გაფართოებული ფორმატის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის შეხვდა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის გაწეული სამუშაოები შეაფასეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისში უეფას სუპერთასის მატჩის გამართვის მნიშვნელობას.

გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და უეფას შორის მომავალი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უეფას პრეზიდენტს უმასპინძლა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის უმასპინძლა. მხარეებმა უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებულ საკითხებზე და საქართველოსა და უეფას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

“ჩვენთვის დიდი პატივია უეფას სუპერთასის მასპინძლობა თბილისში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება ქვეყნისთვის და დიდი ზეიმი ფეხბურთის მოყვარულებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უეფას პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.

ინტერვიუ გიო ქინქლაძესთან

სამშაბათს, “დინამო არენაზე” “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის შეხვედრა გაიმართება. მატჩის ელჩი გიორგი ქინქლაძე გახლავთ, რომელთანაც უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

— რას ნიშნავს ქართული ფეხბურთისთვის უეფას სუპერთასის მასპინძლობა?
— ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი პატივია. მადლობას ვუხდი უეფას, ჩვენს მთავრობასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასეთი მატჩის ჩვენს ქალაქში ჩატარებისთვის. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს.

— რამდენად არის თბილისი საფეხბურთო კერა?
— თბილისი საფეხბურთო ქალაქია, განსაკუთრებული ქომაგებით. მათ მხოლოდ 10-15 წუთი სჭირდებათ და უმალ გეტყვიან, ვის აქვს დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი. მათ ისეთი მატჩებისთვის და ფეხბურთელებისთვის აქვთ ნაცქერი, რომ ფეხბურთი საკმაოდ ღრმად შეისწავლეს. დღესდღეობით ამ გულშემატკივრებს ნაკლებად აქვთ ინგლისში, ჰოლანდიასა თუ გერმანიაში თავიანთი ემოციების ყოველკვირეულად გამოხატვის საშუალება, ეს მხოლოდ ეროვნული ნაკრების მატჩებზე ხდება, თუმცა ადრე სხვაგვარად იყო. ჩვენ საკმაოდ ემოციური ფანები გვყავს, ფეხბურთი კი ყოველთვის იქნება ჩვენს ქვეყანაში სპორტის ნომერ პირველი სახეობა.

— თქვენი ბავშვობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
— თბილისის “დინამოს” თითქმის ყველა მოთამაშეს, რომლებიც ჩვენთვის გმირები იყვნენ. განსაკუთრებით კი დავით ყიფიანს ვბაძავდი. ფეხბურთელობის პერიოდში ეროვნულ ნაკრებში მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. ყიფიანი არამხოლოდ დიდი ფეხბურთელი და მწვრთნელი, არამედ ზუსტად 10 ნომერი იყო, რაც მასში ყველაზე მეტად მომწონდა. მისი ტექნიკა და სათამო სტილი არამხოლოდ მე, არამედ მთელ ქვეყანას აღაფრთოვანებდა. იშვიათია ასეთი ფეხბურთელი.

— კარიერის განმავლობაში ცნობილი იყავით ჰიპნოზის მომგვრელი დრიბლინგების შესრულებით. რას ფიქრობთ ლიონელ მესიზე, რისი გაკეთება შეუძლია მას ბურთით?
— სერ ალექს ფერგიუსონი ერთ-ერთ ინტერვიუში მას ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მოიხსენიებს. დიეგო მარადონა ძალიან მიყვარს, მაგრამ მესი ნამდვილი მოვლენაა. იგი საკლუბო დონეზე წარმოუდგენლად ასპარეზობს. ასე შეიძლება ერთი ან ორი სეზონის განმავლობაში ითამაშო, მაგრამ არა – მთელი ამ წლების მანძილზე. მან ეს თამასა თავიდანვე ძალიან მაღლა ასწია.

— რას ფიქრობთ “ბარსელონასა” და “სევილიაზე”?
— ასეთი დიდი კლუბებისთვის მთავარი ტიტულების მოპოვებაა. ძალიან მომწონს “ბარსელონას” სათამაშო სტილი, დიდ სიამოვნებას ვიღებ მათი თამაშის ცქერით. “სევილიაც” კარგი გუნდია. მათ ევროპის ლიგა მეოთხედ მოიგეს. საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ.

— რას ნიშნავს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” თამაში?
— ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად მიყვარდა თამაში. მენატრება ის დრო, როდესაც მატვეი ბლანტერის “ფეხბურთის მარშის” თანხლებით გუნდები მოედანზე გამოდიოდნენ. ვერ გადმოგცემთ, რას ნიშნავდა ეს ჩემთვის.

