საქრთველოს 20-წლამდე ნაკრებმა ალბანეთის 21-წლამდე გუნდი გაანადგურა

დღეს საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.

ვასილ მაისურაძის შეგირდები ალბანეთის 21-წლამდე გუნდს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩვენი უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა. გოლის გატანა თამაშის დაწყებიდან მალევე მოვახერხეთ: მეათე წუთზე სპანდერაშვილმა შეაგდო. ტაიმის მიწურულს კი თავი მეკარემაც გამოიჩინა – ნიკა ქავთარაძემ პენალტი მოიგერია.

მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა, ორივე ჩვენი მეტოქის კარში. ჯერ ბუღრიძემ 69-ე წუთზე შეარხია მეტოქის ბადე, ხოლო ნურიმ 73-ეზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. საბოლოოდ, ჩვენმა ბიჭებმა ასაკით უფრო დიდ ნაკრებს ანგარიშით, 3:0 მოუგეს.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ქავთარაძე, კიკალიშვილი (კერელეიშვილი 80), ცერცვაძე, ყურშავიშვილი (ბულუხაძე 80), გაბიტაშვილი, ძებნიაური (წულეისკირი 74), ბუღრიძე (შეწირული 80), სამურკასოვი, ფოჩხუა, კვანტალიანი (საღრიშვილი 58), სპანდერაშვილი (ბაკურაძე 74).

სათადარიგონი: ისიანი, გურგენიძე, მუზაშვილი, ბერიაშვილი.

 

“პსვ”-მ პრე-სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა (ვიდეო)

21 ივლისს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა “პსვ”-სა და “პორტოს” შორის, სადაც ჰოლანდიელებმა 3-0 იმარჯვეს. შეხვედრის 76-ე წუთზე მესამე, ულამაზესი გოლის გატანა ადამ მაჰერმა შეძლო. აღსნანიშნავია, რომ მსგავსი სილამაზის გოლი მიმდინარე პრე-სეზონზე არ გასულა.

იხილეთ ვიდეო…

“ბაიერნი”: ანჩელოტიმ გამარჯვებით დაიწყო; რიბერიმ და რობენმა გაიტანეს

დღეს კარლო ანჩელოტის დებიუტი ჰქონდა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცის რანგში. “რეკორდმაისტერი” სტუმრად გერმანულ “ლიპსტადტს” დაუპირისპირდა…

შეხვედრაში ანგარიში გრინმა გახსნა მე-9 წუთზე. ამას მალევე მოჰყვა რობენის გოლი (მე-16 წუთზე). რიბერიმ 33-ზე სამამდე გაზარდა უპირატესობა. შემდეგ იყო იოსვინგის ავტოგოლი და “ბაიერნი” მეორე ტაიმის საწყის წუთებში უკვე 4:0-ს იგებდა. თუმცა, მეტოქეთა ფეხბურთელებმა 52-ე, 57-ე და 88-ე წუთებზე შეძლეს სხვაობა ერთამდე შეემცირებინათ. საბოლოოდ, ანჩელოტიმ მაინც მოახერხა სადებიუტო შეხვედრის მოგება, ანგარიშით 3:4.

გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას…

საქართველო 1:1 ყაზახეთი (ფოტორეპორტაჟი)

საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის “დინამო არენაზე” გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გთავაზობთ Fanebi.com-ის ფოტორეპორტიორ თამარ აფციაურის მიერ მომზადებულ ფოტოკოლაჟს.

თამარ აფციაურის ფოტოები

Posted by Fanebi.Com on 2016 წლის 29 მარტი, სამშაბათი

ქართულ-ყაზახური დაპირისპირების ქრონიკა

საქართველოს ნაკრები კალენდარული წლის პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით “დინამო არენაზე” ყაზახებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეს სულ სამი მატჩი აქვთ ჩატარებული. ბალანსი აბსოლუტურად დაცულია: 2005 წელს ყაზახეთში გამართული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მაშინ ორივე გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. იმავე წელს თბილისში ჩატარებული მატჩი უგოლოდ მიილია.  ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ბოლოს 2013 წელს, ასტანაში ითამაშეს. იმ შეხვედრაში მასპინძლებმა ერთი გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს. თანაბარია გატანილი და გაშვებული ბურთების მაჩვენებელიც: 2-2.

  • ყაზახეთი 1:2 საქართველო — 17.08.2005 ალმათი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი;
  • საქართველო 0:0 ყაზახეთი — 08.10.2005 თბილისი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი;
  • ყაზახეთი 1:0 საქართველო — 14.08.2013 ასტანა, ამხანაგური მატჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური მატჩი სამშაბათს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა “დინამო არენას” სალაროებშია შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

ლიოვი: “გვესმის, რომ საქართველოში უნდა მოვიგოთ”

გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის კაიზერსლაუტერნში გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

“ბუნდესგუნდის” მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მატჩი შეაჯამა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან კვირას გასამართ შეხვედრასაც შეეხო.

“გუნდში არსებულ საკადრო სიტუაციაზე მორგება მსურდა. საერთო ჯამში, მატჩი ცოტა არეული გამოვიდა. პირველ ტაიმში ღირსეულად გამოვიყურებოდით, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში სათანადო დონეზე ვერ ვიყავით. რამდენიმე კარგი შანსი მოგვეცა, თუმცა შემდეგ ჩრდილში აღმოვჩნდით. მეორე ტაიმში გამართული სქემით ვერ ვმოქმედებდით და მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში საიმედოდ ვერ ვითამაშეთ. ვერ შევასრულეთ ის, რისი იმედიც გვქონდა. გვესმის, რომ კვირას, საქართველოში უნდა მოვიგოთ”, – ლიოვის კომენტარი გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

გერმანიის ნაკრები ავსტრალიასთან მარცხს გადაურჩა (ვიდეო)

გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის კაიზერსლაუტერნში გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მასპინძლები შეხვედრის მე-17 წუთზე მარკო როისის გოლის წყალობით დაწინაურდნენ. სტუმრებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, სამი ხედირამ სწრაფად მარცხენა ფლანგი განვლო და საჯარიმოში გახსნილი როისი მოძებნა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით მეტოქის კარში გადაგზავნა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე სტუმართა შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბურთის თავისუფლად მოწოდების შემდეგ ანგარიში თავური დარტყმით ჯეიმს ტროიზიმ გაათანაბრა, რომელმაც პოზიციურად იონას ჰექტორს აჯობა.

მეორე ნახევრის დებიუტში მაილ ედინაკმა საჯარიმო დარტყმით ავსტრალიელები სულაც დააწინაურა.

აზიის ჩემპიონთან მსოფლიოს ჩემპიონები მარცხისგან ლუკას პოდოლსკიმ იხსნა, რომელიც მოედანზე 73-ე წუთზე გავიდა, რვა წუთში კი შიურლე-ჰექტორის კომბინაცია გოლით დააგვირგვინა.

29 მარტს გერმანიის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს “დინამო არენაზე”, საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ამხანაგური მატჩი:
გერმანია — ავსტრალია 2:2 (1:1)

გერმანია: ცილერი, ჰიოვედესი, ბადშტუბერი (რუდი 46′), მუსტაფი, ჰექტორი, იოზილი, ხედირა (კრამერი 63′), როისი (პოდოლსკი 73′), გიუნდოგანი, ბელარაბი (შიურლე 64′), გიოტცე (კრუზე 73′).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

გოლები: როისი 17′, პოდოლსკი 81′ — ტროიზი 40′, ედინაკი 50′.

 

საქართველოს ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ ივარჯიშა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს 5 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლიხტენშტეინთან გამართავს. თემურ ქეცბაიას გუნდმა მატჩისთვის მზადება 3 მარტს დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადონზე ივარჯიშეს.

გთავაზობთ ვიდეომასალას.

„დინამო თბილისი“ მორიგ საკონტროლო მატჩს რუსული კლუბის წინააღმდეგ გამართავს

თურქეთში შეკრებაზე მყოფი „დინამო თბილისი“ მორიგ საკონტროლო მატჩს დღეს, რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნალჩიკის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

„სპარტაკი“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. რუსული გუნდისთვის ეს თურქულ შეკრებაზე გასამართი რიგით მეორე შეხვედრა იქნება. პირველი მატჩი „სპარტაკმა“ ბულგარულ „მონტანასთან“ ანგარიშით 0:2 დათმო. შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბის ღირსებას ქართველი თავდამსხმელი დავით სირაძე იცავს.

რაც შეეხება „დინამოს“, თბილისური გუნდისთვის ეს ამ შეკრებაზე რიგით მეხუთე მატჩი იქნება. წინა შეხვედრები ამ შედეგებით დასრულდა:

„დინამო თბილისი“ 1:1 „პოდბესკიძიე“ (28 იანვარი);
„დინამო თბილისი“ 1:2 სპლიტის „ჰაიდუკი“ (31 იანვარი);
„დინამო თბილისი„ 1:2 „მლადა ბოლესლავი“ (3 თებერვალი);
„დინამო თბილისი“ 1:0 „ჩერნომორეცი“ (შეწყდა 65-ე წუთზე; 6 თებერვალი).

„დინამოსა“ და ნალჩიკის „სპარტაკს“ შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი