ოფიციალურად: “ვესტ ჰემმა” “ვალენსიას” ახალგაზრდა ფორვარდი გაიფორმა

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ “ვალენსიას” 18 წლის თავდამსხმელის, ტონი მარტინესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა, რომელმაც 2015 წელს ევროპის ჩემპიონატის მოგება მოახერხა, ინგლისურ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალი შენაძენი “ჩაქუჩებს” დაახლოებით 3 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ინგლისელთა ოფიციალური მხარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნახსენებია ისიც, რომ ახალგაზრდა ესპანელმა ბოლო 4 სეზონში 100 გოლზე მეტის გატანა შესძლო.

“ჩემთვის ეს უდიდესი შანსია, იმის დასამტკიცებლად, რომ წინსვლა შემიძლია. “ვესტ ჰემი” ძალზედ საინტერესო კლუბია.” – განაცხადა თავად ფეხბურთელმა.

ზაფხულში “ატლეტიკოს” მთავარი სამიზნე “ლივერპულის” თავდამსხმელი იქნება

Todo Mercado Web-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრისტიან ბენტეკე მადრიდული “ატლეტიკოსთვის” მთავარი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას.

როგორც იცით, ბელგიელი ფეხბურთელი “ენფილდზე” 32.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ აგვისტოში შეუერთდა, თუმცა მისი არასახარბიელო ასპარეზობიდან გამომდინარე მან იურგენ კლოპის ნდობა დაკარგა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ატლეტიკოს” მთავარ სამიზნედ დიეგო კოშტას მოიხსენიებდნენ, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ახალხან განაცხადა, რომ ეს ესპანელი ფეხბურთელის გადაბირება ამ დროისთვის თითქმის შეუძლებელი არის.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ევერტონს” 45 მილიონიანი წინადადება გაუკეთა

Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “ევერტონის” ნახევარმცველის, როს ბარკლის გადაბირებას სცდილობენ.

“ოლდ ტრაფორდის” ბინადრებმა ინგლისელი ფეხბურთელი კლუბის მთავარ სამიზნედ აქციეს. “წითელმა ეშმაკებმა” უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯი – “კამფეტებს” 45 მილიონი ფუნტი შესთავაზეს ბარკლის სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ინგლისური გრანდი ბარკლის თანაგუნდელების, რომელუ ლუკაკუსა და ჯონ სტოუნზის გადაბირებით არის დაინტერესებული. აღნიშნული ტრიო “ოლდ ტრაფორდზე” დღეს ითამაშებს.

რანიერი: “კანტეს კლუბიდან წასვლის უფლებას ვაძლევთ”

“ლესტერ სიტის” ბოსმა, კლაუდიო რანიერიმ აღიარა, რომ კლუბის ერთ-ერთი ლიდერის, ნ’გოლო კანტეს ტრანსფერის თაობაზე შემოსულ წინადადებებს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ახლახან მისი დებიუტი შედგა საფრანგეთის ნაკრებშიც, სადაც მან გოლის გატანაც მოახერხა.

“კანტე ძალიან კარგად გამოიყურება, თუმცა მისი გადაბირებით რამოდენიმე დიდი კლუბი ინტერესდება და დიდ თანხასაც გვთავაზობენ. შესაძლოა დავფიქრდეთ კიდეც.

თუ ის თავს ბედნიერად არ გრძნობს და წასვლა უნდა, ჩვენ მას გავუშვებთ. ნაღვლიანი ხალხი აქ არ მჭირდება. მინდა, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ, ისიც ბედნიერია, მუდამ იღიმის.

ეს ყველაფერი უბრალო სპეკულაციებია. ჩვენთვის ახლა მთავარი მოედანზე და მომდევნო 7 მატჩზე კონცენტრირებაა. ამის შემდეგ, კი შემდეგი სეზონი გველის.” – განაცხადა რანიერიმ, რომლის გუნდიც ჩემპიონობისთვის იბრძვის.

ლიორენტე: “იუვეში” დაბრუნება? ეს ჩემი ოცნებაა”

ესპანური “სევილიას” თავდამსხმელმა, ფერნანდო ლიორენტემ აღიარა, რომ დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა ტურინის “იუვენტუსში”, რომელიც გასულ სეზონში დატოვა.

“იუვენტუსში” დაბრუნება? ამჟამად მხოლოდ სეზონის მაღალ დონეზე დასრულებაზე და “სევილიაზე” ვფიქრობ.” – განაცხადა 31 წლის ფეხბურთელმა Tuttosport-თან ინტერვიუში.

“თუმცა ფეხბურთში პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, რადგანაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გულწრფელად რომ ვთქვა, ტურინში დაბრუნება ჩემი ოცნებაა.”

ესპანელმა ფორვარდმა “ბებერი ქალბატონის” მაისურით 66 მატჩში მონაწილეობის მიღება და 23 გოლის გატანა შესძლო.

“ლივერპულის” ბოსები დარწმუნებულები არიან, რომ გიოტცეს შეძენას 20 მილიონად შეძლებენ

ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელები მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი ნახევარმცველის, მარიო გიოტცეს შეძენას სულ რაღაც 20 მილიონ ფუნტად აპირებენ.

როგორც უკვე იცით, მსოფლიო ჩემპიონი ბავარიაში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და მის ყოფილ თავკაცთან, იურგენ კლოპთან აპირებს გადასვლას. ამასთან დაკავშირებით კომენტარი იოაჰიმ ლიოვმაც გააკეთა, რომელმაც გიოტცეს ანჩელოტისთან გასაუბრება ურჩია.

“ბაიერნი” გიოტცეს 30 მილიონ ფუნტად აფასებს, თუმცა ის ფაქტი, რომ მისი კონტრაქტი 1 წელიწადში იწურება, გერმანელებს იძულებულებს ხდის ფასი დაუკლონ.

ფალკაო: “ჩელსიში” დარჩენის გამო ორ ჩინურ კლუბს ვუთხარი უარი”

რადამელ ფალკაომ, რომელიც ამჟამად ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავს, აღიარა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას მისი გადაბირების სურვილი ორმა ჩინურმა კლუბმა გამოთქვა.

“მართალია, რომ ორი განსხვავებული ჩინური კლუბისგან მივიღე შემოთავაზება. მაგრამ მე ინგლისში დარჩენა ვამჯობინე, რათა ჩემი თავისთვის კიდევ ერთი შანსი მიმეცა.

ჩინეთში წასვლა ყველაზე ადვილი გადაწყვეტილება იქნებოდა, რამეთუ წინადადებები მართლაც რომ დიდებული იყო. თუმცა აქ დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა გადავწყვიტე.”

შეგახსენებთ, რომ ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგის ეგიდით შაბათს “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდება, თუმცა ამ მატჩში ფალკაო “არისტოკრატების” დახმარებას ვერ შეძლებს – კოლუბმიელი ფორვარდი ტრავმირებულია.

ზიდანი: “ტრანსფერები? ისიც არ ვიცი, ვიქნები თუ არა ზაფხულში აქ “

მადრიდის “რეალის” თავკაცის, ზინედინ ზიდანის თქმით, ის ჯერ ტრანსფერებზე არ ფიქრობს, რადგანაც ისიც კი არ იცის, დარჩება თუ არა მომავალ სეზონში “რეალის” თავკაცის პოსტზე.

ტრანსფერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მან ასე უპასუხა: ” ისიც კი არ ვიცი, ვიქნები თუ არა ზაფხულში ამ გუნდის თავკაცი და როგორ უნდა გითხრათ, თუ რა გავლენა მექნება ტრანსფერებზე?

სპეკულაციები ამა თუ იმ ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ მრავლად არის, რაც ნორმალურია. თუმცა მე სრულიად კონცენტრირებული ვარ მომავალ მატჩებზე.

მართალია კარგ ფორმაში ვართ, თუმცა წინსვლაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენთვის თითოეული მატჩი ურთულესი იქნება. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

აგენტი: “შემიძლია თავისუფლად დავადასტურო, რომ ტურე კლუბს დატოვებს”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, იაია ტურე კლუბს ზაფხულში დატოვებს. ამ ინფორმაციას დიმიტრი სელუკი, “ქალაქელთა” ამჟამინდელი ფეხბურთელის აგენტი ავრცელებს.

“დიდი ალბათობით, ის “მანჩესტერ სიტის” დატოვებს. შემიძლია ეს თავისუფლად დავადასტურო.

იაია ტურეს ტრანსფერის თაობაზე არაერთი წინადადება მივიღეთ, ისინი განხილვის პროცესშია. მაგრამ ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია.

იქონიებს თუ არა ფინანსური საკითხი გავლენას? არანაირად. ჩვენ ფულს ყველაფერზე წინ არ ვაყენებთ, ჩვენთვის მთავარია ის პროექტი, რომელსაც კლუბი ახორციელებს.

“ინტერი” მართლაც რომ დიდებულ კლუბზე ვსაუბრობთ. ყველამ იცის, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ტურესა და მანჩინის, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია.” – განაცხადა მან.

იბრაჰიმოვიჩი: “რა მოხდება სეზონის ბოლოს? საკმაოდ დიდი რამ”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი დარწმუნებული არ არის, გააგრძელებს თუ არა კარიერას პარიზულ გრანდში, რომელთანაც კონტრაქტი უახლოეს მომავალში ეწურება. მისი მსურველი კი ბევრია – ინგლისიდან, აშშ-დან და კატარიდან.

შეგახსენებთ, რომ იანვარში შვედი შემტევის აგენტმა აღნიშნა, რომ ის ინგლისურ ჩემპიონატს მშვენივრად მოერგებოდა, რამაც პრესის ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა.

“წინ კიდევ სამი თვე მაქვს დარჩენილი, რა მოხდება შემდეგ? საკმაოდ დიდი რამ. ასე რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ” 

როდესაც ჟურნალისტებმა პრემიერ ლიგაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა: “ამ დროისთვის მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლები, რომ მშვენიერ ფორმაში ვიმყოფები.”

“ლევერკუზენის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიჩარიტოს მომავალზე ისაუბრა

“ბაიერ ლევერკუზენის” აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ შადემ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ გერმანული კლუბი ხავიერ ერნანდესის გაყიდვას არ აპირებს.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ის ჩვენთან ფულის გამო არ მოსულა. მას არასდროს უთქვამს, რომ კლუბიდან წასვლა სურს. ის აქ თავს კომფორტულად გრძნობს.

ჩვენ მას პატივს ვცემთ. ჩიჩარიტო ჩვენს სათამაშო სტილს ბრწყინვალედ მოერგო, ის დიდ დახმარებას გვიწევს. ჩემპიონთა ლიგის საგზურს თუ მოვიპოვებთ, ეს კიდევ უფრო გაზრდის მისი დარჩენის შანსებს. მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს.”

“ლივერპული” მატიპის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს

Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “შალკეს”  24 წლის მცველი, ჟოელ მატიპი “ლივერპულის” ხელმძღვანელობას სიტყვიერად შეუთანხმდა.

წყაროს ცნობით, კამერუნელი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგაში მოთამაშე კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, “წითლებთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მატიპმა, რომელსაც ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში, წლევანდელ სეზონში 4 გოლის გატანა მოახერხა. გერმანიაში აღიარებული მცველი “ლივერპულს” ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით  შეუერთდება.