“ტრაბზონსფორის” ფანი მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში “ტრაბზონსფორსა” და “ფენერბაჰჩეს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას უხიამოვნო ინციდენტი მოხდა. შეხვედრის მიწურულს მოედანზე მასპინძელი გუნდის ფანები გადავიდნენ. ერთ-ერთი გულშემატკივარი მთავარი არბიტრის თანაშემწეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი მას შემდეგ განიმუხტა, რაც სიტუაციაში სტიუარდები ჩაერივნენ.

შეხვედრა “ფენერბაჰჩეს” გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

“ტრაბზონსფორმა” ათკაციანი “რაბოტნიჩკის” ბარიერი ვერ დაძლია (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში შოთა არველაძის “ტრაბზონსფორმა” მაკედონიური “რაბოტნიჩკის” ბარიერი ვერ დაძლია. წყვილის პირველი შეხვედრა ბალკანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. არველაძემ იმ მატჩის შემდეგ თქვა, შინ მოვიგებთ და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას ჩვენ მოვიპოვებთო, თუმცა ასე არ მოხდა.

მართალია, უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ თურქი ქომაგები ცოტა შეფიქრიანდნენ, თუმცა 55-ე წუთზე მასპინძელთა 21 წლის ნახევარმცველმა ოქაი იოქუშლუმ დაახლოებით ისეთი გოლი გაიტანა, 2007 წელს შოთა არველაძემ შოტლანდიის ნაკრებს რომ შეუგდო. ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღდგა. თურქები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, ამას ისიც დაემატა, რომ სტუმართა მცველ დუშკო ტრაიჩევსკის 65-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. “რაბოტნიჩკი” მთელი ძალით თავს იცავდა და როგორც იტყვიან, გაძლებაზე იყო, “ტრაბზონსფორმა” კი რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, თუმცა ხან მაკედონიელთა მეკარე დანიელ ბოჟინოვსკი თამაშობდა ბრწყინვალედ, ხანაც თურქი ფეხბურთელები სცოდავდნენ ბოლო მომენტში. შეხვედრის ძირითადი დრო “ტრაბზონსფორის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა. მართალია, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა შეცვლაზე შესული კირე მარკოსკი 112-ე წუთზე თავის მეურვეს დაუსხლტა, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ორი მატჩის ჯამში სტუმრებს უპირატესობა მოუპოვა. დარჩენილ დროში თურქებს ერთი გოლიც არ ჰყოფნიდათ, თუმც ვერც იმ ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ევროსარბიელს გამოეთიშნენ.

ვის შეხვდება ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში “რაბოტნიჩკი”, ეს დღეს გასამართ წილისყრაზე გახდება ცნობილი.

ევროპის ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
მეორე მატჩი:
“ტრაბზონსფორი” — “რაბოტნიჩკი” 1:1 (0:0) (ორი მატჩის ჯამში 1:2)

გოლები: იოქუშლუ 55′ — მარკოსკი 110′.
გაფრთხილებები: კონსტანტი 64′, დენის ილმაზი 78′, მბია 80′, კარდოსო 112′ — ტრაიჩევსკი 44′, ალტიპარმაკოვსკი 64′, ილიოსკი 65′, პეტროვიჩი 86′.
გაძევება: ტრაიჩევსკი 65′ (“რაბოტნიჩკი”).

უეფამ შოთა არველაძე თურქეთის საუკეთესო ლეგიონერთა ათეულში შეიყვანა

თურქეთის სუპერლიგაში რობინ ვან პერსის, ლუკას პოდოლსკისა და სამუელ ეტოოს გადასვლის შემდეგ უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტებმა გადაწყვიტეს, ადგილობრივი ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერების ათეული შეედგინათ. ამ სიაში “ტრაბზონსფორის” ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეც მოხვდა, რომლის შესახებაც წერია:

“შავიზღვისპირულ კლუბში გადმოსვლამდე მასზე ცოტა რამ თუ იყო ცნობილი, თუმცა მალევე გამოავლინა ნიჭი და გოლების გატანაც დაიწყო. 1995 წელს მოიგო თურქეთის თასი, 1995/96 წლების სეზონში კი 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ისტორიაში მეორე უცხოელი ბომბარდირი გახდა”.

შოთა არველაძის გარდა თურქეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერთა სიაში მოხვდნენ: გეორგე ჰაჯი (“გალათასარაი”/რუმინეთი, 1996–2001); ალექსი (“ფენერბაჰჩე”/ბრაზილია, 2004–12); გეორგე პოპესკუ (“გალათასარაი”/რუმინეთი, 1997–2001); დიეგო ლუგანო (“ფენერბაჰჩე”/ურუგვაი, 2006–11); დიდიე დროგბა (“გალათასარაი”/კოტ დივუარი, 2012–14); ტომაშ სივოკი (“ბეშიქთაში”/ჩეხეთი, 2008–15); პიერ ვან ჰოიდონკი (“ფენერბაჰჩე”/ჰოლანდია, 2003–05); მარიო ჟარდელი (“გალათასარაი”/ბრაზილია, 2000-01); კლაუდიო ტაფარელი (“გალათასარაი”/ბრაზილია, 1998–2001).

 

არველაძის “ტრაბზონსფორი” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა (ვიდეო)

ლუქსემბურგში “დიფერდანჟსა” და “ტრაბზონსფორს” შორის უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა. შოთა არველაძის გუნდმა მეტოქე ამჯერადაც დაამარცხა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მაკედონიურ “რაბოტნიჩკის” შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, ლატვიის “იელგავას” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:1 მოუგო.

რაც შეეხება “დიფერდანჟსა” და “ტრაბზონსფორს” შორის გამართულ მატჩს, ანგარიში შეხვედრის მე-19 წუთზე სტუმართა მცველმა სალიჰ დურსუნმა თავური დარტყმით გახსნა. 81-ე წუთზე ომარ ერ რაფიკმა გაათანაბრა, თუმცა თურქებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სონერ აიდოღდუს მიერ გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს.

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “რაბოტნიჩკისა” და “ტრაბზონსფორს” შორის პირველი მატჩი 30 ივლისს, მაკედონიაში გაიმართება. საპასუხო შეხვედრა ტრაბზონში, 6 აგვისტოს შედგება.

ევროპის ლიგა
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
მეორე მატჩი:
“დიფერდანჟი” — “ტრაბზონსფორი” 1:2 (ორი მატჩის ჯამში 1:3)

გოლი: ერ რაფიკი 81′ — დურსუნი 19′, აიდოღდუ 90+3′.
გაფრთხილება: დურსუნი 88′.

 

“ტრაბზონსპორმა” “ლაციოს” ფეხბურთელი დაიმატა

შოთა არველაძის “ტრაბზონსპორმა” რომის “ლაციოს” მარჯვენაფლანგელი მცველი ლუის კავანდა დაიმატა. 24 წლის ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა ტრანსფერმა 1,75 მილიონი ევრო შეადგინა.

კავანდამ პროფესიონალური კარიერა “ლაციოში” დაიწყო. რომაელთა რიგებში მან საერთო ჯამში 80 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. გასული სეზონის პირველ ნახევარში ის ხშირად თამაშობდა, თუმცა მეორე წრეში მოედანზე მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა.

 

“ტრაბზონსპორს” შოთა არველაძე ჩაიბარებს

თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტრაბზონსპორს” შოთა არველაძე ჩაიბარებს.

ოთხშაბათს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერსუნ იანალი გადადგა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის დასახელდა, რომ კლუბმა იანალის მიერ მოთხოვნილი ფეხბურთელები ვერ დაიმატა. გარდა ამისა, თურქი მწვრთნელის გადადგომის მიზეზად “ტრაბზონსპორის” ფინანსური პრობლემები სახელდება.

კლუბიდან ერსუნ იანალის წასვლის შემდეგ, “ტრაბზონსპორის” წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ კანდიდატად შოთა არველაძე მოიაზრება. თურქული წყაროების თანახმად, ქართველი სპეციალისტი “ტრაბზონსპორთან” კონტრაქტს ხუთშაბათს გააფორმებს.

გუნდი უეფას ევროპის ლიგის 2015/16 წლების გათამაშებაზე მონაწილეობს და ტურნირს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ფეხბურთელის რანგში თურქული კლუბის ღირსებას 1993–1997 წლებში იცავდა.

 

ბათუმის “დინამო” “ტრაბზონსპორთან” დამეგობრდება და ამხანაგურად გაეჯიბრება

ბათუმის “დინამოს” დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა განაცხადა, რომ მისი კლუბი და თურქული “ტრაბზონსპორი” დამეგობრდებიან და ზამთრის შესვენების დროს გუნდები ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ.

“ჩვენი გუნდი 8 იანვარს შეიკრიბება, იანვრის ბოლომდე ადგილზე გაივლის შეკრებას, შემდეგ კი “ტრაბზონსპორთან” ამხანაგურ მატჩს გეგმავს. ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა იყო ტრაპიზონში ჩასული, ქალაქ ტრაპიზონის მერს შეხვდა და იქ შედგა მოლაპარაკება, რომ ბათუმის “დინამო” და “ტრაბზონსპორი” დამეგობრდნენ. როგორც კლუბებს შორის, ასევე ფანკლუბებს შორის დამეგობრება მოხდება და ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატებაა. შემდეგ გუნდი შეკრებას ანტალიაში გააგრძელებს”, – განაცხადა ფედიჩკინმა “ობიექტივისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის “დინამომ” უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი წრე მეოთხე ადგილზე დაასრულა. “ტრაბზონსპორს” თუირქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია აქვს დაკავებული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქალაქ ბათუმის საკრებულოს და მერიის საერთო ინიციატივით ბათუმის “დინამოს” დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო.

 

„ტრაბზონსპორი“—„ფენერბაჰჩე“ გულშემატკივართა აგრესიული ქმედებების გამო შეწყდა

თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში „ტრაბზონსპორსა“ და „ფენერბაჰჩეს“ შორის გამართული მატჩი მეორე ტაიმში მასპინძელი გუნდის ქომაგების მხრიდან გამოვლენილი აგრესიული ქმედებების გამო შეწყდა.

მას შემდეგ, რაც სტუმართა თავდამსხმელმა ემანუელ ემენიკემ ანგარიში გახსნა, „ტრაბზონსპორის“ გულშემატკივრებმა მოედანზე სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. მატჩის მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, თამაში გაეჩერებინა.

სავარაუდოდ, „ტრაბზონსპორს“ ტექნიკური მარცხი 0:3 ჩაეთვლება.