ბექა გოცირიძე – უდიდესი ტალანტი, რომელსაც საბედისწერო ავარიამ კარიერა დაუნგრია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 34 წლისაა და ყველაფერი ისე რომ წასვლოდა, როგორც თვითონ სურდა, დღეს შეიძლება კვლავ აქტიური კარიერა ჰქონოდა, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვსურს.

გოცირიძე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად ითვლებოდა, რომელმაც კარიერა “ამერში” დაიწყო, სადაც გაიოზ დარსაძე იყო, შემდეგ “ზესტაფონში” გააგრძელა, “ზესტადან” “დნიპროში” გადავიდა. “დნიპრომ” 21 წლის ფეხბურთელში 1 მილიონი გადაიხადა.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა საბედისწერო ავარია. გოცირიძე ცხვარიჭამიის აგარაკიდან თბილისში ბრუნდებოდა, გზაზე ნაწვიმარი იყო, ცოტა სწრაფადაც მოძრაობდა და უმძიმეს ავარიაში მოყვა. სასწაულებრივად გადარჩა, შესაძლოა, ფეხზე ვერ გაეარა. ოპერაციისას ელენთა ამოაჭრეს და 8 თვის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა, მაგრამ ელენთას გარდა ხერხემლის პრობლემებიც გამოჰყვა.

“დნიპროდან” “კრივბასში” გაანათხოვრეს, სადაც მწვრთნელი არ ათამაშებდა, შემდეგ “დნიპრო 2”-ში დუბლების შემადგენლობაში აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, საქართველოში დაბრუნდა და გორის “დილას” შეუერთდა. “დილა” 2013 წელს დატოვა და 2 წელი უგუნდოდ იყო, შემდეგ მარტვილის “მერანი”, “რაჭა”, ბოლოს კი “გარეჯში” თამაშობდა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ბექას მოტივაცია მიეცემოდა, ხან ფეხის კუნთი გაუწყდებოდა, ხან რა პრობლემა შეექმნებოდა. წონაში მარტივად იმატებდა, ბევრჯერ დაუკლია ფეხბურთში დაბრუნების სურვილის გამო, მაგრამ სხეული ბოლომდე არ აძლევდა ამის საშუალებას. როგორც თვითონ ამბობს, ვარჯიში არასდროს გაუცდენია, თუმცა ავარიის შემდეგ ისე ჯანსაღად ვერ ცხოვრობდა, როგორც ეს დღევანდელ პროფესიონალ ფეხბურთელს სჭირდება.

ყველაფერი მაინც იმ საბედისწერო ავარიამდე მიდის, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქართველს ტალანტს  საფეხბურთო კარიერა პრაქტიკულად დაუსრულა. სხვა ბიჭებისგან განსხვავებით, გოცირიძემ ბევრჯერ სცადა ფეხბურთში დაბრუნება, ბევრჯერ იბრძოლა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა ბექა ამერიკაში მუშაობს.

საქართველოს ნაკრებში ჰექტორ რაულ კუპერის დროს 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო

21-წლამდე ნაკრების 19 მატჩში 9 ბურთი აქვს შეგდებული

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა.

“ყველა აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი ემოცია და უგულშემატკიროს ნაკრებს, მაგრამ არაფრის დიდებით არ დავუშვებთ, შეურაცხყოფა მიაყენონ სპორტსმენებს ან რაიმე პროვოკაცია მოაწყონ. ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი მეტოქის ღირსების შეურაცხყოფაში არ გამოიხატება. მოვიხსენიებ ვაჟა ფშავალას “სტუმარ-მასპინძელს”, რაზეც გაზრდილები ვართ ჩვენ”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

თავის მხრივ, “ევროპული საქართველო”, მოძრაობა “სირცხვილია” და ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ცივილურ ფორმებში აპირებენ პერფორმანსების ჩატარებას და პროვოკაციებზე საუბარი არც არის. სტადიონზე უკრაინის დროშით მისვლა კი ყველას შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რაგბის კავშირს ოფიციალურ გვერდზე მატჩის პოსტერი უკრაინულად ჰქონდა გამოქვეყნებული, მაგრამ რაგბი ევროპას მოთხოვნით, წაიშალა.

დაფასება ქეცბაიასგან! “ანორთოსისის” ხელმძღვანელობამ ლორიაზე გადაწყვიტა

საქართველოს ნაკრებისა და “ანორთოსისის” მეკარემ გიორგი ლორიამ რამდენიმე კვირის წინ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა. როგორც იცით, ის ერთადერთი ქართველია, რომელიც “ანორთოსისში” დარჩა.

კვიპროსული პრესის ინფორმაციით, “ანორთოსისის” ხელმძღვანელობამ ქეცბაიასთან საუბრის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ გიორგის ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებენ.

“აპოელთან” მატჩში მეკარემ, პირდაპირი მნიშვნელობით, იფრინა  და კვლავ დაამტკიცა, რომ 36 წლის ასაკშიც უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია.

ლორი “ანორთოსისს” 2019 წელს შეუერთდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა კოსოვოს ნაკრები ჩაიბარა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალენ ჟირესი კოსოვოს ნაკრების თავკაცის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ნოემბრამდე ექნება.

“გახარებული ვარ. კოსოვოს ვიცნობ და ამიტომაც დავთანხმდი აქ მუშაობას. ეროვნულ გუნდებში მიმუშავია და კარგად ვიცი, რას მოელის ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ნაკრებისგან”, – ციტირებს ჟირესის სიტყვებს კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2004-2005 წლებში თავკაცობდა, რის შემდეგაც გაბონის, მალის, სენეგალისა და ტუნისის ნაკრებებში იმუშავა.

ჰოლანს ევროპის ხუთი წამყვანი კლუბი ეპატიჟება

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანმა წინადადება ევროპის ხუთი წამყვანი კლუბისგან მიიღო. 21 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელისთვის ნადირობა გერმანულ “ბაიერნს”, ესპანურ “რეალსა” და “ბარსელონას”, ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენსა” და ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” აქვთ გაჩაღებული.

პარასკევს ჰოლანი საკუთარ აგენტ მინო რაიოლას შეხვდება და ევროპის ლიგიდან “ბორუსიას” გამოვარდნის შემთხვევაში, სამომავლო გეგმას განიხილავს. შეგახსენებთ, რომ გერმანული გუნდი ხუთშაბათს, სტუმრად გლაზგოს “რეინჯერსს” დაუპირისპირდება, რომელთანაც პირველი შეხვედრა 2:4 დათმო.

ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ფეხბურთელსა და “ბორუსიას” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. 2022 წლის ივნისში შრომით ხელშეკრულებაში ამოქმედდება გამოსყიდვის პუნქტი. ჰოლანდის კონტრაქტის გამოსასყიდ თანხად 75 მილიონი ევროა მითითებული.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ერლინგ ჰოლანის სატრანსფერო ღირებულებას 150 მილიონ ევროდ აფასებს.

შესაძლოა, ტოტი “რომაში” დაბრუნდეს

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “რომას” ყოფილი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი შესაძლოა, კლუბის სისტემაში დასაქმდეს.

ტოტი “რომას” შეხვედრებს ხშირად ესწრება, მას კარგი ურთიერთობა აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან და კლუბის მფლობელ ფრიდკინების ოჯახთან.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი “რომას” ღირსებას 1992-დან 2017 წლამდე იცავდა. მან 25 სეზონის განმავლობაში 786 მატჩი ჩაატარა და 307 გოლი გაიტანა. გასულ წელს ტოტიმ სპორტული აგენტის ლიცენზია მიიღო.

უეფა სანქტ-პეტერბურგისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლის სტატუსის ჩამორთმევას აპირებს

ბრიტანული გამოცემა “თაიმსი” იუწყება, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩის მასპინძელი ქალაქის ცვლილებას აპირებს.

როგორც მოგეხსენებათ, ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა 28 მაისს, სანქტ-პეტერბურგშია ჩანიშნული, თუმცა გამოცემა წერს, რომ რუსეთის სახელმწიფოს ბოლოდროინდელი ქმედებების შემდეგ უეფაში ფინალური მატჩის ალტერნატიული მასპინძლის ძებნა დაიწყეს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში სურთ, რომ გადაწყვეტილება გათამაშების ფინალისტები გარკვევის შემდეგ მიიღონ, რათა მატჩის ადგილმდებარეობა ორივე გუნდისთვის მისაღები და მოსახერხებელი იყოს.

ერთ-ერთ ვარიანტად ლონდონის “უემბლი” სახელდება.

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული ტექსტი წაშალა

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს.

საქართველოს რაგბის კავშირმა გუშინ ამ მატჩთან დაკავშირებით ანონსი სოციალურ ქსელებში უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა, რითაც უკრაინას რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტში მხარდაჭერა გამოუცხადა.

გუშინვე, რუსეთის რაგბის კავშირმა რაგბი ევროპას მიმართა, რათა ქართულ მხარეს უკრაინულ ენაზე გამოქვეყნებული ტექსტი წაეშალა.

“რუსეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა რაგბი ევროპას მიმართეთ თხოვნით, რათა ეს სიტუაცია შეესწავლათ. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ მსგავსი პოსტის გამოქვეყნება მიუღებელი და წესების დარღვევა იყო. შემდეგ, რაგბი ევროპამ ქართულ მხარეს პოსტის წაშლა მოსთხოვა”, – განაცხადა რუსეთის რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ანტონ ხაზილოვმა.

დღეს, საქართველოს რაგბის კავშირის სოციალურ ქსელების გვერდებზე უკრაინულ ენაზე გამოქვეყნებული პოსტი აღარ ჩანს.

შოთას გუნდიდან გაუშვებენ? “ჰალი” ბოლო ადგილოსანთან უშანსოდ დამარცხდა

“ჰალ სიტი” ჩემპიონშიპის 34-ე ტურში ბოლოადგილოსან “ბარნსლისთან” 0-2 დამარცხდა.

“ჰალიმ” “ბარნსლისთან” სრულიად უშანსოდ წააგო, არადა “ჰალის” სტადიონი 2017 წლის შემდეგ ყველაზე მეტად გაივსო – 16 421 მივიდა მოგების სანახავად, თუმცა მოედანი ფანებმა თამაშის დასრულებამდე გაცილებით ადრე დატოვეს.

სოციალურ ქსელში გულშემატკივრების ერთი ნაწილი კვლავ არველაძის წასვლას და ყოფილი მწვრთნელის, გრანტ მაკკანის დაბრუნებას ითხოვს. “სიტი” გასავარდნ ზონას ნელ-ნელა უახლოვდება.

“კომპენსაციას როდის მივიღებ იმ ყველაფრისთვის, რასაც ვუყურე?”

“ჩემი ფიქრები და ლოცვები იმ 16 ათას ადამიანთან ერთად არის”

“მაკკანის წასვლის შემდეგ არაფერი გაკეთებულა”

“სამარცხვინო თამაში იყო, არაფერია სათქმელი”

ზინჩენკო: “ჩემი ქვეყანა უკრაინელებს ეკუთვნით, არაფერს დავთმობთ!”

“მანჩესტერ სიტის” უკრაინელმა ფეხბურთელმა ალეკსანდრ ზინჩენკომ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და მის სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“მთელი ცივილიზირებული სამყარო შეშფოთებულია ჩემს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო. ფოტოზე ჩემი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. ქვეყანა, რომლის ფერებსაც საერთაშორისო სპორტულ არენებზე ვიცავ. ქვეყანა, რომელსაც ვცდილობთ, რომ სახელი გავუთქვათ და განვავითაროთ. ჩემი ქვეყანა უკრაინელებს ეკუთვნით და მას ვერავინ წაგვართმევს. ჩვენ არაფერს დავთმობთ. დიდება უკრაინას!” – წერს ზინჩეკო Instagram-ში.

კეინი კონტესთან მუშაობით კმაყოფილია

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა კლუბთან კონტრაქტი შესაძლოა, გაახანგრძლივოს.

ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ “დეზებს” 28 წლის ფეხბურთელთან შრომითი ხელშეკრულების გრძელვადიანი პერიოდით გაგრძელება სურთ. თავის მხრივ, კეინს ლონდონური გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან მუშაობა მოსწონს და მისი პროექტით კმაყოფილია, თუმცა თვლის, რომ გადაწყვეტილების მისაღებად თებერვალი ან მარტი ადრეული პერიოდია. შეგახსენებთ, რომ ინგლისელ ფორვარდს გასულ წელს “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა სურდა.

ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 17 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს.

პოლონელებს რუსებთან მატჩის ჩატარება ნეიტრალურ მოედანზე სურთ

24 მარტს, მოსკოვში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები პოლონეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა, რასაც დასავლეთისგან მთელი რიგი სანქციები მოჰყვება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პოლონელებს რუსებთან შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება სურთ და ამისთვის ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში წერილის გაგზავნასაც აპირებენ. ამ ინფორმაციას პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი კამილ ბორტნიჩუკი ადასტურებს.

“ვეცდებით, რომ რუსეთის ნაკრებთან მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გავმართოთ. მე ვთვლი, რომ ასეთ სიტუაციაში პოლონელი სპორტსმენები რუსეთში არ უნდა გაემგზავრნონ”, – თქვა ბორტნიჩუკმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი სანქტ-პეტერბურგში აღარ ჩატარდეს, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძელი ქალაქის შეცვლა არ განიხილება.