მოურინიო თვლის, რომ “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ამისთვის ფავორიტის სტატუსის ქონა არ არის აუცილებელი.

“ხანდახან ჩემპიონი ისე ხდები, რომ მანამდე ფავორიტად არავინ გთვლიდა. ჩემპიონთა ლიგა ჯერ “პორტუსთან”, შემდეგ კი მილანის “ინტერთან” ერთად მოვიგე და ორივე შემთხვევაში რთულად თუ ვინმე ჩაგვთვლიდა ფავორიტად. მეტიც, ჩვენ პრეტენდენტთა ათეულშიც კი არ ვითვლებოდით”, – მოურინიოს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

აზარი მოურინიოსთან კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

„ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა გუნდის მთავარ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი უარყო.

„მოურინიოსთან პრობლემა არ მაქვს. ის საუკეთესო მწვრთნელია. იმედია, მასთან კიდევ ბევრი ტიტულის მოგებას შევძლებთ. შესაძლოა, ამ სეზონში ბევრი ვერაფერი გამოგვივიდეს, რადგან ეს რთულია“, – ციტირებს აზარს ლონდონური კლუბის ოფიციალური საიტი.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ბელგიელი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ჯერჯერობით ყოველთვის ვერ ხვდება. 13 ტურის შემდეგ „ჩელსი“ პრემიერლიგის მე-15 ადგილზე იმყოფება.

სიმეონე „ჩელსიში“?

ჟოზე მოურინიოს ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემთხვევაში, „არისტოკრატთა“ თავკაცობის კანდიდატთა შორის, შესაძლოა, მადრიდის „ატლეტიკოს“ დამრიგებელი დიეგო სიმეონე იყოს. თუმცა, საამისოდ ლონდონელებს არგენტინული ფეხბურთის ფედერაციასთან ბრძოლა მოუწევს, რადგან 45 წლის სპეციალისტი ასევე ნაკრების შესაძლო თავკაცად განიხილება, რის შესახებაც „დეილი ექსპრესი“ იტყობინება.

შაბათს პრემიერლიგის მე-12 ტურში „ჩელსიმ“ მიმდინარე ჩემპიონატში მეშვიდედ წააგო. ამჟამად მოურინიოს გუნდი 11 ქულით ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.

შევჩენკო მოურინიოს გამოექომაგა

ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შევჩენკო ამბობს, რომ გუნდმა მოურინიოს მიღწევები არ უნდა დაივიწყოს.

“ჟოზე დიდებული მწვრთნელია. თითოეულ სპეციალისტს, ვისთან ერთადაც კარიერის განმავლობაში მომიწია მუშაობა, საკუთარი სტრატეგია ჰქონდა, მაგრამ ყველას მიზანი სასურველი შედეგის მიღწევა იყო. ამ მხრივ მოურინიო გამარჯვებული მწვრთნელია. მას უზარმაზარი გამოცდილება აქვს, იცის, სად სჭირდება მის გუნდს გაძლიერება. ზოგჯერ სიტუაციის გამოსწორება დიდ დროს მოითხოვს, ზოგჯერ კი ეს პროცესი სწრაფად მიმდიანრეობს. რაც არ უნდა იყოს, წარსულის დავიწყება არ შეიძლება”, – შევჩენკოს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

ბრენდან როჯერსი, შესაძლოა, „ჩელსის“ თავკაცი გახდეს

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვს, მის ადგილს „ლივერპულის“ ყოფილი თავკაცი ბრენდან როჯერსი დაიკავებს.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდება.

ცნობისთვის, პორტუგალიელი სპეციალისტის შესაძლო შემცვლელთა შორის ასევე გუს ჰიდინკი და პეპ გვარდიოლა სახელდებიან.

პრემიერლიგის ათი ტურის შემდეგ „ჩელსი“ 11 ქულით მეთხუთმეტე პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ როჯერსს „ჩელსიში“ აქამდეც უმუშავია. 2004 წლიდან 2008 წლამდე ის ლონდონური კლუბის აკადემიაში მუშაობდა.

მოურინიო: “ჩემთვის ფანტასტიური იქნებოდა, “ჩელსის” ფეხბურთელები” ჩემ წინააღმდეგ რომ ყოფილიყვნენ”

წუხელ, ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდზე ლონდონის “ჩელსი” “სტოკ სიტისთან” პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. გუნდს პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-15 პოზიცია უკავია. აშკარაა, ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ღრმა კრიზისშია. ავი ხმები იმასაც ამბობენ, რომ “ჩელსის” ფეხბურთელები მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს აუმხედრდნენ და გუნდის ცუდი შედეგებიც მათი შეთქმულების შედეგია. წუხელ ამის შესახებ მოურინიოსაც ჰკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი ლაპარაკი ფეხბურთელების უპატივცემულობაა.

“თქვენ ფიქრობთ, რომ ფეხბურთელები ჩემ გვერდით არ არიან? თქვენ ფიქრობთ, რომ ფეხბურთელები მოსაგებად ყველაფერს არ აკეთებენ? ცუდია. ჩემთვის კი არ არის ცუდი, ცუდია ფეხბურთელებისთვის, ეს მათი უპატივცემულობაა და არა ჩემი. ჩემთვის ფანტასტიური სიტუაცია იქნებოდა, “ჩელსის” მოთამაშეები ჩემ წინააღმდეგ რომ ყოფილიყვნენ. ვიტყოდი, რომ შედეგი არ გვაქვს, რადგან ფეხბურთელები ჩემ წინააღმდეგ არიან.

რასაც ზოგიერთი წერს და ლაპარაკობს, ძალიან ცუდია მოთამაშეებისთვის. იმ ადამიანებს შორის, ვინც ამას ამბობს, ზოგიერთი ყოფილი ფეხბურთელია. ალბათ, ჰგონიათ, რომ ჩემი ფეხბურთელები მათ ჰგვანან, რადგან შესაძლოა, მათ ასეთი რამის გაკეთება უწევდათ, მაგრამ ჩემი მოთამაშეები ამას არ იზამენ, ჩემი ფეხბურთელები მოსაგებად ყველაფერს აკეთებენ”, – განაცხადა მოურინიომ წუხელ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

ეტოო: “არა მგონია, მოურინიომ “ჩელსი” დატოვოს და “პსჟ”-ს მიაშუროს”

კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო, რომელსაც ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის გამოცდილება აქვს, თვლის, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ლონდონის “ჩელსის” არ დატოვებს და “პარი სენ-ჟერმენში” არ გადაბარგდება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიომ დაუკმაყოფილებელი შედეგბის გამო შესაძლოა, ლონდონი დატოვოს და პარიზს მიაშუროს.

“არა მგონია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს. მოურინიოს “პარი სენ-ჟერმენში” ვერ ვხედავ. მას წარმატების მიღწევა ნებისმიერ კლუბთან ერთად შეუძლია, ეს მოახერხა ყველა გუნდში, სადაც უმუშავია. არა მგონია, მან “ჩელსი” დატოვოს. მე ვფიქრობ, მოურინიო “ჩელსის” ამ რთული ვითარებიდან დაიხსნის და დადებით შედეგებს დააბრუნებს”, – ეტოოს კომენტარს RMC ციტირებს.

 

ანრი: “ჩელსის” ფეხბურთელებმა მოურინიოსადმი ნდობა დაკარგეს”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი ტიერი ანრი თვლის, რომ “ჩელსის” ფეხბურთელებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ ნდობა დაკარგეს და ეს გუნდის შედეგებზეც უარყოფითად აისახება.

“ვხედავ, რომ გუნდი მოურინიოს აღარ ენდობა. ნემანია მატიჩმა ბოლო მატჩი არასტაბილურად ჩაატარა. ფეხბურთელები განზე არიან. ედენ აზარს ეტყობა, რომ ასეთ სტილში თამაში არ სურს. მოურინიომ უნდა აღიაროს, რომ მისი მანერა ფეხბურთელებს არ მოსწონთ. ძალიან ბევრს მოითხოვენ აზარისგან. იგი ჯერ დაცვაში უნდა დაეხმაროს გუნდს, შემდეგ კი სწრაფად უნდა გადავიდეს კონტრშეტევაზე.

