მიხალ ბილეკი: „ლოგიკურია, რომ მომდევნო ეტაპზე „აქტობე“ გავიდა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „დინამო თბილისი“ სტუმრად „აქტობესთან“ ანგარიშით 0:3 განადგურდა, ორი მატჩის ჯამში 0:4 დამარცხდა და ევროსარბიელს დაემშვიდობა. მატჩის შემდეგ თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

„60 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ ყველანი შეტევაში წავედით, რის გამოც ბევრი ცარიელი ზონა გაჩნდა. „აქტობემ“ ამით ისარგებლა“, – აღნიშნა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „დინამოს“ ჩეხმა თავკაცმა.

— დღეს „აქტობემ“ გაგაკვირვათ?
— ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ „აქტობემ“ ანგარიშით 3:0 მოგვიგო. ლოგიკურია, რომ მომდევნო ეტაპზე მეტოქე გუნდი ითამაშებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პირველი გაშვებული გოლის შემდეგ სრულად გავიხსენით. „აქტობე“ ძალზედ კარგი გუნდია და შანსები გამოიყენა. ვულოცავ ამ გუნდს და მომდევნო ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ.

 

„დინამომ“ დავით აღმაშენებლის სახელობის თასი მოიგო?

დავით ყიფიანის თასის ფინალური მატჩის შემდეგ, „კურიერის” სპორტულმა კორესპონდენტმა დავით ერაძემ პირდაპირი ჩართვის დროს მექანიკური შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ „დინამო თბილისმა“ ჩემპიონობას დავით აღმაშენებლის სახელობის თასიც დაამატა, რაზეც დიმიტრი ობოლაძისგან საკადრისი პასუხი მიიღო.

გთავაზობთ ამ კურიოზული ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

 

ქუთაისელი გოგო გულშემატკივრის რეაქცია „ტორპედო“-„დინამოს“ მატჩში მომხდარ ინციდენტზე

ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა ინტერენეტ-სივრცეში. ვიდეოში ასახულია ქუთაისელი გოგო გულშემატკივრის ემოციები მოედანზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

ყურადღება: ვიდეოში გამოყენებულია არანორმატიული ლექსიკა.

 

„დინამო თბილისი“ მორიგ საკონტროლო მატჩს რუსული კლუბის წინააღმდეგ გამართავს

თურქეთში შეკრებაზე მყოფი „დინამო თბილისი“ მორიგ საკონტროლო მატჩს დღეს, რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნალჩიკის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

„სპარტაკი“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. რუსული გუნდისთვის ეს თურქულ შეკრებაზე გასამართი რიგით მეორე შეხვედრა იქნება. პირველი მატჩი „სპარტაკმა“ ბულგარულ „მონტანასთან“ ანგარიშით 0:2 დათმო. შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბის ღირსებას ქართველი თავდამსხმელი დავით სირაძე იცავს.

რაც შეეხება „დინამოს“, თბილისური გუნდისთვის ეს ამ შეკრებაზე რიგით მეხუთე მატჩი იქნება. წინა შეხვედრები ამ შედეგებით დასრულდა:

„დინამო თბილისი“ 1:1 „პოდბესკიძიე“ (28 იანვარი);
„დინამო თბილისი“ 1:2 სპლიტის „ჰაიდუკი“ (31 იანვარი);
„დინამო თბილისი„ 1:2 „მლადა ბოლესლავი“ (3 თებერვალი);
„დინამო თბილისი“ 1:0 „ჩერნომორეცი“ (შეწყდა 65-ე წუთზე; 6 თებერვალი).

„დინამოსა“ და ნალჩიკის „სპარტაკს“ შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ოქრიაშვილი „დინამო თბილისის“ საქციელმა გაანაწყენა

როგორც მოგეხსენებათ, თურქეთში შეკრებაზე მყოფ „დინამო თბილისს“ მორიგი საკონტროლო მატჩი ოდესის „ჩერნომორეცთან“ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 25 წუთით ადრე მომხდარი ცვლილების გამო, ქართველმა ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. მატჩის 62-ე წუთზე უკრაინულმა გუნდმა ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად მოედანზე სათამაშოდ მწვრთნელი სტეპან მატვიივი შეუშვა, რაც „დინამომ“ უპატივცემულობად მიიღო და შეხვედრა ჩაშალა.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა „ჩერნომორეცის“ ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა.

„ისე გამოვიდა, რომ ტრავმა მივიღე და ცვლილება აღარ გვქონდა, რადგან იმ დღეს ორი სხვადასხვა შემადგენლობით ვთამაშობდით. მოედანზე გამოვიდა ჩვენი გუნდის მესამე მწვრთნელი, რამაც „დინამო თბილისის“ წარმომადგენლები ძალიან გააღიზიანა და თამაში აღარ მოინდომეს. მითხრეს, რომ ეს უპატივცემულობაა.

თავადაც განაწყენებული გახლდით იმით, რომ ქართველები ასე მოიქცნენ. მე მათ ვთხოვე, მაგრამ ასე მიპასუხეს: „ოქრი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, გაფასებთ, მაგრამ თამაშს აღარ ვაპირებთ, რადგან ეს უპატივცემულობაა“. აი, ასე დასრულდა ეს ამბავი“, – აღნიშნა ოქრიაშვილმა.

ბექა დოგრაშვილი

ჩისკო საუბრობს საქართველოზე

Speak Up About Georgia („ისაუბრე საქართველოზე“) ახალი პროექტია, რომლის არსი საქართველოში მყოფი სხვადასხვა ერის მოქალაქეების ჩაწერა და იმის გაგებაა, თუ რას ფიქრობენ ისინი საქართველოზე, რა განსხვავებებს ნახულობენ საკუთარ და ამ ქვეყნის ერის წარმომადგენელ პირებს შორის. რა სირთულეები ექმნებათ მათ საქართველოში ყოფნისას, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ქვეყანას, რას ურჩევდნენ ქართველ ერს. ამ  საგანმანათლებლო ინფორმაციული პროექტის მიზანი საქართველოში მაცხოვრებელ უცხოელთა მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზება და საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა.

აღნიშნული პროექტის სტუმარია „დინამო თბილისის“ ესპანელი თავდამსხმელი ჩისკო მუნიოსი. ქვემოთ მოცემული ვიდეომასალიდან შეიტყობთ, რას ურჩევდა „დინამო თბილისის“ წარმატებული ფეხბურთელი დამწყებ მოთამაშეებს?! რატომ არის ყოველი დღე განსაკუთრებული მისთვის საქართველოში?! რომელია მისი საოცნებო გუნდი და როგორ ხედავს ის ფეხბურთის მომავალს საქართველოში?! ინტერვიუ მოცემულია ქართული სუბტიტრებით.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი რატი ქირია გვეუბნება, მომავალში დაგეგმილია სხვა უცხოელი ფეხბურთელების ჩაწერაც, მანამდე კი „ისაუბრე საქართველოზე“ ჩისკოსთან ერთად.

 

შოთა ხინჩაგაშვილი – 62

დღეს დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელის, გუნდის მცველის – შოთა ხინჩაგაშვილის დაბადების დღეა. შოთა ხინჩაგაშვილი 1951 წელს დუშეთში დაიბადა. იგი დინამო თბილისის შემადგენლობაში 1970–1982 წლებში ასპარეზობდა. თბილისური გუნდის რიგებში 348 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი. არის სსრკ– ს ჩემპიონატის 1978 წლის გათამაშების ჩემპიონი. 1977 წლის ვერცხლის მფლობელი და ოთხგზის პრიზიორი (1971, 1976 გ. 1976 შ. 1981 წლებში). უეფას 1981 წლის თასების მფლობელთა თასის მფლობელი. ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. 1979 წლის სპარტაკიადის პრიზიორი. არის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი. სსრკ- ს ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს ხუთჯერ, აქედან ორჯერ პირველ ნომრად. 1986 წელს მუშაობდა გუნდის უფროსად, ხოლო 1984 წელს დინამოს მწვრთნელად.

დინამოელები ვულოცავთ შოთა ხინჩაგაშვილს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

fcdinamo.ge

უმაღლესი ლიგის I წრის სიმბოლური გუნდი

დასრულდა საქართველოს XXV ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის I წრე. ტრადიციულად, ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ განვლილი პერიოდი შეაჯამა და სიმბოლური გუნდი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი ფეხბურთელი „დინამო თბილისიდან“ არის მოხვედრილი და ეს არც არის გასაკვირი, რადგან გუნდი სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

გაზეთ  „ლელოს“ ვერსიით, I წრის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება (4-4-2):

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო“);
მცველები: არნაუდ ჩუენსუ („გურია“), გიორგი ხიდეშელი („ტორპედო“), რენე ფერეირა („ზესტაფონი“), დავით კვირკველია („დინამო“);
ნახევარმცველები: დავით კირკიტაძე („მეტალურგი“), დორინ გოგა („დინამო“), გიორგი მერებაშვილი („დინამო“), კობა შალამბერიძე („გურია“);
თავდამსხმელები: ირაკლი მოდებაძე („დილა“), დიმიტრი ტატანაშვილი („ჩიხურა“).
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი („დინამო“).

I წრის სარეზერვო სიმბოლური (3-5-2):

მეკარე: როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“);
მცველები: ვაჟა ტაბატაძე („ტორპედო“), გულვერდ თომაშვილი („დილა“), თენგიზ ჩიკვილაძე („გურია“);
ნახევარმცველები: გრიგოლ დოლიძე („დილა“), გიორგი კუხიანიძე („ტორპედო“), გიორგი ჯანელიძე („ვიტ ჯორჯია“), გოგი ფიფია („მეტალურგი“), რევაზ გეწაძე („მეტალურგი“);
თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე („ტორპედო“), ჩისკო („დინამო“).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე („ჩიხურა“).

 

სალომე ქათამაძემ „დინამოსთვის“ იმღერა (ვიდეო)

მომღერალმა სალომე ქათამაძემ „დინამო თბილისის“ ინტერპრეტირებული ჰიმნი შეასრულა, რომელიც კლუბის ქომაგებს მიუძღვნა.

გთავაზობთ ვიდეომასალას.

 

მწვრთნელებმა “მეტალურგი”–”დინამო” შეაფასეს

რუსთავში გამართული “მეტალურგი” 0:0 “დინამო თბილისის” დასრულების შემდეგ “ფოლადის” სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრეკონფერენცია გაიმართა.

გელა სანაია (“მეტალურგის” თავკაცი): “თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, სამ ქულას ვიმსახურებდით, თუმცა შექმნილი მომენტების გოლად გარდაქმნა ვერ შევძელით. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები მოედანზე სწორად გადაადგილდებოდნენ და ზედმიწევნით ასრულებნდნე მატჩამდე მიღებულ დავალებას. ვფიქრობ, თუ კი ასეთივე მონდომებასა და თამაშის ხარისხს ვაჩვენებთ მომავალ შეხვედრებშიც, შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება”.

დუშან დუშანი (“დინამოს” თავკაცი): “რუსთავის “მეტალურგის” ბოლო შეხვედრები ნანახი გვქონდა და თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდებოდა, რისთვისაც მზად ვიყავით. შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოედანი ჩვენთვის ძალიან ცუდი არის. როდესაც უკანასკნელად ვეთამაშეთ რუსთავის “მეტალურგს” ამ სტადიონზე, ჩვენ 1:2 წავაგეთ. სიმართლე უნდა ითქვას, დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ. ეს ქულა, რომელიც დღევანდელ თამაშში მოვიპოვეთ, ჩვენთვის მისაღებია”.

“დინამოს” ოფიციალური ვებ-გვერდი

მწვრთნელებმა „დინამო“ – „ტორპედო“ შეაფასეს

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეათე ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა „დინამო თბილისმა“ ცხრილის მეორეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძელტა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი: „ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი გამოდგა. მსაჯმა დაპირისპირების დებიუტში კაცი გაგვიგდო და ათი კაცით გავაგრძელეთ თამაში. პირველივე წუთებიდან გუნდს ტაქტიკურად გადაწყობა სჭირდებოდა ისეთ სქემაზე, რომ გუნდს ნაყოფიერად შეეტია და დაცვაშიც რიგიანად ეთამაშა. მეორე ნახევარი არც თუ ისე ცუდად დავიწყეთ, თუმცა ბოლო ოცი წუთი ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენეთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და საჭირო შეხვედრა მოვიგეთ. შეხვედრის მიწურულს მოედანზე „დინამო“ ათი კაცით დომინირებდა, კმაყოფილი ვარ ამ მოგებით. დღევანდელი საღამო ჩვენთვის სასიამოვნო რეზულტატით დასრულდა“.

ჟერარდ სარაგოსა: „პირველ რიგში ტორპედოს გულშემატკივარს მინდა მოვუბოდიში, ვინაიდან ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვინდოდა. დღევნდელ დაპირისპირებაში არა თუ სამი ქულა, არამედ ქულის აღებაც ვერ მოვახერხეთ. სამი–ოთხი თვეა რაც ტორპედოს ვხელმძრვანელობ და მგონი, უკვე ჩამოყალიბდა ძირითადი ბირთვი. გუნდის საშუალო ასაკი 21 წელი არის და დინამოსთან ტოლ–სწორად თამაში იმის დასტურია, რომ ჩვენი დაწყებული საქმე ნაყოფიერია. პირველი სამოცი წუთი კარგად ვითამაშეთ, ბოლოს კი დინამომ გამოცდილების ხარჯზე წარმატებას მიაღწია. ახლა ყველანი სპარტაკთან შეხვედრისთვის ვიფიქრებთ“.

მატჩის რევიუსა და ვიდეომიმოხილვის სანახავად გადადით ბმულზე: ქართული „კლასიკო“ „დინამომ“ დრამატულ ბრძოლაში მოიგო

 

ქართული „კლასიკო“ „დინამომ“ დრამატულ ბრძოლაში მოიგო

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეათე ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა „დინამო თბილისმა“ ცხრილის მეორეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.

მატჩი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. შეხვედრის მე-3 წუთზე ქუთათურთა თავდამსხმელ გიორგი ფანცულაიას მეკარესთან ერთი ერთზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა უსტარიცმა ოპონენტი საჯარიმოს გარე პერიმეტრზე ხელით დაიჭირა და წინსვლის საშუალება არ მისცა. მთავარმა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და „დინამოს“ ბასკ მცველს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. თბილისური გუნდი მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩა, რამაც ბუნებრივია, „დინამოს“ გეგმები გარკვეულწილად შეცვალა.

კარგი მომენტი მიეცა „დინამოს“ მე-18 წუთზე: შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჯაბა დვალმა წამოიწყო შეტევა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან ჩისკო მოძებნა, ამ უკანასკნელმა თავით ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ დორინ გოგას დაუგდო, რუმინელის დარტყმულს მეკარე ადგილზე დახვდა.

შეხვედრის 22-ე ანგარიში გაიხსნა, სტუმრები დაწინაურდნენ: მერაბ გიგაურმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, მართალია სტუმრებმა მეორე სართულზე ბრძოლა წააგეს, თუმცა ბურთი დავით უბილავას მიუვიდა, რომელმაც  საჯარიმოში ჩააბრუნა, იქ კი თორნიკე კაპანაძემ ერთი შეხებით, ძლიერი დარტყმით გაგზავნა ბურთი გიორგი ლორიას კარში და გაიტანა კიდეც. ეს მიმდინარე ჩემპიონატში კაპანაძის რიგით მეხუთე გოლი გახლავთ.

უნდა ითქვას, რომ მატჩის პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას ქუთაისელი ფეხბურთელები ფლობდნენ, მეტოქეს უბურთოდ ტოვებდნენ და დროსაც მშვიდ რითმში აკონტროლებდნენ, თუმცა გასახდელში გასვლის წინ „ტორპედომ“ ცივი შხაპი მიიღო. მთავარმა არბიტრმა საჯარიმოში ხელით თამაშის გამო სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტის შესრულება დვალმა ითავა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ზემოდან გადასცდა.

მატჩის პირველი ნახევარი „ტორპედომ“ ანგარიშით 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმი პირველი ნახევარი შედარებით მონოტონურ რითმში წარიმართა, მოედანზე ბევრი არც არაფერი ხდებოდა საინტერესო.

მეორე ტაიმის შუაწელს ორივე გუნდის ქომაგებმა პირო-ტექნიკითა და ფოიერვერკებით ლამაზი წარმოდგენა გვიჩვენეს, თუმცა კიდევ ერთხელ სათქმელია, რომ ეს ჩვენს ჩემპიონატში აკრძალულია.

77-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა „ტორპედოს“ კარის მიმართულებით კიდევ ერთი პენალტი დანიშნა. ამ ეპიზოდში ქუთაისელთა კიპერმა მაქსიმე ქვილითაიამ საკუთარ საჯარიმოში თბილისელთა ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი წააქცია. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ამჯერად ლევან ხმალაძე მივიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა კიდეც.

მატჩის ბოლოს „ტორპედოს“ კიდევ ერთი კარგი შანსი მიეცა, როცა ლორიას კარის მიმართულებით ნიკა ახვლედიანმა „გაისროლა“, თუმცა მეკარემ ლამაზ ნატომში ბურთის მოგერიება მოახერხა.

მომენტი „დინამოსაც“ ჰქონდა: ხელსაყრელი პოზიციიდან შეცვლაზე სემოსული პატრიკ ვუო ურტყამდა, თუმცა ბურთს ადგილზე დახვდა დახვდა ქვილითაია.

მატჩის კულმინაცია კი 91-ე წუთზე მოხდა, როდესაც შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გველესიანმა მარჯვენა ფლანგიდან მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავით დაარტყა და „დინამო“ დააწინაურა – 2:1.

ასე დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა „დინამომ“, რომელმაც ლიდერის პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა: თბილისურ გუნდს აქტივში 25 ქულა მოუგროვდა, მეორეადგილოსან „ტორპედოს“ კი 19 ქულა დარჩა. სატურნირო ცხრილის სრული ვერსიისა და მე-10 ტურის დანარჩენი მატჩების შედეგების ხილვა Fanebi.Com-ის საქართველოს განყოფილების გვერდზე შეგიძლიათ.

„დინამო“-„ტორპედო“ 2:1 (0:1)

„დინამო“: ლორია, უსტარიცი, კვარაცხელია, სეთურიძე, კვირკველია, ხმალაძე, ძარია (ვუო 77′), გოგა, მერებაშვილი, ჩისკო (გველესიანი 42′), დვალი (გრიგალაშვილი 58′).
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი.

„ტორპედო“: ქვილითაია, მთივლიშვილი (გაბაძე 90′), ხიდეშელი, ჭელიძე, უბილავა, ცინცაძე, გიგაური, კუხიანიძე (ახვლედიანი 77′), საბანაძე, ფანცულაია, კაპანაძე (გოროზია 69′).
მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა.

გოლები: ხმალაძე 78′ (პენ), გველესიანი 90+1′ კაპანაძე 22′.
გაფრთხილებები: სეთურიძე 51′ – მთივლიშვილი 45′, გიგაური 50′, ქვილითაია 78′, გოროზია 90+1.
გაძევება: უსტარიცი 3′.
გამოუყენებელი პენალტი: დვალი 45+1′.
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი).

აქვე გთავაზობთ დღევანდელი მატჩის ვიდეომიმოხილვას.

ბექა დოგრაშვილი