სნეიდერი: “რეალს” “აიაქსთან” გაუჭირდება”

ამსტერდამის “აიაქსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა უესლი სნიედერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე აღნიშნულ კლუბებს შორის გასამართი დაპირისპირების შესახებ საიუბრა.

“რეალის” დასამარცხებლად საუკეთესო პერიოდია. აშკარაა, რომ მადრიდული კლუბი წინა წლების მსგავსად ძლიერი ვეღარ არის. “აიაქსი” ახალგაზრდული გუნდია, თუმცა მისი არდაფასება არ შეიძლება. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და კარგად თამაშობენ, განსაკუთრებით ამსტერდამში. მადრიდელებს იოლი შეხვედრა არ ელით.

კი ბატონო, “რეალი” ფავოტირია, მაგრამ თუ “აიაქსი” შინ გასამართ პირველ შეხვედრას სასურველი შედეგით დაასრულებს, მადრიდელებს გაუჭირდებათ. ეს ორმატჩიანი დაპირისპირება “აიაქსის” ახალი მთავარი მწვრთნელისთვის კარგი გამოცდა იქნება”, – თქვა სნეიდერმა “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი მატჩი 13 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრა კი 5 მარტს გაიმართება.

ჟერარ პიკე ესპანური კლუბის მფლობელი გახდა

“ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე საფეხბურთო კლუბ “ანდორას” მფლობელი გახდა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

პიკეს კომპანია Kosmos-მა “ანდორას” 200 ათასი ევროს ღირებულების ვალდებულება დაფარა. დღეს გამართულ ასამბლეაზე კლუბის წევრებმა ჟერარ პიკე ხმათა 99,9 პროცენტით “ანდორას” ხელმძღვანელად დაამტკიცეს.

თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

ესპანეთი — თურქეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

ესპანეთი — თურქეთი
შეხვედრის ადგილი: ნიცა; “ალიანც რივიერა”
შეხვედრის დრო: პარასკევი, 17 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)


დღეს ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე ტურის მატჩი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა ეს კვირა ამაღლებული განწყობით განვლეს, ხუანფრანი თანაგუნდელებს აფრთხილებს: “პირველი გამარჯვებისგან გამოწვეული სიხარული ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს”. ესპანელები ევრო-2004-ის მწარე გაკვეთილს არ ივიწყებენ, როცა “ფურია როხამ” ჯგუფის სასტარტო მატჩი მოიგო, თუმცა შემდედ ფრე ითამაშა, მესამე შეხვედრაში კი სულაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა. ესპანელებს თურქებთან 1954 წლის მარტის შემდეგ არ წაუგიათ და დღესაც გამოკვეთილ ფავორიტებად მიიჩნევიან.

თურქები კარგად აცნობიერებენ იმას, რომ ესპანელებს ბურთით თამაში უყვართ. აქედან გამომდინარე ფათიჰ თერიმის გუნდს მოედანზე ბევრი სირბილი მოუწევს. თურქეთის ნაკრები კონტრშეტევებზე საკუთარ შანსს უნდა დაელოდოს და მაქსიმალურად შეეცადოს მომენტების გამოყენებას. ხორვატიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ თურქებს მოტივაცია არ აკლიათ, თუმც იმასაც კარგად ხვდებიან, რომ ტურნირის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან უწევთ დაპირისპირება.


ესპანეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

27.03.16 ამხ. რუმინეთი ესპანეთი 0:0
29.05.16 ამხ. ესპანეთი ბოსნია/ჰერცეგ. 3:1
01.06.16 ამხ. ესპანეთი კორეა 6:1
07.06.16 ამხ. ესპანეთი საქართველო 0:1
13.06.16 ამხ. ესპანეთი ჩეხეთი 1:0

თურქეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

29.03.16 ამხ. ავსტრია თურქეთი 1:2
22.05.16 ამხ. ინგლისი თურქეთი 2:1
29.05.16 ამხ. თურქეთი მონტენეგრო 1:0
05.06.16 ამხ. სლოვენია თურქეთი 0:1
12.06.16 ეჩ. თურქეთი ხორვატია 0:1

ურთიერთშეხვედრები:
01.04.09 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: თურქეთი 1:2 ესპანეთი
29.03.09 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ესპანეთი 1:0 თურქეთი
31.05.67 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ესპანეთი 2:0 თურქეთი
01.02.67 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: თურქეთი 0:0 ესპანეთი
17.03.54 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: თურქეთი 2:2 ესპანეთი
14.03.54 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: თურქეთი 1:0 ესპანეთი
06.01.54 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ესპანეთი 4:1 თურქეთი


del Bosque - Terim

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მნიშვნელოვანია, რომ პირველ შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა ამ მოგებით არ უნდა გავერთოთ. მომდევნო შეხვედრას სრული სერიოზულობით უნდა შევხვდეთ. თურქეთის ნაკრებს ჩვენთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია. ეს ძლიერი გუნდია, რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს, დაკომპლექტებულია ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებით. იმ გამოწვევებისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელსაც მოედანზე წავაწყდებით.

არა მგონია, რომ თურქები დაცვაში ჩაჯდნენ და ინიციატივის გამოჩენაზე უარი თქვან. მათაც ძალიან უყვართ ბურთის ფლობა. მათ სტილს კარგად ვიცნობ. ისინი ასე უბრალოდ არასდროს ნებდებიან, საკადრის პასუხს გაგვცემენ ყველაფერზე, რასაც შევთავაზებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩვენთვის პრობლემების შექმნას შეეცდებიან”.

ფათიჰ თერიმი (თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მე ის მწვრთნელი არ ვარ, რომელიც გუნდს დაცვაში ჩაჯდომასა და ბურთის მოგერიებას სთხოვს. აქტიური თამაშის გარეშე ესპანეთის ნაკრებთან ვერაფერს გააწყობ. თუ აქცენტს მხოლოდ თავდაცვით თამაშზე გავაკეთებთ, მეტოქე მაინც გაარღვევს დაცვის ხაზს. ამიტომ, ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.

პირველ მატჩში საკლუბო გუნდს უფრო ვგავდით, ვიდრე ნაკრებს. ეს არავის არ მოგვეწონა. გაშვებული გოლის შემდეგ სათანადოდ ვერ ვითამაშეთ”.


საინტერესო ფაქტები:

— ესპანეთის ნაკრებს 52 წელია თურქეთის ეროვნულ გუნდთან არ წაუგია;
— ესპანეთის ნაკრებმა თურქეთის ეროვნული გუნდი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ ორივე მატჩში დაამარცხა;
— თურქებს ესპანელები მხოლოდ ერთხელ ჰყავთ დამარცხებული (1:0) – შორეულ 1954 წელს.


სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: დე ხეა; ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა; ბუსკეტსი, დავიდ სილვა, ფაბრეგასი, ინიესტა, ნოლიტო; მორატა.

cats

თურქეთი: ბაბაჯანი; გიონული, კაია, ბალთა, ერქინი; თოფალი, ინანი, იოზუაქუფი; შენი, ჩალჰანოღლუ, არდა თურანი.

cats


Fanebi.com-ის პროგნოზი

ესპანეთი 2:0 თურქეთი

ევრო-2016: თურქთა განაცხადი

თურქეთის ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა განაცხადი გამოაქვეყნა.

მეკარეები: ვოლკან ბაბაჯანი (“ბაშაკშეშირი”), ონურ კივრაკი (“ტრაბზონსფორი”), ჰარუნ თეკინი (“ბურსასპორი”);

მცველები: გიოკჰან გენიული, სენერ ოზბაირაკლი, ჯანერ ერქინი, მეჰმეთ ტოპალი (ყველა – “ფენერბაჰჩე”), ჰაკან ბალთა, სემიჰ კაია (ორივე – “გალათასარაი”), აჰმეთ ჩალიქი (“გენჩლერბირლიგი”), ისმაილ კეიბაში (“ბეშიქთაში”);

ნახევარმცველები: ჰაკან ჩალჰანოღლუ (“ლევერკუზენი”), არდა თურანი (“ბარსელონა”), ნური შაჰინი (“დორტმუნდი”), ოზან თუფანი, ვოლკან შენი (ორივე – “ფენერბაჰჩე”), ოგუზჰან ოზიაკუპი, ოლკაი შაჰანი (ორივე – “ბეშიქთაში”), ემრე მორი (“ნორშელანი”);

თავდამსხმელები: ბურაქ ილმაზი (“ბეიცზინ გოანი”), იუნუს მალი (“მაინცი”), ჯენკ თოსუნი (“ბეშიქთაში”).

შეგახსენებთ, რომ თურქები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანელების, ხორვატებისა და ჩეხების წინააღმდეგ ითამაშებენ.

უეფამ შოთა არველაძე თურქეთის საუკეთესო ლეგიონერთა ათეულში შეიყვანა

თურქეთის სუპერლიგაში რობინ ვან პერსის, ლუკას პოდოლსკისა და სამუელ ეტოოს გადასვლის შემდეგ უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტებმა გადაწყვიტეს, ადგილობრივი ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერების ათეული შეედგინათ. ამ სიაში “ტრაბზონსფორის” ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეც მოხვდა, რომლის შესახებაც წერია:

“შავიზღვისპირულ კლუბში გადმოსვლამდე მასზე ცოტა რამ თუ იყო ცნობილი, თუმცა მალევე გამოავლინა ნიჭი და გოლების გატანაც დაიწყო. 1995 წელს მოიგო თურქეთის თასი, 1995/96 წლების სეზონში კი 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ისტორიაში მეორე უცხოელი ბომბარდირი გახდა”.

შოთა არველაძის გარდა თურქეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერთა სიაში მოხვდნენ: გეორგე ჰაჯი (“გალათასარაი”/რუმინეთი, 1996–2001); ალექსი (“ფენერბაჰჩე”/ბრაზილია, 2004–12); გეორგე პოპესკუ (“გალათასარაი”/რუმინეთი, 1997–2001); დიეგო ლუგანო (“ფენერბაჰჩე”/ურუგვაი, 2006–11); დიდიე დროგბა (“გალათასარაი”/კოტ დივუარი, 2012–14); ტომაშ სივოკი (“ბეშიქთაში”/ჩეხეთი, 2008–15); პიერ ვან ჰოიდონკი (“ფენერბაჰჩე”/ჰოლანდია, 2003–05); მარიო ჟარდელი (“გალათასარაი”/ბრაზილია, 2000-01); კლაუდიო ტაფარელი (“გალათასარაი”/ბრაზილია, 1998–2001).

 

არველაძემ მოგებით დაიწყო (ვიდეო)

“ტრაბზონსფორის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულმა გუნდმა ლუქსემბურგის “დიფერდანჟი” მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შოთას გუნდმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყო, თუმცა დაგეგმილი სწრაფი გოლის გატანა ვერ შეძლო. სტუმრები დიდი ძალებით იცავდნენ თავს. მიუხედავად ამისა, “ტრაბზონსფორმა” ანგარიშის გახსნა შეხვედრის პირველივე ნახევარში შეძლო. 44-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა მეჰმეთ ექიჯიმ.

მატჩის მეორე ტაიმიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლი აღარ გასულა.

წყვილის საპასუხო შეხვედრა ლუქსემბურგში 23 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე “ტრაბზონსფორის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 ივლისიდან მუშაობს. მისი თანაშემწე გიორგი დევდარიანი გახლავთ.

 

ევროპის ლიგა
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
პირველი მატჩი:
“ტრაბზონსფორი” — “დიფერდანჟი” 1:0 (1:0)

გოლი: ექიჯი 44′.
გაფრთხილებები: მუსა ნიზამი 28′, სეფა ილმაზი 65′ — ბუკვიჩი 35′.

პოდოლსკი “გალათასარაიში” გადავიდა

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი “გალათასარაიში” გადავიდა. 30 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, შემდგომში ერთი წლით გახანგრძლივების პირობით.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის საერთო ღირებულებამ 3,9 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა. “გალათასარაი” ჯერ კიდევ 2012 წელს ცდილობდა პოდოლსკის შეძენას, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა “არსენალში” გადასვლა არჩია.

“პირველ რიგში, ყველას მადლობას ვუხდი. მშობლები მხარს მიჭერდნენ, რომ “გალათასარაიში” გადავსულიყავი. ამ ტრანსფერით ძალზედ ბედნიერი ვარ. მოვედი გამარჯვებული სულის მქონე გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც იბრძოლებს. დღეს “გალათასარაის” ფანებისგან დიდი სითბო ვიგრძენი”, – ციტირებს პოდოლსკის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი ლუკას პოდოლსკიმ იჯარის წესით მილანის “ინტერში” გაატარა.

 

“გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატი მეოცედ მოიგო!

თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში “ფენერბაჰჩემ” სტუმრად ” ისთანბულ ბაშაკშეჰირთან” ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა. ამით ლიდერ “გალათასარაისა” და მეორეადგილოსან “ფენერბაჰჩეს” შორის სხვაობამ 5 ქულა შეადგინა და გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “ლომებმა” საჩემპიონო ტიტული გაინაღდეს.

ეს “გალათასარაისთვის” რიგით მეოცე ჩემპიონობაა, რითაც გახდა პირველი გუნდი, რომელმაც “ფენერბაჰჩეს” ეროვნული ჩემპიონატის ტიტულების რაოდენობით გაუსწრო. როგორც მოგეხსენებათ, “ფენერს” 19-ჯერ აქვს თურქეთის ჩემპიონატი მოგებული.

ამრიგად, “გალათასარაი” თურქეთის ჩემპიონატის ოქროს მედლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.

 

“ფენერბაჰჩეს” ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს (ფოტოები)

შაბათს, რიზეს პროვინციაში სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ავტობუსზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი მძიმედ დაშავდა.

თურქული გამოცემა Sabah-ი იუწყება, რომ ინციდენტი თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში “რიზესპორსა” და “ფენერბაჰჩეს” შორის გამართული მატჩის შემდეგ მოხდა. აღნიშნული შეხვედრა სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ავტობუსი მაშინ დაცხრილეს, როდესაც “ფენერბაჰჩეს” ფეხბურთელები ტრაპიზონის აეროპორტისკენ მიემართებოდნენ.

ავტობუსის მძღოლი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი მონაცემებით, ფეხბურთელები დაზიანებებისგან გადარჩნენ. სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

ჰოლანდიის ნაკრები თურქეთთან საშინაო მარცხს გადაურჩა (ვიდეო)

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა თურქეთის ნაკრებს უმასპინძლა და საშინაო მარცხს ძლივს გადაურჩა. “ამსტერდამ არენაზე” გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში 37-ე წუთზე ბურაქ ილმაზმა გახსნა. სტუმრები 92-ე წუთზე კლას-იან ჰუნტელაარის მიერ გატანილი გოლის წყალობით მარცხს გადაურჩნენ, თუმცა ძნელად თუ ვიტყვით, რომ ეს გოლი ჰუნტელაარმა გაიტანა, რადგან უესლი სნეიდერის დარტყმის შემდეგ ბურთი ჰოლანდიელ თავდამსხმელს მხოლოდ მოხვდა, ამ რიკოშეტის შედეგად მიმართულება იცვალა და კარში შევარდა. გოლი ჰუნტელაარს ჩაუთვალეს.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
A ჯგუფი, V ტური
ჰოლანდია — თურქეთი 1:1 (0:1)

ჰოლანდია: სილესენი, ბლინდი, დე ვრეი, მარტინს-ინდი (ვილემსი 76′), ვან დერ ვილი, დე იონგი, სნეიდერი, დეპაი, ვიინალდუმი (ნარსიგი 46′), აფელაი (დოსტი 62′), ჰუნტელაარი.
მთავარი მწვრთნელი: გუს ჰიდინკი.

თურქეთი: ბაბაჯანი, აზიზი (გიულიუმი 66′), ბალთა, გიონიული, ერკინი, ტორე, ტოპალი, ინანი, ტუფანი, შენი (ჩალხანოღლუ 59′), ილმაზი (კაზიმ-რიჩარდსი 79′).
მთავარი მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი.

გოლები: ჰუნტელაარი 90+2′ — ილმაზი 37′.
გაფრთხილებები: ვან დერ ვილი 65′ — ტორე 41′.

მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

შოთა არველაძემ “ქასიმფაშა” დატოვა

შოთა არველაძემ “ქასიმფაშას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

თურქეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში “ქასიმფაშა” სტუმრად “ქონიასპორთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. არველაძემ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბის თავკაცის პოსტი დატოვა.

“ჩემ ადგილას სხვაც ასე მოიქცეოდა. მატჩის შემდეგ ბიჭებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ გუნდის დატოვებას ვაპირებდი. კლუბში მომუშავე ყველა პირს მადლობას ვუხდი. ყველანი ჩემი მეგობრები ხართ და წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა არველაძემ პრესკონფერენციაზე.

“ქასიმფაშამ” თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა. გუნდს 29 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიცია უკავია.

შოთა არველაძე “ქასიმფაშას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2012 წლიდან მუშაობდა.