ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო გოლები

გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების თებერვლის თვის ყველაზე ლამაზი გოლების ამსახველ ვიდეოს.

მოურინიო: „ლივერპულს“ პრემიერლიგის მოგების კარგი შანსი აქვს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ „ლივერპულს“ ინგლისის პრემიერლიგის მოგების კარგი შანსი აქვს.

„როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ არ ვართ ფავორიტები, ხალხს ჰგონია, რომ ამით ჩვენს მოწინააღმდეგეებზე ზეწოლას ვახდენ. სინამდვილეში ასე არ ვფიქრობ. პრემიერლიგაში არიან გუნდები, რომლებსაც წარმატების უკეთესი შანსი აქვთ, ვიდრე ჩვენ. მაგალითად, „ლივერპული“. მათ დიდი უპირატესობა აქვთ: არ თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე.

სეზონის ბოლო ნაწილი კიდევ უფრო რთული იქნება: ყველა იბრძოლებს ქულებისთვის. ზოგს ქულა ჩემპიონობისთვის სჭირდება, ზოგს კი იმისთვის, რომ პრემიერლიგიდან არ გავარდეს“, – განაცხადა მოურინიომ „სქაი სპორტსის“ ეთერში.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუ: „მანჩესტერთან“ ფრე თავდაჯერებას შეგვმატებს“

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ „ლივერპულთან“ განადგურების შემდეგ (1:5), მისმა გუნდმა რეაბილიტაცია „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოახდინა, რომელსაც უგოლოდ დაშორდა.

„ვფიქრობ, „ლივერპულთან“ ჩატარებული მატჩის შემდეგ ჩვენდამი გაჩენილ კრიტიკას გუშინდელი შეხვედრით ვუპასუხეთ. ფრედ დასრულებულმა მატჩმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, თან ბოლო წუთებში გატანაც შეგვეძლო. ეს თავდაჯერებას შეგვმატებს. შეხვედრის პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა ცოტა დაღლილები ვიყავით. მთავარია, რომ „ლივერპულთან“ დამარცხების შემდეგ ჩვენი რეაქცია ვაჩვენეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალი მატჩები აჩევენებს, რომ ამ სეზონში ჩვენი პრეტენზიები სავსებით საფუძვლიანია“, – ჟირუს სიტყვები TMW-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„ლივერპულმა“ „ფულემი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ფულემსა“ და „ლივერპულს“ შორის გამართული მატჩი დრამატულად წარიმართა და მერსისაიდული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც „წითლების“ მცველმა კოლო ტურემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 41-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს: სტივენ ჯერარდმა მოედნის ცენტრიდან გენიალური პასი გაუკეთა დანიელ სტარიჯს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიშიც გაათანაბრა. მატჩის 63-ე წუთზე მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ. მარტინ შკრტელისა და ჯონ ფლანაგანის შეუთანხმებელი თამაშით კირან რიჩარდსონმა ისარგებლა და ლონდონელები დააწინაურა. 72-ე წუთზე „ლივერპულის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ ანგარიში კვლავ გაათანაბრა. კომპენსირებულ დროში კი ჯერარდმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 3:2.

მეოთხეადგილოსანმა „ლივერპულმა“ 53 ქულას მოუყარა თავი, ბოლოადგილოსან „ფულემს“ კი 20 ქულა დარჩა.

ინგლისის პრემიერლიგა
26-ე ტური
„ფულემი“—„ლივერპული“ 2:3 (1:1)

გოლები: ტურე 8′ (ა.გ.), რიჩარდსონი 63′ — სტარიჯი 41′, კოუტინიო 72′, ჯერარდი 90+1′ (პენ).
გაფრთხილებები: კვისტი 9′, რიტერი 50′, რიჩარდსონი 64′, ჰეიტინგა 90+1′ —კოუტინიო 56′, ჰენდერსონი 77′, ჯერარდი 90+2′.

იაია ტურეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია პრემიერლიგის 25-ე ტურში „ნორვიჩ სიტისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის გამართულ მატჩში (0:0) მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს.

შემთხვევის მთავარი გმირი „ქალაქელთა“ კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე გახლავთ. „სქაი სპორტსის“ ცნობით, ერთ-ერთ ეპიზოდში მან „ნორვიჩის“ თავდამსხმელ რიკი ვან ვოლფსვინკელს დაარტყა. ამ უკანასკნელმა მთავარი არბიტრისგან შესაბამისი რეაქცია მოითხოვა, თუმცა მსაჯმა ჯონ მოსმა მომენტი ყურადრების გარეშე დატოვა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულ ინციდენტს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავს.

თუ დადასტურდება, რომ ტურემ ნამდვილად დაარტყა ოპონენტს, მაშინ მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ბექა დოგრაშვილი

„არსენალი“ დაეცა, ვენგერი წაიქცა

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ლივერპულმა“ შინ ლონდონის „არსენალი“ ანგარიშით 5:1 გაანადგურა. მართალია, მატჩამდე Fanebi.com-ის მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას მერსიაიდულ გუნდს ანიჭებდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკვე მე-20 წუთისთვის ტაბლოზე 4-0 ენთებოდა. დიახ, საწყის 20 წუთში ოთხჯერ შეარხიეს „წითლებმა“ „მეთოფეთა“ კარი: ორჯერ მარტნ შკრტელმა, ერთხელ რაჰიმ სტერლინგმა და ერთხელ დანიელ სტარიჯმა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტერლინგმა დუბლი გაიფორმა. პრესტიჟის გოლის გატანა მიკელ არტეტამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოახერხა.

ამ დღეს არსენ ვენგერს მხოლოდ ეს არ ელოდა. რკინიგზის სადგურისკენ მიმავალ ფრანგ სპეციალისტს ფეხი დაუცდა, ძირს დაეცა და თავი მინის კარს დაარტყა. თვითმხილველებმა მოასწრეს და წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ 64 წლის მწვრთნელს ფოტოები გადაუღეს. ვენგერი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ოფიცრების დახმარებით წამოდგა ფეხზე. მოგვიანებით კლუბის პრესსასახურმა გაავრცელა ცნობა, რომ „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი ინციდენტს საღსალამათი გადაურჩა.

ვენგერის „არსენალმა“ სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა და სიმბოლურად ამის ყველაზე კარგი გამოხატულება სწორედ ფრანგი სპეციალისტის წაქცევაა. ცხრილს ლონდონის „ჩელსი“ ჩაუდგა სათავეში (56 ქ.), „მეთოფეებმა“ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლეს, მესამე კი „მანჩესტერ სიტია“ (54 ქ.), რომელიც „ნორვიჩ სიტისთან“ უგოლოდ დაზავდა.

ბექა დოგრაშვილი

ლუის სუარესი — „ლივერპულის“ ლიდერი

2011 წლის ზამთარში ლუის სუარესი ამსტერდამის „აიაქსიდან“ „ლივერპულში“ გადაბარგდა. მაშინ მერსისაიდულმა გუნდმა ურუგვაელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 22,8 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო, რაც იმ დროისთვის კლუბის სარეკორდო სატრანსფერო თანხა იყო. „წითლების“ ხელმძღვანელები და გულშემატკივრები სუარესს დიდი იმედებით შეხვდნენ და მას 7-ნომრიანი მაისურიც უბოძეს, რომელიც თავის დროზე ლეგენდარულ კენი დალგლიშს ეკუთვნოდა. სხვათა შორის, მოგვიანებით სუარესმა აღიარა, რომ ამ ფაქტის შესახებ არ იცოდა, თორემ 7-ნომრიანი მაისურის არჩევას ვერ გაბედავდა.

სუარესის მოსვლამ „ლივერპულის“ შეტევითი ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა. 2012 წლის თებერვალში ურუგვაელმა ფეხბურთელმა მერსისაიდული გუნდის რიგებში პირველი ტიტულიც მოიგო — ინგლისის ლიგის თასი. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სუარესმა უკვე 23 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. სულ კი, ურუგვაელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 96 მატჩი ჩაატარა, აქტივში 61 გატანილი გოლი და 31 საგოლე გადაცემა აქვს.

გთავაზობთ 2013/2014 წლების სეზონში სუარესის მიერ გატანილი ყველაზე ლამაზი გოლების ამსახველ ვიდეომასალას.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მორიგი მარცხი იწვნია

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში „სტოკ სიტიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა შოტლანდიელმა ნახევარმცველმა ჩარლი ადამმა. სტუმართაგან რობინ ვან პერსიმ გამოიჩინა თავი.

ამრიგად, „სტოკმა“ ჩემპიონტში ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია „იუნაიტედთან“ შეწყვიტა, აქტივში 25 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონა დატოვა. რაც შეეხება დევიდ მოიესის გუნდს, „წითელ ეშმაკებს“ 40 ქულით სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილი აქვთ დაკავებული.

ინგლისის პრემიერლიგა
XIV ტური
„სტოკ სიტი“–„მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:1
გოლები: ადამი 38′, 52′ – ვან პერსი 47′.
გაფრთხილებები: ვალტერსი 58′, ქემერონი 90′ – რუნი 54′, კერიკი 83′.



ბექა დოგრაშვილი

სუარესი პრემიერლიგაში ბედნიერია

ინგლისის პრემიერლიგის XIV ტურში „ლივერპულსა“ და „ნორვიჩ სიტის“ შორის გამართული მატჩი მერსისაიდული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. შეხვედრის გმირად „წითლების“ თავდამსხმელი ლუის სუარესი მოგვევლინა, რომელმაც პოკერი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ამ შედეგით ურუგვაელმა ფეხბურთელმა 13 გოლს მოუყარა თავი და ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.

კითხვას, შეუძლია თუ არა „ლივერპულს“ დასახული მიზნის მიღწევა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, სუარესი ასე პასუხობს:

„დიახ. ვფიქრობ, შეგვიძლია ჩვენს წინაშე დასახული მიზნების მიღწევა“.

