შოთა არველაძე: “რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, თქვან, რომ ომი დაიწყეს”

უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა Football24.ua-მ “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ.

– შოთა, თქვენ ოპერატიულად გამოეხმაურეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს – რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში გამოხატეთ.
– პირველ დღეს ვერ დავარქმევდი, დაპირისპირება წლებია გრძელდებოდა. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. თუ ისტორიას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ეს არ დაწყებულა 24 თებერვალს და საქართველოს შემთხვევაში, არც 2008 წელს. ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, მრავალი ათეული წლის წინ დაიწყო. 24 თებერვალი მორიგი ეტაპის ოფიციალური თარიღია. იგრძნობოდა, რომ შეტევა ადრე თუ გვიან მოხდებოდა.

– 26 თებერვალს თქვენმა “ჰალ სიტიმ” “პიტერბორო” დაამარცხა, თამაშის შემდეგ კი ისევ უკრაინაზე ისაუბრეთ. ზოგიერთი უკრაინელი საკუთარ ქვეყანას იმდენ ყურადღებას არ აქცევს, როგორც თქვენ.
– უკრაინაში განვითარებული მოვლენები მაწუხებს, არცთუ ისე შორს ვარ, ვკითხულობ და მაინტერესებს ამბები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხი. ვცდილობ გავიგო, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რატომ ვულოცავთ ერთმანეთს დაბადების დღეს? ჩემს მუსლიმ მეგობრებს ვურეკავ და რამადანს ვულოცავ. ისინიც თბილ სიტყვებს მეტყვიან აღდგომის დღესასწაულზე. ამ დროს ვიღაც თავს უფლებას აძლევს სხვისი ნაწილი წაიღოს და მშვიდობიანი ქვეყანა დაბომბოს. ის შენ არ გეკუთვნის და შენი კუთვნილი არასდროს გახდება. მერე ზოგიერთს უკვირს, რომ ვიღაცას ისინი არ უყვარს და არც პატივს სცემს.

– იქნებ ეს მენტალიტეტითა და ღირებულებებით აიხსნას?
– ბავშვობაში მასწავლიდნენ: “არასოდეს შეეხო სხვას”. ეს ყველაფერი პატარაობიდან იწყება. ბებიას პატარა აგარაკი ჰქონდა. მისი მეზობლის ბაღში ალუბლის დიდი ხე გაიზარდა, რომლის ტოტებიც ბებიის ეზო გადმოჰყურებდა. ბავშვებს ძალიან გვინდოდა ამ ალუბლის ჭამა, მაგრამ ბებიამ ხელებზე დაგვარტყა და აგვიხსნა: “ეს ჩვენი არ არის”. სულ მცირე, უნდა გვეკითხა, შეიძლება თუ არა სხვისი ხისგან ალუბლის ჭამა. ეს მხოლოდ ხილია და დღეს ვიღაც სხვას სიცოცხლეს ართმევს.

– თქვენს ერთ-ერთ მიმართვაში ასეთი რამ თქვით: “არ მინდა, ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა იგივე გზას უკრაინა გადის. სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება”. როგორ მოგწონთ უკრაინის რეაქცია ამ ბოროტებაზე?
– საქართველოს მთელი ისტორია ომებისგან შედგება. ჩვენ მუდმივად ომში ვიყავით, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ გმირები არ გვჭირდება. თუ გმირები გჭირდებათ, მაშინ რაღაც ისე ვერ არის. ცხოვრება გმირების გარეშე შესაძლებელია. შვეიცარია რატომღაც გმირების გარეშე ცხოვრობს, აშენებს სახელმწიფოს და ეკონომიკას. ან შეხედეთ დღევანდელ გერმანიას. სხვა გმირები ჰყავს – აინშტაინი, გოეთე, ფილოსოფოსები, მწერლები. ან იგივე სკანდინავიელები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ბრილიანტად აქცევენ. ისინი მშვიდად ცხოვრობენ და ზრუნავენ თავიანთ კეთილდღეობაზე. ნუთუ მართლა შეუძლებელია ასე ცხოვრება? ნუ გამოიგონებთ სხვადასხვა ლეგენდებს, ნუ დაიწყებთ ომებს. მოხარული ვიქნები, უკრაინას გმირები რომ არ სჭირდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ХХІ საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გმირები. უკრაინა გმირი ქვეყანაა. თქვენი ხალხი უძლებს, იბრძვის სამშობლოსთვის და არა მარტო სამშობლოსთვის. უკრაინა თავისუფლებას აძლევს სხვებს. მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ გულით მიხარია, რომ არის ერი, რომელსაც ასე შეუპოვრად ბრძოლა შეუძლია.

– თავიანთ ფრონტზე იბრძვიან უკრაინელი ფეხბურთელებიც. შევჩენკო, იარმოლენკო, ზინჩენკო და მიკოლენკო ბრიტანეთში ბევრს აკეთებენ ჩვენი გამარჯვებისთვის.
– მათგან ყველაზე კარგად შევას ვიცნობ. უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ნაცნობობა მაკავშირებს – ადრე ვესაუბრე ლეონიდ ბურიაკს და სხვა უკრაინელებს. ვკითხე, როგორ იყო საქმეები, დახმარება შევთავაზე. ვიცი, რაოდენ უჭირთ მათ. 2008 წელს მეც მირეკავდნენ მთელი მსოფლიოდან. ტერიტორიულად საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიყავი, ამსტერდამში, მაგრამ საქართველოში იყვნენ ჩემი შვილები, მშობლები და ძმები.

– მაშინ შინ დაბრუნებას ცდილობდით?
– ჩარტერული რეისის დაჯავშნას ვაპირებდი, მაგრამ ახლობლები უარზე იყვნენ. მაინც წავედი, ტრაპიზონით ჩავედი. ამიტომ, როგორც არავის, მესმის, რას გრძნობს თითოეული უკრაინელი. ყოველდღიური ნერვიულობა, ახალი ამბების კითხვა… ჩვენც დაგვბომბეს, ვერტმფრენებიდანაც გვესროდნენ, ქალაქებიც დაინგრა, ქვეყნის 25 პროცენტის ოკუპირება მოახდინეს. მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ომი მაქსიმალურად მალე დასრულდეს თქვენი გამარჯვებით. მთელი საქართველო ღელავს უკრაინაზე, ყველას გვტკივა. მეც ვღელავ, ჩემი მშობლებიც ღელავენ, რომლებიც 75 წლის ასაკის არიან, ღელავენ ჩემი შვილებიც. მიჭირს ამაზე საუბარი და უბრალოდ გვერდიდან ყურება.

– 2010 წელს დიკ ადვოკატმა მიგიწვიათ რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ თქვენ უარი თქვით. 2018 წელს უგულებელყავით რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში მომხდარის შემდეგ შეუძლებელი იყო საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლა?
– ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი. არის რაღაცები, რასაც უბრალოდ არ აკეთებ. ეს ჩემი ქმედებებია, რის გაკეთებასაც საჭიროდ ვთვლიდი. ყველა ისე იქცევა, როგორც გული ეუბნება. ეს არ არის გმირობა, არ არის აუცილებელი პრინციპის ჩვენება. ეს ის შემთხვევაა, როცა ჯდები, ფიქრებში ეფლობი და საკუთარ თავს ეუბნები: “არა, ამას არ გავაკეთებ”.

– უკრაინის ნაკრებთან არაერთხელ გითამაშიათ. რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად უკრაინაში თქვენი ვიზიტებიდან?
– მახსოვს, როგორ დავმარცხდით 2004 წელს ლვოვში 0:2. მე და შევა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაგვასახელეს. პრიზი გადმომცეს, თუმცა იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ეს ჯილდო გასახდელში დამავიწყდა. საერთოდ, ლვოვმა გამაკვირვა. თამაშამდე ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდით და ადგილობრივებისგან მხოლოდ უკრაინული ენა გვესმოდა. კიევში სტუმრობისას ძირითადად რუსული მესმოდა.

