„ინტერმა“ ტორესის მიმართ ინტერესი დაადასტურა

მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნერაძურის“ ზაფხულში ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდ ფერნანდო ტორესის დამატება სურს.

„ის ჩვენი ყურადღების არეალში მყოფი ერთ-ერთი ფეხბურთელია. ამის შესახებ ჩვენმა პრეზიდენტმა ერიკ თოჰირმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა. მოგვიანებით ზუსტად გაგაცნობთ, თუ რომელი მოთამაშეებით არის ჩვენი კლუბი დაინტერესებული“, – ფასონეს სიტყვებს football espana ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ფერნანდო ტორესი 2011 წელს „ლივერპულიდან“ დაიმატა. მაშინ ლონდონელებმა 50 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა მასზე გაცემული ავანსების გამართლება ვერ შეძლო.

ბექა დოგრაშვილი

„ჩელსი“ მადრიდში წამსვლელ ქომაგებს ფინანსურად დაეხმარება

ლონდონის „ჩელსი“ კლუბის იმ ქომაგებს, რომლებიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდში, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას დაესწრებიან, ფინანსურად დაეხმარება. დასავლეთლონდონური კლუბი მატჩზე დასასწრები თითოეული ბილეთის ღირებულებიდან 24 ევროს თავად დაფარავს.

„ჩელსის“ „ვისენტე კალდერონზე“ გასამართ მატჩზე 3 071 ბილეთი გამოუყვეს. ბილეთების ღირებულება კლუბის მიერ შეთავაზებული ფასდაკლების გათვალისწინებით 45-დან 96 ევრომდე მერყეობს.

მატჩი „ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ შორის 22 აპრილს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ჩეხმა, „ჩელსი“ „ლივერპულზე“ გამოცდილიაო

ლონდონის „ჩელსის“ კიპერმა პეტრ ჩეხმა განაცხადა, რომ ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მისი გუნდის გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი უპირატესობა აღმოჩნდეს.

დღევანდელობიდან გამომდინარე, პრემიერლიგის მოგების ყველაზე რეალურ კანდიდატად „ლივერპული“ ითვლება, რომელმაც გუშინ უშუალო კონკურენტი „მანჩესტერ სიტი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა. „ჩელსის“ მეორე ადგილი აქვს დაკავებული და ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება. მესამე „მანჩესტერ სიტია“, რომელსაც „ჩელსიზე“ 5 ქულით ნაკლები აქვს. გარდა ამისა, „ქალაქელებს“ ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „ჩელსი“ 27 აპრილს „ენფილდზე“ ითამაშებს და შესაძლოა, იმ მატჩმა გადაწყვიტოს საჩემპიონო ბედი.

„ლივერპულისგან“ არავინ არაფერს არ მოელოდა. სწორედ ამიტომ თამაშობენ ისინი ზეწოლის გარეშე. ვნახოთ, როგორ გაუმკლავდებიან მერსისაიდელები ბოლო ტურის მატჩებს. ისინი საოცრად კარგად თამაშობენ, თუმცა ჩვენც აქვე ვართ.

ისიც გვესმის, რომ „მანჩესტერ სიტიმაც“ უნდა დაკარგოს ქულა, თუმცა თუ დარჩენილ შეხვედრებს მოგებით დავასრულებთ, შანსი ნამდვილად გაგვიჩნდება.

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც უფრო მეტი მატჩის ჩატარებას მიეჩვივნენ. ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე გუნდი ზეწოლის გარეშე თამაშობს. ვეცდებით, რომ დარჩენილი შეხვედრები მოვიგოთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება“, – ჩეხის სიტყვები London Evening Standard-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

პაულუ ფერეირა: „წილისყრამ „ჩელსის“ მეტად ძლიერი მეტოქე არგუნა“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება. ინგლისური კლუბის წარმომადგენელი პაულუ ფერეირა თვლის, რომ

„წილისყრამ მეტოქედ მეტად ძლიერი გუნდი გვარგუნა. „ატლეტიკო“ ძალიან კარგად გამოიყურებოდა მეოთხედფინალურ ეტაპზე და ნახევარფინალში თამაში დაიმსახურა.

ვიცით, რომ გარკვეულ პრობლემებს წავაწყდებით. შესაძლოა, სულ მცირე დეტალებმა ბევრი რამ გადაწყვიტოს. ამიტომ, „ატლეტიკოსთან“ გასამართი მატჩისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ. რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიოს გამოცდილება დაგვეხმარება. მან იცის, როგორ მიაღწიოს გამარჯვებას ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში“, – განუცხადა პაულუ ფერეირამ „ევროსპორტის“ კორესპონდენტს.

წყვილის პირველი მატჩი 22 აპრილს, მადრიდში შედგება, განმეორებითი კი – 30 აპრილს, ლონდონში.

ბექა დოგრაშვილი

ვილიავერდე: „ჩელსის“ ბარიერის ძლევის და ფინალში გასვლის იმედი გვაქვს“

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოს“ მეტოქედ ლონდონის „ჩელსი“ ერგო. ესპანურმა გუნდმა ბოლო 40 წელიწადში პირველად გააღწია ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ამ სტადიამდე. „ატლეტიკოს“ შანსები კლუბის დირექტორმა კლემენტე ვილიავერდემ შეაფასა.

„ჩელსი“ ძალიან ძლიერი გუნდია. ლონდონელები კარგად თამაშობენ. მძიმე ბრძოლა მოგვიწევს. ფინალში გაღწევა ძალიან რთული იქნება, თუმცა მოხარულნი ვართ იმით, რომ ასეთი ცნობილი კლუბის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა მოგვეცა“, განუცხადა ვილიავერდემ „ევროსპორტს“.

„ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა „ატლეტიკოს“ „ჩელსისთვის“ მოუგია. ფინალში გასვლის იმედი გვაქვს. ისევე უნდა ვიმუშაოთ, როგორც წინა მატჩებში. გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – დაამატა მადრიდული კლუბის დირექტორმა.

წყვილის პირველი მატჩი 22 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი – 30 აპრილს.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ნახევარფინალში თამაში დავიმსახურეთ“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართული მატჩი დრამატულად წარიმართა და საბოლოოდ, ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. 87-ე წუთზე დემბა ბას მიერ გატანილი გოლის შემდეგ, ჟოზე მოურინიო ტექნიკური ზონიდან სირბილით მოზეიმე ლონდონელი ფეხბურთელებისკენ გაეშურა და ფერნანდო ტორესსა და გოლის ავტორს რაღაც ჩასჩურჩულა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა პორტუგალიელ სპეციალისტს ეს ეპიზოდი გაახსენა და მიუთითა, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა გატანილი გოლი, რასაც მოურინიო კატეგორიულად არ დაეთანხმა.

„არა, ჩემს ფეხბურთელებთან გოლის აღსანიშნავად არ მივსულვარ. ფერნანდოსა და დემბას იმ ცვლილებების შესახებ მივუთითე, რაც უნდა გაგვეკეთებინა, რადგან წინ კიდევ სამი წუთი, პლუს მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო იყო. მე მათ ვუთხარი, რომ მცველების წინ ეთამაშათ. დასვენებულ მოთამაშეებს მათთვის ოდნავ განსხვავებული საქმე დავავალე.

ჩემი აზრით, საკმარისი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი გაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. მეტოქე კონტრშეტევებზე თამაშობდა, ზონებსაც კეტავდა.

ვარჯიშებზე სხვადასხვა ფორმაციები გამოვიყენეთ. ფეხბურთელებმა იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ ამა თუ იმ სიტუაციაში. დემბა ბამ გადამწყვეტი ფუნქცია იტვირთა. გუნდი, რომელიც დაცვით თამაშს უჩვენებდა, დაისაჯა. ჩვენ ნახევარფინალში თამაში დავიმსახურეთ“, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

კურტუა: „გეტყვით, რომელ კლუბში ვითამაშებ მომავალ სეზონში“

მადრიდის „ატლეტიკოს“ კიპერმა ტიბო კურტუამ აღნიშნა, რომ მომავალ კვირას საბოლოოდ გადაწყვეტს, თუ რომელ კლუბში ითამაშებს დამდეგ სეზონში.

„მომავალ კვირას ნათელი გახდება, რომელ კლუბში ვითამაშებ დამდეგ სეზონში. ზუსტად გეტყვით, რომ ეს ან „ჩელსი“ იქნება, ან „ატლეტიკო“ და არა სხვა რომელიმე კლუბი.

მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება“, – კურტუას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

„ჩელსიმ“ დიეგო კოსტას შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო

Goal.com-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსიმ“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დიეგო კოსტას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო.

დასავლეთლონდონური კლუბი მზად არის, ესპანეთის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადოს. „პენსიონერებს“ სურთ, რომ ტრანსფერი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაჩარხონ.

მიმდინარე სეზონში დიეგო კოსტას ანგარიშზე ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 41 მატჩში 31 გატანილი გოლია. ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 23 გოლით მას მეორე ადგილი უკავია და სულ 3 გოლით ჩამორჩება ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს.

 

მოურინიო: „იმედო მაქვს, ეტოო დიდი ხნით არ გამოგვაკლდება“

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის გამართული მატჩის (6:0) დებიუტში „პენსიონერთა“ თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

„სქაი სპორტსის“ ცნობით, კამერუნელმა ფეხბურთელმა მუხლქვედა მყესი დაიშავა, თუმცა „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ ეტოო მოედანს მალე დაუბრუნდება.

„იმედი მაქვს, დიდი ხნით არ გამოგვაკლდება. ვიმედოვნებ, ეტოო ლაზარეთში მხოლოდ 10-15 დღეს დაჰყოფს და არა მთელ თვეს“, – მოურინიოს სიტყვებს „სქაი სპორტსი“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერი: „ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო“

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის გამართული მატჩი „პენსიონერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა. ამ სამარცხვინო მარცხზე პასუხისმგებლობა სრულად აიღო საკუთარ თავზე „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომლისთვისაც ეს „არსენალის“ თავკაცის პოსტზე მე-1000 მატჩი გახლდათ.

როგორც გაზეთ „თაიმსის“ ჟურნალისტმა ოლივერ ქეიმ გვაცნობა, ვენგერი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე იმ მიზეზით არ მივიდა, რომ მას გუნდის ავტობუსზე აგვიანდებოდა. თუმცა, ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა „ბი ბი სის“ კორესპოდენტთან მაინც გააკეთა მცირე კომენტარი.

„ჩელსისთან“ მარცხი ჩემი ბრალია. ჩემს თავზე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას. არა მგონია, აზრი ჰქონდეს ჩვენს მიერ დღეს დაშვებულ შეცდომებზე საუბარს.

ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღეა. პირველ 20 წუთში ყველაფერი ვნახეთ, თუმცა მას შემდეგაც ბევრი რამ მოხდა. ასეთი გამოცდისთვის გუნდს მთელი კვირის განმავლობაში არ ამზადებენ.

იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა მომდევნო მატჩის მოგება გვინდა“, – აღნიშნა ვენგერმა.

ბექა დოგრაშვილი

„ჩელსიმ“ ვენგერს საიუბილეო მატჩი ჩაუმწარა

ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის გამართული მატჩი ერთი გუნდის ამხელა უპირატესობით წარიმართებოდა. ეს არსენ ვენგერის თავკაცობით „მეთოფეთა“ მე-1000 შეხვედრა იყო. ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ჟოზე მოურინიო არასდროს ჰყოლია დამარცხებული და ამის გაკეთებას აღნიშნულ საიუბილეო მატჩზე აპირებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! შეიძლება ითქვას, რომ „ჩელსიმ“ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება საწყისს 17 წუთში გაინაღდა.

მე-5 წუთზე ანდრე შიურლეს მიერ წამოწყებული სწრაფი კონტრიერიში სამუელ ეტოომ დააგვირგვინა, რომელმაც მალევე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. შოკირებულ „არსენალს“ აზრზე მოსვლა იმავე შიურლემ არ აცალა და მე-7 წუთზე ვოიცეხ შჩესნის კარის ბადე მეორედ შეარხია. მატჩის მე-15 წუთზე მთავარმა არბიტრმა ანდრე მარინერმა უხეში ტექნიკური შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთ ეპიზოდში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე განზრახ ხელით ითამაშა და სტუმართა კარის მიმართულებით გამოცდილმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა მარინერს აერია, თუ ვინ დაარღვია თამაშის წესი და წითელი ბარათი ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაცვლად, კირან გიბსს უჩვენა. „მეთოფეებმა“ არბიტრის ვერდიქტი გააპროტესტეს და მიუთითეს, რომ ხელით ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ითამაშა, თუმცა მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. პენალტი ზუსტად ედენ აზარმა შეასრულა და მე-17 წუთისთვის ტაბლოზე უკვე გამანადგურებელი ანგარიში ენთო — 3:0. ამის შემდეგ მასპინძლები ცოტაოდენ დამშვიდნენ, სტუმრებმაც სული მოითქვეს, თუმცა დროებით… 42-ე წუთზე ფერნანდო ტორესის პასით ოსკარმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა — 4:0.

მეორე ტაიმში მატჩის სცენარი არ შეცვლილა, უპირატესობას კვლავ „პენსიონერები“ ფლობდნენ. 66-ე წუთზე ოსკარმა დუბლი გაიფორმა. ერთ წუთში ახალგაზრდა ბრაზილიელი ნახევარმცველის ნაცვლად მოედანზე „ჩელსის“ ახალწვეული მოჰამედ სალაჰი გამოვიდა. ეგვიპტელი ფეხბურთელი აქტიურად ჩაერთო თამაშში და 71-ე წუთზე გოლი მანაც გაიტანა — 6:0.

საბოლოო ჯამში, „ჩელსიმ“ „არსენალი“ ანგარიშით 6:0 დაამარცხა. აი, ასე ჩაუმწარდა საიუბილეო მატჩი არსენ ვენგერს.

მიმდინარე წელს „არსენალი“ ასე სამარცხვინოდ უკვე მეორედ დამარცხდა. მანამდე „მეთოფეები“ „ენფილდზე“ დაეცნენ, როდესაც „ლივერპულთან“ ანგარიშით 1:5 განადგურდნენ.

პირველადგილოსან „ჩელსის“ აქტივში 69 ქულა აქვს, მესამე პოზიციაზე მყოფ „არსენალს“ კი 62 ქულა დარჩა.

ინგლისის პრემიერლიგა
31-ე ტური
„ჩელსი“ — „არსენალი“ 6:0 (4:0)

„ჩელსი“: ჩეხი, კეჰილი, ტერი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი (ობი მიკელი 72′), მატიჩი, ოსკარი (სალაჰი 67′), შიურლე, აზარი, ეტოო (ტორესი 10′).
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
„არსენალი“: შჩესნი, სანია, მერტეზაკერი, კოსელნი (ჯენკონსონი 46′), გიბსი, არტეტა, როსიცკი, კაზორლა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ფლამინი 46′), პოდოლსკი (ვერმალენი 24′), ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: ეტოო 5′, შიურლე 7′, აზარი 17′ (პენ), ოსკარი 42′, 66′, სალაჰი 71′.
გაფრთხილება: როსიცკი 52′.
გაძევება: გიბსი 15′.
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი.

ბექა დოგრაშვილი

„ჩელსი“ — „არსენალის“ მთავარმა არბიტრმა უხეში შეცდომა დაუშვა

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის მიმდინარე მატჩში მთავარმა არბიტრმა ანდრე მარინერმა უხეში ტექნიკური შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთ ეპიზოდში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე განზრახ ხელით ითამაშა და სტუმართა კარის მიმართულებით გამოცდილმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა მარინერს აერია, თუ ვინ დაარღვია თამაშის წესი და წითელი ბარათი ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაცვლად, კირან გიბსს უჩვენა. „მეთოფეებმა“ არბიტრის ვერდიქტი გააპროტესტეს და მიუთითეს, რომ ხელით ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ითამაშა, თუმცა მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. ცნობისთვის, 43 წლის ანდრე მარინერი ფიფას არბიტრია.