პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელეს

ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელი დასახელდა.

თებერვლის საუკეთესო მწვრთნელად “მანჩესტერ სიტის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა დაასახელეს. მისი ხელმძღვანელობით “მანჩესტერ სიტიმ” თვის განმავლობაში ჩატარებული სამი მატჩიდან სამივე გამარჯვებით დაასრულა. გვარდიოლას თავკაცობით “სიტიმ” გასვლაზე “ვესტ ჰემი” გაანადგურა (4:0), ასევე სტუმრად დაამარცხა “ბორნმუთი” (2:0), შინ კი “სუონსი სიტის” მოუგო (2:1).

“მანჩესტერ სიტის” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 56 ქულით მესამე პოზიცია უკავია და ლიდერ ლონდონის “ჩელსის” 10 ქულით ჩამორჩება.

2016/17 წლების სეზონის შემდეგ პრემიერლიგას სატიტულო სპონსორი აღარ ეყოლება

ინგლისის პრემიერლიგას 2016/17 წლების სეზონის შემდეგ სატიტულო სპონსორი აღარ ეყოლება. “მირორის” ცნობით, ბანკ Barclays-თან გაფორმებული კონტრაქტი ორი სეზონის შემდეგ ამოიწურება და ხელშეკრულების გახანგრძლივება არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ Barclay-ი პრემიერლიგას 2004 წლიდან სპონსორობს.

პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ყველა კლუბი გააფრთხილა, რომ ახალი კომერციული სტრატეგია მათ მარკეტინგულ საქმიანობაზე გავლენას არ იქონიებს.

 

შირერი: “იმედია, რუნი ჩემს რეკორდს ვერ დაამხობს”

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილი ფორვარდი ალან შირერი გამოტყდა, რომ არ სურს, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა უეინ რუნიმ პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით მისი რეკორდი დაამხოს.

ცნობისთვის, შირერმა თავის დროზე 260 გოლის გატანა შეძლო, რუნის ამ მაჩვენებლამდე 79 გოლი აკლია.

Alan Shearer - Wayne Rooney

“იმედი მაქვს, რუნი ჩემს რეკორდს ვერ დაამხობს. მომწონს, რომ ეს რეკორდი მე მეკუთვნის. თუ რუნი ფორმაში იქნება, მას, რა თქმა უნდა, ამ რეკორდის დამყარება შეუძლია. ეს იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რა პოზიციაზე გამოიყენებს გუნდის მთავარი მწვრთნელი მას. ამასთანავე, უნდა ვთქვა, რომ რუნის გულმხურვალე გულშემატკივარი ვარ. ის მხოლოდ 29 წლის არის და ჩემი რეკორდის დამხობა მართლაც შეუძლია”, – შირერის სიტყვები ჟურნალმა Fourfourtwo-მ გამოაქვეყნა.

 

როჯერსი: “ამ კვირაში შესაძლო ცხრა ქულიდან შვიდი ავიღეთ, რაც კარგი შედეგია”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში “სანდერლენდთან” შინ ნათამაშები მატჩი (0:0) შეაფასა.

“ფეხბურთელები სრულად დაიხარჯნენ. მეორე ტაიმში ისე ჩანდა, თითქოს შეგვეძლო გარღვევა, თუმცა “სანდერლენდმა” ამ სეზონში უკვე დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება რთულია. ფეხბურთელებს ვერაფერში დავდანაშაულებ.

ცოტაოდენ უნდა გაგვმართლებოდა. თუ ვერ იგებ, ის მაინც უნდა მოახერხო, რომ არ წააგო. ამ კვირაში შესაძლო ცხრა ქულიდან შვიდი ავიღეთ, რაც კარგი შედეგია”, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს BBC.

 

მოურინიო: “ასეთი წაგება მაკმაყოფილებს”

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში ლონდონის “ჩელსიმ” სეზონის პირველი მარცხი განიცადა. “პენსიონერები” “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნიუკასლ იუნაიტედთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოედნის მიღმა მყოფი პირები დროის გაყვანის მიზნით ბურთს დროულად არ აბრუნებდნენ მინდორზე.

“ჩემი გუნდი დამარცხდა, თუმცა ასეთი წაგება მაკმაყოფილებს. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მეორე გოლის შემდეგ ემოციური წონასწორობა დავკარგეთ. მინიმუმ ერთ ქულას ვიმსახურებდით. შესაძლოა, მსაჯს 20 წუთიც დაემატებინა, თუმცა ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენებს არბიტრი ვერ აკონტროლებს. ის ვერ დასჯის ბურთის მომწოდებელ ბიჭს, რომელიც სადღაც უჩინარდება, ის ვერ დასჯის ტრიბუნაზე მყოფ ხალხს, რომელიც ბურთს დროულად არ აბრუნებს მოედანზე, ის ვერ დასჯის ადამიანს, რომელიც მინდორზე მეორე ბურთს აგდებს. მსაჯმა საკუთარ მოვალეობას თავი ფანტასტიურად გაართვა. ნორმალურად რომ გასრულებულიყო დამატებული ექვსი წუთი, უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ასეთი ფაქტები ხდება. არბიტრს არ ვადანაშაულებ, მას კარგად იმსაჯა. არც ფეხბურთელებს ვაბრალებ რაიმეს, რადგან მათ ყველაფერი დადეს მოედანზე. უბრალოდ არ გაგვიმართლა, უიღბლობა კი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენ ლიდერები ვართ. დანარჩენ 19-ივე კლუბს სურს “ჩელსის” ადგილზე ყოფნა, თუმცა მხოლოდ ერთი ლიდერის არსებობაა შესაძლებელი და ეს ჩვენ ვართ”, – მოურინიოს სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.

 

“ჩელსი” “ნიუკასლთან” დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურის გახსნითი მატჩი “სენტ ჯეიმს პარკზე” შედგა, სადაც “ნიუკასლ იუნაიტედმა” გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად, მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, მთავარი მოვლენები კი მეორე ტაიმში წარიმართა. 53-ე წუთზე მოედანზე “კაჭკაჭთა” სენეგალელი თავდამსხმელი პაპის დემბა სისე გამოვიდა, რომელმაც ზუსტად ოთხ წუთში ანგარიში გახსნა. იმავე სისემ 78-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 81-ე წუთზე “ნიუკასლის” მცველმა სტივენ ტეილორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამავე ეპიზოდს მოყვა ჯარიმა, რომლის მეშვეობითაც “პენსიონერებმა” ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს: სესკ ფაბრეგასმა საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა და იქ დიდიე დროგბამ თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მატჩის დარჩენილ დროში “ჩელსის” ფეხბურთელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა მასპინძლებმა თავი საიმედოდ დაიცვეს და სამი ქულა მოიპოვეს.

ამ გამარჯვებით “ნიუკასლმა” 23 ქულას მოუყარა თავი და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება “ჩელსის”, “პენსიონერები” მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდნენ. ჟოზე მოურინიოს გუნდი 36 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი დარჩა, თუმცა მადევარ “მანჩესტერ სიტის” მეტოქესთან ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირების შესაძლებლობა მიეცა.

ინგლისის პრემიერლიგა
XV ტური
“ნიუკასლი” — “ჩელსი” 2:1 (0:0)

გოლები: პაპის სისე 57′, 78′ — დროგბა 83′.
გაფრთხილებები: სისოკო 48′, ტეილორი 56′, ტიოტე 74′ — შიურლე 64′, ფაბრეგასი 79′, დიეგო კოსტა 80′.
გაძევება: ტეილორი 81′.

გლენ ჯონსონმა “ლივერპულის” მოსაგებად თავი გაწირა

ინგლისის პრემიერლიგის XIII ტურში “ლივერპულმა” “ენფილდზე” სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი “სტოკ სიტი” მიიღო და დიდი გაჭირვებით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 85-ე წუთზე “ენფილდროუდელთა” მარჯვენაფლანგელმა მცველმა გლენ ჯონსონმა გაიტანა, რომელმაც საგოლე ეპიზოდში თავის არეში მეტოქე გუნდის ფეხბურთელისგან ფეხით ძლიერი დარტყმა მიიღო. ინგლისელ ფეხბურთელს თავი გაუტყდა და მედიკოსებმა მას მოედანზევე ჩაუტარეს მიკროოპერაცია.

ამრიგად, მერსისაიდულმა გუნდმა პრემიერლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ამ გამარჯვების შემდეგ “ლივერპულმა” 17 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. “სტოკი” 15 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

ინგლისის პრემიერლიგა
XIII ტური
“ლივერპული” — “სტოკ სიტი” 1:0 (0:0)

გოლი: ჯონსონი 85′.
გაფრთხილებები: ვილსონი 38′, ქემერონი 53′, შოუკროსი 58′.

“მანჩესტერ სიტიმ” ათკაციანი “იუნაიტედი” დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის X ტურის ცენტრალური მატჩი “ეტიჰადზე” შედგა, სადაც “მანჩესტერ სიტიმ” თანაქალაქელი “იუნაიტედი” მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 63-ე წუთზე გაელ კლიშის პასით სერხო აგუერომ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 39-ე წუთიდან “წითელი ეშმაკები” მოედანზე უმცირესობაში იყვნენ. მთავარმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა კრის სმოლინგი გააძევა. ფეხბურთელმა პირველი ყვითელი ბარათი მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ მეკარე ჯო ჰარტს ბურთის დროულად შეყვანის საშუალება არ მისცა, წითელი ბარათი კი უხეში თამაშის შემდეგ უჩვენეს.

Hart - Smalling

“მანჩესტერ სიტიმ” აქტივში 20 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დამკვიდრდა. რაც შეეხება “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლუი ვან გაალის გუნდი 13 ქულით მეცხზე პოზიციაზეა. სატურნირო ცხრილის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები

ინგლისის პრემიერლიგა
X ტური
“მანჩესტერ სიტი” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 1:0 (0:0)

“მანჩესტერ სიტი”: ჰარტი, კლიში, დემიკელისი, კომპანი, საბალეტა, ნავასი, იაია ტურე, ფერნანდო, მილნერი (ნასრი 70′), აგუერო (ფერნანდინიო 84′), იოვეტიჩი (ჯეკო 71′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, შოუ, როხო (მაკნეირი 56′), ვალენსია, ფელაინი, დი მარია, რუნი, იანუზაი (კერიკი 43′), ვან პერსი (უილსონი 82′).
მთავარი მწვრთნელი: ლუი ვან გაალი.

გოლი: აგუერო 63′.
გაფრთხილებები: დემიკელისი 60′, საბალეტა 77′, ფერნანდო 79′ — ბლინდი 28′, სმოლინგი 31′
გაძევება: სმოლინგი 39′.

მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი.

კამბიასო ინგლისის პრემიერლიგას უახლოვდება

ესტებან კამბიასომ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ 34 წლის არგენტინელი ნახევარმცველი “ლესტერ სიტის” უახლოვდება. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, შემდგომ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობით.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასოს მილანის “ინტერთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

“ლესტერმა” გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფი მოიგო და წელს პრემიელრიგაში ითამაშებს.

 

„ტოტენჰემმა“ „სუონსის“ ორი მოთამაშე დაიმატა

„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „სუონსი სიტის“ ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაიმატა: მეკარე მიშელ ვორმი და მცველი ბენ დევისი.

დევისმა „დეზებთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ვორმა კი ხელი ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა.

დევისი „სუონსის“ აღზრდილი გახლავთ, ვორმი კი აღნიშნულ კლუბში 2011 წლიდან გამოდიოდა. უელსელმა მცველმა „გედების“ რიგებში 91 მატჩი ჩაატარა, ჰოლანდიელმა კი — 97.

 

ჯერარდი: „სრულიად განადგურებული ვარ“

„ლივერპულის“ კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ ჩემპიონობის შანსის ხელიდან გაშვებამ ის სრულად გაანადგურა.

„სრულად განადგურებული ვარ. განსაკუთრებით ქომაგებზე ვდარდობ. მათგან საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობდით. ამის მიუხედავად, ყურების ჩამოყრის უფლება არ გვაქვს. კარგი სეზონი ჩავატარეთ, ახლა მომდევნო წლისთვის უნდა მოვემზადოთ და კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ.

ტიტულისთვის ბრძოლაში 33 წლის ასაკშიც გამოცდილებას ვიღებ. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გამოცდილების შეძენა. ამ შემადგენლობას ბევრის მიღწევა შეუძლია. გუნდი იზრდება, წინ მიიწევს და იმედი მაქვს, რომ განვითარებას გააგრძელებს“, – ჯერარდის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

 

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონია

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერლიგის 2013-14 წლების სეზონის ჩემპიონია.

გათამაშების ბოლო ტურში მეორეადგილოსან „ლივერპულს“ თეორიული შანსი კი ჰქონდა შენარჩუნებული, თუმცა ამისთვის მერსისაიდელებს „ნიუკასლ იუნაიტედი“ უნდა დაემარცხებინათ, „მანჩესტერ სიტის“ კი შინ „ვესტ ჰემთან“ წაეგო. „წითლებმა“ „კაჭკაჭები“ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მატჩამდე ლონდონელები კი იმუქრებოდნენ, თუმცა „სიტიმ“ „ვესტ ჰემი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სეზონი გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ „ეტიჰადზე“ გამართულ შეხვედრას „სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი გიო ქინქლაძეც ესწრებოდა.

ამრიგად, „ქალაქელებისთვის“ ეს რიგით მე-4 ჩემპიონობაა. სათქმელია ისიც, რომ მანუელ პელეგრინიმ, რომლისთვისაც ეს „სიტიში“ გატარებული პირველი სეზონი იყო, მანამდე გუნდთან ერთად ლიგის თასი დაისაკუთრა.