კონმებოლი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯანი ინფანტინოს უჭერს

კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველი ორგანო) პრეზიდენტმა ხუან ანხელ ნაპუტმა განაცხადა, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში სამხრეთ ამერიკა მხარს უეფას გენერალურ მდივან ჯანი ინფანტინოს დაუჭერს. შეგახსენებთ, რომ ნაპუტმა მანამდე მხარდაჭერა მიშელ პლატინის გამოუცხადა, თუმცა ფრანგი ჩინოსანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი, რის გამოც მუშაობის უფლება შეჩერებული აქვს და არც ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში დაამტკიცეს მისი კანდიდატურა.

“ჩვენ ერთხმად მხარს ვუჭერთ ინფანტინოს. ჯანისთან გვქონდა საუბარი და მივხვდით, რომ სწორედ ეს ადამიანი გვჭირდება”, – ციტირებს ნაპუტის სიტყვებს AFP.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს ჩატარდება.

 

“რეალის” ფანი და ფიფას აგენტობაზე მეოცნებე მოდელი

ეს მომხიბლავი მოდელი მარტა არიანე გახლავთ. უყვარს გოლფის თამაში, ქომაგობს მადრიდის “რეალს” და აქვს ოცნება, რომ მოიპოვოს ფიფას აგენტის ლიცენზია.

Marta Ariane 1Marta Ariane 2Marta Ariane 3Marta Ariane 4Marta Ariane 5

“ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა 23-კაციანი სია

ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე იმ 23 ფეხბურთელის სია გამოქვეყნდა, რომლებიც “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებენ.

სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს — ექვსი ფეხბურთელი, მადრიდის “რეალიდან” და მიუნხენის “ბაიერნიდან” კი 5-5 მოთამაშეა შეყვანილი.

დეკემბრის დასაწყისში იმ სამი მოთამაშის ვინაობა დასახელდება, რომლებიც “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა საბოლოო სიაში შევლენ.

სრული სია ამგვარად გამოიყურება:

სერხიო აგუერო (არგენტინა, “მანჩესტერ სიტი”), გარეტ ბეილი (უელსი, “რეალი”), კარიმ ბენზემა (საფრანგეთი, “რეალი”), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, “რეალი”), კევინ დე ბრეინე (ბელგია, “მანჩესტერ სიტი”), ედენ აზარი (ბელგია, “ჩელსი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, “პარი სენ-ჟერმენი”), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, “ბარსელონა”), ტონი კროოსი (გერმანია, “რეალი”), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, “ბაიერნი”), ხავიერ მასკერანო (არგენტინა, “ბარსელონა”), ლიონელ მესი (არგენტინა, “ბარსელონა”), ტომას მიულერი (გერმანია, “ბაიერნი”), მანუელ ნოიერი (გერმანია, “ბაიერნი”), ნეიმარი (ბრაზილია, “ბარსელონა”), პოლ პოგბა (საფრანგეთი, “იუვენტუსი”), ივან რაკიტიჩი (ხორვატია, “ბარსელონა”), არიენ რობენი (ჰოლანდია, “ბაიერნი”), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია, “რეალი”), ალექსის სანჩესი (ჩილე, “არსენალი”), ლუის სუარესი (ურუგვაი, “ბარსელონა”), იაია ტურე (კოტ დივუარი, “მანჩესტერ სიტი”), არტურო ვიდალი (ჩილე, “ბაიერნი”).

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

 

ფიფას გენმდივანი ჟერომ ვალკე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

გუშინ ბრაზილიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვალკე 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების არალეგალურად რეალიზაციის სქემაში მონაწილეობდა, რის შედეგადაც დაახლობით ორი მილიონი ევრო მიიღო.

“ჟერომ ვალკე დაუყოვნებლივ გათავისუფლებულია თანამდებობიდან შემდგომი შეტყობინების გავრცელებამდე. ფიფასთვის ცნობილი გახდა გენერალურ მდივანთან დაკავშირებული გარკვეული ეჭვების შესახებ და ეთიკის კომიტეტისგან მოვითხოვთ ოფიციალური გამოძიების ჩატარებას”, – ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

ჟერომ ვალკე ფიფას გენერალური მდივნის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობდა.

 

მარადონა: “ბლატერი ქურდია, პლატინი – მატყუარა”

არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ზეპ ბლატერი და უეფას ხელმძღვანელი მიშელ პლატინი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ივნისში ფიფას პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბლატერმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. იგი მოვალეობის შესრულებას ხელახალ არჩევნებამდე აგრძელებს, რომელიც 2016 წლის თებერვალში ჩატარდება.

ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ბრძოლას მარადონაც აპირებს. არგენტინელი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ბლატერს გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ თითქმის არცერთი საჯარო ინტერვიუ არ მიუცია.

“იგი მთელი მსოფლიოსგან განცალკევებულია, ციხეშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბლატერი ქურდია. რაც შეეხება პლატინის, იგი მატყუარაა. მას ტყუილის თქმა ბლატერმა ასწავლა”, – ციტირებს მარადონას სიტყვებს L’Equipe-ი.

 

პლატინის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდა სურს

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის, რომელიც ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 32-დან 40-მდე გაზრდა სურს.

წყაროს თანახმად, ფრანგი ფუნქციონერი ამ პუნქტს თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანს, ოფიციალურად კი 27 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს გაახმოვანებს.

გარდა ამისა, პლატინიმ შესაძლოა, თეთრი ბარათი შემოიღოს, რაც მოედნიდან მოთამაშის ათი წუთით გაძევებას გულისხმობს. ფრანგის არჩევის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ტრანსფერები აიკრძალოს.

