უეფას ახალი პროექტი – ამხანაგურ მატჩებს სანაკრებო ტურნირი ჩაანაცვლებს?

უეფაში ერთა ლიგის პროექტს განიხილავენ. ეს არის ახალი ტურნირი, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ამხანაგური მატჩები.

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ფიქრობენ, რომ ამ პროექტით გულშემატკივრებს იმ მატჩებისადმი ინტერესს გაუზრდიან, რომლებსაც სატურნირო მნიშვნელობა არ აქვთ. ჩემპიონატს ერთა (ერების) ლიგა დაერქმევა.

„ევროსპორტის“ თანახმად, ნაკრებები, ფიფას რეიტინგის მიხედვით, ხუთ ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფის გამარჯვებული ფულად პრემიას მიიღებს. მომდევნო ეტაპზე ძლიერი გუნდები ერთად განითესებიან, ჯგუფებში დაბალ პოზიციებზე გასული ნაკრებები კი ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას. ტურნირის ჩატარებას ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აპირებენ, თუმცა პროექტი 2016 წლამდე ვერ განხორციელდება.

ტურნირი დღეს რომ იწყებოდეს, გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდებოდნენ:

ჯგუფი A: ესპანეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, ჰოლანდია, ხორვატია, პორტუგალია, საბერძნეთი.

ჯგუფი B: შვეიცარია, რუსეთი, ინგლისი, ბოსნია/ჰერცოგოვინა, შვედეთი, დანია, საფრანგეთი, უკრაინა.

ჯგუფი C: მონტენეგრო, სლოვენია, უნგრეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, სერბეთი, ალბანეთი, ავსტრია, თურქეთი, უელსი, ისლანდია, სომხეთი, ფინეთი, ირლანდია, სლოვაკეთი.

ჯგუფი D: შოტლანდია, ბულგარეთი, პოლონეთი, ისრაელი, მაკედონია, ბელორუსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ესტონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, ყაზახეთი, კვიპროსი.

ჯგუფი E: მალტა, ლიხტენშტეინი, ფარერის კუნძულები, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი.

ბექა დოგრაშვილი

ზვიად სიჭინავა: „ასეთი დონის ტუნრირის ჩასატარებლად ჯერ მზად არ ვართ“

გასული კვირის განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი – რევაზ არველაძე დუბროვნიკში, უეფას წევრი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და თბილისში დღეს, გამთენიას დაბრუნდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა არაერთ საინტერესო საკითხზე იმსჯელეს. ერთ-ერთი მთავარი კი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის რეგიონალური პრინციპით ჩატარება და მასპინძელი ქვეყნების ქალაქების განაცხადებისა და წინადადებების მიღება იყო. აქვე გეტყვით, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოს განაცხადი არ შეუტანია და განმარტებისთვის,

ხორვატიიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა.

ზვიად სიჭინავა: „ჩვენ ბევრი რამე გავითვალისწინეთ და შესაბამისად, განაცხადის შეტანაზე თავი შევიკავეთ. უპირველესად, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ რეგიონალურ პრინციპს. ის მდგომარეობა კი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ნამდვილად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. აქ საუბარი მხოლოდ ერთ თამაშზე კი არა, ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე იყო. ჯგუფი კი, ეს უკვე 4 გუნდია და 6 თამაში, რასაც მინიმუმ ორი სტადიონი, 4 სავარჯიშო მოედანი და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ ადამიანური რესურსი სჭირდება. ჩვენ მხარი დავუჭირეთ რეგიონალურ პრინციპს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები მიიღებენ ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას, რადგან ბაქოში მართლა ყველაფერი მზადაა და ეს ქალაქი უმაღლეს დონეზეა განვითარებული – სტადიონები, სასტუმროები, აეროპორტი და სხვა…

თუმცა, ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან სხვა თემებზე იყო სერიოზული საუბარი და ალბათ, იანვარში, როცა ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, არ არის გამორიცხული, ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო და სასიხარულო სიურპრიზით დავბრუნდეთ. საუბარია, საკმაოდ მაღალი დონის ერთ-ერთ ტურნირზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უეფა ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს.

ევრო 2020-ს რომ დავუბრუნდეთ, ამ თემაზე, ცხადია, ყველაზე დიდხანს ვმსჯელობდით. ჩემი ვარაუდი შემიძლია გითხრათ, რომ ჩემპიონატს აუცილებლად წაიღებენ გერმანიის, თურქეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ინგლისის, ჰოლანდიის, სკანდინავიის ქვეყნებიდან ერთ-ერთისა და აზერბაიჯანის ქალაქები. ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც თავად თქვეს უარი. ჩვენს მსგავსად, ისინიც არ არიან მზად, ასეთი დონისა და მასშტაბის ტურნირის ჩასატარებლად.“

სფფ-ის პრესსამსახური

ევრო-2020-ის მატჩების მასპინძლობის კანდიდატები

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის მატჩების მასპინძლობაზე უეფას 32-მა ეროვნულმა ასოციაციამ გამოთქვა სურვილი. განაცხადების წარდგენის ვადა ხუთშაბათს ამოიწურა.