— თქვენი კარიერიდან ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელი მომენტი რომელია?
— ალბათ, დღე, როდესაც თბილისის “მრეტებიდან” თბილისის “დინამოში” გადავედი და ასევე, “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა.

— თქვენ ახლა “ცხინვალის” სპორტული დირექტორი ხართ, რომელმაც ამ სეზონში ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა…
— ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ბევრს არაფერს მოველოდით, თუმცა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მაინც შეგვეძლო. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი ფეხბურთელები არ გყავს, როგორებსაც ვართ მიჩვეულნი. ვწუხვარ, როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე მდგომარეობაში ვხედავ, თუმცა იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

— რას ურჩევდეით ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს იწყებენ თამაშს?
— უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. ფეხბურთელი ვარჯიშისა და თამაშის გარდა სხვა რამეზე არ უნდა ფიქრობდეს. რა თქმა უნდა, საჭირო კონდიციებშიც უნდა იყო. საქართველოში ტალანტები იბადებიან და მათ მხოლოდ თავიანთი უნარები უნდა განავითარონ, რათა უმაღლეს დონეზე თამაში შეძლონ.

 

ევროპის ლიგა: საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა შედგა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

“ალტახი” (ავსტრია) — “ბელენენსეში” (პორტუგალია)
“სტიაუა” (რუმინეთი) — “როსენბორგი” (ნორვეგია)
“პლზენი” (ჩეხეთი) — “ვოივოდინა” (სერბეთი)
“იაბლონეცი” (ჩეხეთი) — “აიაქსი” (ჰოლანდია)
“მიოლდე” (ნორვეგია) — “სტანდარდი” (ბელგია)
“ბორდო” (საფრანგეთი) — “ქაირათი” (ყაზახეთი)
“დინამო მინსკი” (ბელორუსი) — “ზალცბურგი” (ავსტრია)
“ლიბერეცი” (ჩეხეთი) — “ჰაიდუკი” (ხორვატია)
“პანათინაიკოსი” (საბერძნეთი) — “გაბალა” (აზერბაიჯანი)
“ასტრა” (რუმინეთი) — “ალკმაარი” (ჰოლანდია)
“კრასნოდარი” (რუსეთი) — ჰიკ-ი (ფინეთი)
“ჟილინა” (სლოვაკეთი) — “ატლეტიკი” (ესპანეთი)
“ზარია” (უკრაინა) — “ლეგია” (პოლონეთი)
“მილსამი” (მოლდოვა) — “სენტ-ეტიენი” (საფრანგეთი)
“იანგ ბოისი” (შვეიცარია) — “ყარაბაღი” (აზერბაიჯანი)
პაოკ-ი (საბერძნეთი) — “ბრონდბიუ” (დანია)
“ლეხი” (პოლონეთი) —”ვიდეოტონი” (უნგრეთი)
“რაბოტნიჩკი” (მაკედონია”) — “რუბინი” (რუსეთი)
“ატრომიტოსი” (საბერძნეთი) — “ფენერბაჰჩე” (თურქეთი)
“საუთჰემპტონი” (ინგლისი) — “მიდტიულანი” (დანია)
“ოდდი” (ნორვეგია) — “დორტმუნდი” (გერმანია)
“თუნი” (შვეიცარია) — “სპარტა” (ჩეხეთი)

მატჩები 20 და 27 აგვისტოს გაიმართება.

 

უეფამ შოთა არველაძე თურქეთის საუკეთესო ლეგიონერთა ათეულში შეიყვანა

თურქეთის სუპერლიგაში რობინ ვან პერსის, ლუკას პოდოლსკისა და სამუელ ეტოოს გადასვლის შემდეგ უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტებმა გადაწყვიტეს, ადგილობრივი ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერების ათეული შეედგინათ. ამ სიაში “ტრაბზონსფორის” ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეც მოხვდა, რომლის შესახებაც წერია:

“შავიზღვისპირულ კლუბში გადმოსვლამდე მასზე ცოტა რამ თუ იყო ცნობილი, თუმცა მალევე გამოავლინა ნიჭი და გოლების გატანაც დაიწყო. 1995 წელს მოიგო თურქეთის თასი, 1995/96 წლების სეზონში კი 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ისტორიაში მეორე უცხოელი ბომბარდირი გახდა”.

შოთა არველაძის გარდა თურქეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერთა სიაში მოხვდნენ: გეორგე ჰაჯი (“გალათასარაი”/რუმინეთი, 1996–2001); ალექსი (“ფენერბაჰჩე”/ბრაზილია, 2004–12); გეორგე პოპესკუ (“გალათასარაი”/რუმინეთი, 1997–2001); დიეგო ლუგანო (“ფენერბაჰჩე”/ურუგვაი, 2006–11); დიდიე დროგბა (“გალათასარაი”/კოტ დივუარი, 2012–14); ტომაშ სივოკი (“ბეშიქთაში”/ჩეხეთი, 2008–15); პიერ ვან ჰოიდონკი (“ფენერბაჰჩე”/ჰოლანდია, 2003–05); მარიო ჟარდელი (“გალათასარაი”/ბრაზილია, 2000-01); კლაუდიო ტაფარელი (“გალათასარაი”/ბრაზილია, 1998–2001).

 

პლატინი სიჭინავას: “ამას არ დავივიწყებ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები”

როგორც რამდენიმე დღის წინათ მოგახსენეთ, უეფას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ფრანგი წერდა, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პირველს სწორედ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს აცნობდა და მისი მხარდაჭერის იმედსაც აფიქსირებდა. ზვიად სიჭინავამ გადაჭრით თქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს პლატინის დაუჭერს, რის შემდეგაც ფრანგმა ფუნქციონერმა სფფ-ში სამადლობელი წერილი გამოაგზავნა.

“ჩემო ძვირფასო მეგობარო, ზვიად!
გულითად მადლობას გიხდი შენი თბილი, მხარდამჭერი წერილისთვის, რომელიც ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემი გამოცხადების შემდეგ მივიღე.
ძალიან აღელვებული და კმაყოფილი ვარ ამ პატივისცემით. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ – თქვენი პირადი და თქვენი ასოციაციის ასეთი მხარდაჭერის გამო.
დარწმუნებული იყავით, მე დავაფასებ და არ დავივიწყებ თქვენს თანადგომას და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები.
ჩვენ ერთად – როგორც ერთი გუნდი, შევძლებთ აღვადგინოთ ფიფას პრესტიჟი და რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება და ფოკუსი გადავიტანოთ ფეხბურთზე.
კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას თბილი და გამახნევებელი სიტყვებისთვის”, – წერს პლატინი.

 

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობთ უეფას სუპერთასის ისტორიას?

უეფას სუპერთასის მატჩამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” და ევროპის ლიგის პირველადგილოსანი “სევილია” ერთმანეთს სუპერთასისთვის შეეცილებიან.

მანამდე გთავაზობთ უეფას სუპერთასის ისტორიიდან ქვიზს.

 

უეფამ “დინამო თბილისი” დააჯარიმა (ფოტო)

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალას” წინააღმდეგ შინ გამართულ მატჩში (2:1) მომხდარი ინციდენტების გამო “დინამო თბილისი” დასაჯა.

უეფას გადაწყვეტილებაში ქართულ გუნდს შემდეგი ბრალდებები აქვს წაყენებული: რასისტული ქცევა, მოედანზე გულშემატკივრების შეჭრა, არალეგიტიმური ბანერი.

აღსანიშნავია ის, რომ ფანები მოედანზე არ შეჭრილან. თბილისელთა მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ ტრიბუნის მოაჯირმა ქომაგების დაწოლას ვერ გაუძლო და რამდენიმე მათგანი სარბენ ბილიკზე გადავარდა. ერთ-ერთი გულშემატკივარი მსუბუქადაც დაშავდა.

“დინამოს” შემდეგი სახის სანქციები დაეკისრა: ევროთასების მომდევნო შეხვედრაზე “დინამო არენას” ჩრდილოეთ ნაწილის მეორე იარუსზე არსებული მე-16 სექტორი დახურული იქნება. გარდა ამისა კლუბი 20 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმდა.

Banner

სტადიონის რეგულაციები უეფას სუპერთასის მატჩზე

11 აგვისტოს, უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, განსაზღვრულია სხვადასხვა რეგულაციები, რომელთა დაცვა და შესრულება სავალდებულოა.
რეგულაციების მიხედვით, გთავაზობთ სტადიონზე მოხვედრისა და ქცევის წესებს, რომელიც დადგენილია უეფას მიერ.

