მუნდიალის მასპინძლად ყატარის გამოცხადებით გაბრაზებულმა ბილ კლინტონმა სარკე ჩაამსხვრია

ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ ნათელი მოჰფინა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის გამოცხადების შემდეგ განვითარებულ ერთ საინტერესო ამბავს. თურმე, ფიფას გადაწყვეტლება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ძალზედ გაუბრაზებია.

ბრიტანული გაზეთის ცნობით, მას შემდეგ, რაც ციურიხში მდებარე ფიფას შტაბ-ბინაში 2022 წლის მუნდიალის მასპინძელ ქვეყნად ყატარი გამოაცხადეს, კლინტონს ბრაზი ვერ შეუკავებია, სასტუმროში დაბრუნებულს მაგიდიდან რაღაც აუღია, სარკისთვის გაურტყამს და ჩაუმსხვრევია.

„თავი დამცირებულად იგრძნო. თვლიდა, რომ ამ გადაწყვეტილებას აზრი არ ჰქონდა“, – წერს გაზეთი ანონიმური წყაროს სიტყვებს.

კლინტონი აქტიურად უჭერდა მხარს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე აშშ-ის განაცხადს. შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტი არ მოელოდა, რომ მისი ქვეყანა ყატართან წააგებდა.

ბექა დოგრაშვილი

ესპანეთის ნაკრები ბარაკ ობამას შეხვდება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, „ფურია როხა“ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება. დღეს ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც ხუთ დღეს დაჰყოფს. ფეხბურთელები თეთრ სახლს ეწვევიან და პრეზიდენტ ობამას შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს ესპანელები ვაშიგტონში სალვადორის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთს B ჯგუფში მეტოქეებად ავსტრალიის, ჩილესა და ჰოლანდიის ნაკრებები ჰყავს.

ბექა დოგრაშვილი

ამერიკელთა ორ მესამედს მსოფლიოს ჩემპიონატი არ აინტერესებს

ამერიკის შეერთებული შტატების მაცხოვრებელთა უმეტესობას მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი ნაკრების გამოსვლა დიდად არ აინტერესებთ. „როიტერ/იპსოსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ყოველი სამი ამერიკელიდან მხოლოდ ერთი აპირებს მუნდიალზე საკუთარი ნაკრების მატჩებისთვის თვალყურის მიდევნებას, გამოკითხულთა მხოლოდ 7 პროცენტი გეგმავს მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრების ცქერას.

გამოკითხულთა 86 პროცენტს საფეხბურთო მუნდიალის შესახებ ან არაფერი, ან ძალიან ცოტა რამ სმენია. გარდა ამისა, გამოკითხულთა ორ მესამედზე მეტმა ისიც არ იცოდა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილია მასპინძლობს.

გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ესპანურენოვან მაცხოვრებელთა დაახლოებით 30 პროცენტი აპირებს მუნდიალისთვის თვალყურის მიდევნებას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 58 დღე დარჩა.

იხილეთ: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

რუსი დეპუტატების პასუხი ამერიკელი სენატორების წერილს: „გარიცხეთ აშშ ფიფადან“

Fanebi.com-ის მკითხველს მოეხსენება, რომ ამერიკელმა სენატორებმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მარკ კერკმა და დენ კოუტსმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევისა და ფიფადან გარიცხვის თაობაზე წერილი მიწერეს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვეს და პარტია „ედინაია რასიას“ წევრმა ალექსანდრ სიდიაკინმა და „სპრავედლივაია რასიას“ წევრმა მიხაილ მარკელოვმა ფიფას ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების 2014 წლის მუნდიალიდან მოხსნისა და მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო ორგანოდან გარიცხვის თაობაზე მიმართეს.

მიზეზი, რის გამოც აშშ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს და ფიფადან გაირიცხოს, რუსი დეპუტატების აზრით, მთელი რიგი ქვეყნების წინააღმდეგ ამერიკის მიზანმიმართული აგრესიაა, კონკრეტულად ყოფილ იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიასა და სირიაში განვითარებული მოვლენები სახელდება.

„თვალი თვალის წილ, ბურთი ბურთის წილ. არ დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ასპარეზობა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე! გარიცხეთ აშშ ფიფადან“, – ეს განცხადება სიდიაკინმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

ბექა დოგრაშვილი

მატჩის დროს გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენა, მინისტრის მიერ დაშლილი კლუბი, ქვეყნები, სადაც ფეხბურთი იკრძალება — „ფეხბურთოლოგია“

რუბრიკა „ფეხბურთოლოგიის“ დღევანდელ ნაწილში გთავაზობთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან ოთხ საინტერესო ფაქტს: როგორ გააკეთა ფეხბურთელმა მატჩის დროს უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა, სად არის აკრძალული ფეხბურთის თამაში, რომელია ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უხეში შეხვედრა და რატომ დაშალა ბრაზილიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბი.

იტალიის ქალაქ ასტიში ადგილობრივი კლუბის ცენტრალურმა თავდამსხმელმა მასკიომ ერთ-ერთი ამხანაგური მატჩიც მიმდინარეობისას ფეხი ბურთს ააცილა და მიწას დაჰკრა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელმა ფეხი სერიოზულად დაიზიანა. შემთხვევის ადგილზე ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელსაც ისტორიული ღირებულება გააჩნდა. მასკიომ ამ „არქეოლოგიური აღმოჩენისთვის“ ფულადი ჯილდო და სპეციალური პრიზიც მიიღო.

ფეხბურთი ოფიციალურად ექვს ქვეყანაში არის აკრძალული, მათ შორის – ავღანეთში, კამბოჯასა და გრენლანდიაში. ამერიკის შტატ იუტაში ფეხბურთის თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ მოედანი ეკლესიიდან არანაკლებ 1,5 მილის დაშორებითაა. ბეისბოლისთვის, გოლფისა და ამერიკული ფეხბურთისთვის ეს მანძილი 0,5 მილით განისაზღვრება.

1969 წლის 3 ნოემბერს, დიდ ბრიტანეთში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უდისციპლინო მატჩი გაიმართა. „ტონგჰემის ახალგაზრდულ კლუბსა“ (სურეი) და „ჰაუ-ლის“ (ჰანთსი) შორის შეხვედრა იმდენად უხეში გამოდგა, რომ მსაჯმა 22-ივე მოთამაშე დასაჯა, აქედან ერთ-ერთი ფეხბურთელი და გვერდითი არბიტრი სულაც საავადმყოფოში გააქანეს.

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი „რა“, რომელსაც საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაშალა. საქმე იმაში გახლავთ, რომ გუნდი ძირითადად პოლიციელებისგან შედგებოდა და როდესაც მათი მონაწილეობით მატჩები იმართებოდა, მათ საგულშემატკივროდ სტადიონზე დანარჩენი პოლიციელებიც მიდიოდნენ. ამით სარგებლობდნენ ბოროტმოქმედნი და ქალაქში ქაოსს აწყობდნენ. სამაგიეროდ, ტრიბუნებზე იყო სამაგალითო წესრიგი.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

ხავის MLS-ში იწვევენ

გავრცელებული ინფორმაციით, „ნიუ-იორკ რედ ბულსის“ ხელმძღვანელებმა „ბარსელონას“ ნახევარმცველს ხავი ერნანდესს აშშ-ში გადასვლა შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ მოთამაშემ განაცხადა, რომ კატალონიურ გრანდში კარიერის დასრულება მან, შესაძლოა, ვერ მოახერხოს. გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრების შუახაზელს მისი ყოფილი თანაგუნდელი ტიერი ანრი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად სწორედ „წითელი ხარების“ ღირსებას იცავს. ფრანგმა ვეტერანმა „ბლაუგრანასის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიუ-იორკში თამაშის დადებითი მხარეების შესახებ უამბო.

ამ ეტაპზე მხარეებს შორის შესაძლო კონტრაქტის დეტალები უცნობია.

ალექსანდრე მატევოსოვი

აშშ 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სუნილ გულატის თქმით, მისი ქვეყანა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოლებს.

„მუნდიალის მასპინძლობის თაობაზე განაცხადს კიდევ ერთხელ შევიტანთ, თუმცა ფიფამ მასპინძელი სხვა პრინციპით უნდა აირჩიოს“, – განაცხადა გულატიმ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელები პლანეტის 2018 და 2022 წლების მასპინძლობისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ, რითაც უკმაყოფილონი დარჩნენ და არჩევნების პროცედურის გადამოწმებაც მოითხოვეს.

ალექსანდრე მატევოსოვი