იბრაჰიმოვიჩი აშშ-ში?

შვედური გაზეთი Aftonbladet-ი იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უახლოეს პერიოდში კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, მარტის ბოლოს შვედმა ფეხბურთელმა აშშ-ის გრძელვადიანი ვიზის მისაღებად საჭირო პროცედურები უკვე გაიარა. იბრაჰიმოვიჩს ნათქვამიც ჰქონდა, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში შესაძლოა, MLS-ის ერთ-ერთ კლუბს მიაშუროს.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში 33 წლის თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 26 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

 

„თუ ყველას ეცოდინებოდა, რომ ჰომოსექსუალი ვარ, ფეხბურთელი, ალბათ, ვერ გავხდებოდი“

რობი როჯერსი ამერიკის სპორტული ლიგების ისტორიაში ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ის გეია.

2013 წლის აპრილში „კოლამბუს კრიუს“ შემადგენლობაში MLS-ის ჩემპიონი და აშშ ნაკრების ყოფილი მოთამაშე პორტლენდის LGBT ფორუმის მონაწილე იყო. აღნიშნული ღონისძიება „ნაიკის“ სპონსორობით ტარდებოდა: ზუსტად ამ პერიოდში კომპანიამ ტანსაცმლის ახალი მოდელი, სახელად „Be True“ გამოუშვა, რომელიც უმცირესობებს მიუძღვნა. აღნიშნული მოდელი სპეციალურად იმ ახალგაზრდებისთვის შეიქმნა, რომლებიც საჯაროდ თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ვერ საუბრობენ.

ერთ თვეში კი მან ფეხბურთში დაბრუნება დაადასტურა – „გალაქსიმ“, „ჩიკაგომ“ და „სიეტლმა“ მას კონტრაქტიც შესთავაზეს. საბოლოოდ, რობინ ლოს-ანჯელესი აირჩია, სადაც თავს კარგად იგრძნობდა. ის ამ ქალაქისგან სულ რაღაც 50 კილომეტრში დაიბადა. „კრიუში“ თამაშის პერიოდში მის სახლს კალიფორნიელი მხატვრების ნამუშევრები ამშვენებდნენ. კალიფორნიიდან ის ფლორიდაში გაემგზავრა, სადაც ნიჭიერი იუნიორების პროგრამით მუშაობდა. 17 წლის რობიმ ქვეყნის „სოკერის“ სტუდენტური ჩემპიონატიც მოიგო. აღსანიშნავია, რომ აქამდე მისი უნივერსიტეტი აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული მხოლოდ 1968 წელს იყო, შესაბამისად, ამ ვუნდერკინდმა მის ისტორიაში ახალი წვლილი შეიტანა.

Robbie Rodgers1

„ჰერენვენის“ სკაუტები თინეიჯერს სწავლისთვის თავის დანებებასა და ევროპაში გადასვლას სთავაზობდნენ. როჯერსი ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდულ გუნდში შრომობდა, მაგრამ ძირითადი გუნდის მწვრთნელების ყურადღება მაინც ვერ დაიმსახურა. შემდეგ ის „კრიუში“ გადავიდა. ხუთი წლის განმავლობაში როჯერსი ამ გუნდის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, რეგულარული ჩემპიონატი ორჯერ მოიგო და ერთხელ MLS-ის გამარჯვებულიც გახდა. აშშ-ში ბოლო სეზონის მიხედვით (2011 წელს), რობიმ გუნდის ყველაზე მშრომელი ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა. მაშინდელ ინტერვიუებში ის მეტად მორიდებული იყო.

მწვრთნელმა საიმონ გრეისონმა ამერიკელი ფეხბურთელი „ლიდსში“ მიიწვია, თუმცა ჩემპიონშოპში მის პირველ მატჩამდე ის კლუბში აღარ იყო. ინგლისში რობის ვერაფერი გამოუვიდა: სადებიუტო მატჩის ათი წუთის შემდეგ მან ტრავმა მიიღო, შემდგომ კი გაირკვა, რომ საქმე ტვინის შერყევასთან იყო. ორ თვეში რობიმ ფეხიც მოიტეხა – საბოლოოდ, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.

როდესაც ის თავის ორიენტაციას მალავდა, გულის სირღმეში თანაგუნდელთა მხრიდან მეტოქეების ჰომოსექსუალებად მოხსენიება მისთვის, რასაკვირველია, უსიამოვნო იყო.

2012 წელს რობიმ მეგობრებს, დასა და დედას უთხრა, რომ ის გეია. იმავე წლის თებერვალში ამის შესახებ ფეხბურთელმა თავის საიტზე დაწერა: „ყველა ამბობს, რომ გულახდილობა ადვილია. მაშინ 25 წლის ასაკში აუხსენით ახლობლებს, რომ ჰომოსექსუალი ხართ. მეგონა, ამ საიდუმლოს სამუდამოდ შევინახავდი. დროა, ახალი ცხოვრება დავიწყო. გულახდილობა კარგია და ის ცხოვრებას უკეთესად ხდის. დასამალი არაფერი აღარ მაქვს – მე თავისუფალი ვარ“. თავიდან სპორტსმენმა ფეხბურთზე უარი თქვა.

როჯერსმა მაშინვე თქვა, რომ LGBT აქტივისტი არ გახდებოდა, მაგრამ მედია ამ თემას არ ივიწყებდა: ინტერვიუები, სემინარებზე დაპატიჟება, ავტობიოგრაფია და სერიალი ტელეარხ ABC-ს ეთერში… მასთან ჯეისონ კოლინსიც კი მივიდა, ამერიკელი კალათბურთელი, რომელმაც საუკეთესო წლები „ნიუ-ჯერსი ნეტსს“ შესწირა, 2013 წლის აპრილში კი „Sports Illustrated“-ისთვის მცირე ესე დაწერა, რომელშიც თავისი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ პირველად დაწერა. მაშინ ის თავისუფალი აგენტი იყო, ცოტა ხანში კი „ბრუკლინ ნეთსად“ ქცეულმა კლუბმა მას ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

rogers23

როჯერსი კონსერვატიულ ოჯახში გაიზარდა: მამამისს გეიების ეშინოდა და პატარა ბიჭს დის სათამაშოებს ართმევდა.

აღიარებისა და ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ სპორტსმენმა კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ თავკაცმა ბრიუს არენამ ის მარცხენა ფლანგის ძირითად მცველად ათამაშა. მისი თამაში იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ „Whoscored“-ის ვერსიით, როჯერსი მეშვიდე მცველად დასახელდა. 2008 წელს რობიმ „კრიუსთან“ თასი მოიგო და იმის ნაცვლად, რომ თანაგუნდელებთან გამარჯვება აღენიშნა, სახლში წავიდა… 2014 წელს ყვველაფერი პირიქით იყო, უკვე თავისუფალი ადამიანი სხვებთან ერთად თავს ღიად გრძნობდა!

„დიდი მადლობა რობი როჯერსს ყველაფერისთვის, რაც მან სხვებისთვის გააკეთა“, – ბარაკ ობამა.

“ლოს ანჯელეს გალაქსიმ” ჯერარდის მაისურების გაყიდვა უკვე დაიწყო (ვიდეო)

“ლოს ანჯელეს გალაქსიმ” სტივენ ჯერარდის ფორმის გაყიდვა უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ამერიკულ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს შეუერთდება. ის “ლოს ანჯელეს გალაქსიში” 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჯერარდი “ლივერპულში” 1998 წლიდან თამაშობს. მას მერსისაიდული გუნდის რიგებში 701 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სება ჯოვინკო – სხვა კონტინენტზე გადასული „ჭიანჭველა“

ერთი კვირის წინ სებასტიან ჯოვინკოს კანადურ „ტორონტოში“ ტრანსფერი დადასტურდა. ხვალ, 26 იანვარს, სებას 28 წელი შეუსრულდება. ასაკიდანვე ჩანს, რომ სებასტიან ჯოვინკო აშშ-ში სათამაშოდ გადასასვლელად ჯერ ახალგაზრდაა. სხვა მხვრივ, იგი არც კაკა, არც ტიერი ანრი და არც დევიდ ბექჰემია – სებას იტალიის ნაკრების შემადგენლობაში სულ ათი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „იუვენტუსში“ მას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს.

