირდა. არიენ რობენმა ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ის შესანიშნავი დრიბლიორი და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული მოთამაშეა.
თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ.
— დღევანდელ ფეხბურთში ბევრი ვარსკვლავია. მათ შორის ღირსეული ადგილი უკავია “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს. როდესაც იბრაჰიმოვიჩი მოედანზეა, გოლი შესაძლოა, ნებისმიერი წერტილიდან გავიდეს.
მესი და რონალდუ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელები არიან. ასეთი აღიარების მოპოვება ძალიან რთულია და ეს ყველაფერზე მეტყველებს. გოლს გოლზე იტანენ და თავიანთი გუნდების ლიდერებად გვევლინებიან. ერთმანეთთან დუელი აქვთ გაჩაღებული, რაც სპორტულ სულისკვეთებას ძალიან უხდება.
ჩემი გუნდის წევრთა უმეტესობა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელია და ეს იმიტომ მოხდა, რომ ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ძალზედ სერიოზული კონკურენცია იყო, გერმანელებმა ძალიან კარგი თამაში აჩვენეს.