სტადიონზე შესვლა

სტადიონზე შესვლა დაიშვება მხოლოდ ბილეთზე მითითებულ საათებში.
სტადიონზე შესვლა უნდა შეესაბამებოდეს:

1.“პირობებს“
2.სტადიონის დებულებას;

3. ყველა მოქმედ კანონს (საწესდებო და სხვაგვარს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების ჩათვლით) რომლებიც არეგულირებენ სტადიონზე შესვლას და მატჩზე დასწრებას, ბილეთის გამოყენებას; ზოგადი უსაფრთხოების სერტიფიკატს და ნებისმიერ სპეციალურ უსაფრთხოების სერტიფიკატს, რომლებიც გამოიყენება სტადიონთან მიმართებაში, და რომლებსაც უშვებს ნებისმიერი უწყება, რომელიც ფლობს იურისდიქციას ან უფლებას სტადიონზე მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით და

ბ.სტადიონზე შესვლა უნდა ხდებოდეს მოქმედი ბილეთის წარდგენით ერთ ადამიანზე (ასაკის მიუხედავად) და მოთხოვნის შემთხვევაში, სურათის და ხელმოწერის მქონე პირადობის დამადასტურებელი საბუთის (პასპორტის ან ეროვნული პირადობის ბარათის) წარდგენისას. ბილეთების მფლობელები, რომლებიც გავლენ სტადიონიდან, ხელმეორედ აღარ დაიშვებიან მასზე.
სტადიონზე მოქცევის წესები

დაცვისა და უსაფრთხოების მიზნებისათვის ყველა პირი, მატჩზე დასწრების დროს, თუ მას მოსთხოვენ ან როდესაც მას მოსთხოვს სტიუარტი, დაცვის პერსონალი და/ან ნებისმიერი სამართლებრივად უფლებამოსილი პირი, რომელიც წარმოადგენს მატჩის ორგანიზატორებს, ვალდებულია:

ა.წარადგინოს მოქმედი ბილეთი სურათის და ხელმოწერის მქონე პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად (პასპორტი ან ეროვნული პირადობის ბარათი);

ბ.წარუდგინოს შესამოწმებლად, სხეულის გასაჩხრეკად და შესამოწმებლად – ტექნიკური საშუალებების ჩათვლით – იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი არ ფლობენ საშიშ, აკრძალულ ან ნებადაურთველ საგნებს. დაცვის პერსონალი, სტიუარდები ან პოლიცია უფლებამოსილია გაჩხრიკოს ნებისმიერი პირის ტანსაცმელი და ნივთები; და

ც.დაემორჩილოს ყველა ინსტრუქციას და მითითებას, რომლებსაც გასცემენ ასეთი პირები.

სტადიონის რეგულაციები მოიცავენ აკრძალული ნივთების და ქცევების დეტალურ სიას და ყოველი ბილეთის მფლობელი ვალდებულია სრულად დაიცვას ის შეზღუდვები, რომლებიც მასშია მითითებული. ბილეთს ასევე შეიძლება დაერთოს „პირობების“ და/ან სტადიონის რეგულაციების შემოკლებული ვერსია ან მარტივი გამოსახულებები (სურათები), რომლებიც გამოსახავენ აკრძალულ ნივთებს და აკრძალულ ქცევებს და მათი დაცვა ბილეთის მფლობელისათვის სავალდებულოა.

სტადიონს შიგნით მკაცრად იკრძალება შემდეგი, და არა მხოლოდ ეს:

ა.საზოგადოებისათვის დახურული ადგილების დაკავება ან მასში შესვლა ან იმ ადგილებში შეღწევა, სადაც ეს დაუშვებელია შესაბამისი ბილეთის კატეგორიის მიხედვით.

ბ.შეზღუდვა ან უსაქმოდ დგომა იმ ადგილებში, რომელიც ღია უნდა იყოს მოძრაობისათვის, მაყურებლის ზონების და საავარიო გამოსასვლელების ბილიკებზე და გზებზე, შესასვლელებსა და გამოსასვლელებში

ც. ისეთი საქციელის ჩადენა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნებისმიერ პირს სტადიონზე.

ქომაგები, რომლებიც მატჩში მონაწილე გუნდებს უჭერენ მხარს არ უნდა შეგროვდნენ სტადიონზე და ბილეთის ყველა მფლობელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და დაიცვას ორგანიზატორების მიერ მიწოდებული დაცვისა და უსაფრთხოების მითითებები.

სტადიონზე ასევე აკრძალულია:
1. შემდეგი ნივთების შეტანა:
– ნებისმიერი სახის ცივი იარაღი;
– ნებისმიერი სახის შუშის და თუნუქის ჭურჭელი (ბოთლი, ქილა და ა.შ.)
– 2მ x 1.5 მ. ზომაზე დიდი ბანერები და დროშები;
– მეგაფონი ან გაზის საყვირები;
– ყველანაირი პიროტექნიკული და სხვა სახის აალებადი საშუალებები;
– ლაზერული სანათი საშუალებები;
– სხვა ნებისმიერი საგანი, რომელიც მაყურებლის და ღონისძიების მონაწილეთა დაცულობისთვის შეიძლება გახდეს საფრთხის შემცველი.

2. სკამზე დგომა

3. პოლიტიკური, დისკრიმინაციული ან სხვა სახის განცხადებებისა თუ შეურაცხმყოფელი შიგთავსის მქონე ატრიბუტიკის გამოყენება.

4. საშეჯიბრო მოედანზე შესვლა (მინდორი, სარბენი ბილიკები).

5. სარეალიზაციო, სარეკლამო ან სხვა სახის კომერციული პროდუქციის არასანქციონირებული შემოტანა-რეალიზაცია.

6. ტელე და რადიო მაუწყებლობის არასანქციონირებული წარმოება.

7. შემოსასვლელ – გასასვლელებში, კიბეებზე ან სხვა სახის საფეხმავლო გამტარობის უზრუნველსაყოფ ადგილებში შეჯგუფება.

8. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა.

9. ნებისმიერი ადგილის დაკავება გარდა ბილეთზე მითითებულისა.

10. სტიუარდის ან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე ბილეთის წარმოდგენაზე უარის თქმა.
11. საშეჯიბრო მოედანზე (მინდორი, სარბენი ბილიკები) ნებისმიერი ნივთის სროლა.

აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა დასრულდება დამრღვევის დაკავებით და მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებით, მათ შორის დამრღვევის მიერ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მესამე პირის (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ან/და სხვა პირის) დაჯარიმებისას, დამრღვევ პირს დაეკისრება ზიანის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული რეგულაციები განახლებადია და ექვემდებარება კორექტირებას.
გთხოვთ, დავიცვათ წესები და წესრიგი, რათა ერთად უზრუნველვყოთ სუპერთასის მატჩის მაღალ დონეზე და ორგანიზებულად ჩატარება.
გმადლობთ და გისურვებთ წარმატებებს!

სფფ-ის პრესსამსახური

უეფას ბროშურა სუპერთასზე დამსწრე ქომაგებისთვის

უეფამ იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც თბილისში, 11 აგვისტოს გასამართ ევროპის სუპერთასზე დასწრებას აპირებენ, სპეციალურად ბროშურა დაამზადა, რომელშიც მიშელ პლატინის მისასალმებელი სიტყვების გარდა, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის შესახებ ცნობები, თბილისის ღირსშესანიშნაობები, სტადიონამდე მისასვლელი გზებისა და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის შეხვედრა “დინამო არენაზე”, 11 აგვისტოს, 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი 36 წლის შოტლანდიელი რეფერი უილიამ კოლამი იქნება. სტადიონზე შესასვლელი ყველა ჭიშკარი 19.45 საათზე გაიღება.

სუპერთასის ბროშურა

 

პლატინის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდა სურს

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის, რომელიც ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 32-დან 40-მდე გაზრდა სურს.

წყაროს თანახმად, ფრანგი ფუნქციონერი ამ პუნქტს თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანს, ოფიციალურად კი 27 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს გაახმოვანებს.

გარდა ამისა, პლატინიმ შესაძლოა, თეთრი ბარათი შემოიღოს, რაც მოედნიდან მოთამაშის ათი წუთით გაძევებას გულისხმობს. ფრანგის არჩევის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ტრანსფერები აიკრძალოს.

როდის ჩამოვლენ “ბარსელონასა” და “სევილიას” ფეხბურთელები თბილისში

ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის ჩამოვლენ უეფას სუპერთასის მონაწილე გუნდები თბილისში. “სევილია” საქართველოს დედაქალაქში 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, “ბარსელონა” კი – ერთი დღით გვიან, 10 აგვისტოს.

ანდალუსიელები 9 და 10 აგვისტოს ივარჯიშებენ, კატალონიელები კი 10 აგვისტოს და 11 აგვისტოს დილას. პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი სუპერთასის მატჩში არ ითამაშებს, სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ ადასტურებს.

“სევილია” სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, “ბარსელონა” კი “თბილისი მარიოტში” დაბინავდება.

მატჩი “დინამო არენაზე”, 11 აგვისტოს, 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი არბიტრი 36 წლის შოტლანდიელი რეფერი უილიამ კოლამი იქნება.