„პარმადან“ მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ „ატომური ჭიანჭველა“ მოედანზე იშვიათად ჩნდებოდა, მასიმილიანო ალეგრის მოსვლის შემდეგ კი მისთვის სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. მიმდინარე სეზონში ჯოვინკომ სერია ა-ში სულ შვიდი მატჩი ჩაატარა, აქედან ძირითად შემადგენლობაში მან ორი შეხვედრა დაიწყო, თუმცა ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა. ერთადერთხელ სებამ თავი იტალიის თასის მატჩში გამოიჩინა. თუ „პარმაში“ მეორე სეზონს არ ჩავთვლით, შედეგიანობით ჯოვინკო ვერც ადრე გამოირჩეოდა. სებასტიანი იმ ფეხბურთელის კლასიკური მაგალითია, რომელიც მშობლიურ კლუბში თავს ვერაფრით იმკვიდრებს. მაშინაც კი, როდესაც, თითქოს, მას უკვე ხშირად თამაში უნდა დაეწყო, კლუბის ხელმძღვანელობამ სებას პოზიციაზე ახალი მოთამაშეები მოიყვანა და მას ახალი გამოცდა მოუწყო. თანაც, „იუვეს“ სათამაშო სქემაში მისი პოზიციის მოთამაშე ვერც ხვდებოდა. პატარა და ტექნიკური სება ბევრ გუნდს გამოადგებოდა, რომელთა შორისაც „იუვენტუსი“ ნამდვილად არ არის. ძირითად შემადგენლობაში ვიდალის ან პირლოს შეცვლა სებასტიანს ვერ გამოუვიდოდა, ხოლო მეტოქის კართან ხიფათის შექმნაზე თუ ვისაუბრებთ, ამ კომპონენტში იგი ვერც კარლოს ტევესს სჯობნიდა.

Sebastian_Giovinco_(Formica_Atomica)_Juventus

მასიმილიანო ალეგრი „ატომურ ჭიანჭველას“ პირლოს ან ტევესის ნაცვლად ათამაშებდა. ხშირად ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ასეთ სიტუაციაში ფეხბურთელის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებული საუბრები არავის უკვირს. ჯოვინკოს გვარს სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ, იყო „ტორინოში“ გადასვლის ვარიანტიც, რათა მას მშობლიური ქალაქი არ დაეტოვებინა, თუმცა მისი ხილვა თავად „ხარების“ გულშემატკივრებმაც არ ისურვეს, მათთვის „იუვეს“ აღზრდილის საყვარელი გუნდის მაისურში ხილვა მიუღებელი აღმოჩნდა. იყვნენ ისეთ კლუბებიც, რომლებიც ჯოვინკოს კონტრაქტს სთავაზობდნენ, თუმცა შემდეგომ კლუბს სათანადო თანხას ვერ უხდიდნენ. „

