აზარი „ჩელსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

„ჩელსის“ ხელმძღვანელობა თავის წამყვან მოთამაშესთან ედენ აზართან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს – ოფიციალურად ეს ინფორმაცია, შესაძლოა, კათოლიკური შობის წინ დადასტურდეს.

„The Telegraph“-ის ვარაუდით, ბელგიელი კვირაში ორას ათას ფუნტს მიიღებს, მისი კონტრაქტი კი ხუთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

აქედან გამომდინარე, აზარი, დიდი ალბათობით, „ჩელსის“ ყველაზე მაღალანაზღეურებადი მოთამაშე გახდება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე აზარის შეძენის სურვილი „პარი სენ-ჟერმენს“ ჰქონდა. ასეა თუ ისე, გასულ კვირას „არისტოკრატების“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელი მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

მესი და აზარი FIFA 15-ის საშობაო რეკლამაში

EA Sports-მა youtube.com-ის საკუთარ არხზე ახალი საშობაო ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომლის მონაწილეები “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი და ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი არიან.

“რეალი” და “პარი სენ-ჟერმენი” აზარში 70 მილიონს იხდიან

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” და “პარი სენ-ჟერმენი” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ ედენ აზარის გადაბირებას შეეცდებიან.

ორივე კლუბი მზად არის, 23 წლის ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გაიღოს.

სათქმელია ისიც, რომ “ჩელსი” აზარის გაშვებას არ აპირებენ და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც გეგმავენ. ამის შესახებ “პენსიონერთა” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ რამდენიმე დღის წინათ ისაუბრა.

ბელგია — რუსეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიისა და რუსეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „წითელი ეშმაკების“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბელგიის ნაკრების ლიდერი ედენ აზარი დაასახელეს, რომელიც ერთადერთი გატანილი გოლის ასისტენტად მოგვევლინა.

ლონდონის „ჩელსიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 33 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.

 

აზარი „ჩელსიში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ლონდონის „ჩელსიმ“ გამოაცხადა, რომ მომდევნო სეზონში კლუბის 10-ნომრიან მაისურს ედენ აზარი მოირგებს. ამრიგად, ბელგიელი ფეხბურთელი, რომლის მიმართაც ინტერესს „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენდა, „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩება.

„მოხარული ვარ, რომ „ჩელსიში“ 10-ნომრიანი მაისურით ვითამაშებ. ეს ჩემი საყვარელი ნომერია. ეროვნულ ნაკრებშიც ამ ნომრით ვთამაშობ.

10-ნომრიანი მაისური ემოსა ჩემი ბავშვობის გმირებს, რომელთაგან ერთ-ერთი ზინედინ ზიდანი გახლდათ.

იმედი მაქვს, რომ ეს ნომერი წარმატებებს მომიტანს. მოუთმენლად ველი მომავალს სეზონს“, – ციტირებს აზარის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში აზარი 17-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, 10-ნომრიანი ფორმა კი ხუან მატას ემოსა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშურა.

ბექა დოგრაშვილი

პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე დასახელდნენ

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა. საუკეთესო მოთამაშედ „ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი – ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი.

ურუგვაელმა ფორვარდმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა, რაც მერსისაიდულ გუნდს ლიდერობის დაბევებაში დიდად დაეხმარა.

წლის ჯილდოსთვის ბრძოლაში სუარესმა თანაკლუბელებს – დანიელ სტარიჯსა და სტივენ ჯერარდს, აგრეთვე ადამ ლალანას („საუთჰემპტონი“), იაია ტურეს („მანჩესტერ სიტის“) და ედენ აზარს აჯობა („ჩელსი“).

რაც შეეხება აზარს, 23 წლის ბელგიელი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გუნდის ლიდერად მოგვევლინა. როგორც მოგახსენებთ, აზარი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. მეორე ადგილზე „ლივერპულის“ თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი გავიდა, მესამე პოზიციაზე კი – „საუთჰემპტონის“ ფეხბურთელი ლიუკ შოუ.

შეგახსენებთ, რომ შარშან ორივე ჯილდო „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა მიიღო, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს.

ბექა დოგრაშვილი

პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლთა სია გამოქვეყნდა

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ოფიციალურად დაასახელა 2013-14 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის წოდების მოპოვების პრეტენდენტები. ექვსი ფეხბურთელიდან სამი „ლივერპულის“ მოთამაშეა: ლუის სუარესი, სტივენ ჯერარდი და დანიელ სტარიჯი.

მათ გარდა სიაში მოხვდნენ იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“), ედენ აზარი (ლონდონის „ჩელსი“) და ადამ ლალანა („საუთჰემპტონი“).

სტარიჯი და აზარი აგრეთვე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოზე არიან წარდგენილნი. მათ გარდა ამ სტატუსის მოპოვებისთვის იბრძვიან: რაჰიმ სტერლინგი („ლივერპული“), აარონ რემსი (ლონდონის „არსენალი“), როს ბარკლი („ევერტონი“) და ლიუკ შო („საუთჰემპტონი“).

გამარჯვებულთა ვინაობა 27 აპრილს, ლონდონში გაირკვევა.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „აზარი ნიჭიერ ფეხბურთელზე მეტია“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ჰალ სიტისთან“ მოგებულ მატჩის შემდეგ ედენ აზარის თამაში აღნიშნა.

„ჩვენმა კლუბმა ამ ფეხბურთელში სოლიდური თანხა გადაიხადა. საფრანგეთის ჩემპიონატის მოთამაშის სანაცვლოდ ასეთი თანხა „ჩელსიმ“ იმიტომ გადაიხადა, რომ მისი ძალიან სჯეროდა. ახლა ედენი ნიჭიერ მოთამაშეზე მეტია.

აზარი ის ფეხბურთელია, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, იგი გუნდზე თამაშობს. ამჟამად მას ბრწყინვალე პერიოდი აქვს“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი