რობერტო კარლოსი: „ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნა მსურს“

თურქული „აკხილარ ბელედიეს“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო კარლოსმა თავისი მიზნების შესახებ ისაუბრა.

„ჩემი მიზანი ქვეყნის ეროვნული ნაკრების გაწვრთნაა. ვიცი, რომ მიზნის მისაღწევად დიდი გზის გავლა მომიწევს, ამიტომაც კონკრეტულ დროზე ვერ ვისაუბრებ.

2006 წელს გულშემატკივართა კრიტიკაზე არ გავბრაზებულვარ. ნაკრებში ჩინებული მომენტები მქონდა.

ჯამში ქვეყნის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 14 წლის განმავლობაში ვითამაშე და რამდენიმე ტიტულიც მოვიგე. ნაკრები ძალიან მიყვარს და იქ სიამოვნებით დავრუნდებოდი.

მწვრთნელობა ადვილი საქმე არაა. ფეხბურთელობის დროს კარგად მოვემზადე და ზეწოლასთან ბრძოლა ვისწავლე“, – განუცხადა კარლოსმა „Folha de Sao Paulo“-ს.

დვალის ავტოგოლი და არველაძის ფრე რობერტო კარლოსთან (ვიდეო)

თურქული სუპერ ლიგის 23-ე ტურში შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” “ახისარ ბელედიერსპორს” უმასპინძლა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ლაშა დვალი, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და ერთ-ერთ ეპიზოდში საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში დიდი წვლილიც შეიტანა.

საქმე იმაშია, რომ “ქასიმფაშა” დამაჯერებლად, 2:0 იგებდა, როცა 19 წლის ქართველმა მცველმა 65-ე წუთზე ბურთ საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ზუსტად 10 წუთში კი სტუმრებმა მეორეც გაიტანეს და საბოლოო 2:2 დაფიქსირდა.

23 თამაშში მოპოვებული 29 ქულით შოთა არველაძის გუნდი ამჟამად მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

რობერტო კარლოსმა “აკჰისარ ბელედიესპორი” ჩაიბარა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე და “სივასპორის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რობერტო კარლოსი, “აკჰისარ ბელედიესპორის” მწვრთნელი გახდა.

ბრაზილიელ სპეციალისტთან კონტრაქტი 1,5-წლით გაფორმდა. “აკჰისარი” თურქულ სუპერლიგაში 15 ტურის შემდეგ მე-11 საფეხურზეა.

შეგახსენებთ, რობერტო კარლოსი დეკემბერში თურქეთის საუკეთესო მწვრთნელი გახდა, რამდენიმე დღეში კი ის “სივასპორიდან” ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

რობერტო კარლოსმა თურქეთი დატოვა

“სივასპორის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო კარლოსმა თურქული კლუბის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

“სივასპორის” ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი. მიჭირს გამომშვიდობება. აქ ყველაფერი შესანიშნავი იყო. ყველას მადლობას გიხდით. ნახვამდის”, – დაწერა სოციალურ ქსელში რობერტო კარლოსმა.

ბრაზილიელი “სივასპორის” თავკაცის პოსტზე 2013 წლის ივნისიდან მუშაობდა. თურქული კლუბი მისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გუნდი იყო.

 

კარლოსი სივასპორსს ტოვებს

თურქული პრესის ცნობით, “სივასპორის” 41 წლის თავკაცი, რობერტო კარლოსი, დაკავებული თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს. მისმა გუნდმა უკანასკნელ 6 შეხვედრაში 5 მარცხი იწვნია და თურქულ სუპერლიგაში ამჟამად მე-17 პოზიციაზე იმყოფება.

რობერტო კარლოსი “სივასპორს” 2013 წლიდან თავკაცობს. გასული სეზონი მისმა გუნდმა მეხუთე პოზიციაზე დაასრულა.

მოსალოდნელია, რომ “სივასპორს” 42 წლის სერგენ იალჩინი ჩაიბარებს.

