კამერუნის ნაკრები აფრიკის ჩემპიონია (ვიდეო)

ეგვიპტისა და კამერუნის ნაკრებებს შორის 2017 წლის აფრიკის ერთა თასის ფინალური მატჩი ჩატარდა. გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში გამართული შეხვედრა კამერუნელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩში ეგვიპტელები დაწინაურდნენ. 22-ე წუთზე მოჰამედ ელნერიმ ანგარიში გახსნა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში ნიკოლა ნკულუმ წონასწორობა აღადგინა, ტაიმის მიწურულს კი ვენსან აბუბაქარმა კამერუნის ნაკრები სულაც დააწინაურა. დარჩენილ დროში კამერუნელებმა ეს უპირატესობა შეინარჩუნეს და 2002 წლის შემდეგ პირველად აფრიკის ჩემპიონები გახდნენ.

კამერუნის ნაკრებმა კონტინენტის საუკეთესო გუნდის წოდება მეხუთედ მოიპოვა (1984; 1988; 2000; 2002; 2017).

აფრიკის ერთა თასი
ფინალი
ეგვიპტე — კამერუნი 1:2 (1:0)
გოლები: მოჰამედ ელნერი 22′ — ნკულუ 59′, აბუბაქარი 88′.


აფრიკის თასის მეორე ფინალისტის ვინაობაც ცნობილია (ვიდეო)

კამერუნისა და განის ნაკრებებს შორის 2017 წლის აფრიკის ერთა თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

შეხვედრის პირველი ტაიმი უმეტესწილად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. საგოლე მომენტი ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ ფეხბურთელებმა საწყის 45 წუთში ეპიზოდის რეალიზება ვერ მოახერხეს. ანგარიში 72-ე წუთზე გაიხსნა. სტანდარტულის შესრულების შემდეგ ბურთი მეტოქის საჯარიმოში კამერუნელთა მცველ ნგადეუ-ნგაჯუის მიუვიდა და მანაც შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა. განელებმა წონასწორობის აღსადგენად გაიბრძოლეს, მაგრამ კომპენსირებულ დროში მეორე ბურთიც მიიღეს. სწრაფი კონტრშეტევა მეკარესთან ერთ-ერთზე გასულმა ბასოგოგმა დააგვირგვინა — 2:0.

ამრიგად, 2017 წლის აფრიკის თასის ფინალში ეგვიპტის ნაკრების მეტოქე კამერუნი იქნება. ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 5 თებერვალს შედგება, ერთი დღით ადრე კი მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ბურკინა ფასოსა და განის ნაკრებები შეეცილებიან.

აფრიკის ერთა თასი
ნახევარფინალი
კამერუნი — განა 2:0 (0:0)
გოლები: ნგადეუ-ნგაჯუი 72′, ბასოგოგი 90+3′.


სონგმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა

„ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა ალექს სონგმა კამერუნის ნაკრებში თამაშის დასრულება გადაწყვიტა.

27 წლის ფეხბურთელს, რომლის კონტრაქტი „ბარსელონას“ ეკუთვნის, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია. ხორვატიასთან შეხვედრაში მან წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მას გუნდის ცუდ გამოსვლაში დასდეს ბრალი.

სონგი აფრიკის ერთა თასზე არ გამოიძახეს, გადსაწყვეტილება კი მან კამერუნის ფეხბურთის ფედერაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ცნობისთვის, თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების რიგებში ალექსმა ჯამში 38 შეხვედრა ჩაატარა.

“არსენალმა” შესაძლოა, 800 ათას ევროდ “ლიონის” ტალანტი იყიდოს

ლონდონის “არსენალი” “ლიონის” 21 წლის თავდამსხმელ კლინტონ ნჟიეს აკვირდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე თვეში კამერუნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველი სანაკრებო გოლიც გაიტანა. შემდეგ შეხვედრაში კი, კამერუნის ნაკრების ფორვარდმა ეროვნული გუნდის რიგებში დუბლი შეასრულა და 2 სანაკრებო მატჩში 3 გოლი მოაგროვა. ნჟიემ უმალკ მიიპყრო “მეთოფეთა” თავკაც არსენ ვენგერის ყურადღება და ახლა ჩრდილოლონდონური კლუბი აღნიშნული ტრანსფერის გაჩარხვაზე ფიქრობს.

ნჟიეს, რომელსაც უკვე ადარებენ სამუელ ეტოოს, მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. მისი შრომითი ხელშეკრულების მინიმალური გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 800 ათას ევროს შეადგენს.

 

კამერუნი — ბრაზილია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „სელესაოს“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელთა ლიდერი ნეიმარი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

„ბარსელონაში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 71 წუთი დაჰყო, გააკეთა 42 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

კამერუნელ მოთამაშეებს შორის წუხანდელი მატჩის მიმდინარეობისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:4) მიწურულს კამერუნელ ფეხბურთელებს – ბენუა ასუ-ეკოტოსა და ბენჟამენ მუკანჯოს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ასუ-ეკოტომ მუკანჯოს თავი ჩაარტყა. არბიტრს ეს ეპიზოდი გამოეპარა და ფეხბურთელი დასჯას გადაურჩა.

ასუ-ეკოტომ კინ­კლა­ო­ბა საფინალო სასტვენის შემდეგაც განაგრძო. საბოლოოდ კი, მისი დამშვიდება გუნდის კაპიტანმა სამუელ ეტოომ მოახერხა.

 

კამერუნი — ხორვატია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბალკანელთა თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 24 გადაცემა და კარში 4-ჯერ დაარტყა.

 

კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში დაფრინდა

კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში დაფრინდა. გუნდის ლიდერმა სამუელ ეტოომ სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება ბრაზილია“, – წერს ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ გუნდი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის გამოყოფილი პრემიის ოდენობასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ბრაზილიაში გაფრენაზე უარს აცხადებდა. კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში გუშინ უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა გეგმა ერთი დღით შეიცვალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კამერუნის ნაკრებს ტურნირის პირველი შეხვედრა დამდეგ პარასკევს უწევს. კამერუნელები მექსიკელებს დაუპირისპირდებიან.

ბექა დოგრაშვილი

კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში გამგზავრებაზე უარს აცხადებს

კამერუნის ნაკრების ფეხბურთელები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის გამოყოფილი პრემიის ოდენობასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ბრაზილიაში გაფრენაზე უარს აცხადებენ.

კამერუნელ ფეხბურთელებს იმედი ჰქონდათ, რომ მუნდიალზე მოხვედრისთვის მათ გაცილებით მაღალ პრემიას მისცემდნენ, ვიდრე რასაც ახლა სთავაზობენ.

ნაკრები ამ დრომდე კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში იმყოფება და ჯერ კიდევ უცნობია, როდის გაემგზავრება ბრაზილიაში, ან საერთოდ გაემგზავრება თუ არა. შეგახსენებთ, რომ კამერუნის ნაკრებს ტურნირის პირველი შეხვედრა დამდეგ პარასკევს უწევს.

ცნობისათვის, ანალოგიური სიტუაცია კამერუნის ნაკრებს 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჰქონდა. საბოლოოდ, მაშინ კამერუნელები ტურნირზე გაემგზავრნენ, თუმცა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლეს.

ბექა დოგრაშვილი

ჯოზეფ მინალას ასაკი ოფიციალურად გაირკვა

გემახსოვრებათ, მიმდინარე წლის დასაწყისში რომის „ლაციოს“ ახალწვეულ ჯოზეფ მილანას ასაკზე ერთი ამბავი რომ ატყდა. კამერუნელმა ნახევარმცველმა მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. ოფიციალური დოკუმეტებით, ის 1996 წლის 24 აგვისტოს დაიბადა, თუმცა მისი შემხედვარე ძნელად თუ დაიჯერებს, რომ მინალა 17 წლისაა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება აწარმოა, რომლის შედეგებიც ასეთია: ჯოზეფ მინალა ნამდვილად 17 წლის არის. მის დოკუმენტაციაში დარღვევები არ აღმოჩნდა.

მოთამაშეს ბრალს სდებდნენ, რომ ნამდვილ ასაკს მალავდა. ბევრი აღნიშნავდა, რომ მინალა სინამდვილეში 40 წელს გადაცილებული იყო. კამერუნელი ფეხბურთელი კი დაჟინებით ამბობდა, რომ 17 წლის იყო და მისი გადაბერებული სახე მძიმე ბავშვობის შედეგი გახლდათ.

ჯოზეფ მინალა „ლაციოს“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მან სერია A-ს აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში 3 მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი

ეტოომ მოურინიოს სულელი უწოდა

ლონდონის „ჩელსის“ კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ კიდევ ერთხელ ისაუბრა საკუთარი ასაკის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ფრანგულმა ტელეარხმა „კანალ პლუსმა“ ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.

„მყავს გუნდი, მაგრამ არა – თავდამსხმელი. „ჩელსის“ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გოლის გამტანი არ გვყავს. მხოლოდ სამუელ ეტოოა, რომელიც 32… ან ვინ იცის, იქნებ 35 წლისაც კია“, – სწორედ ამ სიტყვებს ამბობდა მოურინიო გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში.

ინტერვიუ სამუელ ეტოოსთან africanfootball.com-მა გამოაქვეყნა.

— ფიქრობთ, რომ აფრიკა თავის სიტყვას იტყვის ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე?
— იმედი მაქვს, რომ იტყვის. აფრიკის მაცხოვრებლებს ძალიან ეიმედებათ, თუმცა მეტოქეები პატივს არ გვცემენ. შეხედეთ წამყვან ევროპულ კლუბებს, რამდენი აფრიკელი ბრწყინავს! მაგალითად, „მანჩესტერ სიტი“ ავიღოთ. შეხედეთ, რამდენი გოლი გაიტანა იაია ტურემ. ეს მესი რომ  ყოფილიყო, ამაზე სამი წლის განმავლობაში ისაუბრებდნენ.
დღესდღეობით საუკეთესო აფრიკული გუნდი კოტ დივუარის ნაკრებია. ისინი ქაღალდზე ყველას აღემატებიან, თუმცა ამის დასამტკიცებლად უნდა მოიგონ კიდეც. აფრიკამ უნდა იბრძოლოს იმდენად, რამდენადაც ეს შეუძლია და ტურნირზე მაქსიმალურად შორეულ ეტაპზე უნდა გავიდეს. რატომაც ვერ უნდა მოვიგოთ მსოფლიოს ჩემპიონატი?! ხალხი იტყვის, რომ გავგიჟდი, მაგრამ აბა, სხვა რა განწყობით უნდა ჩავიდე ბრაზილიაში? დასასვენებლად?

— როგორ გრძნობთ თავს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც შესაძლოა თქვენთვის ბოლო გამოდგეს. რას ფიქრობთ „ჩელსიში“ თქვენს მომავალზე?
— მადლობას გიხდით შეხსენებისთვის, რომ ეს ჩემი ბოლო მუნდიალია. მე 33 წლის ვარ. იმ სულელს არ უნდა დაუჯეროთ, ბებერი რომ მიწოდა. ალბათ, შეამჩნევდით, რომ ამ ბებერმა ბევრ ახალგაზრდას აჯობა.
ზოგი ფიქრობს, რომ კარიერას აშშ-ში ან ახლო აღმოსავლეთში დავასრულებ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჯერ კიდევ სიამოვნებას მანიჭებს. ვაპირებ, რომ ამავე დონეზე თამაში გავაგრძელო. რომელ გუნდში? ამას არ გეტყვით. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ და თამაშის გაგრძელებასაც ვაპირებ.
მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 37 წლის ვიქნები. ზოგიერთს 42 წლის ასაკშიც უთამაშია მუნდიალზე. ასე რომ, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეიძლება, რომ ვითამაშო.

— გეშინიათ ბრაზილიის ნაკრების? (ჯგუფურ ეტაპზე კამერუნის ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა)
— არასდროს არ მეშინია. შიშის გრძნობა, რომ მქონოდა, ფეხბურთელი ვერ გავხდებოდი. მეტოქე უნდა დააფასო. 11 კაცი 11 კაცს დაუპირისპირდება. კი ბატონო, კამერუნი 1994 წელს ბრაზილიასთან დამარცხდა, მაგრამ მე იმ გუნდის წევრი ვიყავი, რომელმაც „სელესაოს“ კონფედერაციის თასზე მოუგო. 88-ე წუთზე დიდას დიდებული გოლიც გავუტანე. შემდეგ ბრაზილიელები ოლიმპიურ თამაშებზეც დავამარცხეთ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთი ზუსტი მეცნიერება არ არის.
რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მეშინია. ჩვენ ჩვენი შანსები გვექნება და ეს უნდა გამოვიყენოთ.

ბექა დოგრაშვილი

რამდენი წლისაა ჯოზეფ მინალა?

ფეხბურთის ქომაგები, ბლოგერები, სპორტული ექსპერტები თუ ჟურნალისტები მიმდინარე კვირის განმავლობაში ერთ უბრალოდ თემას განიხილავენ: რამდენი წლის არის რომის „ლაციოს“ კამერუნელი ნახევარმცველი?

რამდენიმე დღის წინათ კი გვისაყვედურეს, ჟურნალისტები ამ თემას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთო, მაგრამ კვირის ერთ-ერთ მთავარ საკითხს გვერდს ვერ ავუვლიდით.

„ლაციოს“ ახალგაზრდული გუნდის კამერუნელი ნახევარმცველი ჯოზეფ მინალა რომაული დერბის წინ მეტად პოპულარული გახდა: ფეხბურთელი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სათადარიგოთა სკამზეც ვერ მოხვდა.

მინალამ მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. მიზეზი? ოფიციალური დოკუმეტებით, ის 1996 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. ინტერნეტის მომხმარებლები ამ მონაცემს არ იჯერებენ და ფორუმებისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით ასეთ კომენტარებს აკეთებენ:

„მინალა ამტკიცებს, რომ 17 წლისაა? მისი პასპორტი მხოლოდ ნაკიან წლებს თვლის?“ – @Houssem_HR.
„1996 წელს დაიბადა? მამაჩემივით გამოყურება!“ – @Akram_A.
„კამერუნის ასაკით  – 17, ევროპული ასაკით – 36“, – @nechibou.
„ეს თუ 17 წლისაა, მაშინ მე ორ თვეში უნდა დავიბადო“, – tornike.barca. (Fanebi.Com)

მინალას შემყურე, მართლაც რთულია, დაიჯერო, რომ ის ჯერ 18 წლისაც არ არის. „ლაციოში“ 2013 წლის აგვისტოში მოხვდა. რომაელთა ახალგაზრდულ გუნდში ჩემპიონატის ხუთ და თასის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ასევე ითამაშა ვიარეჯოს ტურნირის ერთ შეხვედრაში. საერთო ჯამში, 5 გოლი მიითვალა. ასე გამოიყურება ჯოზეფი თავისი თანაგუნდელებისფონზე. (მარცხნიდან პირველი)

ეს კი „უდინეზეს“ თავდამსხმელ ანტონიო დი ნატალესთან ერთად გადაღებული სურათია. თუ ოფიციალურ დოკუმენტებს დავუჯერებთ, როცა მინალა ქვეყნიერებას მოევლინა, დი ნატალე უკვე 19 წლისა იყო.

ცეცხლზე ნავთი ინტერნეტ-პორტალ senego.net-ზე გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ დაასხა. სენეგალელ ჟურნალისტ ლამინ სამბას მიერ მომზადებულ ინტერვიუში მინალას ციტატას ვკითხულობთ: „17 წლის არ ვარ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომეწერა ხელი კონტრაქტზე, რათა აფრიკაში დატოვებული ჩემი ოჯახისთვის ფული გამეგზავნა. აგვისტოში 42 წლის იუბილე მქონდა. იმედი მაქვს, ეს ჩემს „ლაციოში“ დარჩენას ხელს არ შეუშლის“.

მოგვიანებით ფეხბურთელმა ეს განცხადება უარყო: „ვებ-პორტალ senego.net-ზე წავიკითხე სტატია, რომელშიც თითქოს ვამბობ, რომ მე იმ ასაკის არ ვარ, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში წერია. ეს ჩემთვის უცნობი ხალხის მიერ დაწერილი ცრუ განცხადებაა“.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მაქს ევანგელისტა მხარს მინალას უჭერს და ამბობს, რომ ის მართლაც 17 წლისაა: „მინალა წარმოუდგენლად სწრაფი ფეხბურთელია. მას 41 წელს ნამდვილად ვერ მისცემთ. ძალიან სწრაფად დარბის“.

მინალას მხარესაა „ლაციოს“ კიდევ ერთი ახალგაზრდა აფრიკელი ფეხბურთელი მამადუ ტუნკარა, რომელიც აცხადებს, რომ ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. ფიფას აგენტმა დიეგო ტავანომ კი სულაც ასეთი რამ თქვა: „მინალას მისამართით უსამართლო ბრალდებები გაისმა, თუმცა ჯოზეფი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. თუ გაესაუბრებით, დარწმუნდებით, რომ მინალა მართლაც 17 წლის ბიჭი გახლავთ“.

თუმცა, senego.net-ი აგრძელებს: „ხელთ ჩაგვივარდა მინალას ფოტო, რომელზეც ის მსხვილი ხედით არის აღბეჭდილი. ეს სურათი ამტკიცებს, რომ ის ასაკოვანია. მამაკაცს პირის გარშემო ნაოჭები 30-35 წლის შემდეგ უჩნდება… თანაც, მინალას ბავშვობის რამდენიმე მეგობარმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის 37 წელზე მეტისაა“.

საქმე იქამდე მივიდა, რომ „ლაციოს“ ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწია: „კლუბი ფეხბურთელის ასაკსა და დოკუმეტებს ადასტურებს. გარდა ამისა, ვიტოვებთ უფლებას, ვუჩივლოთ მათ, ვინც ამბობს, რომ მოთამაშე უფრო ხნიერია, ვიდრე ეს დოკუმენტებშია მოცემული“.

მინალას ასაკის თემას ეხმაურება ისეთი ავტორიტეტული გამოცემები, როგორებიცაა „ლა გაძეტა დელო სპორტი“, „ბიბისი სპორტი“, „ESPN“. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში უნიკალურია.

ისტორიაში მოიძებნება რამდენიმე შემთხვევა, როცა აფრიკელმა ფეხბურთელმა ასაკი დაიკლო. მაგალითად, ტარიბო ვესტი… ბელგრადის „პარტიზანის“ ყოფილი ხელმძღვანელი ჟარკო ზეჩევიჩი იხსენებს: „როდესაც ვესტი ჩვენთან გადმოვიდა, გვითხრა, რომ ის 28 წლისა იყო. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ვესტი სინამდვილეში 40 წლისა ყოფილა. თუმცა, იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მის ტრანსფერზე უარი ვთქვი“. 1997 წელს ვესტი მილანის „ინტერში“ გადავიდა. ოფიციალური მონაცემებით, ის ამ დროს 23 წლის იყო. თუ ზეჩევიჩს დავუჯერებთ, ვესტი სინამდვილეში მაშინ 35 წლისა იყო. მოგვიანებით ვესტმა ზეჩევიჩის სიტყვები უარყო და განაცხადა, რომ „პარტიზანის“ ყოფილი ხელმძღვანელი საღ ჭკუაზე არ არის.

რაც შეეხება მინალას, ის მის გარშემო ამტყდარ იწილო-ბიწილოს ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „შური ადამიანის სისუსტეა… ყველას მადლობას გიხდით იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან ვიღებ. მინდა, რომ ოცნება ავიხდინო და მუყაითად ვიმუშაო როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვის. FORZA LAZIO!“

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com