– უკრაინის საკითხი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალურ თემად რჩება. ყველაზე დიდი ყურადღება ბრიტანელებისგან იგრძნობა. არც თქვენი “ჰალ სიტია” გამონაკლისი.
– ინგლისში თითქმის დილიდან საღამომდე უკრაინის მოვლენებზე საუბრობენ. ყველას საერთო ხედვა აქვს – სხვისას ვერ მიითვისებ. იცით, რა არის გასაკვირი – რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, რასაც უკრაინაში აკეთებენ, სიტყვა “ომი” უწოდონ. რა სპეცოპერაცია? არ არსებობს ორთვიანი და სამთვიანი ოპერაციები. ოპერაცია მაქსიმუმ ერთი ან ორი საათია. ეს კი თვეების საკითხია. მსოფლიოს ვერც კი ეუბნებიან, რომ ომი დაიწყეს. ეს ყველაზე ცუდია. თუ ასეთი მაგარი ხარ, ღიად უნდა თქვა.

– თქვენი ბიძა არის ვახტანგ კიკაბიძე, უკრაინის დიდი მეგობარი. როგორ აღიქვამს ის რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ?
– მან დიდი ხნის წინ თქვა უარი რუსეთში გადაცემულ ჯილდოებზე. ასევე უარი თქვა მოსკოვში გამგზავრებაზე და მრავალი წელია იგნორირებას უკეთებს ამ ქვეყანას. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბევრი რამ ახსოვს წარსულიდან: ცუდიც და კარგიც. თეატრის, მუსიკისა და კინოს სფეროს ადამიანებს შორის კომუნიკაციის კულტურა, ალბათ, საბჭოთა პერიოდის პოზიტივს ეკუთვნის. მაგალითად, ლია ახეჯაკოვა დავასახელოთ, რომელიც გამოდის და საჯაროდ აკრიტიკებს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, საქართველოში ამის გაკეთება უფრო იოლია. ვახტანგ კიკაბიძე საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკოსია. როგორც ვიცი, ის თქვენი პრეზიდენტის ახლო მეგობარია და ყოველთვის სიამოვნებით ჩადის კიევში.

– უკრაინა ყოველდღიურ ტკივილს განიცდის, თუმცა მედგარ წინააღმდეგობას უწევს. გჯერათ ჩვენი გამარჯვების?
– ვიცი, რომ სიმართლე ერთია. ვიცი, რომ თქვენი ხალხი ბრძოლას გააგრძელებს. შეიძლება ამ ომის ცალკეულ ბრძოლებში დამარცხდეთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებთ. ერი, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა და მიწა, დაუმარცხებელია. თქვენ ხართ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა. კიევი ათას წელზე მეტი ხნისაა, მას დიდი მემკვიდრეობა აქვს. მისი სიმბოლო ჩემთვის კიევ-პეჩერის ლავრის მოოქროვილი გუმბათებია. ეს ისეთივე წმინდა ადგილია, როგორც ქართული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვარი თუ გელათის მონასტერი…

იცოდეთ, რომ ჩვენ, ქართველები მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. ვისურვებდი, რომ ომი ძალიან მალე დასრულებულიყოს. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ უკრაინისთვის. თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციები რეგულარულად იმართება. ეს არის რიგითი ქართველების ნება. ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს, გვიხარია, რომ თქვენ გვერდით ვართ. თუმცა, გვინდა, რომ უფრო მეტი უკრაინელი შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ტურისტი. გვინდა, რომ უკრაინელებმა მშვიდად იცხოვრონ თავიანთ ქვეყანაში. ღმერთი იყოს თქვენთან. ყველა უკრაინელს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ძალას და მოთმინებას.

„ბითლზის“ მეხუთე წევრი

22 მაისს ლეგენდარულ ჯორჯ ბესტს 75 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით Fanebi.com-ი ბესტის განვლილი ცხოვრების შესახებ მოგითხრობთ. შეუძლებელია, ერთ პუბლიკაციაში ამ ფეხბურთელის ბიოგრაფიაზე დაწვრილებით ვისაუბროთ, ამიტომ დღეს მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს წარმოგიდგენთ.


ჯორჯ ბესტი 1946 წლის 22 მაისს კრეგაგში, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტის აღმოსავლეთ რაიონში დაიბადა.

ბესტი ფეხბურთით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. „ჯორჯი ბურთს არასდროს შორდებოდა“, – იხსენებს ბესტის დედა.

პატარა ჯორჯი საკუთარი სახლის ეზოში მუდამ ფეხბურთს თამაშობდა, კარად კი მამის ავტოფარეხს იყენებდა, ხშირად ბურთთან ერთად ეძინა კიდეც.

ბესტის პირველი კლუბი „კრეიგ ბოიზის“ საბავშვო გუნდი იყო. ჯორჯმა საკუთარი ტალანტის წარმოჩენა შესანიშნავად მოახერხა. 1957 წელს, 11 წლის ასაკში ბესტმა სკოლის გრანტი მოიგო და ქალაქის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა, თუმცა იქ სპორტის ერთადერთი სახეობა რაგბი გახლდათ, ბესტი კი ფეხბურთით იყო „მოწამლული“. საბოლოოდ, ჯორჯის მშობლები მიხვდნენ, რომ შვილი სხვა სკოლაში უნდა გადაეყვანათ. ბესტი ლისნაშარგის სკოლაში მოხვდა, სადაც ის ძველ მეგობრებს შეხვდა და ფოკუსირებაც ფეხბურთის თამაშზე გადაიტანა.

რამდენიმე წელიწადში ბესტით ბელფასტის „გლენტორანი“ დაინტერესდა, თუმცა კლუბმა ფეხბურთელის აყვანა მისი სიგამხდრის გამო გადაიფიქრა. რას წარმოიდგენდნენ მაშინ, რომ ასეთ გენიას დაკარგავდნენ?!

სამაგიეროდ, 1961 წელს ბესტი ინგლისში ჩადის და ვარჯიშს „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკოლაში იწყებს.

1963 წელს, 17 წლის ასაკში ბესტმა სკოლაში სწავლას თავი მიანება და მშობლებს განუცხადა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომა სურს, თუმცა ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლის და ინგლისიდან სამშობლოში ბრუნდება. მალე ჩრდილოეთ ირლანდიაში „მანჩესტერის“ თავკაცი მეთ ბასბი ჩადის და ბესტი ისევ გუნდში მიჰყავს. 1963 წლის 14 სექტემბერს, 17 წლის ასაკში ბესტს „მანჩესტერის“ რიგებში დებიუტი აქვს. იმ შეხვედრაში „იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ ანგარიშით 1:0 დამარცხა. პირველ სეზონში ბესტმა 26 ჩატარებულ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა, „მანჩესტერი“ კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა. „წითელ ეშმაკებს“ ოთხი ქულით აჯობა „ლივერპულმა“.

1964 წელს დებიუტი აქვს ჩრდ. ირლანდიის ნაკრებში.

1965 წელს „მანჩესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონის პირველ ტიტულს იგებს.