მოურინიო წარმატებული მწვრთნელი იყო, ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ როდესაც ჩემპიონი ხდები, მომდევნო სეზონში უფრო მეტი უნდა გააკეთო. ფეხბურთელების სხეულის ენით ვხვდები, რომ მათ უკვე მობეზრდათ ამ სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა, თუმცა გუნდთან იმდენად დაახლოებული არ ვარ, რომ შიგნიდან ვიცოდე, რა ხდება სინამდვილეში”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

 

მოურინიო შესაძლოა, ამ კვირაში გაათავისუფლონ

ლონდონის “ჩელსიში” ჟოზე მოურინიოს წყალი რომ შეუდგა, ამაზე ბრიტანული და არაბრიტანული პრესა უკვე დიდი ხანია, წერს. დასავლეთლონდონელებს პრემიერლიგის ათი ტურის შემდეგ აქტივში მხოლოდ 11 ქულა აქვს, რაც გუნდის ანტირეკორდია. კონსპირაციული თეორიის მომხრეები იმასაც ამბობენ, რომ ფეხბურთელებს მოურინიოსთან დაპირისპირება აქვთ და ცუდად განზრახ თამაშობენ, რათა რომან აბრამოვიჩმა პორტუგალიელი სპეციალისტი “სტემფორდ ბრიჯიდან” მიაბრძანოს. ამასობაში “ჩელსი” სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციამდე დაქვეითდა და აშკარაა, რაღაც ზომებია მისაღები.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” წერს, რომ მოურინიოს გუნდი დამდეგ შაბათს შინ “ლივერპულს” დაუხვდება და თუ ისევ დამარცხდება, შესაძლოა, პორტუგალიელი მწვრთნელი მატჩის შემდეგვე გაათავისუფლონ.

იმავე წყაროს ცნობით, “ჩელსიში” დაბრუნება კარლო ანჩელოტის სურს. სახელდება ხოსეპ გვარდიოლას კანდიდატურაც, რომლის მოთაფვლასაც აბრამოვიჩი 2012 წელს ცდილობდა, თუმცა მაშინ კატალონიელმა სპეციალისტმა მიუნხენის “ბაიერნის” გაძღოლა არჩია. მესამე ვარიანტად დიეგო სიმეონე მოიაზრება. დროებით მწვრთნელად გუს ჰიდინკის კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც “ჩელსის” 2009 წელს ხელმძღვანელობდა და დანიშვნიდან სამ თვეში გუნდს ინგლისის თასი მოაგებინა.

 

„ვესტ ჰემის“ მფლობელმა „ჩელსისა“ და მოურინიოს დასცინა (ფოტო)

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ერთ-ერთმა მფლობელმა დევიდ გოლდმა „ჩელსისთან“ მოგების შემდეგ „ტვიტერზე“ სურათი განათავსა, რომელზეც „არისტოკრატთა“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მისი კლუბის აკადემიის ბავშვებთან ერთააა ასახული. გოლდმა სურათს შემდეგი კომენტარი დაურთო: „კარგი, ვის უნდა შემდეგ კვირას „ჩელსიში“ თამაში?“

20152410213827

ბილიჩი: „მოურინიო ამას არ იმსახურებს“

„ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა „ჩელსისითან“ ანგარიშით 2:1 მოგების შემდეგ მეტოქე გუნდის თავკაც ჟოზე მოურინიოს უთანაგრძნო.

„კარგი თამაშის ჩვენება ყოველ მატჩში გვსურს. თუ თავს ორგანიზებულად დავიცავთ და შევუტევთ, ყოველი შეხვედრის მოგების შანსი გვექნება. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ.

თამაშის შემდეგ მოურინიო არ მინახავს. მეორე ტაიში ის თავის სკამზე არ იჯდა. ამ რთულ პერიოდში მას ვუთანაგრძნობ, ჟოზემ ეს არ დაიმსახურა.

ჩვენთვის ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ამაზე გაჩერება არ შეგვიძლია. მატჩიდან მატჩამდე ვმუშაობ, ახლა მხოლოდ გრძელი სეზონის დასაწყისია“, – განაცხადა ბილიჩმა.

პასტორე „ჩელსიში“ გადავა?

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევით, არგენტინელი ხავიერ პასტორეთი ინტერესდება.

პორტუგალიელი სპეციალისტი სამხრეთ ამერიკელს უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატებდა.

პასტორესთვის „ჩელსის“ მეტოქეთა შორის, შესაძლოა, „არსენალი“ და „ლივერპული“ იყონ. აქამდე პლეიმეიკერის სახელს ასევე „იუვენტუსს“ უკავშირებდნენ.