პლატინიმ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პირველად სიჭინავას ამცნო

დღეს უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფიფას დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

TV Sport-ის ცნობით, ფრანგმა ფუნქციონერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გამოუგზავნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პლატინიმ ფიფას საპრეზიდენტო პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირველად სწორედ სიჭინავას აცნობა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სწორედ მას დაუჭერს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პლატინის დაუდასტურა, რომ არჩევნებზე მხარს მხოლოდ პლატინის კანდიდატურას დაუჭერს.

სფფ-ის პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პლატინი წერს, პირველები ხართ თქვენ, ვისაც მინდა, ვაცნობო, რომ მე გადავწყვიტე ფიფას პრეზიდენტობა. ეს ადამიანი აფასებს ჩვენს ფედერაციას, ჩვენს ქვეყანას, გვერდში გვიდგას და ჩვენგანაც უნდა გვერდში დგომა.

ვთვლით, რომ ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი ფეხბურთში, რომელიც უნდა იყოს ფიფას სათავეში.

სანამ მე ვარ პრეზიდენტი, სხვა კანდიდატურა არც განიხილება, ვინაიდან მიშელ პლატინიმ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის: სუპერთასი, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2017 წელს, აკადემიის გახსნა და სხვადასხვა პროექტები”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ TV Sport-ის ეთერში.

პლატინის საგანგებო წერილი

 

ლინეკერმა პუტინსა და ბლატერზე ირონიული კომენტარი გააკეთა

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის მიმდინარეობის დროს სოციალური ქსელის მეშვეობით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ფიფას ხელმძღვანელ იოზეფ ბლატერზე ირონიული კომენტარი გააკეთა.

“ფეხბურთი საიმედო ხელშია”, – დაწერა ლინეკერმა.

Lineker tweet

სუარესი ფიფასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ბარსელონასა” და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა სურვილი გამოთქვა, რომ ფიფამ მის მიმართ გამოტანილი სასჯელის გამო ბოდიში მოიხადოს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სუარესმა იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის უკბინა, რის გამოც ურუგვაელმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დონეზე ცხრამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

Chiellini - Suarez

“როდესაც დიეგო გოდინმა გოლი გაიტანა, ისე ვერ აღვნიშნე, როგორც მინდოდა, რადგან გაცნობიერებული მქონდა, რომ შეცდომა დავუშვი და ამის გამო შეიძლება დავსჯილიყავი. ვფიქრობ, ფიფას სადისციპლინო კომიტეტში ხვდებიან, რომ ზედმეტად მკაცრი სასჯელი გამომიტანეს. ვისურვებდი, ბოდიში მოიხადონ და აღიარონ, რომ დისკვალიფიკაცია გადაჭარბებული იყო. მე ეს ყველაფერი მოვინანიე.

როდესაც ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ფიფას მიერ გამოტანილი დისკვალიფიკაცია გამაცნო, ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, თუმცა ცრემლები მაინც ვერ შევიკავე. შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა მატჩებზე დასწრების აკრძალვა ჩემთვის გაუგებარი რამ გახლავთ”, – სუარესის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

მარადონას ფიფას პრეზიდენტობა სურს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს. ამის შესახებ ურუგვაელმა ჟურნალისტმა ვიქტორ უგო მორალესმა განაცხადა, რომელსაც მარადონასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

“მან მითხრა, რომ კანდიდატურის დაყენებას აპირებს და ამ ინფორმაციის გამჟღავნების უფლებაც მომცა”, – აღნიშნა მორალესმა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას რიგგარეშე კონგრესი მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე არსებულ პერიოდში ჩატარდება და ახალ პრეზიდენტსაც დროის ამ მონაკვეთში აირჩევენ. მანამდე ფიფას ზეპ ბლატერი უხელმძღვანელებს.

 

ლიბერიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს

“გარდიანის” ცნობით, ლიბერიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მუსა ბილიტი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს. 48 წლის ფუნქციონერი თვლის, რომ კონტინენტის სიდიდისა და სტატუსის გათვალისწინებით, აფრიკა საფეხბურთო სამყაროში თვალსაჩინოდ უნდა იყოს წარმოდგენილი. ბილიტი ლიბერიის ფეხბურთს 2010 წლიდან ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ იოზეპ ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მეხუთე ვადით აირჩიეს, თუმცა კორუფციული სკანდალის გამო მან დაკავებული თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

ფიფას რიგგარეშე კონგრესი მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე არსებულ პერიოდში ჩატარდება და ახალ პრეზიდენტსაც დროის ამ მონაკვეთში აირჩევენ. მანამდე ფიფას კვლავ ბლატერი უხელმძღვანელებს.

 

ბლატერი, შესაძლოა, ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდეს

იოზეფ ბლატერმა, რომელმაც ორ ივნისს ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა დაადასტურა, შესაძლოა, გადაიფიქროს და ორგანიზაციას კვლავ უხელმძღვანელოს, რის შესახებაც „Schweiz am Sonntag“-ი იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, 79 წლის შვეიცარიელმა აფრიკული და აზიური ფეხბურთის ასოციაციებისგან მხარდაჭერა და დარჩენის თხოვნა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი პოსტიდან კორუფციული სკანდალის გამო გადადგა. ორანიზაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 16 დეკემვერს შედგება. არჩევნების ზუსტი თარიღი ოც ივლისს, ფიფა-ს სხდომაზე გაირკვევა.