1966 წელს იმ დროისთვის ევროპის უძლიერეს კლუბად მიჩნეულ „ბენფიკას“ „მანჩესტერი“ ანგარიშით 5:1 უგებს. პირველი ორი გოლი ბესტის ანგარიშზეა. ამ დროს პორტუგალიურ მედიაში ბესტს „ბითლზის“ მეხუთე წევრი შეარქვეს. ბესტმა თავისი ნიჭის წყალობით მოახერხა და ხალხისა და მედიის ფავორიტი გახდა. ამ უკანასკნელის გულის მოგება კი არცთუ ისე ადვილი საქმე იყო. ფეხბურთელის გრძელი თმა მის ექსტრავაგანტულობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ბესტი მოურჯულებელ, თავისუფალი სულის მატარებელ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ამიტომაც ბევრი მასთან კომპრომისზე მიდიოდა. ის ერთგვარი მსახიობიც იყო, კარგად იცოდა, რა სურდა პუბლიკას, იცოდა სკანდალის ფასიც, უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამიტომაც იყო ასეთი ხმაურიანი.

1967 წელს ბესტი „მანჩესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი მეორედ გახდა.

1968 წელს „მანჩესტერი“ პირველი ინგლისური კლუბი ხდება, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო. ამავე წელს ბესტი ინგლისისა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

60-იან წლებში ბესტმა ბიზნესმენობასაც მიჰყო ხელი და ქალაქ მანჩესტერში ორი ღამის კლუბი გახსნა. გარდა ამისა, ის ფლობდა რამდენიმე სამოდელო ბუტიკს, თუმცა ბესტს მხარზე სამი მაცდური ეშმაკი აჯდა: აზარტული თამაშები, ქალები და ალოკოჰოლი. „მანჩსტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მეთ ბასბის წასვლის შემდეგ ბესტი კიდევ უფრო უდისციპლინო გახდა, ხშირად ჰქონდა კონფლიქტი კლუბის ახალ ხელმძღვანელობასთან, რამაც ზეგავლენა მოახდინა „იუნაიტედის“ შედეგზეც. „წითელი ეშმაკები“ სუსტ მეტოქეებთან ხშირად აგებდა, გამარჯვებული სულის მქონე ბესტი კი მარცხს ძნელად ეგუებოდა.

ბესტი „იუნაიტედში“ თამაშობდა იმ პერიოდში, როცა ფეხბურთელებს ნომრებს სათამაშო პოზიციის მიხედვით აძლევდნენ. მარჯვენა ფლანგზე თამაშისას ლეგენდარულ ფეხბურთელს 7-ნომრიანი მაისური ემოსა, მოგვიანებით ის მარცხენა ფლანგზე გაამწესეს, სადაც 11-ნომრიანი ფორმა არგუნეს. იყო პერიოდი, როცა ბესტი 8 და 10-ნომრიანი მაისურებითაც ასპარეზობდა. ერთხელ კი, როცა ბობი ჩარლტონს ტრავმა ჰქონდა, მისი 9-ნომრიანი ფორმა ბესტმა მოირგო. იმ დღეს „მანჩესტერმა“ „შეფილდს უენსდეის“ ანგარიშით 1:0 მოუგო. იმ ერთადერთი გოლის ავტორი კი სწორედ ბესტი გახლდათ.

1970 წელს „ნორთჰემპტონის“ კარში ექვსი გოლი გაიტანა.

1971 წელს ჩრდ. ირლანდიის ნაკრების რიგებში კვიპროსს სამ გოლს უტანს და ნაკრებიდან მიდის, რადგან მას მოკვლით ემუქრებიან.

1972 წლის 26 მაისს ბესტი კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას აკეთებს.

1973 წელს ბრუნდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში და ორ თვეში მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გუნდიდან კვლავ მიდის. საბოლოოდ, ბესტმა „წითელი ეშმაკების“ რიგებში ჩატარებულ 470 მატჩში 179 გოლი გაიტანა.

1975 წელს თამაშს იწყებს „სტოკპორტში“, საიდანაც „ფულემში“ გადადის.

1978 წელს კარიერას ამერიკაში აგრძელებს, მაგრამ „ფულემი“ ფიფაში ჩივის და აცხადებს, რომ ბესტმა კლუბი დაუკითხავად დატოვა. ფიფა ბესტს მსოფლიო მასშტაბით დისკვალიფიკაციას აძლევს და ნებისმიერ დონეზე თამაშს უკრძალავს.

