საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობით იასპარეზებს საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე.

საქართველოს ნაკრები:

55კგ: გოდერძი ბერდელიძე
61კგ: რამინ შამილიშვილი
67კგ: შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე
73კგ: კახი ასანიძე
89კგ: რეზი დავითაძე
96კგ: ირაკლი გობეჯიშვილი
102კგ: ირაკლი ჩხეიძე
109კგ: გიორგი ჩხეიძე
+109კგ: ლაშა ტალახაძე
87კგ: ანასტასია გოტფრიდი

იბრაჰიმოვიჩი: “არც მოედანზე და არც მის მიღმა ასე არასდროს გავტანჯულვარ”

“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მუხლის ტრავმის დეტალები გაამხილა, რომელიც მთელი ნახევარი წლის განმავლობაში სტანჯავდა.

“უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში მარცხენა მუხლში ჯვარედინი მყესის გარეშე ვთამაშობდი. ნახევარი წლის განმავლობაში მუხლი შეშუპებული მქონდა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გუნდთან ერთად მხოლოდ ათჯერ შევძელი ვარჯიში. ამ პერიოდში ოცზე მეტი ინექცია გავიკეთე.

ექვსი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ მუხლს დაგროვილი სითხისგან მიცარიელებდნენ. ყოველდღიურად ვიღებდი ტკივილგამაყუჩებლებს, რადგან ტკივილის გამო ძილიც მიჭირდა. არც მოედანზე და არც მის მიღმა ასე არასდროს გავტანჯულვარ. შეუძლებელი შესაძლებლად ვაქციე.

თავში მხოლოდ ერთი მიზანი მიტრიალებდა: თანაგუნდელები და მწვრთნელი იტალიის ჩემპიონი უნდა გამეხადა, ვინაიდან მე მათ შევპირდი.

დღეს ახალი მყესი და კიდევ ერთი ტიტული მაქვს”, – დაწერა სოციალურ ქსელში იბრაჰიმოვიჩმა.

კარაგერი “იუნაიტედის” ახალ თავკაცს რონალდუს გაყიდვას ურჩევს

“ლივერპულის” ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას ურჩევს.

“იურგენ კლოპი “ლივერპულში” სერიოზულად მიუდგა იმ ფეხბურთელთა საკითხს, რომლებიც ბრენდან როჯერსისთვის იყვნენ შეძენილები. მან ასეთ მოთამაშეებს მაშინვე უთხრა: “წადით, თქვენ ჩემთვის არ ხართ”. კლოპმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ყველა მიხვდა, რომ ის საქმეს სერიოზულად მიუდგა.

ფიქრობ, ტენ ჰაგი რონალდუსთან დაკავშირებით ანალოგიურად უნდა მოიქცეს, მიუხედავად იმისა, მისცემენ თუ არა ამის უფლებას. მთელი ამ სეზონის მიმდინარეობისას ვამბობდი, რომ რონალდუს დამატება კარგი ტრანსფერი არ იყო”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს The Overlap-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდიდან წასვლაზე დაიწყო ფიქრი.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში “წითელი ეშმაკების” რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ლადო დვალიშვილი: “ხვიჩას “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გახდომა შეუძლია”

“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა იტალიურ გამოცემა spazionapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ხვიჩას ბევრი შრომა მოუწევს, რათა თავისი ნიჭი კიდევ უფრო გამოავლინოს. ის დიდებული ბიჭია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩემი აზრით, კვარაცხელია მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან წარმატებული მოთამაშე გახდება.

მას კიდევ უფრო გასაზრდელად წამყვანი ლიგა და ევროტურნირები სჭირდება. სწორი დრო არის “ნაპოლიში” გადასასვლელად, სერია A მნიშვნელოვანი ლიგაა, ლუჩანო სპალეტი კი ძლიერი სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ ყველაფრით იამაყებს.

ისეთ ნიჭიერ ფეხბურთელს, როგორიც კვარაცხელიაა, სერია A-ში თავის დამკვიდრება შეუძლია. შესაძლოა, ეს მაშინვე არ მოხდეს. ამისთვის დრო არის საჭირო. ასეთ ლიგაში თავის დამკვიდრება იოლი არ არის.

არც ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელის შეცვლაა მარტივი, როგორიც ინსინიე გახლავთ. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, განსხვავებული თვისებები და სათამაშო სტილი აქვთ. მათი პირდაპირი შედარება არ შეიძლება. ხვიჩა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ტალანტი წარმოაჩინოს. ვიმეორებ, მას დიდებული ლიგა და ისეთი დიდებული კლუბი სჭირდება, როგორიც “ნაპოლია”, რომელსაც სპალეტის სახით ძლიერი მწვრთნელი თავკაცობს.

კვარაცხელიას სხვა წამყვანი კლუბებიც აკვირდებოდნენ, მაგრამ მან “ნაპოლი” აირჩია. ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატზე აქვს გადატანილი, შემდეგ კი უკვე “ნაპოლიზე” გადაერთვება.

მე მას ვუთხარი, რომ მუშაობა გააგრძელოს, რათა “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდეს. ასეთ გუნდში გადასვლა მისთვის მხოლოდ დადებითი ფაქტორი იქნება”, – აღნიშნა ლადო დვალიშვილმა.

სიგიჟე ბულგარეთში – კლუბის პრეზიდენტი მოედანზე შეიჭრა და პენალტის დამრტყმელი შეცვალა (ვიდეო)

21 მაისს, ბულგარეთის ჩემპიონატის გასავარდნი ზონის ბოლო ტურში, “ცარკო სელომ” საკუთარ მოედანზე სოფიის “ლოკომოტივი” მიიღო და ფრე 1:1 ითამაშა.

მასპინძლებს ბულგარეთის უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, ამიტომაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

შეხვედრის ბოლო წამებში, როცა ანგარიში 1:1 იყო, არბიტრმა “ცარკო სელოს” სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. ბურთთან გამბიელი იუსუფა იაფა მივიდა. მოულოდნელად, მოედანზე კლუბის პრეზიდენტი სტოინ მანოლოვი შეიჭრა, რომელსაც სურდა, რომ დარტყმა მცველ კავდანსკის შეესრულებინა. პრეზიდენტმა იუსუფა იაფასთან ფიზიკური დაპირისპირებაც კი დაიწყო.

საბოლოოდ, პენალტი კავდანსკიმ შეასრულა, თუმცა მეკარემ ბურთი ხელებში დაიჭირა. შესაბამისად, “ცარკო სელო” მეორე დივიზიონში დაქვეითდა.

მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში, პრეზიდენტმა სტოინ მანოლოვმა განცხადება გამოაქვეყნდა და აღნიშნა, რომ მისი კლუბი პროფესიონალურ ფეხბურთში აღარ იასპარეზებს.

მიქელთაძემ ყველას დაასწრო – ნაკრები 11 ფეხბურთელით შეიკრიბა

24 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის ვილი სანიოლის გუნდში 29 ფეხბურთელია გამოძახებული.

საწვრთელი პროცესის დაწყების პირველ დღეს მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 11 ფეხბურთელი იყო. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ფეხბურთელებმა არასრული დატვირთვით ივარჯიშეს.

საქართველოს ნაკრების ლეგიონერები სრული შემადგენლობით ნაკრებს მომდევნო დღეებში შეურთდებიან. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეები კი, საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ, ნაკრების საწვრთნელ პროცესში 26 მაისს ჩაერთვებიან.

დღეს, საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია)

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00

რამდენი იყო ქეცბაიას წლიური ანაზღაურება საქართველოს ნაკრებში?

თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 5-წლის განმავლობაში წვრთნიდა და 2014 წელს დატოვა.

შემდეგ იყო “აპოელი”, “აეკი”, “ორენბურგი” და ბოლოს “ანორთოსისი”.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოს “ნეფთჩიმ” თემური აზერბაიჯანში მიიწვია, მისი პასუხი კი შემდეგი იყო – გუნდის ბიუჯეტის 20 მილიონ მანათამდე გაზრდა და ხელფასის სახით 350 ათასი ევრო.

დღეს ევრო-ლარის კურსით, 350 ათასი ევრო 1 მილიონ 70 ათასი ლარია. ქეცბას ამაზე მეტი ნაკრებში ჰქონდა, როცა 1 წლის განმავლობაში სამწვრთნელო შტაბს სპორტის სამინისტრო 2 მილიონ 520 ათას უხდიდა.

თავის მხრივ, “ანორთოსისმა” ევროტურნირებზე გასვლა ვერ შეძლო და მოსალოდნელია, რომ თავკაცს წასვლა მოუწიოს.

“ვალენსია” მამარდაშვილს “აკრძალულ” თანხას ადებს – პირველი მეკარე

ამ კვირაში “ვალენსიას” ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი ენილ მარტი და მფლობელი პიტერ სლიმი ერთმანეთს სინგაპურში შეხვდებიან და სხვადასხვა საკითხის შესახებ იმსჯელებენ.

ვალენსიური რადიო Esport გუნდის მეკარეებზე ინფორმაციას ავრცელებს.

  1. იასპერ სილესენი მიდის და გუნდი მისი სარფიანად გაშვების გზებს ეძებს. “ვალენსია” სილესენის გაყიდვით 5-დან 10 მილიონამდე თანხის მიღებას ფიქრობს და ნიდერლანდელის მაღალ ხელფასსაც მოიშორებს.
  2. ხაუმე მე-2 მეკარე იქნება.
  3. გიორგი მამარდაშვილი მომდევნო სეზონიდან, რა თქმა უნდა, მოედანზე პირველი მეკარის სტატუსით გამოვა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი მწვრთნელი მოვა და დარჩება თუ არა ბორდალასი. მამარდას უახლოეს დღეებში ახალი კონტრაქტი გაუფორმდება, რაც გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე 20-25 მილიონია. პრაქტიკულად “აკრძალული” თანხა.

მანამდე PlazaDeportivo წერდა, რომ “ვილიარეალი” ქართველის სანაცვლოდ 10 მილიონს იხდიდა.

სერია A-ს საუკეთესო მცველი იტალიის მოქალაქეობის მიღებას აპირებს

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, “ტორინოს” ცენტრალური მცველი გლეისონ ბრემერი იტალიის მოქალაქეობის მიღებას აპირებს.

წყაროს თანახმად, 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი და მისი მეუღლე უახლოეს მომავალში იტალიის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით განაცხადის წარდგენას აპირებენ. ბრემერი ბრაზილიის ნაკრებში არასდროს მიუწვევიათ.

გლეისონ ბრემერი იტალიის სერია A-ს 2021-2022 წლების გათამაშების საუკეთესო მცველად დაასახელეს. მან აწ უკვე გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ზუმამ კატაზე ძალადობა აღიარა

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” მცველი კურტ ზუმა ცხოველის მიმართ გამოვლენილი ძალადობის გამო, შესაძლოა, მკაცრად დაისაჯოს.

თებერვლის თვეში ფეხბურთელის ძმამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იყო ზუმას მიერ კატაზე ძალადობის ფაქტი. ფრანგი მოთამაშე შინაურ ცხოველს ურტყამდა, სხვადასხვა საგნებს ესროდა და მოკვლით ემუქრებოდა. ფაქტის გასაჯაროების შემდეგ ზუმამ ბოდიში მოიხადა, ცხოველთა უფლებების დამცველებმა მას კატები ჩამოართვეს, ფანები კი პრემიერლიგის მატჩების მიმდინარეობისას ფეხბურთელს სტვენით “ამკობდნენ”.

“დეილი მეილის” ცნობით, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე კურტ ზუმამ დანაშაული აღიარა. მისმა ძმამ კი ძალადობის წაქეზება აღიარა. პროკურორმა თქვა, რომ ძმების აგრესიული საქციელი კატის მიერ სავარძლის გაკაწვრამ გამოიწვია. საქმეზე განაჩენი 1-ელ ივნისს უნდა გამოცხადდეს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ნაგავია” – სკანდალური წარწერა “ბიბისი”-ს ეთერში

გაერთიანებული სამეფოს სამაუწყებლო კორპორაცია “ბიბისი” სკანდალში გაეხვა.

დილის ეთერის დროს მორბენალი სტრიქონის სახით გავიდა წარწერა: “მანჩესტერ იუნაიტედი” არის ნაგავი”.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ წამყვანმა ანიტა მაქვეიმ “წითელი ეშმაკების” ფანებს ბოდიში მოუხადა და ახსნა, რომ შეცდომა სტაჟიორმა დაუშვა, რომელიც მორბენალ სტრიქონთან მუშაობას სწავლობს.

მოგვიანებით ბოდიშის წერილი ტელეარხმაც გამოაქვეყნა:

“სწავლების პროცესის მიმდინარეობისას მორბენალი სტრიქონი ტექნიკური ხარვეზის გამო პირდაპირ ეთერში ჩაირთო. ნებისმიერი სახის შეურაცხყოფის გამო ბოდიშს ვიხდით”.

ბენზემა მბაპეზე: “შაბათს ფინალს ვთამაშობთ და ასეთ პატარა რაღაცებზე საუბრის დრო არაა”

მადრიდის “რეალის” ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ინტერვიუ მისცა და კილიან მბაპეზე ისაუბრა.

“მე გეტყვით, რომ შაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვთამაშობთ და ასეთ პატარა რაღაცებზე საუბრის დრო არაა. არ ვარ გაბრაზებული. უბრალოდ, ვამბობ, რომ საბოლოო მატჩზე ვარ ფოკუსირებული და უფრო მნიშვნელოვანია ამაზე ფიქრი, ვიდრე სხვა თემების მოსმენა” – განაცხადა ბენზემამ.

მბაპემ “რეალს” უარი უთხრა და კარიერის გაგრძელება “პსჟ”-ში არჩია.

ფინალი 28 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.