“ტრაბზონსფორის” ფანი მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში “ტრაბზონსფორსა” და “ფენერბაჰჩეს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას უხიამოვნო ინციდენტი მოხდა. შეხვედრის მიწურულს მოედანზე მასპინძელი გუნდის ფანები გადავიდნენ. ერთ-ერთი გულშემატკივარი მთავარი არბიტრის თანაშემწეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი მას შემდეგ განიმუხტა, რაც სიტუაციაში სტიუარდები ჩაერივნენ.

შეხვედრა “ფენერბაჰჩეს” გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

მუნდიალის წყალობით ბელგიელი გოგონა მოდელი გახდა

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის წყალობით 17 წლის ბელგიელი გოგონა აქსელ დესპიგელარი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას ცნობილი კომპანიები სამოდელოდ იწვევენ.

მუნდიალზე ბელგიის ნაკრების მონაწილეობით გამართულ მატჩებში აქსელ დესპიგელარი არაერთხელ მოხვდა როგორც ფოტო, ასევე ვიდეოობიექტივში. სამშობლოში დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ სოციალურ ქსელში მეგობრობის ათი ათასამდე თხოვნა ჰქონდა. მისმა თაყვანისმცემლებმა სპეციალური გვერდიც შექმნეს, რომელმაც მალევე მოიპოვა ვერიფიკაცია. გარდა ამისა, ფრანგულმა კოსმეტიკურმა კომპანია „ლორეალმა“ 17 წლის გოგონა სამოდელოდ მიიწვია. ცნობილმა ფირმამ აქსელს ხელსაყრელი კონტრაქტი და კომპანიის სარეკლამო რგოლში მონაწილეობა შესთავაზა, რასაც სოლიდური ანაზღაურებაც მოჰყვება.

ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ერთგული ქომაგის ისტორია

აუცილებლად გემახსოვრებათ ეს ულვაშიანი ბაბუ, მსოფლიოს ჩემპიონატის თასის ასლით ხელში. ფიზიკური მსგავსების გამო, ფეხბურთის ქართველმა ფანებმა მას აინშტაინი შეარქვეს, ბრაზილიაში კი „სელესაოს“ ლეგენდარულ ქომაგად იცნობენ.

ეს ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი კადრია.

როდესაც ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ანგარიში გამანადგურებელი გახდა, კლოვის ფერნანდესმა (ამ სტაჟიანი ქომაგის სახელი და გვარი) მსოფლიოს ჩემპიონატის მინიატურული თასი გერმანელ გულშემატკივარს აჩუქა და თან უთხრა: „ჩემთვის ეს იოლი არ არის, მაგრამ თქვენ ეს დაიმსახურეთ. გილოცავთ! წაიღე ეს თასი ფინალურ მატჩზე“.

ბრაზილიის ნაკრებში კარგად იციან ამ ერთგული ქომაგის შესახებ. კლოვის ფერნანდესს ხშირად „მეთორმეტე მოთამაშედაც“ მოიხსენიებენ. ის 60-ზე მეტ ქვეყანაში „სელესაოს“ მონაწილეობით გამართულ დაახლოებით 150 მატჩს არის დასწრებული.

კლოვის ფერნანდესი იტალიაში, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

აშშ-ში, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

გერმანიაში, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

სამხრეთ აფრიკაში, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

ალბათ, ოთხი წლის შემდეგ რუსეთში გასამართ მუნდიალსაც დაესწრება.

როსანა დევისონი – „ფლეიბოის“ მოდელი და „ლივერპულის“ ფანი (+18)

„მის მსოფლიო 2003“ როსანა დევისონი თურმე „ლივერპულის“ ფანი ყოფილა და ამიერიდან კლუბის სატელევიზიო რგოლებში მიიღებს მონაწილეობას.

29 წლის მოდელი ჟურნალ „ფლეიბოის“ ფოტოსესიაში მონაწილეობდა, როსანა დევისონი ორ 30-წუთიან ფილმშიც არის გადაღებული, რომელიც „ლივერპულის“ ყოფილ ირლანდიელ ვარსკვლავებს მიეძღვნა.

„რა თქმა უნდა, მიკვირს, როცა ვამბობ, რომ „ლივერპულის“ დიდი ფანი ვარ, თუმცა მიყვარს მათ მატჩებზე დასწრება და ტელევიზორით ყურება. მათი ცქერა ოჯახთან ერთად ან „ენფილდზე“ წასვლა – ეს არის ის, რაც მსიამოვნებს“, – აცხადებს დევისონი.