რობერტო კარლოსი: “ფილიპე ლუისი პაოლო მალდინის მაგონებს”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი და თურქული “სივასპორის” მოქმედი თავკაცი რობერტო კარლოსი დარწმუნებულია, რომ “სელესაოს” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა გუნდს კვლავ დააბრუნებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე.

“ბრაზილიურმა პრესამ უნდა შეიგნოს, რომ დუნგას საკუთარი სტილი აქვს. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. საერთოდაც, ვერ გამიგია, რატომ გაათავისუფლეს ის 2010 წელს. ადრე თუ გვიან, ბრაზილიის ნაკრები დაბრუნება და ჩვენ კვლავ გავხდებით მსოფლიოს ჩემპიონები. უახლოესი ტურნირი კოპა ამერიკაა. ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს კარლოსის სიტყვებს Goal.com-ი.

მან ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი მცველის, ფილიპე ლუისის შესახებაც გააკეთა კომენტარი და ის ლეგენდარულ პაოლო მალდინის შეადარა.

“ფილიპე ლუისი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მე ის პაოლო მალდინის მაგონებს, ისეთივე კლასიკურ სტილში თამაშობს, აუჩქარებელი მანერით”, – აღნიშნა რობერტო კარლოსმა.

“სელესაოს” ყოფილმა მცველმა მარსელოზეც ჩამოაგდო სიტყვა:

“მარსელო იმავეს აკეთებს, რასაც თავის დროზე მე ვაკეთებდი. მან დაცვითი უნარებიც გააუმჯობესა. მარსელომ მადრიდის “რეალისთვისაც” ბევრი გააკეთა და ეროვნული გუნდისთვისაც. ჩემი აზრით, ის დღესდღეობით საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველია”.

 

რობერტო კარლოსი: „რონალდუ მესის გადამწყვეტ მოქმედებებში სჯობს“

ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ექს-ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა ერთანეთს „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი შეადარა.

„კრიშტიანუ მსოფლიოში საუკეთესოა, მესი კი იმას აკეთებს, რისი გაკეთებაც სხვებს ვერ გამოუვიდათ. იგი რეკორდებს ამყარებს, თუმცა რონალდუ მას საბოლოო მოქმედებებში სჯობს“, – განაცხადა კარლოსმა.

გარდა ამისა, ბრაზილიელმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზეც ისაუბრა, რომელშიც „რეალი“ არგენტინულ „სან-ლორენცოს“ შეხვდება.

„სამხრეთამერიკელთათვის აღნიშნული ტიტული ჩემპიონთა ლიგას უდგრის. რაც შეეხება „რეალს“, ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია“, – დაასრულა კარლოსმა.

TOP 10: ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე მოთამაშეები ფეხბურთის ისტორიაში

სპორტულმა პორტალმა Bleacher Report-მა ფეხბურთის ისტორიაში ათი ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე მოთამაშე დაასახელა.

ედერი

eder

ტონი იებოა

Tony Yeboah

დევიდ ჰირსტი

David Hirst

მიხაელ ტარნატი

Michael Tarnat

ალექსი

Alex

რონალდ კუმანი

Ronald Koeman

იონ არნე რიისე

John Arne Riise

პიტერ ლორიმერი

Peter Lorimer

რონი

rnny

რობერტო კარლოსი

roberto-carlos-pic-getty-194189218

კარლოსი რეალში მწვრთნელობას აპირებს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი რობერტო კარლოსი მომავალში “სამეფო კლუბის” გაწვრთნას არ გამორიცხავს. ამჟამად ცნობილი ბრაზილიერი თურქული “სივასპორის” თავკაცია.

“ახლა მე 41 წლის ვარ. “რეალს” 20 წლის შემდეგ ჩავიბარებ. მკაცრი მწვრთნელი არ ვარ. ფეხბურთელებთან მეეგობრული დამოკიდებულება მაქვს. ვარჯიშზე მათ უბრალოდ ბევრ შრომას ვთხოვ. შემდეგ კი ფეხბურთის შესახებ ვსაუბრობთ.” – განაცხადა კარლოსმა.

შეგახსენებთ, სატრანსფერო ფანჯრის დროს რობერტო კარლოსი “რეალის” სატრანსფერო პოლიტიკით გაკვირვებული იყო, რაც პრესასთანაც დააფიქსირა. ბრაზილიელისთვის განსაკუთრებით მოულოდნელი დი მარიას ტრანსფერი აღმოჩნდა.

კარლოსი: “კასილასს გვერდში არავინ ამოუდგა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი აცხადებს, რომ ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილასს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას მხარში არცერთი თანაგუნდელი არ ამოუდგა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო, “სამეფო კლუბის” კარის დარაჯმა კი რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა.

“ბრაზილიაში, როცა მარცხდები, მთელი გუნდი მარცხდება და როცა იმარჯვებ, მთელი გუნდი იმარჯვებს. ნათელია, რომ იკერი თავის საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებოდა, თუმცა მას თანაგუნდელები მხარში არ ამოუდგნენ და არ დაეხმარნენ.

როცა მეკარე შეცდომას უშვებს, ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება. ამ დროს, კარის დარაჯს ბევრი აკრიტიკებს. ვწუხვარ, რომ იკერმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს კარლოსი.

რობერტო კარლოსმა სკოლარის გუნდი დაუწუნა

„სელესაოს“ ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების პრობლემების შესახებ ისაუბრა.

„ალბათ, იმ ფეხბურთელებზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, რომლებსაც ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ნაკრებში არ უხმო, თუმცა მე გუნდში კაკას, რონალდინიოს და რობინიოს გამოვიძახებდი. სკოლარის საკუთარი სტილი და შეხედულება აქვს.

აშკარაა, რომ ბრაზილიის ნაკრები ნახევარდაცვაში უკეთ უნდა თამაშობდეს. გუნდს აკლია ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ნაკრების გაძღოლა, ბურთის ფლობა და უკან ჩამოსვლა შეუძლიათ. ისიც სათქმელია, რომ თითოეულ გუნდს რაღაც აკლია“, – განაცხადა რობერტო კარლოსმა.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, მესამე ადგილზე ხორვატიის ნაკრებია, რომელსაც 3 ქულა აქვს, ბოლო პოზიცია კი უქულოდ დარჩენილ კამერუნს უკავია.

თითოეული ჯგუფის სატურნირო მდგომარეობის გასაცნობად გადადით გვერდზე: ცხრილი

 

ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს

გუშინ, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიელთა მცველ დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინციდენტი იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.

„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.

11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“, განაცხადა მატჩის შემდეგ დანი ალვესმა.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს, სოციალურ ქსელებში დანი ალვესისადმი მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებენ და ბანანით ფოტოებს იღებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა, „ბარსელონას“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი გახლავთ.

„ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ. უთხარი რაისზმს „არა“. ძალიან სამწუხაროა, რომ 2014 წელსაც კი ვხვდებით ასეთ გამოხტომებს. ამ ფოტოთი მხარს ვუჭერ დანი ალვესს. თუ თქვენც მეთანხმებით, გადაიღეთ ფოტო ბანანის ჭამის პროცესში. გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ ის, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნეიმარმა.

კამპანიას შეუერთდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარტა.

„ჩემს ბრაზილიელ კოლეგა მარტასთან ერთად ვამბობ: „არა რასიზმს“. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აგუერომ კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები დავიდ ლუისი, ვილიანი და ოსკარი ანტირასისტულ აქციას შეუერთდნენ და ბანანით ხელში ვიდეო გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დანი ალვესს მხარს უჭერს სანკტ-პეტერბურგის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკიც. „ჩემი ძმისთვის“, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.

ანტირასისტულ აქციას უერთდებიან „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელები მუსა დემბელე და ნასერ შადლი.

„არა რასიზმს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აქციას რობერტო კარლოსიც შეუერთდა.

კამპანიას „ლივერპულის“ ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესიც შეუერთდნენ.

ბექა დოგრაშვილი