წუხანდელი მატჩის შესახებ ურუგვაელმა ფეხბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ყველაზე მთავარი ის არის, რომ გავიმარჯვეთ. გუნდს მივეშველე და ამით ბედნიერი ვარ. ეს შედეგი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინა მატჩი წაგებული გვქონდა და კარგადაც ვერ ვითამაშეთ. საშინაო მატჩებში გაცილებით ძლიერები ვართ და ვალდებულები ვართ, სახლში მოვიგოთ“.

სუარესი ამბობს, რომ „ლივერპულში“ ბედნიერია, პრემიერლიგა კი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ტურნირია.

„ჩემი მთავარი მიზანი „ლივერპულის“ გაძლიერებაა. გოლების გატანა თავდამსხმელის ძირითადი საქმიანობაა და თუ მე ეს გამომივა, მაშინ გავიმარჯვებთ და ქულებს დავაგროვებთ, რაც მოწინავე პოზიციების დაკავებაში დაგვეხმარება.

პრემიერლიგაში ბედნიერი ვარ, რადგან ეს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ტურნირია. არ ვიცი, რამდენად ვიბრძოლებთ ტიტულისთვის, მაგრამ გვინდა, რომ სატურნირო ცხრილში მაღალი პოზიციები დავიკავოთ“, – სუარესის სიტყვები „ლივერპულის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„ფულემმა“ მარტინ იოლი გაათავისუფლა

„ფულემის“ ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარტინ იოლი გაათავისუფლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ინგლისის პრემიერლიგის XIII ტურში „ვესტ ჰემსა“ და „ფულემს“ შორის გამართული მატჩის (3:0) შემდეგ მიიღეს.

კლუბის მფლობელ შაჰიდ ხანის სიტყვები „ფულემის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქყვეყნდა:

„დღეს მარტინს ვესაუბრე და კლუბში გაწეული სამწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადავუხადე.
ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ის შესანიშნავი მწვრთნელია და ჩემგანაც დიდ პატივისცემას იმსახურებს ერთგულებისთვის, თუმცა ისიც უდაოა, რომ ჩვენს გუნდს მიმდინარე სეზონში ცუდი შედეგები აქვს. „ფულემის“ ქომაგები მეტს იმსახურებენ. სეზონის ნახევარზე მეტი წინაა და სწრაფი ცვლილებები აუცილებელი იყო“.

იოლი „ფულემის“ თავკაცის პოსტზე 2011 წლიდან მუშაობდა. გუნდმა გასული სეზონი მე-12 პოზიციაზე დაამთავრა.

„ფულემს“ ამჟამად პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-18 ადგილი აქვს დაკავებული.

გუნდის თავკაცის მოვალებას რენე მიოლენსტენი შეასრულებს.

ბექა დოგრაშვილი

„ნიუკასლმა“ „ჩელსი“ დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტური „ნიუკასლ იუნაიტედსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის შემდგარი მატჩით გაიხსნა. „სენტ ჯეიმს პარკზე“ გამართული სეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და ის, ბევრისთვის მოულოდნელად, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია.

მეორე ტაიმში „ნიუკასლმა“ მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა: ანგარიში 68-ე წუთზე იოან გუფრანმა გახსნა, 89-ე წუთზე კი „კაჭკაჭების“ უპირატესობა ლოიკ რემიმ გაზარდა.

მეორე ადგილზე მყოფ „ჩელსის“ აქტივში 20 ქულა დარჩა, „ნიუკასლმა“ კი 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ტურის დარჩენილი მატჩები ჯერ კიდევ ჩასატარებელია. ასე რომ, სატურნირო მდგომარეობის შეცვლა მოსალოდნელია.

ინგლისის პრემიერლიგა
მე-10 ტური
„ნიუკასლი“-„ჩელსი“ 2:0 (0:0)

გოლები: გუფრანი 68′, რემი 89′.
გაფრთხილებები: სისოკო 42′, რემი 90′ – დავიდ ლუისი 75′, რამირესი 77′.

 

სტარიჯის წარმატების ფორმულა – რა უთხრა დროგბამ მას?

„ლივერპულის“ თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი შესანიშნავ ფორმაშია. 24 წლის ფეხბურთელი ზედიზედ მეოთხე მატჩია – გოლს იტანს. სტარიჯმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ცხრავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა. ამ შედეგით ის პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

სტარიჯმა განაცხადა, რომ მეტი გოლის გატანა „გალათასარაის“ ფორვარდ დიდიე დროგბასთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

„ამ ზაფხულს მაიამიში დროგბას შევხვდი. მისი თქმით, იყო ძლიერი, პირველ რიგში, ნიშნავს, იყო ძლიერი სულიერად. არც ტაქტიკა, არც ტექნიკა, არც ფიზიკური მომზადება ბევრს არაფერს ნიშნავს. მან მითხრა, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ფეხბურთელი სხვებისგან გამოირჩევა“, – სტარიჯის სიტყვებს „სანდი თაიმსი“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი