მილანი – მანჩესტერ სიტი 1:5

International Champions Cup – ის ჯგუფური ეტაპის მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” “მილანი” გაანადგურა.

ინგლისური კლუბიდან თავი იოვეტიჩმა (2), სინკლერმა, ხესუს ნავასმა და იხეანაჩომ გამოიჩნეს. “მილანის” შემადგენლობიდან პრესტიჟის გოლის ავტორი სალი მუნტარი გახდა.

Please enable Javascript to watch this video


Source: Fubo

ოფიციალურად: კაბალიერო „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა

„მანჩესტერ სიტიმ“ ესპანური „მალაგას“ მეკარე ვილი კაბალიერო დაიმატა.

32 წლის არგენტინელმა კიპერმა „ქალაქელებთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერმა 8 მილიონი ევრო შეადგინა. კაბალიეროს კარგად იცნობს „სიტის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი, რომელიც მასთან ერთად „მალაგაში“ მუშაობდა.

„ახალ ჩემპიონატში გადასვლა ჩემთვის გამოწვევაა. ვცდილობ, რასაც ვაკეთებ, ლაზათიანად გავაკეთო. ვიცი, რომ „მანჩესტერ სიტი“ დიდი კლუბია, ჯო ჰარტის სახით ძალიან კარგი მეკარე ჰყავს, თუმცა ყველანაირად ვეცდები, რომ ძირითადი კიპერის ადგილისთვის კონკურენცია გავწიო“, – კაბალიეროს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში კაბალიერომ 38 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაუშვა.

 

ბაკარი სანია „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს

ლონდონის „არსენალის“ მცველი ბაკარი სანია მომდევნო სეზონს „მანჩესტერ სიტიში“ დაიწყებს. 31 წლის ფრანგ ფეხბურთელს „მეთოფეებთან“ მოქმედი კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, სანია „ქალაქელებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ფრანგი ფეხბურთელი „არსენალის“ ღირსებას 2007 წლიდან იცავდა. მას ლონდონური კლუბის მაისურით 284 მატჩი ჩაატარა.

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბაკარი სანია „მანჩესტერ სიტისთან“ სამწლიან ხელსეკრულებას გააფორმებს. ფრანგი ფეხბურთელი „ქალაქელთა“ რიგებში მისთვის ჩვეული 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი

ხავი გარსია „სიტის“ დატოვებს

„მანჩესტერ სიტიმ“ ესპანელ ნახევარმცველ ხავი გარსიასთან განშორება გადაწყვიტა. უახლოეს პერიოდში „ქალაქელებმა“ „პორტუს“ ნახევარმცველ ფერნანდოსთან კონტრაქტი უნდა გააფორმონ, რის შემდეგაც ხავი გარსიას ადგილი გუნდში აღარ მოიძებნება.

„სიტიში“ ფერნანდოს შესაძლო გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კლუბში იაია ტურეს დარჩენის საკითხსაც. გავიხსენოთ ისიც, რომ სეზონის ბოლო კოტ დივუარელ ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ერთგვარი კონფლიქტი აგორდა, როცა „სიტის“ მეპატრონეებმა ტურეს იუბილე არ მიულოცეს.

 

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონია

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერლიგის 2013-14 წლების სეზონის ჩემპიონია.

გათამაშების ბოლო ტურში მეორეადგილოსან „ლივერპულს“ თეორიული შანსი კი ჰქონდა შენარჩუნებული, თუმცა ამისთვის მერსისაიდელებს „ნიუკასლ იუნაიტედი“ უნდა დაემარცხებინათ, „მანჩესტერ სიტის“ კი შინ „ვესტ ჰემთან“ წაეგო. „წითლებმა“ „კაჭკაჭები“ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მატჩამდე ლონდონელები კი იმუქრებოდნენ, თუმცა „სიტიმ“ „ვესტ ჰემი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სეზონი გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ „ეტიჰადზე“ გამართულ შეხვედრას „სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი გიო ქინქლაძეც ესწრებოდა.

ამრიგად, „ქალაქელებისთვის“ ეს რიგით მე-4 ჩემპიონობაა. სათქმელია ისიც, რომ მანუელ პელეგრინიმ, რომლისთვისაც ეს „სიტიში“ გატარებული პირველი სეზონი იყო, მანამდე გუნდთან ერთად ლიგის თასი დაისაკუთრა.

 

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების პარადოქსი

ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ სპორტის ამ სახეობაში ყველაფერი ხდება. მოვლენები შეიძლება ისე პარადოქსალურად განვითარდეს, რომ წინასწარ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყოს. შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში გუნდს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი ჰქონდეს დაკავებული, თუმცა შემდეგ საუკეთესო ოთხეულში შესვლა სანატრელი გაუხდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით ინგლისის პრემიერლიგა გამოირჩევა. მაგალითად, ლონდონის „არსენალი“ გათამაშების სატურნირო ცხრილს 128 დღე ლიდერობდა, თუმცა შემდეგ ქვემოთ დაეშვა და ერთი პერიოდი მისი საუკეთესო ოთხეულში შესვლა-არშესვლაზე იდგა საკითხი. მაშინ, როცა „მანჩესტერ სიტი“ მხოლოდ 15 დღის განმავლობაში ლიდერობდა გათამაშებას, თუმცა სტაბილურობის ხარჯზე დღეს „ქალაქელები“ კვლავ პირველ ადგილზე არიან და საჩემპიონო ტიტულს ერთი ნაბიჯი აშორებთ.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ინგლისის საუკეთესო ოთხი კლუბიდან ის გუნდი, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა სატურნირო ცხრილს ოთხეულში ბოლო ადგილზეა და პირიქით, რომელიც ყველაზე ნაკლებ ხანს ლიდერობდა, ახლაც პირველ პოზიციაზეა.

 

კლუბი: რამდენი დღე ლიდერობდა სატურნირო ცხრილს: რა პოზიცია უკავია ახლა:
„არსენალი“ 128 4
„ჩელსი“ 64 3
„ლივერპული“ 59 2
„მანჩესტერ სიტი“ 15 1

 

ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს

გუშინ, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიელთა მცველ დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინციდენტი იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.

„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.

11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“, განაცხადა მატჩის შემდეგ დანი ალვესმა.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს, სოციალურ ქსელებში დანი ალვესისადმი მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებენ და ბანანით ფოტოებს იღებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა, „ბარსელონას“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი გახლავთ.

„ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ. უთხარი რაისზმს „არა“. ძალიან სამწუხაროა, რომ 2014 წელსაც კი ვხვდებით ასეთ გამოხტომებს. ამ ფოტოთი მხარს ვუჭერ დანი ალვესს. თუ თქვენც მეთანხმებით, გადაიღეთ ფოტო ბანანის ჭამის პროცესში. გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ ის, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნეიმარმა.

კამპანიას შეუერთდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარტა.

„ჩემს ბრაზილიელ კოლეგა მარტასთან ერთად ვამბობ: „არა რასიზმს“. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აგუერომ კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები დავიდ ლუისი, ვილიანი და ოსკარი ანტირასისტულ აქციას შეუერთდნენ და ბანანით ხელში ვიდეო გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დანი ალვესს მხარს უჭერს სანკტ-პეტერბურგის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკიც. „ჩემი ძმისთვის“, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.

ანტირასისტულ აქციას უერთდებიან „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელები მუსა დემბელე და ნასერ შადლი.

„არა რასიზმს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აქციას რობერტო კარლოსიც შეუერთდა.

კამპანიას „ლივერპულის“ ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესიც შეუერთდნენ.

ბექა დოგრაშვილი

პელეგრინი: „პრემიერლიგაში ფავორიტი გუნდი არ გვყავს“

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში „კრისტალ პალასის“ დამარცხების (2:0) შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ჩემპიონატში რომელიმე გუნდის ფავორიტობაზე საუბარი გადაჭარბებულია.

„პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი შარშანდელისგან განსხვავდება. წინა სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე გახდა ჩემპიონი. ეს სეზონი განსაკუთრებულია, უშეღავათო ბრძოლაა. „არსენალის“ ჩათვლით, ჩემპიონობისთვის ოთხი-ხუთი კლუბი იბრძვის.

მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი თამაშის ჩვენება სეზონის ბოლომდე გავაგრძელოთ, შემდეგ კი ვნახავთ, რომელი გუნდია საუკეთესო. ვიმეორებ, ფავორიტი არცერთი გუნდი არ არის. „ლივერპულს“ სამქულიანი უპირატესობა აქვს, თუმცა ჩვენ რეზერვში მატჩი გვაქვს. ასე რომ, ფავორიტი არ გვყავს, თუმც საჩემპიონო ბედი ჩვენს ხელში დაბრუნდა“, – პელეგრინის სიტყვები „სქაი სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

“მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრის კოცნა მანუელ პელეგრინის

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ კოცნის “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი გულშემატკივარი გუნდის მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის.

იაია ტურე: „ზოგიერთი აფრიკელს ჯერ კიდევ ცხოველად თვლის“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ ფერადკანიან ფეხბურთელებს უსამართლოდ ექცევიან. კოტ დივუარელი მოთამაშე თანაკლუბელ სამირ ნასრის დაეთანხმა, რომელმაც ამასწინათ აღნიშნა, რომ ტურე უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევდა, თეთრკანიანი რომ ყოფილიყო.

„ზოგიერთი ამ დრომდე თვლის, რომ აფრიკელი ცხოველია და არა – ადამიანი. ნასრის მიერ გაკეთებული განცხადება სრული სიმართლეა. ნამდვილი აღიარება გულშემატკივრებისგან მოდის, მაგრამ როცა კარგად თამაშობ და პრესაში საკმარისად არ გაღიარებენ, ამას არ უნდა შეეგუო.

აფრიკის ნებისმიერ ნაწილში რომ იკითხოთ, ვინ არის მესი, მაშინვე გიპასუხებენ. იკითხეთ ევროპაში, ვინ არის იაია ტურე. იცით, რას გიპასუხებენ?! „მის შესახებ გამიგია, მაგრამ სახეზე ვერ ვცნობ“. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან დიდიე დროგბა და სამუელ ეტოო, ჩვემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ლეგენდა. არც მათ აფასებენ სათანადოდ. ვამაყობ, რომ აფრიკელი ვარ. მინდა, დავამტკიცო, რომ აფრიკელებს ევროპელებზე და სამხრეთ ამერიკელებზე არანაკლებ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში“, – იაია ტურეს სიტყვები „ბი ბი სიმ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩის მიმდინარეობისას მოსკოვის „ცსკას“ გულშემატკივრებმა ტურეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. აფრიკელმა ფეხბურთელმა მთავარ არბიტრს ამის შესახებ აცნობა, თუმცა მსაჯმა მომხდარი ინციდენტი პროტოკოლში არ შეიტანა. სამაგიეროდ, მოსკოველები უეფამ დასაჯა და „ცსკას“ ერთი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე თამაში მიუსაჯა.

ბექა დოგრაშვილი

„ლივერპულმა“ „ოქროს მატჩი“ მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ — „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“. შეხვედრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით 1989 წლის 15 აპრილს „ჰილსბროუს“ ტრაგედიაში დაღუპულ გულშემატკივრებს მიაგეს პატივი. ტრადიციულად, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მერსისაიდელებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. შედეგად, „წითლებმა“ მე-6 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. ლუის სუარესმა მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა რაჰიმ სტერლინგი, რომელმაც რამდენიმე მოძრაობით მის წინ მყოფი მცველები და მეკარე ერთდროულად ჩამოიცილა და დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი. მასპინძლები კიდევ უფრო საოცარი აღმაფრენით ათამაშდნენ, „ქალაქელებს“ კი არაფერი გამოსდიოდათ. ამას ისიც დაემატა, რომ სტუმართა ნახევარმცველმა იაია ტურემ მუხლი დაიშავა და მე-19 წუთზე შესაცვლელი შეიქნა. 26-ე წუთზე „ლივერპულის“ შეტევის მარცხენა ფლანგიდან სტივენ ჯერარდის მიერ მოწოდებულ კუთხურს მეტოქის საჯარიმოში მარტინ შკრტელი გამოეხმაურა, რომელმაც თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა — 2:0. ისეთი თამაში მიდიოდა, ვერ გაარჩევდით, „ლივერპული“ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს ხვდებოდა თუ ცხრილის ფსკერზე მყოფ კლუბს. ტაიმის მიწურულს „სიტის“ ფეხბურთელებმა რამდენჯერმე შეუტიეს, თუმცა სახეიროს ვერაფერს გამორჩნენ.

მეორე ტაიმში „მანჩესტერ სიტი“ მოედანზე საოცრად მოტივირებული გამოვიდა. მერსისაიდელთა უწინდელი უპირატესობა შარშანდელი თოვლივით გადნა. სრულ სათამაშო უპირატესობას მანუელ პელეგრინის გუნდი დაეუფლა. სტუმრები აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ, რამაც შედეგიც გამოიღო. 57-ე წუთზე „ქალაქელთა“ შეტევის მარჯვენა ფრთიდან განხორციელებულმა კომბინაციამ მერსისაიდელთა დაცვა თამაშს გამოთიშა, დავიდ სილვამ კი ახლო მანძილიდან ერთი ბურთი გაქვითა. 63-ე წუთზე სტუმრებმა სულაც გაათანაბრეს ანგარიში, როდესაც მარცხენა ფრთიდან დავიდ სილვას მიერ დარტყმული ბურთი გლენ ჯონსონს მოხვდა და სიმონ მინიოლეს კარში შეგორდა. ამის შემდეგ „წითლები“ გონს მოეგნენ. ბუნებრივია, „მანჩესტერ სიტის“ ფრეც ხელს აძლევდა, მერსისაიდელებს კი მხოლოდ 3 ქულა აწყობდათ. ბრენდან როჯერსის გუნდმა 78-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხა, რომელიც ფილიპე კოუტინიოს ანგარიშზეა — 3:2. მატჩის კომპენსირებულ დროში უხეში თამაშისთვის მოედნიდან მასპინძელთა ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი გააძევეს, თუმც ამას დარჩენილ დროში ზეგავლენა არ მოუხდენია.

ამრიგად, „ლივერპულმა“ საჩემპიონო ბრძოლაში უშუალო კონკურენტი დაამარცხა, ჰაერივით საჭირო 3 ქულა მოიპოვა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე საჩემპიონო ბერკეტები ხელთ იგდო. მართალია, „სიტის“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, თუმცა მერსისაიდელები „ქალაქელებს“ 7 ქულით უსწრებენ და თუ „წითლები“ დარჩენილ ოთხივე შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებენ, 24-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს შესწვდებიან. მეორე ადგილი ლონდონის „ჩელსის“ აქვს დაკავებული, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს.

ინგლისის პრემიერლიგა
34-ე ტური
„ლივერპული“ — „მანჩესტერ სიტი“ 3:2 (2:0)

„ლივერპული“: მინიოლე, ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლანაგანი, ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო (მოზესი 89′), სტერლინგი (ლუკას ლეივა 90+5′), სუარესი, სტარიჯი (ალენი 66′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, ზაბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, ფერნანდინიო, იაია ტურე (ხავი გარსია 19′), ნასრი, დავიდ სილვა, ნავასი (მილნერი 50′), ჯეკო (ჯეკო 68′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
გოლები: სტერლინგი 6′, შკრტელი 26′.
გაფრთხილებები: სუარესი 5′ — ხავი გარსია 21′, ფერნანდინიო 45+1′, ზაბალეტა 77′.
გაძევება: ჰენდერსონი 90+3′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

ბექა დოგრაშვილი

კოუსილიასი: „არა მგონია, ორი თავდამსხმელით უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია“

„მანჩესტერ სიტის“ დისკვალიფიცირებული თავკაცის, მანუელ პელეგრინის თანაშემწე რუბენ კოუსილიასმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „ბარსელონასთან“ განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ აღნიშნა, რომ ფეხბურთელთა მოქმედებებით კმაყოფილია. გარდა ამისა, ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა იმ მიზეზზეც ისაუბრა, თუ რატომ ითამაშა ინგლისურმა კლუბმა ერთი თავდამსხმელით.

„მეორე ტაიმში სამი-ოთხი რეალური შანსი გვქონდა, თუმც ერთი ფორვარდით ვთამაშობდით. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ორი თავდამსხმელითაც ამდენ მომენტს შევქმნიდით. როგორც წესი, ორი ფორვარდით ვთამაშობთ, მაგრამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მატჩში კარგი ნახევარდაცვით ცენტრალური ხაზი უნდა გაგვეძლიერებინა. არა მგონია, ორი თავდამსხმელით უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. ვცდილობდით, ვქმნიდით მომენტებს, მაგრამ ხდება, როცა შესაძლებლობებს ვერ იყენებ. მუშაობას გავაგრძელებთ, თუმც გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები რობოტები არ არიან და ვერც წარუმატებლობას გადაურჩები, როცა ასეთი გადატვირთული კალენდარი გაქვს. მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ“, – კოუსილიასის სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი