ანჩელოტი: “გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ეს ძალიან გვინდოდა”

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

“სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთელების მოქმედებებით კმაყოფილი დარჩა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდი მატჩს კარგი განწყობით შეხვდა, რამაც შედეგიც გამოიღო.

“კარგია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ხელები არ ჩამოვუშვით. არსებულ გეგმას მივყევით და ამან გაამართლა.
კარგი თამაში გამოვიდა, საკმაოდ მაღალი ტემპი იყო. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ დაცვაში ჩემი გუნდის პრობლემები კლასის ნაკლებობით არ იყო გამოწვეული, უბრალოდ ამ ნაკლის გამოსწორებაზე თავდაუზოგავი მუშაობა გვმართებდა.
პროფესიონალების გუნდი მყავს. ფეხბურთელებს ესმით, რას ნიშნავს “რეალში” თამაში.
შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა, ბურთს ვფლობდით და ფლანგებს ვიყენებდით. გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ეს ძალიან გვინდოდა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “ასი”.

 

ლუის ენრიკე: “რეალმა” გამარჯვება დაიმსახურა”

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

კატალონური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე თვლის, რომ ეს მარცხი “ბარსასთვის” კარგ გაკვეთილად უნდა იქცეს.

“მარცხი მეტყველებს იმაზე, რომ “რეალი” ისევე ძლიერია, როგორც – ჩვენ. დღეს მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
ეს მარცხი უნდა გავაანალიზოთ. ხან მოიგებ, ხან დღევანდელის მსგავსი შედეგით დაასრულებ მატჩს.
შეგვეძლო, ანგარიში 2:0 გაგვეხადა, თუმცა ვერ მოვახერხეთ, რის გამოც დავისაჯეთ.
მეტოქემ გვაჯობა და გამარჯვებაც დაიმსახურა”, – აღნიშნა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ.

 

ლუის ენრიკემ მესის „საქციელზე“ ისაუბრა

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ეიბართან“ ანგარიშით 3:0 მოგებული შეხვედრის მიმდინარეობისას ლიონელ მესის ეპიზოდთან დაკავშირებით ისაუბრა, როდესაც არგენტინელმა მოედნის დატოვება იუარა.

„ცვლილების წინ, ხშირად თავად ფეხბურთელს ვეკითხები, თუ როგორ გრძნობს იგი თავს. საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ პასუხის მიღების შემდგომ ვიღებ.

მე მესის, ინიესტასა და ნეიმარს ვესაუბრე. ამ ეპიზოდის შემდეგ ბევრმა ყველაფერი არასწორად გაიგო და არასწორი დასკვნები გამოიტანა. ასე მომავალშიც მოვიქცევი“, – განაცხადა ენრიკემ.

ლუის სუარესს “ბარსელონაში” დებიუტი ხვალ ექნება

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ლუის სუარესს ხვალ კატალონიური გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ექნება. ურუგვაელი ფეხბურთელი გამპერის თასის ამხანაგურ ტურნირზე “ლეონთან” გასამართ მატჩში ითამაშებს.

“სუარესმა ბოლო ორ ვარჯიშზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა, მაღალი დონის ფეხბურთელია. ხვალ ლუისი გარკვეული ხნით ითამაშებს. რაც შეეხება მის დისკვალიფიკაციას, საკმარისად ძლიერი გუნდი მყავს, რომ მის გარეშეც ვიბრძოლოთ”, – ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს sport.es.

“ბარსელონასა” და “ლეონს” შორის გასამართი მატჩი ხვალ, თბილისის დრით 22:30 საათზე დაიწყება.

 

ლუის ენრიკეს გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს დღეს დილით მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დაუსვეს და ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. აპენდიციტი ბრმა ნაწლავის დანამატის – ჭიანაწლავის ანთებაა.

ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა გადაუდებელი ოპერაცია უკვე გაიკეთას.
ლუის ენრიკეს ჭიანაწლავი ამოკვეთეს, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტს საავადმყოფოდან უახლოეს დღეებში გამოწერენ, თუმცა აღდგენითი პროცესი როდის დასრულდება, ეს უცნობია.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ ახალი სეზონისთვის მზადებას 14 ივლისს იწყებს და აღნიშნულ დღემდე ლუის ენრიკემ სრულად უნდა მოასწროს გამოჯანმრთელება.

ლუის ენრიკე კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამა წლის 21 მაისიდან მუშაობს. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტია გაფორმებული.

ბექა დოგრაშვილი

ლუის ენრიკე: „ახალი „ბარსელონას“ აშენებას ვაპირებთ“

„ბარსელონას“ ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამ რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე კლუბის სამომავლო გეგმებსა და საკუთარი მუშაობის სტილზე ისაუბრა.

„მეტად ამაღელვებელი და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. ახალი „ბარსელონას“ აშენებას ვაპირებთ. გამოწვევები არ მაშინებს.

როდესაც „ბარსელონას“ მეორე გუნდი დავტოვე, კლუბის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებოდით. მათ თავიანთი სიტყვა შეასრულეს.

ვიცი, რამდენად რთული იქნება ახალი პროექტის განხორციელება, თუმცა მსურს, ეს ატმოსფერო შევიგრძნო, სტადიონზე კლუბის ჰიმნი მოვისმინო.

ვიქნები თუ არა მკაცრი ფეხბურთელების მიმართ? არ ვიცი, რას გულისხმობთ. მე ყოველთვის პოზიტიური ვარ.

ჩემი გუნდი შემტევ, მიმზიდველ ფეხბურთს ითამაშებს. ისევ ის სტილი გვექნება, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი მოხიბლა.

ცვლილებები იქნება. ვეცდებით, რომ ძალები განვამტკიცოთ. როდესაც გუნდი საჭირო დონეზე არ არის, ცვლილებების გაკეთება ხდება საჭირო. ყველა ხაზი განახლდება.

მწვრთნელი ლიდერია. როდესაც საქმე ფეხბურთელთა ჯგუფის მართვას, პირად ამბიციებს, შინაგან ეგოსა და მოტივაციას ეხება, მან საკუთარი ცოდნა და გამოცდილება უნდა აჩვენოს.

მოხარული ვარ, რომ ლეო მესი გვყავს. ის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელია. ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მძენს.

ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა მიყვარს. მათგან მე ამბიციას ვითხოვ“, – ლუის ენრიკეს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

ლუის ენრიკე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელია

ლუის ენრიკე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

„სელტას“ ყოფილი თავკაცი „ბარსელონასთან“ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას დასთანხმდა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ფეხბურთელის რანგში „ბარსელონას“ ღირსებას 1996-დან 2004 წლამდე იცავდა. 2008-დან 2011 წლამდე ის კატალონიური გუნდის დუბლშემადგენლობას თავკაცობდა.