ევრო-2020-ის მატჩების მასპინძელ ქალაქთა წინასწარი სია ასე გამოიყურება:

ინგლისი (ლონდონი), აზერბაიჯანი (ბაქო), სომხეთი (ერევანი), ბელორუსი (მინსკი), ბელგია (ბრიუსელი), ბულგარეთში (სოფია), მაკედონია (სკოპიე), უნგრეთი (ბუდაპეშტი), გერმანია (მიუნხენი), საბერძნეთი (ათენი), დანია (კოპენჰაგენი), ისრაელი (იერუსალიმი), ირლანდია (დუბლინი), ესპანეთი (მადრიდი, ბარსელონა, ბილბაო, ვალენსია), იტალია (რომი, მილანი), ყაზახეთი (ასტანა), ჰოლანდია (ამსტერდამი), პოლონეთი (ვარშავა, ხოჟუვი), პორტუგალია (ლისაბონი, პორტუ), რუსეთი (სანკტ-პეტერბურგი), რუმინეთი (ბუქარესტი), სერბეთი (ბელგრადი), თურქეთი (სტამბული), უკრაინა (კიევი, დონეცკი), უელსი (კარდიფი), ფინეთი (ჰელსინკი), საფრანგეთი (ლიონი ), ხორვატია (ზაგრები), ჩეხეთი (პრაღა), შვეიცარია (ბაზელი), შვედეთი (სოლნა) და შოტლანდია (გლაზგო).

მოგეხსენებათ, 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის 60 წლის იუბილეა, რის აღნიშვნასაც უეფა გრანდიოზულად აპირებს. ამასთან დაკავშირებით, 2013 წლის იანვარში უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ევრო-2020-ის ფინალური სტადიის მატჩები ევროპის 13 ქალაქში გაიმართება.

თითოეულ კანდიდატს უფლება აქვს, თავდაპირველი ქალაქი შეცვალოს, თუმცა უეფას საბოლოო განაცხადი არაუგვიანეს 2014 წლის 25 აპრილს უნდა წარედგინოს.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტი ტურნირის მასპინძელ ქალაქთა საბოლოო სიას 2014 წლის 25 სექტემბერს დაამტკიცებს.

მოგეხსენებათ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობის სურვილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც გამოთქვამდა, თუმცა, როგორც ჩანს, კონტინენტის პირველობის შეხვედრები საქართველოს სტადიონებზე არ შედგება.

ბექა დოგრაშვილი

პლატინი: „არ ვიცი, ღირდა თუ არა ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონის გადახდა“

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ მადრიდის „რეალში“ გარეტ ბეილის ტრანსფერის ღირებულების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ 24 წლის უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა გაიღო. 2 სექტემბერს ბეილმა „რეალთან“ 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„არ ვიცი, ღირდა თუ არა ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდა. ეს სუბიექტური საკითხია. არ მინდა, რომ ამ საქმეში ჩავერიო, რადგან აღნიშნული საკითხი კლუბებმა მოაგვარეს. ეს ცხოვრებაა“, – ციტირებს პლატინის სიტყვებს ბრიტანული პრესა.

ბექა დოგრაშვილი

უეფას ახალი წევრი ჰყავს

უეფას დღევანდელ კონგრესზე გიბრალტარმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სრული წევრის სტატუსი მიიღო. შესაბამისად, გიბრალტარის ნაკრებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის უფლება ექნება.
გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული, თუმცა ორი ქვეყანა წინააღმდეგი აღმოჩნდა. აქედან ერთ-ერთი ესპანეთი გახლავთ და ეს ისტორიიდან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი.

გიბრალტარი იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, გიბრალტარის სრუტესთან მდებარეობს. მას ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის სტრატეგიული ადგილი უკავია. აღნიშნული ტერიტორია უტრეხტის ხელშეკრულებით 1713 წელს გამოეყო ესპანეთს და გადავიდა დიდი ბრიტანეთის მმართველობაში. 1830 წელს კი გიბრალტარი სულაც ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა. მართალია, ესპანელებმა რამდენჯერმე სცადეს დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება, თუმცა გადაცემის ყოველ მცდელობას თავად გიბრალტარელები თითქმის ერთიანი წინააღმდეგობით შეხვდნენ. თავის მხრივ, ესპანეთი დღემდე გამოთქვამს პრეტენზიას ამ ტერიტორიაზე. 1973 წელს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი გახდა. აქედან გამომდინარე, წევრობა გიბრალტარმაც მიიღო. შესაბამისად, გიბრალტარის მოქალაქე ბრიტანეთისა და ევროკავშირის მოქალაქედ ითვლება. 2011 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 30 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.

2007 წელს გიბრალტარმა პირველად სცადა უეფას წევრის სტატუსის მოპოვება, თუმცა მაშინ ამაზე თანხმობა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხოლოდ სამმა წევრმა განაცხადა – ინგლისმა, უელსმა და შოტლანდიამ. ბუნებრივია, მანამდე გიბრალტარს უეფაში გაწევრიანების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია გაეროს მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ იყო აღიარებული.

ქვეყანაში დარეგისტრირებულია 600 ფეხბურთელი. გიბრალტარის პრიმერადივიზიონში თამაშობს ექვსი კლუბი.

გიბრალტარის წევრობაზე კომენტარი გააკეთა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ.

„გიბრალტარი შესარჩევი ეტაპის მატჩებს ესპანეთის ნაკრებთან არ ჩაატარებს. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობის მაგალითზე“, – ციტირებს პლატინის სიტყვებს „ბი ბი სი“.

მსგავსი შემთხვევა ჩვენც შეგვეხო, როცა 2011 წელს უეფამ რუსეთი და საქართველო ერთმანეთს სამი წლით დააშორა. მსგავს გადაწყვეტილებას მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო უკიდურეს შემთხვევებში იღებს, ანუ მაშინ, როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაშია.

ბექა დოგრაშვილი

„მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“

მსოფლიო ფეხბურთის განვითარებაში ქართველებსაც გვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი და ეს არ გახლავთ ლიტონი სიტყვები. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბატონ სულხან იაშვილს შევხვდით, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი წესის თანაავტორი გახლავთ. მოგეხსენებათ, მეკარეს ბურთის ხელში აღება არ შეუძლია, როცა მას გადაცემას მისივე გუნდის მოთამაშე ფეხით აწვდის. თავის დროზე აღნიშნული წესი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს სწორედ ბატონმა სულხანმა შესთავაზა.

„ეს წესი 20 წელზე დიდი ხანია, რაც დაინერგა. ამის საშუალებით სათამაშო ტემპი ნარჩუნდება. ფიფას ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტებისგან – ჟოაო აველანჟისა და ზეპ ბლატერისგან მადლობის წერილებიც მაქვს მიღებული. 2006 წელს ბლატერმა წიგნი გამომიგზავნა ფიფას 100 წლიანი ისტორიის შესახებ. თბილისის „დინამოს“ ძველი გულშემატკივარი ვარ. თავის დროზე ფეხბურთს მეც ვთამაშობდი. თავისუფალ დროს საფეხბურთო სტატისტიკის მოძიებით ვარ დაკავებული“, – აღნიშნავს ბატონი სულხანი.

სულხან იაშვილი

სულხან იაშვილმა გაგვანდო, რომ კიდევ აქვს შემუშავებული სხვადასხვა საფეხბურთო წესები.

„ერთ-ერთი წესის მიხედვით, თავით პასის დროს თამაშგარე მდგომარეობა არ უნდა დაფიქსირდეს. აღნიშნული იდეა ფიფას შევთავაზე, თუმცა იქიდან წერილი მოვიდა, რომ ეს ჯერ ეროვნულმა ფედერაციამ უნდა გამოსცადოს. სამწუხაროდ, ამას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაინტერესება არ მოჰყოლია. მეორე წესიც მაქვს: კუთხურის ჩაწოდების, საჯარიმო და თავისუფალი დარტმების დროს მეკარის ბაქანზე მოედნის ფეხბურთელები არ უნდა შევიდნენ. ასეთ დროს მოთამაშეთა შორის ერთი გაწამაწია იმართება ხოლმე, თან მეკარესაც ხელს უშლიან. ეს წესი ამ პრობლემას შეძლებისდაგვარად მოაგვარებს“, – გვითხრა ბატონმა სულხანმა.

შესაძლოა, აღნიშნული წესების დანერგვა გამოსაცდელი ვადით მაინც ღირდეს.

სულხან იაშვილის თქმით, ის საფეხბურთო წიგნის – „მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“ გამოცემას აპირებს, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა საინტერესო საკითხები: ფეხბურთის ისტორია, ფეხბურთის როლი ეროვნულ მოძრაობაში, ფეარ-პლეის პრინციპი და სხვა. წიგნის გამოცემას გარკვეული თანხა სჭირდება. სამწუხაროდ, ამის დამფინანსებელი ჯერჯერობით არ გამოჩენილა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული წიგნი გამოიცემა, თუნდაც იმიტომ, რომ „მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“ და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს ფაქტია.