მუნდიალის პირველი მატჩის მთავარი მსაჯის ვინაობა ცნობილია

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია. ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გასამართ ტურნირის გახსნით შეხვედრას იაპონელი მსაჯი იუიტი ნისიმურა მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ნისიმურას 2010 წლის მუნდიალზე ოთხი მატჩი აქვს ნამსაჯი, მათ შორის ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელიც „სელესაოს“ დამარცხებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე საერთო ჯამში აჩვენა 16 ყვითელი და ორი წითელი ბარათი, დანიშნა ერთი პენალტი.

იუიტი ნისიმურა 42 წლის გახლავთ, ფიფას მსაჯია 2004 წლიდან.

ბექა დოგრაშვილი

პიკე: „საუკეთესო მესია, მას რონალდუ მოსდევს“

ესპანეთის ნაკრების მცველმა ხერარ პიკემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის თვლის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელად.

„მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ლეო მესია, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ მოსდევს. არცერთი მათგანი ჩვენს ნაკრებში არ თამაშობს, თუმცა ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელთა სიის მესამე, მეოთხე და მეხუთე ფეხბურთელი გვყავს… ჩავი, ინიესტა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ვისენტე დელ ბოსკეს, ის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია. მან „რეალთან“ ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გაიმარჯვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ის კლუბთან და ნაკრებთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულს დაეუფლა. ამასთანავე, დელ ბოსკე ისეთივე მოკრძალებულ პიროვნებად დარჩა“, – პიკეს სიტყვებს პორტუგალიური ინტერნეტ-გამოცემა A Bola ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ლუგანო: „სუარესი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეიმარი ბრაზილიისთვის ან მესი არგენტინისთვის“

ურუგვაის ნაკრების მცველი დიეგო ლუგანო იმედს გამოთქვამს, რომ ლუის სუარესი მუხლის ოპერაციის შემდეგ სრულად მომჯობინდება და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებას მისთვის ჩვეული ჟინით შეხვდება.

„ლუისი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეიმარი ბრაზილიისთვის ან მესი არგენტინისთვის. მთელი წელი იმის შიშით გავატარე, რომ მას რამე არ მოსვლოდა. მთელი წლის განმავლობაში ვლოცულობდი, რომ ის ტურნირს სრულ მზადყოფნაში შეხვედროდა, თუმცა ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში მან ტრავმა მიიღო. ეს ყველაზე ძლიერი დარტყმა იყო, რაც შეიძლებოდა მიგვეღო. როგორც ჩანს, განგებამ გადაწყვიტა, რომ მუნდიალის წინ ჩვენთვის სერიოზული გამოცდა მოეწყო“, – ლუგანოს სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ურუუგვაის მეტოქეებად ინგლისის, იტალიისა და კოსტა რიკის ნაკრებები ჰყავს. ურუგვაელები ტურნირის პირველ შეხვედრას 14 ივნისს კოსტა რიკელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი

მექსიკელ ფეხბურთელებს ვარჯიშზე ტაქსით მისვლა მოუწიათ

მექსიკის ნაკრების ფეხბურთელებს მორიგ ვარჯიშზე მისვლა ტაქსის მეშვეობით მოუწიათ. საქმე იმაში გახლავთ, რომ გუნდის ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა. მექსიკელი მოთამაშეები  სანტოსის ერთ-ერთი სასტუმროდან საწვრთნელ ბაზა „ო რეი პელეზე“ ტაქსით მივიდნენ.

აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, გუნდმა საწვრთნელი პროცესი დაგეგმილ დროს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მექსიკას მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად მასპინძელი ბრაზილიის, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებები ჰყავს. მექსიკელები ტურნირის პირველ შეხვედრას 13 ივნისს კამერუნელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი

ჰონდა: „იაპონიის ნაკრებს მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია“

იაპონიის ნაკრების ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა თვლის, რომ მის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მინიმუმ მეოთხედფინალურ სტადიამდე გასვლა შეუძლია.

„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფურ ეტაპს გადავლახავთ. შემდეგ ეტაპზე ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ სათანადო დონეზე ვართ, რომ ტურნირის მეოთხედფინალში გავიდეთ. ამის შემდეგ, შესაძლოა, ის, რაც სასწაული გვგონია, რეალობად იქცეს“, – ჰონდას სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიას ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად კოლუმბიის, კოტ დივუარისა და საბერძნეთის ნაკრებები ჰყავს. იაპონელები ტურნირის პირველ შეხვედრას 15 ივნისს კოტ დივუარელებთან გამართავენ.

ბექა დოგრაშვილი

ჯერარდი დაშავდა

ინგლისის ნაკრების კაპიტან სტივენ ჯერარდისთვის დღევანდელი ვარჯიში ნაადრევად დასრულდა.

საწვრთნელი პორცესის დროს ინგლისელმა ნახევარმცველმა საზარდულის არეში დისკომფორტი იგრძნო.

ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ინგლისელებს მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩის გამართვა ხუთ დღეში უწევთ. „სამი ლომი“ ტურნირის პირველ შეხვედრას 15 ივნისს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით ღამის 02:00 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში დაფრინდა

კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში დაფრინდა. გუნდის ლიდერმა სამუელ ეტოომ სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება ბრაზილია“, – წერს ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ გუნდი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის გამოყოფილი პრემიის ოდენობასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ბრაზილიაში გაფრენაზე უარს აცხადებდა. კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში გუშინ უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა გეგმა ერთი დღით შეიცვალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კამერუნის ნაკრებს ტურნირის პირველი შეხვედრა დამდეგ პარასკევს უწევს. კამერუნელები მექსიკელებს დაუპირისპირდებიან.

ბექა დოგრაშვილი

ბუფონი: „ვიმედოვნებ, ფინალში ბრაზილიას ან არგენტინას შევხვდებით“

იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი სამუნდიალე პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მისი გუნდი ტურნირის ფინალურ მატჩში ითამაშებს.

„არ მინდა, რაიმე პროგნოზი გავაკეთო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერი შესაძლებელია. გუნდების მდგომარეობასა და აკლიმატიზაციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

პრანდელიმ დიდი სამუშაო გასწია. კარგი გუნდი გვყავს, თუმცა საკმაოდ რთული ჯგუფი შეგვხვდა. იმედი მაქვს, რომ ფინალამდე გავაღწევთ. სასიამოვნო იქნებოდა „მარაკანაზე“ ბრაზილიის ან არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ თამაში“, – ბუფონის სიტყვებს Football Italia აქვეყნებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღე დარჩა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე იტალიას მეტოქეებად ინგლისის, ურუგვაისა და კოსტა რიკის ნაკრებები ჰყავს. „სკუადრა აძურა“ პირველ შეხვედრას ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 15 ივნისს, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში გამგზავრებაზე უარს აცხადებს

კამერუნის ნაკრების ფეხბურთელები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის გამოყოფილი პრემიის ოდენობასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ბრაზილიაში გაფრენაზე უარს აცხადებენ.

კამერუნელ ფეხბურთელებს იმედი ჰქონდათ, რომ მუნდიალზე მოხვედრისთვის მათ გაცილებით მაღალ პრემიას მისცემდნენ, ვიდრე რასაც ახლა სთავაზობენ.

ნაკრები ამ დრომდე კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში იმყოფება და ჯერ კიდევ უცნობია, როდის გაემგზავრება ბრაზილიაში, ან საერთოდ გაემგზავრება თუ არა. შეგახსენებთ, რომ კამერუნის ნაკრებს ტურნირის პირველი შეხვედრა დამდეგ პარასკევს უწევს.

ცნობისათვის, ანალოგიური სიტუაცია კამერუნის ნაკრებს 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჰქონდა. საბოლოოდ, მაშინ კამერუნელები ტურნირზე გაემგზავრნენ, თუმცა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლეს.

ბექა დოგრაშვილი

რობენი: „ესპანელთა წინააღმდეგ 5-3-2 სქემით ვემზადებით“

ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ სასტარტო შეხვედრაში გუნდი ხუთი მცველით ითამაშებს.

„მარტში საფრანგეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ მწვრთნელმა 5-3-2 ტაქტიკა მოგვარგო. ვფიქრობთ, რომ კარგი გეგმა გვაქვს. ასეთ სქემაშიც შემიძლია, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო. ჩვენ მაინც შევინარჩუნებთ ჰოლანდიური სკოლისთვის დამახასიათებელ უპირატესობებს, თუმც დაცვაში ზედმეტად არ უნდა გავიხსნათ. ახალი ტაქტიკის მომზადებაზე ბევრი ვიმუშავეთ. ასე რომ, არაფერი არ გვაღელვებს“, – რობენის სიტყვებს Football Espana ციტირებს.

ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ტიაგო სილვა: „ხანდახან მგონია, რომ მესის შეჩერება მხოლოდ პისტოლეტით არის შესაძლებელი“

ბრაზილიის ნაკრების მცველმა ტიაგო სილვამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელ ნაკრებთან მოხვედრას არ ისურვებდა მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

„ფინალზე თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ სამი გუნდის წინააღმდეგ თამაშს ვუფრთხით: არგენტინა — ეს სამხრეთამერიკული „კლასიკო“ იქნება, გერმანია — ისინი 2002 წლის ფინალისთვის რევანშის აღებას შეეცდებიან, ესპანეთი — ეს მოქმედი ჩემპიონია.

რაც შეეხება ლეო მესის, ხანდახან მგონია, რომ ასეთი ფეხბურთელის შეჩერება მხოლოდ პისტოლეტით არის შესაძლებელი. მას შეუძლია, ნებისმიერ მცველს აუაროს გვერდი. მის წინააღმდეგ მითამაშია და შემიძლია ვთქვა, რომ მისი ქმედებები ყოველთვის არაპროგნოზირებადია“, – ტიაგო სილვას სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუ: „ხალხს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს 1998 წლის გამარჯვება“

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ იმედს გამოთქვამს, რომ „მამლები“ 2010 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის რეაბილიტაციას წლევანდელ მუნდიალზე შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანგები ჯგუფში ჩარჩნენ.

„ხალხს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს 1998 წლის გამარჯვება. ამიტომ, მათ კვლავ დიდი მოლოდინი აქვთ. კი ბატონო, ჩვენი გუნდი მეტწილად შეიცვალა, თუმცა სამხრეთ აფრიკაში განცდილი იმედგაცრუების შეცვლა წელს შეგვიძლია. ვეცდებით, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ“, – ჟირუს სიტყვებს „ტუტომერკატო“ აქვეყნებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს მეტოქეებად ეკვადორის, ჰონდურასისა და შვეიცარიის ნაკრებები ჰყავს. ფრანგები სასტარტო შეხვედრას 15 ივნისს ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი