ლიოვი: “გვესმის, რომ საქართველოში უნდა მოვიგოთ”

გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის კაიზერსლაუტერნში გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

“ბუნდესგუნდის” მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მატჩი შეაჯამა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან კვირას გასამართ შეხვედრასაც შეეხო.

“გუნდში არსებულ საკადრო სიტუაციაზე მორგება მსურდა. საერთო ჯამში, მატჩი ცოტა არეული გამოვიდა. პირველ ტაიმში ღირსეულად გამოვიყურებოდით, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში სათანადო დონეზე ვერ ვიყავით. რამდენიმე კარგი შანსი მოგვეცა, თუმცა შემდეგ ჩრდილში აღმოვჩნდით. მეორე ტაიმში გამართული სქემით ვერ ვმოქმედებდით და მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში საიმედოდ ვერ ვითამაშეთ. ვერ შევასრულეთ ის, რისი იმედიც გვქონდა. გვესმის, რომ კვირას, საქართველოში უნდა მოვიგოთ”, – ლიოვის კომენტარი გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

გერმანიის ნაკრები ავსტრალიასთან მარცხს გადაურჩა (ვიდეო)

გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის კაიზერსლაუტერნში გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მასპინძლები შეხვედრის მე-17 წუთზე მარკო როისის გოლის წყალობით დაწინაურდნენ. სტუმრებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, სამი ხედირამ სწრაფად მარცხენა ფლანგი განვლო და საჯარიმოში გახსნილი როისი მოძებნა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით მეტოქის კარში გადაგზავნა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე სტუმართა შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბურთის თავისუფლად მოწოდების შემდეგ ანგარიში თავური დარტყმით ჯეიმს ტროიზიმ გაათანაბრა, რომელმაც პოზიციურად იონას ჰექტორს აჯობა.

მეორე ნახევრის დებიუტში მაილ ედინაკმა საჯარიმო დარტყმით ავსტრალიელები სულაც დააწინაურა.

აზიის ჩემპიონთან მსოფლიოს ჩემპიონები მარცხისგან ლუკას პოდოლსკიმ იხსნა, რომელიც მოედანზე 73-ე წუთზე გავიდა, რვა წუთში კი შიურლე-ჰექტორის კომბინაცია გოლით დააგვირგვინა.

29 მარტს გერმანიის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს “დინამო არენაზე”, საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ამხანაგური მატჩი:
გერმანია — ავსტრალია 2:2 (1:1)

გერმანია: ცილერი, ჰიოვედესი, ბადშტუბერი (რუდი 46′), მუსტაფი, ჰექტორი, იოზილი, ხედირა (კრამერი 63′), როისი (პოდოლსკი 73′), გიუნდოგანი, ბელარაბი (შიურლე 64′), გიოტცე (კრუზე 73′).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

გოლები: როისი 17′, პოდოლსკი 81′ — ტროიზი 40′, ედინაკი 50′.

 

იოახიმ ლიოვმა სათბილისო განაცხადი დაასახელა

გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ავსტრალიისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის “ბუნდესთიმის” განაცხადში შემდეგი ფეხბურთელები შეიყვანა.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), რონ-რობერტ ცილერი (“ჰანოვერი”), რომან ვაიდენფელერი (“დორტმუნდი”);

მცველები: შკოდრან მუსტაფი (“ვალენსია”), იონას ჰექტორი (“კიოლნი”), ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”), მატს ჰუმელსი (“დორტმუნდი”), ჰოლგერ ბადშტუბერი (“ბაიერნი”), სებასტიან რუდი (“ჰოფენჰაიმი”), ჟერომ ბოატენგი (“ბაიერნი”);

ნახევარმცველები: სამი ხედირა (“რეალი”), ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”), მესუთ იოზილი (“არსენალი”), ანდრე შიურლე (“ვოლფსბურგი”), მარკო როისი (“დორტმუნდი”), კარიმ ბელარაბი (“ლევერკუზენი”), ტონი კროოსი (“რეალი”), მარიო გიოტცე (“ბაიერნი”), კრისტოფ კრამერი (“მიუნხენგლადბახი”), ილკაი გიუნდოგანი (“დორტმუნდი”);

თავდამსხმელები: ლუკას პოდოლსკი (“ინტერი”), ტომას მიულერი (“ბაიერნი”), მაქს კრუზე (“მიუნხენგლადბახი”).

გერმანელები ავსტრალიელებს ამხანაგურად 25 მარტს გაეჯიბრებიან. რაც შეეხება საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გასამართ შეხვედრას, ის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”, 29 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები “დინამო არენას” სალაროებში 23 მარტიდან, ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი 10,15, 20 და 30 ლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენისას იმოქმედებს საგანგებო ლიმიტები. ერთ ფიზიკურ პირს მაქსიმუმ 15 ბილეთის შეძენა შეეძლება.

 

ავსტრალიის ნაკრებმა აზიის თასი მოიგო და უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

აზიის თასის ფინალურ მატჩში ავსტრალიის ნაკრებმა სამხრეთ კორეა ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრა სიდნეიში გაიმართა.

ანგარიში ტურნირის მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოს მასიმო ლუონგოს ზუსტი დარტყმის შედეგად გახსნეს. სამხრეთ კორეის ნაკრებმა მატჩის კომპენსირებულ დროში გათანაბრება შეძლო — გოლი ჰონ-მინ სონმა გაიტანა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები. 105-ე წუთზე ჯეიმს ტროიზიმ მეორედ შეარხია კორეელთა კარის ბადე. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა.

ამრიგად, ავსტრალიის ნაკრებმა პირველად მოიგო აზიის თასი. გარდა ამისა, ავსტრალია გახდა პირველი გუნდი, რომელსაც მოგებული აქვს ორი სხვადასხვა კონფედერაციის ტიტული — მანამდე “სოკერუსი” ოკეანეთის ზონაში ასპარეზობდა და ოთხჯერ რეგიონის ჩემპიონიც გახდა.

ტიმ კეჰილი და მარკო ბრეშიანო გახდნენ პირველი ფეხბურთელები, რომლებიც გახდნენ როგორც ოკეანეთის, ასევე აზიის ჩემპიონები.

შეგახსენებთ, რომ აზიის თასის გამარჯვებულს კონფედერაციის თასის საგზური ენიჭება. ამრიგად, 2017 წელს გასამართ კონფედერაციის თასზე მონაწილე ერთ-ერთი გუნდი სწორედ ავსტრალიის ნაკრები იქნება.

აზიის თასის ფინალი:

სამხრეთ კორეა — ავსტრალია 1:1 (დ.დ. 1:2)
გოლები: ჰონ-მინ სონი 90+1′ — ლუონგო 45′, ტროიზი 105′.

ავსტრალია — ესპანეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა თავდამსხმელი დავიდ ვილია დაასახელეს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

32 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 56 წუთი დაჰყო, გააკეთა 23 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.

 

ავსტრალია — ჰოლანდია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი დაასახელეს, რომელმაც მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა. მას მიმდინარე ტურნირზე აქტივში უკვე სამი გატანილი გოლი აქვს.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 19 გადაცემა და კარში დაარტყა 5-ჯერ.

 

მარკ შვარცერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლონდონის „ჩელსის“ მეკარემ მარკ შვარცერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.
აქედან გამომდინარე, 41 წლის ავსტრალიელი, რომელიც „არისტოკრატთა“ რიგებს მიმდინარე წლის ზაფხულს თაივსუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, 2014 წლის მუნდიალზე მონაწილეობას არ მიიღებს.
„მარკი ეროვნულ ნაკრებს ძალიან დაეხმარა. ავსტალიის ნაკრების მაისურით მან ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა. დიდი ხნის განმავლობაში იგი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. მსურს, მას ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა ანგე პოსტეკოგლუმ.
ცნობისთვის, საკუთარი ეროვნული ნაკრების მაისურით შვარცერმა 109 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ალექსანდრე მატევოსოვი

ჟირუ: „რომ ვერ გამეტანა, ხალხი დაიწყებდა ლაპარაკს, ჟირუ ცუდად თამაშობსო“

საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გუშინ გამართული ამხანაგური მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა. დუბლი შეასრულა ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ სიხარული ფრანგ ჟურნალისტებს გაუზიარა.

„პირველ საგოლე ეპიზოდში რომ ვერ გამეტანა, ხალხი შემდეგ ლაპარაკს დაიწყებდა, ჟირუ ცუდად თამაშობსო. მეორე გოლი ლამაზი კომბინაციის დაგვირგვინება იყო. ვიმედოვნებ, ასეთ გოლებს კიდევ გავიტან. თავდამსხმელის თამაში რომ შეაფასო, ამისთვის მას მომენტი უნდა შეუქმნა. გოლის გასატანად ბევრი შანსი მომეცა. იმისთვის, რომ გუნდმა ბევრი გაიტანოს, მას რამდენიმე ძლიერი ფორვარდი უნდა ჰყავდეს. ჩვენ გაგვიმართლა, რადგან გუნდში გვყავს ორი ისეთი თავდამსხმელი, რომელიც სხვადასხვა ტაქტიკებში ჯდება. მოხარული ვარ, რომ გავიტანე. მახარებს კარიმ ბენზემას გოლიც. ეს ჩვენთვისაც კარგია და ნაკრებისთვისაც“, – ჟირუს სიტყვები ფრანგულმა L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

დანარჩენი სამი გოლი ფრანკ რიბერის (8′, პენ), იოან კაბაისა (29′) და მატიე დებიუშის (47′) ანგარიშზეა.

ბექა დოგრაშვილი

გადაუხდელი სიყვარული

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე უზომოდ შეყვარებული ირლანდიელი ქომაგის შესახებაა. დუბლინის მკვიდრი დევიდ ფინი სამშობლოდან შორეულ ავსტრალიაში 16 წლის წინათ გადაიხვეწა. საბედნიეროდ, ევროპიდან ავსტრალიაში საფეხბურთო მატჩების ტელეტრანსლაციის განხორციელების პრობლემა არ დგას. ფინიც ცდილობდა, ხელიდან არ გაეშვა ეროვნული ნაკრების მატჩების ტელევიზიით ხილვის შესაძლებლობა, თუმცა…

გასულ კვირას მისთვის დაუჯერებელი რამ მოხდა: ფინიმ ტელეპროგრამაში  ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ვერ იპოვა. ადგილობრივ ტელევიზიებში მას განუმარტეს, რომ აღნიშნული შეხვედრის ტრანსლირებას არ გეგმავდნენ. 38 წლის ფინიმ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო…

საზრიანი ქომაგი იმ კომპანიას დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნული მატჩის ჩვენებაზე უფლებებს ფლობდა: „ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ჩვენებაზე ამ თქვენი უფლებების შეძენა მინდა“.

კომპანიის თანამშრომლები ასეთმა მოულოდნელმა შემოთავაზებამ განაცვიფრა და დევიდი ზრდილობიანად უარით გაისტუმრეს. ჯიუტმა ირლანდიელმა ხელი არ ჩაიქნია და მეორე დღეს კომპანიას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მას მწვანე შუქი აუნთეს.

ტრანსლაციის განხორციელებაზე ფინი იმ ტელეარხს მოელაპარაკა, რომელიც ბარებში, კაზინოებსა და ავსტრალიის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე პოპულარულია. ნაკრებისადმი სიყვარული დევიდ ფინის რამდენიმე ათასი დოლარი დაუჯდა.

– დევიდ, საიდან გაქვთ ამდენი პირადი თანხა? – დაინტერესდა ჟურნალისტი.
– არც მქონია და არც მაქვს. ყველაზე რთული ჩემი მეუღლის დარწმუნება იყო. მეწინააღმდეგებოდა, თუმცა სიტყვა მივეცი, რომ რასაც ამ ტელეტრანსლაციისთვის დახარჯავდა, უკლებლივ უკან დაუბრუნდებოდა.

ირლანდიელმა ფეხბურთელებმა ავსტრალიაში მცხოვრები მათი თანამემამულე ვერ გაახარეს და მატჩი ანგარიშით 1:2 დათმეს.

ბექა დოგრაშვილი