გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდები დაასახელა.
“ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად მიუნხენის “ბაიერნსა” და ლონდონის “ჩელსის” ვთვლი. ეს გუნდები სხვებს აღემატებიან. გარდა ამისა, ესპანური კლუბებიც ძალზედ საშიშ კონკურენტებად რჩებიან.
იტალიული გუნდები ზემოთ დასახელებული ქვეყნის კლუბებს ჩამორჩებიან. თუმცა, “ატლეტიკოს” მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა როლს თამაშობს მოტივაცია გამარჯვებისთვის ბრძოლაში”, – განუცხადა კაპელომ Sky Sport Italia-ს.
რუსეთის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა იქვე ისიც აღნიშნა, რომ “ბარსელონა” ამ ზაფხულს მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
“ამ სატრანსფერო პერიოდში “ბარსელონა” მართლაც გაძლიერდა. ლუის სუარესის დამატებით კატალონიური გუნდი მეტოქეებისთვის კიდევ უფრო სახიფათო გახდა. მესი-ნეიმარი-სუარესი ფანტასტიური ტრიო გამოვა.
მთლად სრულყოფილი იქნება გუნდი, თუ ეს ფეხბურთელები თავდაცვით სამუშაოსაც გასწევენ. სუარესი დაცვით ფუნქცებსაც ასრულებს, დანარჩენი შემტევები – ნაკლებად.
ესპანეთის პრიმერადივიზიონში ასეთივე საშიში იქნება მადრიდის “რეალი”. დანარჩენი გუნდები შედარებით დაბალ დონეზე არიან”, – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
კაპელომ პოლ პოგბა ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა:
“პოგბა დიდებული ფეხბურთელია, გარკვეულწილად უნიკალურიც კია. მე მას “იუვენტუსში” ახალმისულ იბრაჰიმოვიჩს შევადარებდი. ორივეს სრულყოფა სჭირდებოდა”.
ფაბიო კაპელომ “მილანზეც” ჩამოაგდო სიტყვა:
“იმედი მაქვს, “მილანი” ევროპაში დაბრუნდება. ფილიპო ინძაგი ყველაფერს კარგად ასრულებს, მან გუნდს სულისკევეთება დაუბრუნა, თუმცა მწვრთნელი მეტს ვერაფერს გააკეთებს დიდი ფეხბურთელების გარეშე”.