ანჩელოტი ბლატერს აკრიტიკებს: „მისი სიტყვები შეუსაბამოა“

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფიფა-ს პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის სიტყვებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ბლატერმა 2014 წლის „ოქროს ბურთის“ ყველაზე დამსახურებულ კანდიდატად მეკარე მანუელ ნოიერი მოიხსენია.

„ბლატერის კომენტარები ძალიან მაკვირვებენ. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ფიფა-ს პრეზიდენტის პირი უბრალოდ არ იხურება. „ოქროს ბურთის“ თემაზე რეგულარულად საუბრობენ. თუ შარშან კრიშტიანუ რონალდუს კონკურენტები მესის დონის მოთამაშეები იყვნენ, ამჯერად, ყველაფერი უფრო ნათელია.

ეს წელი კრიშტიანუსი იყო: იგი ბევრ გოლს იტანდა და ტიტულებიც მოიგო. „ოქროს ბურთი“ მას უნდა გადაეცეს. ბლატერის სიტყვებში აზრს ვერ ვხედავ.

იმოქმედებს თუ არა ჩემი ეს კომენტარი წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციის შედეგებზე? რა თქმა უნდა, ამ პრიზის მიღებაზე უარს არ ვიტყოდი, თუმცა მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი ტიტული – ჩემპიონთა ლიგა მოვიპოვე. თუ კიდევ ერთ პრიზს მივიღებ, ოთახის გაფართოვება მომიწევს“, – განაცხადა ფეხბურთს იტალიელმა სპეციალისტმა.

ბლატერი: „მესის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება შეცდომა იყო“

ფიფა-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესის დასახელებასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა.

„მე ცოტა გამიკვირდა, როდესაც კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე.

ვთვლი, ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო.

ექსპერტებმა მითხრეს, რომ მხოლოდ ათ ფეხბურთელს აკვირდებოდნენ, რომელიც ფინალურ მატჩში მონაწილეობდა“, – განაცხადა ბალტერმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები პლანეტის პირველობის ფინალში გერმანიასთან დამატებით დროში 0:1 დამარცხდა. ჯამში კი, ბრაზილიაში ჩატარებულ ტურნირზე მესიმ შვიდი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ბლატერი: „ნოემბერ-დეკემბერი 2022 წლის მუნდიალისთვის ჩინებული დროა“

ფიფა-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა, ზამთარში ჩატარდეს.

„2022 წლის მუნდიალის ზაფხულში ჩატარება არ შეგვიძლია, ამიტომაც სიტუაციისგან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.

ტურნირის ჩატარების საბოლოო თარიღს წლის ბოლომდე გაცნობებთ. ვფიქრობ, 2022 წლის ნოემბერი და დაკემბერი საუკეთესო დრო იქნება.

საერთაშორისო კალენდარზე მუშაობას ვაგრძელებთ. ეს არც ისე ადვილია, თუმცა პლანეტის პირველობა მნიშვნელოვანი ტურნირია“, – განაცხადა ბლატერმა.

ბლატერმა რუსეთში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტზე ისაუბრა

ფიფა-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა 2018 წელს რუსეთში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო ბოიკოტის შესახებ ისაუბრა.

„დიახ, რუსეთში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ბოიკოტის შესახებ მსმენია. თუმცა, სპორტში ბოიკოტს შედეგი არასდროს მოჰყოლია. მოდით, გეოპოლიტიკური სიტუაციის განვითარებას ველოდოთ.

ჩვენ რუსეთთან მუშაობას ვაგრძელებთ. ამ ქვეყანას სამი კვირის წინ ვესტუმრე და იქ მიმდინარე პროცესების შესახებ რეგულარულ ინფორმაციას ვფლობ“, – განაცხადა ფიფა-ს პრეზიდენტმა.

ბლატერი: „ამ მუნდიალს 10-ბალიანი სისტემით 9,25 ქულაზე ვაფასებთ“

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი შეაფასა.

„სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალთან შედარებით პროგრესს მივაღწიეთ. ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატს 10-ბალიანი სისტემით 9,25 ქულაზე ვაფასებთ. რატომ არა 10 ქულით? იმიტომ, რომ ფეხბურთში სრულყოფილება არ არსებობს.

ეს ჩემი მე-10, პრეზიდენტის რანგში კი მე-5 მუნდიალი იყო. ფეხბურთის დონემ და დაძაბულობამ ეს ტურნირი განსაკუთრებული გახადა“, – განაცხადა ბლატერმა.

 

КГБ — World Cup 2018

როგორც ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებში ვწერდით, ამერიკელმა სენატორებმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევის თხოვნით წერილი მიწერეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმაც არ დაახანა და განაცხადა, რომ ბოიკოტზე არავინ ფიქრობს და მუნდიალს, უეჭველად, რუსეთი მიიღებს.

ამ საკითხს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ყაზახეთში გამართულ კონგრესზე გამოეხმაურა: „უკვე დავიღალეთ ასეთი მოთხოვნების მოსმენით. ბოიკოტი გამოუცხადეთ საელჩოებს, მიმართეთ ეკონომიკურ სანქციებს. რატომღაც ყოველთვის სპორტი ხდება სამიზნე. ბევრს არ უყვარს სპორტი და ამიტომ ითხოვენ ამგვარ ბოიკოტს. ვთვლი, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკას უნდა მიხედონ, სპორტი კი გამაერთიანებელი ელემენტი უნდა გახდეს“.

დიახ, 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება. ქვეყანა, რომელსაც არად უღირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ხელყოფს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს, სადაც ჟურნალისტებს ქუჩაში ხოცავენ, ოთხ წელიწადში უდიდეს საფეხბურთო ზეიმს უმასპინძლებს.

„ბებერმა“ ევროპამ თვალი დახუჭა ყოველგვარ მორალურ ფაქტორზე და არც ჩვენ ვაპირებთ ვინმე კონკრეტული ადამიანის (ქვეყნის წარმომადგენლის) პატიოსნებაზე მსჯელობას, თუმცა განვიხილოთ რამდენიმე სრულიად ობიექტური მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაიმართოს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში:

როდესაც გადაწყდა, რომ 2010 წლის მუნდიალი სამხრეთ აფრიკაში უნდა გამართულიყო, კოხტაპრუწა ევროპელებმა ვიშვიში ატეხეს: აქაოდა, აფრიკაში საშინელი კრიმინოგენური ვითარებაა და ვინ იცის, საერთოდაც, იქნებ ლომმა იმსხვერპლოს რომელიმე გზააბნეული ფანიო (ზოგიერთი იმაზეც შეშფოთდა, აფრიკაში პროსტიტუცია მძვინვარებს და შიდსს არ გადავეყაროთო… პროსტიტუცია და შიდსი რუსეთში ნახეთ, ბატონო ევროპელებო).

აფრიკულმა მუნდიალმა მეტნაკლებად ექსცესების გარეშე ჩაიარა. აი, რუსეთში კი, ნამდვილად აქვთ ევროპელ ფანებს შიშის მიზეზი. ქვეყნა, რომლის საგარეო პოლიტიკა შოვინიზმზეა აგებული და ქუჩებში ასობით შეიარაღებული ნეოფაშისტი დაძრწის, აშკარად საშიშია მოწინააღმდეგე ნაკრებების ფანებისათვის. სხვა საქმეა რასიზმი. ერი, რომელიც კავკასიელებს „შავებს“ ეძახის, არამგონია, აფრიკული ქვეყნის ნაკრებების გულშემატკივრებს სტუმართმოყვარეობით შეხვდეს. გავიხსენოთ შარშან მოსკოვში მომხდარი ინციდენტი, როდესაც „ცსკა“-ს ქომაგებმა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი იაია ტურე რასისტული შეძახილებით „შეამკეს“.

რუსეთში ჩასულ ქომაგს, სამწუხაროდ, არც იქაური მილიციის იმედია არ უნდა ჰქონდეს. თავად რუსები აღიარებენ, რომ მათ სამართალდამცავ სტრუქტურებში საშინელი კორუფცია მძვინვარებს.

კიდევ ერთი: მუნდიალის მასპინძელ ქვეყანას სამ რეგიონში თითქმის საომარი მდგომარეობა აქვს. დღე არ გავა, ჩრდილოეთ კავკასიაში (ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში) ინციდენტი არ მოხდეს. ყირიმის ანექსიაზე, აფხაზეთსა და შიდა ქართლში მათ მიერ განხორცილებულ ბარბაროსობაზე აღარც ღირს საუბარი.

მოკლედ, რუსეთში ფეხბურთის საქომაგოდ ჩასულ კაცს ცალი თვალი უნდა გეჭიროს, ვინმე მუსლიმანმა ტერორისტმა მძევლად არ აგიყვანოს და მერე რუსმა სამართალდამცავმა ორივეს ერთად არ გაგიხვრიტოთ შუბლი (ჩვენ მეზობლად ხომ მძევლის „გამოხსნის“ ასეთი მეთოდი დიდი ხანია დანერგილია).

როგორც ჩანს, ზემოთ აღნიშნული ფიფას სულ არ ანაღვლებს. მუნდიალის ჩატარების სურვილი ისეთ ქვეყნებს ჰქონდათ, როგორებიცაა: ჰოლანდია-ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, ინგლისი, თუმცა… ფიფამ ყველას რუსეთი არჩია.

ევროპაში უკვე იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ფიფა რუსული მაფიის გავლენას განიცდის. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მუშაობა კა-გე-ბესაც კი შეადარეს.

ფაქტი ერთია, 2018 წლის მუნდიალი რუსეთში გაიმართება. ალბათ, მას ვლადიმირ პუტინი გახსნის… ალბათ, ალა პუგაჩოვაც იმღერებს…

ცოტნე ცხვედიანი
ჟურნალი Fanebi.com