„ტორონტო“ MLS-ის ყველაზე ცნობილი და მდიდარი კლუბი ნამდვილად არ არის, თუმცა მას გულშემატკივრები და ფინანსები საკმარისად გააჩნია. სხვათაშორის, კანადური კლუბის კაპიტანი მაიკლ ბრედლია, რომელსაც „კიევოში“ და „რომაში“ თამაშის გამოცდილება გააჩნია. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ თავისი გამოცდილებით იგი ახალ თანაგუნდელს ადაპტაციაში ხელს შეუწყობს. ჯოვინკოს დახმარებით, „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში უფრო მაღლა აიწევს და წარმატებას მიაღწევს. მსგავსი რამ „ლოს-ანეჯეს გალაქსის“ ერთ-ერთ ლიდერ რობი კინს გამოუვიდა, რომელმაც გუნდთან ერთად ჩემპიონატიც მოიგო. ჯოვინკო, ალბათ, მსგავს წარმატებას ვერ მიაღწევს, თუმცა მას წარმატებული სათამაშო მონაკვეთის ჩატარება ნამდვილად შეუძლია. სებას წარუმატებლობაში „იუვენტუსის“ დადანაშაულება არ შეუძლია – კლუბმა მას მეორე შანსი მისცა, რომლის გამოყენებაც მან, უბრალოდ, ვერ შეძლო.

როგორც ჩანს, სებამ უკკე თვითონაც აღიარა, რომ მისი კლასი ამბიციებს ვერ შეესაბამებოდა, ამიტომაც კონტინენტის შეცვლა ასე ადრე გადაწყვიტა. დიახ, ჯოვინკომ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მას ახალი ცხოვრების დაწყება შეუძლია. „ატომურ ჭიანჭველას“ MLS-ის ვარსკვლავად ჩამოყალიბების შანსიც უჩნდება. იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ვერ იპოვით კლუბს, რომელიც ჯოვინკოს, ხელფასის სახით, ხუთ მილიონ ევროს გადაუხდიდა. ტურინში მის თამაშს 2,2 მილიონ ევროდ აფასებდნენ. ასე რომ, სებასტიანის გადაწყვეტილების გაგება სავსებით შესაძლებელია. ახალ ქვეყანაში ჯოვინკო მუდმივი ყურადღების ცენტრში იქნება, მის სახელს გულშემატკივრები ადგილობრივ გამოცემებში ხშირად ნახავენ. „ტორონტოში“ თამაშის კიდევ ერთი დადებით მხარე ქალაქი უნდა იყოს, რომელშიც სება თავისუფალ დროს საინტერესოდ უნდა ატარებდეს.

ვინ იცის, იქნებ, კომპიუტერთან მჯდომმა ანტონიო კონტემ ერთ დღესაც „ტორონტოს“ თამაშის ყურება გადაწყვიტოს და თავისი ყოფილი ფეხბურთელის გამოსვლა ნახოს. რა თქმა უნდა, ამის საშუალება მას ადრეც ჰქონდა, თუმცა მაშინ იგი გუნდთან ერთად მუსაობდა და მთლიან დროს ჯოვინკოს ყოველთვის ვერ უთმობდა, თანაც მოედანზე იგი მუდმივად სათადარიგოთა სკამიდან ჩნდებოდა, ამიტომაც სრულყოფილად მისი გამოსვლის შეფასება არც თუ ისე ადვილი იქნებოდა.

ახალ გუნდში ჯოვინკოს გაცილებით მეტი მოვალეობა ექნება. ასე რომ, ვარსკვლავობა მას გარანტირებული სულაც არ აქვს. გამორიცხული არაა, „ატომურმა ჭიანჭველამ“ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლოს და ლიდერის როლი ვერ შეასრულოს. ასეა თუ ისე, ყველაფერს მალე გავიგებთ, თანაც, სებას „იუვენტუსიდან“ ლამაზად და დასამახსოვრებლად წასვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს – „ტორონტოს“ იგი მხოლოდ მიმდინარე ევროპული სეზონის დამთავრების შემდეგ შეუერთდება.

რონალდუ შესაძლოა, MLS-ში წავიდეს

ბრიტანული “დეილი მეილის” ცნობით, მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა, კარიერა MLS-ში გააგრძელოს.

29 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა განმარტა, რომ რონალდუ ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში შესაძლოა, მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს “სამეფო კლუბთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წელს ეწურება. ამ დროის ის უკვე 33 წლისა იქნება.

კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც “რეალში” 2009 წლიდან თამაშობს, “ბლანკოსთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2008 და 2013 წლებში “ოქროს ბურთი” დაისაკუთრა.

 

„ლოს-ანჯელეს გალაქსი“ რონალდინიოსთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა

მექსიკური საიტის „Codice Informativo“-ს ცნობით, ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდინიო, რომელიც სექტემბერში მექსიკურ „კუერეტაროს“ შეუერთდა, ამერიკული MLS-ის კლუბ „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გადასვლასთან ახლოსაა. კალიფორნიული კლუბი ლენდონ დონოვანის შემცვლელს ეძებს, რომელიც კარიერას სულ მალე დაასრულებს.

თავის მხრივ, მექსიკური კლუბის ხელმძღვანელობამ იმის იმედი გამოთქვა, რომ ბრაზილიელი კონტრაქტის ბოლომდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ მოქმედი ხელშეკრულება მხარეებს ორი წლით აკავშირებთ.

რონალდინიოს აშშ-ში შესაძლო ტრანსფერი, პირველ რიგში, ფინანსებთანაა დაკავშირებული.

კაკა MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

„ორლანდოს“ ბრაზილიელი ნახევარმველი კაკა აშშ-ს MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. კონტრაქტის მიხედვით, სამხრეთ ამერიკელი მიმდინარე სეზონში 7,167 მილიონ დოლარს მიიღებს.

ლიგის მაღალანაზღეურებად ფეხბურთელებს შორის ასევე კლინტ დემპსი (6,695 მილიონი დოლარი), მაიკლ ბრედლი (6,5 მილიონი), ჯერმეინ დეფო (6,18), ლენდონ დონოვანი (4,58 მილიონი), ტიერი ანრი (4, 35 მილიონი) და რობინი კინი (4,5 მილიონი) არიან.

ვენგერი “მანჩესტერ სიტის” ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევაში ადანაშაულებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შეშფოთებას გამოთქვამს ფრენკ ლამპარდის “მანჩესტერ სიტიში” შესაძლო გადასვლის გამო. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, ამ გზით კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ფინანსური ფეარ-პლეის წესი დაარღვიოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ლამპარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ნიუ-იორკ სიტის” შეუერთდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, MLS-ის ახალი სეზონის დაწყებამდე შესაძლოა, 36 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა იჯარის წესით “მელბურნ სიტის” ან “მანჩესტერ სიტის” მიაშუროს. აღსანიშნავია, რომ სამივე დასახელებულ კლუბს მფლობელთა ერთი ჯგუფი მართავს, რაც ვენგერის აღშფოთებას იწვევს.

“ეს სიურპრიზია. როგორც ჩანს, “სიტის” სახელით არსებული ეს კლუბები მთავარ კლუბს, “მანჩესტერ სიტის” მოამარაგებენ. მსმენია იმის შესახებ, რომ მათ მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი კიდევ ხუთი კლუბის შეძენა სურთ. ფინანსურ ფეარ-პლეის საკმარისად კარგად არ ვიცნობ, თუმცა გეტყვით, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ეს ფრანშიზა (“ნიუ-იორკ სიტი”) 100 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ კლუბში გადასულ მოთამაშეებს მომდევნო წლამდე MLS-ში თამაში არ შეეძლებათ, თუმცა მათ იჯარის წესით სხვა კლუბებში გადაბარგების უფლება ეძლევათ. არის თუ არა ეს ფინანური ფეარ-პლეისთვის თავის არიდება? არ ვიცი. ჩვენ თანხას ჩვენი კლუბისთვის ვხარჯავთ და ამით მოხარულები ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სხვა კლუბები შევიძინოთ”, – ვენგერის სიტყვებს Yahoo ციტირებს.

 

სტივ ჯერარდი საზღვარგარეთ თამაშზე დაფიქრდა

“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მზადყოფნა გამოთქვა, რამდენიმე წლის შემდეგ ფრენკ ლამპარდს მიბაძოს და საკუთარი ძალები საზღვარგარეთ გამოსცადოს. ამის შესახებ 34 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა აშშ-ში ყოფნის დროს განაცხადა, სადაც საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი მიმდინარეობს.

ჯერარდს მერსისაიდულ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა მომავალში თუ მას რომელიმე უცხოური კლუბი დაუკავშირდება, სტივი წინადადებას განიხილავს.

„არ ვიცი, შესაძლოა ერთხელ მეც ასე მოვიქცე. ეს თემა არასდროს განმიხილავს და არც არავისთვის მითქვამს რაიმე ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა, ერთხელ მართლაც მოვისურვო “ლივერპულიდან” მცირე ხნით წასვლა, რათა ახალი რამ გამოვცადო.

ვფიქრობ, ფრენკმა შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო (“ნიუ-იორკ სიტიში” გადავიდა, – ავტ.). მან საოცარი კარიერა მოიწყო და ინგლისში დასამტკიცებელი აღარაფერი ჰქონდა.

ფრენკმა “ჩელსისთან” ერთად რეკორდები დაამხო და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ჩემი აზრით, მან იდეალური გადაწყვეტილება მიიღო“, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Four Four Two.

სტივენ ჯერარდს ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ 475 მატჩში 111 გოლი აქვს გატანილი.

 

ჟულიო სეზარი „ქუინს პარკში“ დაბრუნდა

ჟულიო სეზარი „ტორონტოდან“ „ქუინს პარკ რეინჯერსში“ დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მეკარე MLS-ის კლუბში იჯარის წესით ექვსი თვის განმავლობაში თამაშობდა. ამ დროის პერიოდში ჩაატარა შვიდი მატჩი და გაუშვა 9 გოლი, ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ამასთან, ერთხელ მის მიერ შესრულებული მოგერიება კვირის საუკეთესო სეივადაც დაასახელეს.

ჟულიო სეზარმა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა, რომლიდანაც ნახევარი გერმანიის ნაკრებმა გაუტანა.

 

ოფიციალურად: ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა

ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველი ფრანკ ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა.

როგორც მოგეხსენებათ, ამ ახალი ამერიკული კლუბის ფორმირება სულ ახლახან დაიწყო და ლამპარდი გუნდის მეოთხე ფეხბურთელი გახლავთ. მანამდე „ნიუ-იორკ სიტიმ“ დავიდ ვილია, ჯებ ბოროვსკი და ჯოშ საუნდერსი დაიმატა.

ლამპარდმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანამ ახალი ჩემპიოანტი დაიწყება, 36 წლის ინგლისელი ფეხბურთელი იჯარის წესით ავსტრალიურ „მელბურნში“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ წინა 13 სეზონი ლამპარდმა ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა და 211 გატანილი გოლით გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

„ჩელსის“ რიგებში ლამპარდმა სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს, ოთხჯერ დაისაკუთრა ინგლისის თასი, ორჯერ კი — ლიგის თასი. ფეხბურთელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 106 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

რობინიოც „ორლანდო სიტიში“ მიდის

ბრაზილიური პრესის ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელი რობინიო „ორლანდო სიტიში“ გადავა, თუმცა მანამდე იჯარის წესით მშობლიურ „სანტოსში“ ითამაშებს.

ამერიკული კლუბი MLS-ში ასპარეზობას 2015 წლის მარტიდან დაიწყებს. იმისთვის, რომ რობინიოს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ფორმა არ დაკარგოს, მას იჯარის წესით „სანტოსში“ გაუშვებენ.

სწორედ ამავე სქემით აიყვანა „ორლანდო სიტიმ“ რიკარდო კაკა, თუმცა განსხვავება ის გახლავთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი არა „სანტოსში“, არამედ „სან პაულუში“ გაანათხოვრეს.