THE BEST — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. გარეტ ბეილი („რეალი“, უელსი).

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი); 3. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).

სიმბოლური საჩუქარი კიტეიშვილს კანკავასგან (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ნაკრების ახალწვეულს – ოთარ კიტეიშვილის ეროვნულ გუნდში პირველად გამოძახების ნიშნად სიმბოლურად მაისური და კაპიტნის დროშა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ჯაბა კანკავა: “გერმანიასთან ფრე კანონზომიერი შედეგი იქნებოდა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრა ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ამ მატჩში ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

“ღირსეულად ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ. ფრედ თამაში და მოგებაც შეგვეძლო. მანუელ ნოიერმა ძალიან კარგი ბურთები აგვიღო. ჩვენც გაგვიმართლა თავიდან. მე ვფიქრობ, ფრე კანონზომიერი შედეგი იქნებოდა”, – აღნიშნა კანკავამ.

 

იბრაჰიმოვიჩმა “რეიმსთან” გამართული მატჩი შეაფასა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზელთა ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი რამდენიმე დღის წინათ თავს შეუძლოდ გრძნობდა, იგი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში შვედ ფეხბურთელს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა, თუმცა ახლო მანძილიდან თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მიზანს ასცდა. იბრაჰიმოვიჩმა მოედანი ამჯერადაც გატანილი გოლის გარეშე დატოვა, უგოლო სერია კი უკვე 419 წუთამდე გაიზარდა.

“კარგად ვარ, დღეს თავს უკეთ ვგრძნობ, სათამაშო დროც მომეცა. ამ კვირაში ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, თუმცა ვგრძნობ, რომ უწინდელ დონეზე ვბრუნდები.

დღეს გატანა შემეძლო, თუმცა რაღაც არ გამომივიდა. ეს “რაღაც” უნდა გამოვასწორო. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ასე რომ, მეტს არ ვიმსახურებდით. ყოველ სამ დღეში თამაში ადვილი არ არის, თუმცა წინ ხანგრძლივი სეზონია და ყველა ფრონტზე ვიბრძვით”, – იბრაჰიმოვიჩის კომენტარი L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

 

“რეიმსის” თავკაცი: “კანკავას არ გავუკვირვებივარ”

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “რეიმსი” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენს” დაუხვდა და მეტოქეს ანგარიშით 1:1 დაუზავდა. ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც შეხვედრის მე-4 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უხეშობისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. ჩვენებური ერთ-ერთი გამორჩეული იყო მასპინძელთა შორის, არაერთხელ ჩაშალა პარიზელთა შეტევა და ადგილობრივი პუბლიკისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

მატჩის შემდეგ კანკავას თამაში “რეიმსის” თავკაცმა ოლივიე გუჟანმაც შეაფასა:

“კანკავას არ გავუკვირვებივარ. მან საერთაშორისო მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა. მისგან სწორედ ასეთ თამაშს მოველოდი”.

 

ჯაბა კანკავამ “პარი სენ-ჟერმენთან” სრულად ითამაშა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა. მე-6 ტურში “რეიმსმა” “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 1:1 დაუზავდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. შეხვედრის მე-4 წუთზე მან ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გაფრთხილება მე-3 ტურში “ნანტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩიც დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯაბა კანკავამ შეხვედრის მიმდინარეობისას პარიზელთა არაერთი შეტევა ჩაშალა, “რეიმსის” შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ადგილობრივი ქომაგებისგან მაღალი შეფასებაც მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში “პარი სენ-ჟერმენის” უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმართა შეტევებს მრავალფეროვნება აკლდა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ გასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გახსნეს: პარიზელი მცველები კონტრშეტევას სათანადოდ ვერ დაუხვდნენ და მოედანზე ექვსი წუთის შესულმა ტეოსონ სიებატშეუმ დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი.

“პარი სენ-ჟერმენმა” საპასუხო იერიშშივე მოახერხა წონასწორობის აღდგენა: ხავიერ პასტორეს გენიალური გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ედინსონ კავანიმ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1.

მიუხედავად იმისა, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ, ლიდერობას ინარჩუნებს. რაც შეეხება “რეიმსს”, გუნდს აქტივში 11 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-3 ადგილზე იმყოფება.

საფრანგეთის ჩემპიონატი (VI ტური)
“რეიმსი” — “პარი სენ-ჟერმენი” 1:1 (0:0)

გოლები: სიებატშეუ 83′ — კავანი 84′.
გაფრთხილებები: კანკავა 4′, კიე 74′ — სტამბული 67′, მატუიდი 80′.

ჯაბა კანკავა “რეიმსში” გადავიდა (ფოტო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკის “დნიპროდან” საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე “რეიმსში” გადავიდა.

29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დღეს ფრანგულ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რის შემდეგაც კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ოთხწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, სატრანსფერო თანხამ კი 1,5 მილიონი ევრო შეადგინა.

კანკავა “რეიმსში” ოფიციალურად ხვალ უნდა წარადგინონ.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა “დნიპროში” 2007 წლიდან ირიცხებოდა. მან გუნდთან ერთად უკრაინის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო (2013/14), ითამაშა ევროპის ლიგის ფინალშიც (2014/15).

Kankava

“დნიპრო” და “რეიმსი” კანკავას ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ

უკრაინული ინტერნეტპორტალი Tribuna.com-ი იუწყება, რომ ფრანგულმა “რეიმსმა” ჯაბა კანკავას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” 1,2 მილიონი დოლარი (1 მილიონი ევრო) უნდა მიეღო, თუმცა შემდეგ ტრანსფერი შეფერხდა. როგორც კანკავამ აღნიშნა, უკრაინულმა კლუბმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა.

გუშინ “რეიმსი” და “დნიპრო” საბოლოოდ შეთანხმდნენ სატრანსფერო ღირებულებაზე. ფრანგები საქართველოს ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ 1,5 მილიონ ევროს გადაიხდიან.

დღეს 29 წლის ქართველი ნახევარმცველი ვარჯიშზე გუნდს დაემშვიდობა, უახლოეს პერიოდში კი საფრანგეთში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა “დნიპროში” 2007 წლიდან ირიცხება. მან გუნდთან ერთად უკრაინის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო (2013/14), ითამაშა ევროპის ლიგის ფინალშიც (2014/15).

 

ჯაბა კანკავას “დნიპროს” დატოვება სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველ ჯაბა კანკავას უკრაინული კლუბის დატოვება სურს.

როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელით ფრანგული “რეიმსი” დაინტერესდა და ახლა კლუბებს შორის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“დნიპროს” არაოფიციალური ვებგვერდის FCDNIPRO.COM-ის ინფორმაციით, ჯაბა კანკავამ უკრაინული კლუბის დატოვება ისურვა. დნეპროპეტროვსკიდან 29 წლის ქართველი ფეხბურთელის წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

 

კანკავას სინამდვილეში დისკვალიფიკაცია არ ჰქონია – საქართველოს ნაკრებმა უხეში შეცდომა დაუშვა?

დნეპროპეტროვსკის „დნიპროსა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ პოლონეთთან ევროპის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შემთხვევით გამოტოვა. როგორც გაირკვა, კანკავას ხსენებული შეხვედრის წინ სამი ყვითელის ნაცვლად, ორი ყვითელი ბარათი ჰქონია, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას ხსენებულ მატჩში მონაწილეობის მიღება შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა განახადა.

„მატჩამდე უეფა ყველა ქვეყანას იმ მოთამაშეთა სიას უგზავნის, რომელთაც დისკვალიფიკაცია აქვთ ან დისკვალიფიკაციამდე ერთი გაფრთხილება აკლიათ. თუ ფეხბურთელის გვარის ზემოთ ვარსკვლავია , ეს იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ დისკვალიფიკაციის ზღვარზეა. შესაძლოა, ქართველებმა ეს ინფორმაცია არასწორად გაიგეს“, – ციტირებს ბონეკს „footboom“-ი.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს პოლონეთის ნაკრებთან შეხვედრაში კახა ცხადაძის გუნდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

ევროპის ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

უეფას ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “სევილიამ” უკრაინის “დნიპრო” ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა ნახევარმცველი ევერ ბანეგა დაასახელეს. არგენტინელს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, თუმცა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო.

“ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. მოედანზე კონცენტრირებულნი გამოვედით. მეტოქემ სწრაფი გოლი გაიტანა, თუმცა თამაშის შემოტრიალება შევძელით. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. მატჩს ჩვენი ყველა ნათესავი ესწრებოდა და მოგება ძალიან გვინდოდა”, – განაცხადა მატჩის შემდეგ ევერ ბანეგამ.

 

ჯაბა კანკავა კვარცხლბეკზე საქართველოს დროშით ავიდა (ვიდეო, ფოტო)

უეფას ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში ჯაბა კანკავას “დნიპრო” “სევილიასთან” ანგარიშით 2:3 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ვერცხლის მედლის მისაღებად კვარცხლბეკზე საქართველოს დროშით ავიდა.

 

J. Kankava