მან დაამატა: „მამაჩემი დიდი ხნის მანძილზე იყო “წითლების” ფანი ისევე, როგორც ჩემი ძმა და ვფიქრობ, რომ მამამ ყველას შეგვაყვარა „ლივერპული“. ჩვენს ძაღლსაც კი წითელი საყელო აქვს და ისიც მხარს უჭერს მერსისაიდელებს. როდესაც საშუალება მაქვს, „ენფილდს“ ვსტუმრობ. არაფერი შეედრება იმ ატმოსფეროს, რაც იქ ტრიალებს, განსაკუთრებით, „კოპის“ ტრიბუნაზე“.

გეტყვით იმასაც, რომ მამამისი ცნობილი მუსიკოსი კრის დე ბურგია, რომელიც სამიოდე წლის წინათ ბათუმს ეწვია და გრანდიოზული კონცერტიც გამართა.

გადაუხდელი სიყვარული

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე უზომოდ შეყვარებული ირლანდიელი ქომაგის შესახებაა. დუბლინის მკვიდრი დევიდ ფინი სამშობლოდან შორეულ ავსტრალიაში 16 წლის წინათ გადაიხვეწა. საბედნიეროდ, ევროპიდან ავსტრალიაში საფეხბურთო მატჩების ტელეტრანსლაციის განხორციელების პრობლემა არ დგას. ფინიც ცდილობდა, ხელიდან არ გაეშვა ეროვნული ნაკრების მატჩების ტელევიზიით ხილვის შესაძლებლობა, თუმცა…

გასულ კვირას მისთვის დაუჯერებელი რამ მოხდა: ფინიმ ტელეპროგრამაში  ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ვერ იპოვა. ადგილობრივ ტელევიზიებში მას განუმარტეს, რომ აღნიშნული შეხვედრის ტრანსლირებას არ გეგმავდნენ. 38 წლის ფინიმ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო…

საზრიანი ქომაგი იმ კომპანიას დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნული მატჩის ჩვენებაზე უფლებებს ფლობდა: „ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ჩვენებაზე ამ თქვენი უფლებების შეძენა მინდა“.

კომპანიის თანამშრომლები ასეთმა მოულოდნელმა შემოთავაზებამ განაცვიფრა და დევიდი ზრდილობიანად უარით გაისტუმრეს. ჯიუტმა ირლანდიელმა ხელი არ ჩაიქნია და მეორე დღეს კომპანიას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მას მწვანე შუქი აუნთეს.

ტრანსლაციის განხორციელებაზე ფინი იმ ტელეარხს მოელაპარაკა, რომელიც ბარებში, კაზინოებსა და ავსტრალიის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე პოპულარულია. ნაკრებისადმი სიყვარული დევიდ ფინის რამდენიმე ათასი დოლარი დაუჯდა.

– დევიდ, საიდან გაქვთ ამდენი პირადი თანხა? – დაინტერესდა ჟურნალისტი.
– არც მქონია და არც მაქვს. ყველაზე რთული ჩემი მეუღლის დარწმუნება იყო. მეწინააღმდეგებოდა, თუმცა სიტყვა მივეცი, რომ რასაც ამ ტელეტრანსლაციისთვის დახარჯავდა, უკლებლივ უკან დაუბრუნდებოდა.

ირლანდიელმა ფეხბურთელებმა ავსტრალიაში მცხოვრები მათი თანამემამულე ვერ გაახარეს და მატჩი ანგარიშით 1:2 დათმეს.

ბექა დოგრაშვილი

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი ლორიას ჩაეხუტა

საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შეიჭრა, რომელიც გიორგი ლორიას ჩაეხუტა და მოედანი თავისივე ნებით დატოვა.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

ფანკულტურა, როგორც სოციალურ-პოლიტიკური მაჩვენებელი

რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკვარი, რა როლი ენიჭება მას, როგორ შეუძლია ქომაგს გუნდის მეთორმეტე წევრად ქცევა, ამის შესახებ ბევრი დაწერილა და ბევრიც თქმულა, თუმცა დღეს ამაზე საუბარს არ ვაპირებთ. Fanebi.com-ი ფანკულტურის, როგორც სოციალურ-პოლიტიკურ ინდიკატორზე გესაუბრებათ, გავიხსენებთ რამდენიმე შემთხვევას, როცა კონკრეტული გუნდის ქომაგებმა სახელმწიფოებრივ მოვლენებში განსაკუთრებული როლი ითამაშეს, მეტიც – ქვეყნების ისტორიები შეცვალეს.

გასული საფეხბურთო წელი დახუნძლული იყო რასისტული გამოხტომებით. იყო სერბ და ინგლისელ 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი რასისტული შეძახილების ფონზე, იყო იერუსალიმის “ბეითარის” გულშემატკივართა თავდასხმა პალესტინელებზეც.

მათ, ვინც სერბულ ფეხბურთს იცნობს, სულაც არ გაუკვირდებოდა ამგვარი ინციდენტი. სერბ ქომაგთა კულტურა ყოველთვის შეიცავდა ზედმეტ ნაციონალიზმს, რაც ხშირად რასისტული ელემენტების მატარებელი ხდება. მათი კულტურა ძალადობრივია. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს, სერბი გულშემატკივრები ფიქრობდნენ, მხარი დაეჭირათ ნაცისტებისთვის. 90-იან წლებში სწორედ ისინი იყვნენ სლობოდან მილოშევიჩის შეიარაღებული ჯგუფების მთავარი წარმმართველი ძალები. არაოფიციალურად თვლიან, რომ იუგოსლავიური ომები სულაც საფეხბურთო მატჩის დროს დაიწყო, რომელიც 1990 წლის 13 მაისს, ზაგრების “დინამოსა” და “ცრვენა ზვეზდას” შორის უნდა შემდგარიყო, თუმცა ხორვატ და სერბ გულშემატკივართა შეტაკების გამო შეხვედრა ჩაიშალა. ჩხუბი ერთ საათს გაგრძელდა და საბოლოოდ, პოლიციამ ქომაგები წყლის ჭავლით დაშალა. ეს მოვლენა ხორვატიაში ომის დაწყების მთავარი ფაქტორი თუ არა, ერთ-ერთი ძირითადი კატალიზატორი მაინც იყო.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბეთი/მონტენეგრო და ბოსნია/ჰერცეგოვინა ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმც ქომაგებს შორის ჩხუბი მაინც გაიმართა, რომელშიც 20-მდე კაცი დაშავდა. უშუალოდ მატჩის დროს ქომაგები ერთმანეთთან ტრანსფარანტებით ურთიერთობდნენ. “ჩვენ გვაქვს 250 ათასი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გვძულდეთ”, – ეს წარწერა იყო გამოსახული ბოსნიელთა ბანერზე. მათი მონაცემებით, სწორედ ამ რაოდენობის ბოსნიელი შეეწირა სერბეთთან ომს (საყოველთაოდ მიღებულია, რომ 100 ათასი დაიღუპა).

მსოფლიოს ისტორიაში “საფეხბურთო ომის” სახელით შევიდა 1969 წლის ივნისში სალვადორსა და ჰონდურასს შორის შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ექვს დღეს გაგრძელდა. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული შეხვედრა ჰონდურასის დამარცხებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა, რამაც სახელმწიფოებს შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. სალვადორსა და ჰონდურასს შორის სადავო საზღვრის გამო დაწყებული უთანხმოება საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. ექვსდღიან ომში 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ანალოგიურის თქმა შეიძლება იერუსალიმის “ბეითარის” ქომაგებზეც, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი სიძულვილით არაბებისა და პალესტინელების მიმართ. “ბეითარი” ერთადერთი მსხვილი ებრაული კლუბია, რომელშიც პალესტინელ ფეხბურთელს არასდროს უთამაშია. აღნიშნულ გუნდის მატჩებზე ხშირად წააწყდებით რასისტულ, ანტიმაჰმადიანურ ლოზუნგებს. რამდენიმე თვის წინ, “ბეითარის” გულშემატკივრები იერუსალიმის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიჭრნენ და იქიდან პალესტინელი მყიდველები გამოაძევეს. იყო ებრაელ ქალ მუსიკოსზე თავდასხმაც, რომელიც მათ ძალადობას აპროტესტებდა. “ბეითარს” ორი ჩეჩენი მაჰმადიანი ფეხბურთელის დამატება შეეძლო, თუმცა კლუბმა უარი განაცხადა, გუნდის სისუფთავე უნდა შევინარჩუნოთო.

სერბი და ებრაელი ქომაგებისთვის ძალადობა და რასიზმი იმდენად დამახასიათებელია, რომ სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის ფეხბურთის ასოციაციას ხულიგნობისა და რასიზმის აღსაკვეთად ცალკე ერთეულიც კი აქვთ შექმნილი. აღნიშნულის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურად მიმდინარეობს, მით უფრო სერბეთში. ამაში დამნაშავე ისევ ქვეყნის ხელისუფლებაა. შარშან სერბი გულშემატკივრების მხრიდან 21-წლამდე ნაკრებებთა მატჩში ინგლისელების მიმართ გამოხატული რასისტული შეურაცხყოფა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არ აღიარა, შესაბამისად, არც გამოძიება დაწყებულა. ამით თავს დიდად არც სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია იწუხებს. საერთოდაც, სერბეთში მომხდარი მოვლენები უეფას პრინციპებს მკვეთრად ეწინააღმდეგება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამის გამოსწორებას არავინ ცდილობს, ეს ყველაფერი კი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ძალზედ აფერხებს.

რა შეიცვალა ან არ შეიცვალა სერბეთის საზოგადოებაში? ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი ამბობს, რომ მილოშევიჩის დამხობიდან 13 წლის შემდეგ, სერბები ჯერ კიდევ არიან შეუწყნარებლობისა და რასიზმის პრობლემის წინაშე.

ვინ არიან ისინი? ვინ არიან ე.წ. “ულტრასები”? ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავის იდენტიფიცირებას ახდენს პოპულარულ კულტურაში – ამ შემთხვევაში ფეხბურთში, თუმცა მათ საკუთარი თავის, შეხედულებების წარმოჩენა სხვა ფორმითაც შეუძლიათ: მუსიკა, ვიდეო, გრაფიტი. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავისი სოციალურ-პოლიტიკური აქტივობებით პროვოცირებას ახდენს არსებული პოლიტიკური ან სოციალური ცვლილების განხორციელებისკენ. ხშირად ისინი სცდებიან ფეხბურთს და სხვადსხვა მოთხოვნებს აყენებენ, თანაც ამის მისაღწევად ხშირად უკიდურეს ხერხებსაც იყენებენ.

ამ ყველაფრის კარგი გამოხატულებაა “ბარსელონას” ქომაგთა აქტივობები. “ელ კლასიკო” რომ ფეხბურთზე მეტია, ეს მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ კატალონიელებმა კვლავ გაბედეს თავიანთი დროშის აფრიალება და ეს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად სწორედ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოხდა. ბარსელონელები “რეალთან” დაპირისპირებას კარგად იყენებენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ თავიანთი მისწრაფების წარმოჩენისთვის. შარშან გამართულ “ელ კლასიკოზე” სპეციალური აქციაც დაგეგმეს. კატალონიელებმა მატჩის მე-17 წუთის მე-14 წამზე სიტყვა “დამოუკიდებლობის” სკანდირება დაიწყეს. აღნიშნული დრო შემთხვევით არ შურჩევიათ – 1714 წელს მეფე ფელიპე მეხუთემ კატალონია საბოლოოდ შეუერთა ესპანეთის სახელმწიფოს. საბედნიეროდ, კატალონიურ-მადრიდული ქომაგობა მშვიდობიან საზღვრებს არ სცდება.

ხშირად დაპირისპირება ერთი ქვეყნის ორი გუნდის რადიკალური ფანატების შეტაკებით იწყება. ერთი წლის წინ, მთელი მსოფლიო შეძრა ეგვიპტეში მომხდარმა უბედურებამ. ქალაქ პორტ-საიდში “ალ-მასრისა” და “ალ-აჰლის” შორის მატჩის (3:1) შემდეგ ორივე გუნდის ფანები მოედანზე ჩავიდნენ და მასობრივი ჩხუბი დაიწყეს, რასაც სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა: დაიღუპა 74 ადამიანი. მიმდინარე წლის იანვრის თვეში ეგვიპტის სასამართლომ აღნიშნულ ტრაგედიაში მონაწილე 21 გულშემატკივარს სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა გამოუტანა.

მოყვანილი მაგალითები ადასტურებს იმას, რომ გულშემატკივრებს, ანგაჟირებულ ადამიანთა ჯგუფს უდიდესი ძალა აქვს და მისი სახიფათო გზით წარმართვის შემთხვევაში, რისკიც საკმაოდ მაღალია. როგორც ხედავთ, ფეხბურთის ქომაგებს ომებიც წამოუწყიათ, სხვადასხვა ქვეყნების ისტორიებიც შეუცვლიათ და მნიშვნელოვანი როლიც უთამაშიათ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებში.