ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მილანის “ინტერი” “ლივერპულს” მიიღებს. დამდეგი შეხვედრის შესახებ “ნერიაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ისაუბრა.
“ვფიქრობ, ფავორიტი “ლივერპულია”, თუმცა ეს ორი შეხვედრა ჯერ კიდევ ჩასატარებელია. ჩვენი თამაშის სტილი უნდა დავაწესოთ. მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა საღი გონით ითამაშონ, რათა განსხვავება ვაჩვენოთ. გამარჯვებისკენ ვართ მოწადინებულნი.
ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩსა და პრემიერლიგაში მერსისაიდელთა უკანასკნელ შეხვედრას ვუცქირეთ. მათ თითოეულ პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები და დიდებული მწვრთნელი ჰყავთ. წარუმატებელი პასის გაკეთების შემთხვევაში, ისინი მაშინვე კონტრშეტევაზე გადმოდიან. ვირჯილ ვან დეიკსა და ალისონს ხელით მშვენივრად შეაქვთ ბურთი თამაშში, საკმაოდ შორს ისვრიან. “ლივერპულის” ფლანგის მცველები ძალიან სწრაფები არიან. საერთო ჯამში, მეტოქეს მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე შეუძლია უსიამოვნების მოტანა”, – აღნიშნა სიმონე ინძაგიმ.
მატჩი “ინტერსა” და “ლივერპულს” შორის 00:00 საათზე დაიწყება.
ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ლივერპული” მილანის “ინტერს” ესტუმრება. დამდეგი შეხვედრისა და სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების თაობაზე მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.
“ინტერი” ტოპგუნდია, რომელსაც უმაღლესი დონის მწვრთნელი და მოთამაშეები ჰყავს. ისინი შარშან ჩემპიონები გახდნენ და სერია A-ს სხვა კლუბების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ალბათ, ამ სეზონშიც საუკეთესონი არიან. ისინი საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობენ, ტაქტიკურად კარგად არიან განსწავლულნი, შემოქმედებითად მოქმედებენ და ინდივიდუალური ოსტატობაც მაღალ დონეზე აქვთ. უმაღლესი კლასის თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა შანსი გვქონდეს
სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების თაობაზე მერვედფინალურ ეტაპზე გასამართი ორი მატჩის შემდეგ მეტის თქმა შემეძლება. ზოგადად გეტყვით, რომ არ მახსენდება შეხვედრა, რომელშიც ჩვენი მიზანი თუნდაც ერთი გოლის გატანა ყოფილიყო. ჩვენ სტუმრად ყოველთვის ერთი მიზნით ვთამაშობთ – შედეგისთვის, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს.
არ ვიცი, რა ჩაითვლება დადებით რეზულტატად “ინტერთან” პირველი მატჩი. გამარჯვება მშვენიერი შედეგი იქნება, თუმცა შესაძლოა, ფრეც გვაკმაყოფილებდეს. ვნახოთ.
სტუმრად გატანილი გოლის წესი ყოველთვის მომწონდა. არ ვიცი, რატომ გააუქმეს ეს წესი, თუმცა ფაქტია, რომ აღარ მოქმედებს. არა უშავს, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს”, – განაცხადა კლოპმა.
მატჩი “ინტერსა” და “ლივერპულს” შორის 00:00 საათზე დაიწყება.
მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს.
როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (0:2) ერთ-ერთ ეპიზოდში იტალიელი ნახევარმცველი გაცხარდა და ედერ მილიტაოს დაუპირისპირდა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარზე იმსჯელა და ბარელა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
“ინტერი” “ლივერპულს” “ჯუზეპე მეაცაზე” 16 თებერვალს მიიღებს, განმეორებითი მატჩი კი “ენფილდზე” 8 მარტს ჩატარდება.
დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.
როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.
თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.
მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.
ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.
ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.
ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.
მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.