1979 წელს ფიფასგან თამაშის ნებართვას იღებს და შოტლანდიურ „ჰიბერნიანში“ გადადის.

1980 წელს კარიერას ისევ ამერიკულ ლიგაში აგრძელებს.

1984 წელს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო აპატიმრებენ. ბესტი ფეხბურთს არც ციხეში ყოფნის დროს ივიწყებდა და რამდენჯერმე პატიმრების გუნდის შემადგენლობაშიც კი ითამაშა.

1985 წელს კარიერას საბოლოოდ ასრულებს. საერთოდ, სათქმელია, რომ ბესტმა თავისი შესაძლებლობები სრულად მაინც ვერ აჩვენა და პირველ რიგში, ეს თავისივე ბრალია. ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელი ცხოვრობდა საკუთარ ნებაზე და არა ისე, როგორც ნამდვილი სპორტსმენი.

1990 წელს ერთ-ერთ შოუზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მთვრალი მივიდა და საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

1996 წელს სურვილი აქვს, ირლანდიის ნაკრები გაწვრთნას, მაგრამ უარს ეუბნებიან.

1998 წელს ბრიტანულ ტელევიზიაში მუშაობას ფეხბურთის ექსპერტის რანგში იწყებს.

2001 წელს გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღებისგან თითქმის დაშლილ ღვიძლს ურთულესი ოპერაციის შედეგად იცვლის.

2003 წელს სასტუმროში ატეხილი ჩხუბის გამო ისევ აპატიმრებენ.

2004 წელს მართვის მოწმობას ორი წლით ართმევენ – ბესტი საჭეს ისევ ნასვამი მართავდა.

2005 წლის 1 ოქტომბერს საავადმყოფოში გრიპის ვირუსით წვება.

2005 წლის 15 ნოემბერს ექიმები აცხადებენ, რომ ბესტი უმძიმესი ავადმყოფია და მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. 20 ნოემბერს ბრიტანულმა გაზეთმა News Of The World–მა საავადმყოფოში მოთავსებული ბესტის სურათი მისივე თხოვნით გამოაქვეყნა. გაზეთმა ალკოჰოლიკებისთვის ლეგენდარული ბრიტანელის ბოლო რჩევა მსხვილი შრიფტით დაწერა: „ნუ მოკვდებით ისე, როგორც მე“.

2005 წლის 25 ნოემბერს ბესტის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მისი მკურნალი ექიმი აკეთებს.

2005 წლის 3 დეკემბერის წვიმიან დღეს, ბელფასტში ჯორჯ ბესტი დაასაფლავეს. უკანასკნელ გზაზე იგი 32 ათასმა ადამიანმა გააცილა და ერთი ამდენი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით უბრალოდ არ დაუშვეს.

2006 წლის 22 მაისს, როცა ბესტს 60 წელი უნდა შესრულებოდა, ბელფასტის აეროპორტს ამ ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი მიანიჭეს.

ქართველ ფეხბურთელთაგან ბესტის წინააღმდეგ მსოფლიო პირველობაზე რევაზ ძოძუაშვილს უთამაშია. ძოძუაშვილმა საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელის ორი მაისური ჩამოიტანა. ერთი მათგანი თბილისის მუზეუმს უსახსოვრა, მეორე კი – ქუთაისისას. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, თბილისის მუზეუმში არსებული ბესტის ფორმა 50 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა და მისი კვალი დაიკარგა. მეორე ფორმა კი ახლაც ქუთაისის სპორტის მუზეუმში ინახება. ბევრია მისი ყიდვის მსურველი, მაგრამ ვინღა გაყიდის მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის მაისურს?!

ვილი სანიოლი — მწვრთნელი ჰიტცფელდის ფილოსოფიითა და უხერხული განცხადებებით

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მარჯვენაფლანგელი მცველი ვილი სანიოლი დაინიშნა, რომლის სამწვრთნელო კარიერაც მხოლოდ ოთხ წელს ითვლის. ფრანგმა ბუცები ლურსმანზე 2009 წელს, 32 წლის ასაკში, ხშირის ტრავმიანობის გამო დაასრულა, თუმცა ფეხბურთში დარჩენა გადაწყვიტა.

სანიოლს “ბაიერნში” თამაშის პერიოდში არაერთ წარმატებულ სპეციალისტთან უმუშავია და გასაკვირი არ არის, რომ მან საკმაოდ სწრაფად აუღო ალღო სამწვრთნელო მუშაობის სპეციფიკას. სანიოლს მოთამაშის კარიერა სულ ოთხი წლის დასრულებული ჰქონდა, როდესაც საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდეს. მან ამ პოზიციაზე ერთი წლის განმავლობაში, 2013-დან 2014 წლამდე იმუშავა და საკმაოდ წარმატებულადაც. გუნდმა ცხრა მატჩიდან შვიდი გამარჯვებით, ორი კი ფრედ დაასრულა, ბურთების შეფარდებით 29-6-ზე. მაშინ სანიოლის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც არიან: ანტონი მარსიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლიუკა დინი (“ევერტონი”), ფლორენ ტოვენი (“მარსელი”), ადრიან რაბიო (“იუვენტუსი”), სამიუელ უმტიტი (“ბარსელონა”), იაია სანოგო (“ტულუზა”), ჯეფრი კონდოგბია (“ატლეტიკო”). სანიოლს სათამაშო წყობის ვარირების შესაძლებლობა ეძლეოდა და ხშირად ცვლიდა სქემას 4-4-2-დან ე.წ. “რომბით” – 4-2-3-1.

საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრებში ვილი სანიოლის წარმატებული შედეგებმა უმალ მიიქცია საფრანგეთის პირველი და მეორე ლიგების კლუბთა ყურადღება. მათ შორის იყო “ბორდოც”, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის ხილვა სურდა, თუმცა ალტერნატიულ ვარიანტად სწორედ სანიოლის კანდიდატურას მიიჩნევდა.

“ჟირონდელებმა” ახალბედა სპეციალისტს ნდობა გამოუცხადეს და რაც მთავარია, შემდგომი განვითარებისთვის საჭირო რესურსებითაც უზრუნველყვეს.

სანიოლმა “ბორდოში” “ბაიერნის” ყოფილი თავკაცის, ოტმარ ჰიტცფელდის ფილოსოფია მიიტანა:

“მინდა შემტევი გუნდის ხილვა. “ბაიერნში” გავიგე, რომ დიდი შედეგების მისაღწევად მოედანზე თამაშით უნდა ისიამოვნო. ამისთვის კი საჭიროა ბურთის ფლობა და თავისუფლად მოქმედება. ჩემს ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, ღირსეულად მართებთ თავიანთი საქმის შესრულება, მაგრამ რა აზრი ექნება ამას, თუ მაყურებელი სიამოვნებას ვერ მიიღებს?”

სადებიუტო სეზონის მეორე ტურში სანიოლის” ბორდომ” “მონაკო” ანგარიშით 4:1 დაამარცხა, თუმცა იმ სეზონში “ჟირონდელებს” ასეთი დიდი სხვაობით აღარ მოუგიათ. “ბორდოში” სანიოლის მუშაობის პირველი წელი დადებითად შეფასდა, გუნდმა წინა სეზონის შედეგი გააუმჯობესა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი დაიკავა.

საზოგადოება შეთანხმდა, რომ ვილი სანიოლისგან კარგი მწვრთნელის დადგომა შესაძლებელი იყო, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა თავადვე შეილახა იმიჯი და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს არა შედეგებით, არამედ თავისი განცხადებებით “მოახერხა”.

“სანამ “ბორდოს” მთავარი მწვრთნელი ვიქნები, აფრიკელ ფეხბურთელებს ნაკლებად შევიძენთ. არ მინდა, რომ ყოველ ორ წელიწადში აფრიკის თასის გამო ნახევარი გუნდი დავკარგო. აფრიკელი მოთამაშეების მთავარი უპირატესობები დაბალი ხელფასი, სიიაფე, მებრძოლი ხასიათი და ფიზიკური ძალაა, მაგრამ ფეხბურთში ტექნიკა, ინტელექტი და დისციპლინაც მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული”, – თქვა სანიოლმა.

ამ განცხადების შემდეგ ფრანგი სპეციალისტი ბევრმა აითვალწუნა, მას რასიზმში დასდეს ბრალი და აფრიკული წარმომავლობის ფეხბურთელები მომდევნო ტურის ბოიკოტირებითაც დაიმუქრნენ.

“ვწუხვარ, თუ ჩემმა სიტყვებმა ან მისმა არასწორად ფორმულირებამ ვინმე შეურაცხყო ან გაანაწყენა. ბოდიშს ვიხდი. მე მხედველობაში მხოლოდ ფეხბურთი მქონდა. ინტელექტის თაობაზე ჩემი სიტყვები მხოლოდ ტაქტიკურ განსწავლულობას ეხებოდა. არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობდი ადამიანების გონებრივი შესაძლებლობების დონეს”, – თავი იმართლა მოგვიანებით სანიოლმა.

ფრანგი სპეციალისტის კიდევ ერთი უხერხული განცხადება მსაჯის მიმართ იყო ნათქვამი, რის გამოც ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა. სანიოლმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ამჯერადაც სცადა თავის მართლება:

“ეს ხუმრობა იყო, რომელიც არასწორად გაიგეს. ის მსაჯის მიმართ ვთქვი, მაგრამ იმ კომენტარში რაიმე სახის რისხვა ან აგრესია არ ჩამიდია. ეს იყო უბრალოდ ვაზელინთან დაკავშირებული სახალისო ამბავი… ხედავთ? თქვენც გეცინებათ. ჩემი აზრით, ამ სიტყვებში საწყენი არაფერია. სადისციპლინო კომიტეტს განმარტებები მივეცი, მაგრამ ჩემს საქმეს მოწყენილი და იუმორს მოკლებული ხალხი განიხილავდა”.

ვილი სანიოლს პოზიტიურად აღარ უყურებდნენ, “ბორდომ” შედეგებიც გააუარესა და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციამდე ჩამოქვეითდა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. სანიოლს 2015-2016 წლების სეზონი “ბორდოში” აღარ ჩაამთავრებინეს.

ამის შემდეგ ვილი სანიოლს სამუშაოდ აღარ იწვევდნენ, ფრანგმა თავისი სიტყვებით თითქოს კარიერა მოისპო კიდეც. სანიოლი ერთი წელი უსაქმოდ იყო, შემდეგ კი შანსი მისცეს იქ, სადაც უყვართ – მიუნხენის “ბაიერნში”. 2017 წელს ბავარიელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ სანიოლი თანაშემწედ მიიწვია, თუმცა მათი თანამშრომლობა ხანმოკლე აღმოჩნდა. სანიოლის მისვლიდან ორ თვეში იტალიელი სპეციალისტი გაათავისუფლეს, ფრანგმა კი “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე გადაინაცვლა, მაგრამ ბავარიელები მასში დიდ პოტენციალს ვერ ხედავდნენ და ამ თანამდებობაზე მხოლოდ რვა დღე გააჩერეს, შემდეგ კი იუპ ჰაინკესი და მისი სამწვრთნელო შტაბი მოიყვანეს. იმ რვა დღეში “ბაიერნმა” სანიოლის” ხელმძღვანელობით ერთი მატჩი ჩაატარა – გუნდმა “ჰერტასთან” ფრედ, 2:2 ითამაშა.

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერაში 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ წყვეტაა. მას შემდეგ ფრანგი ძირითადად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა. თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კი მწვრთნელ სანიოლს შანსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეძლევა.