ხვალ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბოლო საშინაო მატჩს გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ცხადაძემ აღნიშნა, რომ ცუდი შედეგების მიუხედავად, მეტოქეს პატივს ვცემს და გუნდი ხვალინდელი შეხვედრისთვის სრული სერიოზულობით ემზადება.
“შემადგენლობაში პრობლემები გვაქვს. ანანიძე, ყენია, მჭედლიძე და დაუშვილი მომდევნო ორ თამაშში ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ ვთვლი, რომ ოპტიმალური შემადგენლობაა და რესურსი გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ჯგუფში ბოლო ადგილზეა და ბევრ გოლს უშვებს, ჩვენ პატივისცემით ვუდგებით. მთავარია, რომ მოედანზე ქაოსურად არ ვიმოქმედოთ. შეტევაში თავჯუდმოგლეჯილი წასვლას არ ვაპირებთ. როცა საჭირო იქნება, პრესინგზე ვითამაშებთ და თავსაც დავიცავთ”, – ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია ცხადაძემ.
— ორი ფორვარდით ითამაშებთ? ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს თუ შეხვდით?
— შეიძლება შევცვალო სქემა. ერთი თავდამსხმელით მეტი იქნება მოედანზე. ორ სქემაზე ვმუშაობთ და შეიძლება თამაშის მიმდინარეობის დროს შევცვალოთ. ვულოცავ ლევანს და წარმატებებს ვუსურვებ. თუ წარმატებული პრეზიდენტი იქნება, ეს ქართული ფეხბურთისთვის იქნება წარმატება. პრიორიტეტი კვლავ ნაკრებია და როცა ნაკრები წარმატებულია, ქვეყანაც წარმატებულია. ლევანს ორჯერ შევხვდი, გუშინ ბაზაზეც იყო მოსული, ფეხბურთელებს გაესაუბრა. სულ ორი დღეა, რაც პრეზიდენტი გახდა და გლობალურ საკითხებზე ვერ ვისაუბრებდით. ვისაუბრეთ ნოემბრის ამხანაგურ მატჩებსა და მომავალი წლის თამაშებზე.
— რას იტყვით გიორგი ჭანტურიაზე, რომელსაც მშვენიერი დებიუტი ჰქონდა “დუისბურგში”. შეიძლება, რომ იგი გერმანიის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის გუნდს დაემატოს?
— ძალიან სასიხარულოა ჭანტურიას თამაში. იმედია, ასე გააგრძელებს. სულ ერთი კვირაა, რაც გუნდთან ერთად მუშაობს. კიდევ ერთხელ დავინახეთ მისი პოტენციალი. უხეშად რომ ვთქვათ, ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც თამაშის გაკეთება შეუძლია. გამიხარდა, რომ გერმანიაში მოხვდა, სადაც მაღალი პროფესიული დონეა. თუ მხარს აუბამს, ძალიან კარგი იქნება და ნაკრებისთვისაც სტაბილური მოთამაშე გახდება. მას დიდ პატივს ვცემ არამარტო როგორც ფეხბურთელს, არამედ პირადულადაც.
— რამდენად გაგიჭირდათ გიბრალტარის შესახებ ინფორმაციის მოძიება? თუ ხედავთ გიბრალტარის ნაკრებისგან საფრთხეს?
— ინფორმაცია ძალიან ბევრია და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. თითქმის ყველა მატჩი ვნახე, ექვსი შეხვედრა, ფეხბურთელებსაც ვანახეთ. ასე რომ, ხვალინდელი მატჩისთვის ძალზედ სერიოზულად ვემზადებით.
— ნიკოლოზ გელაშვილი და ბაჩანა ცხადაძე რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ?
— ისინი დიდი ხანია ნაკრების წევრები არიან და ამ კრიტერიუმით შევარჩიე.
— ბოლო დროს ნაკრებში ადგილი დაკარგა გიორგი ლორიამ, უთამაშებელია ნუკრი რევიშვილიც. ხვალ გიორგი მაკარიძეს ხომ არ მიეცემა შანსი?
— ხვალ გადაწყდება, ვინ დადგება კარში.
— ხვალინდელი მატჩისთვის ენდობით თუ არა ოთარ კაკაბაძეს? ჯაბა ლიპარტია და ავთო ებრალიძეც კარგად გამოიყურებიან და შესაძლებელია, რომ ნაკრებში ვიხილოთ?
— კაკაბაძე ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება. ჩვენ ყველას ვამზადებთ. ფაქტობრივად გადაწყვეტილი მაქვს, ვინ ითამაშებს, მაგრამ ხვალინდელ დღეს დაველოდოთ. კიდევ ბევრი ფეხბურთელია, ვინც უცხოეთში თამაშობს და სანახავი არიან. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და თუ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გამოვიძახებთ.
— გუგა ფალავანდიშვილი ჯანო ანანიძის შემცვლელად მოიაზრება? მიეცემა თუ არა ხვალ მას სათამაშო დრო?
— რადგან გამოვიძახეთ, ესე იგი მოაზრება. ვცდილობ, ყველას ავუხსნა, რომ ვინც არის გამოძახებული, ყველა ძირითადი შემადგენლობის წევრია და მათი სასტარტო შემადგენლობაში დაყენება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სქემით ვთამაშობთ.
საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის შეხვედრა “დინამო არენაზე” ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება და მას სერგეი ბოიკოს ხელმძღვანელობით უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.