დიდიე დეშამი და სოციალური ქსელები

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ ფეხბურთელთა მხრიდან სოციალური ქსელის მოხმარებას ლიბერალურად უყურებს, თუმცა ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი იქვე დასძენს, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას გუნდის წევრების მიერ ქსელის ხშირ გამოყენებას არ დავუშვებო.

„ჯერ არ იციან, რა წესებით ვიმოქმედებთ ბრაზილიაში. ყველაფერს მე განვსაზღვრავ. სოციალური ქსელები თითოეული ადამიანის პირადი თავისუფლების ნაწილია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. ქსელში შეიძლება ვინმეს მიესალმო, გამოემშვიდობო, ეს კარგია და არ მაღელვებს, თუმცა არ დავუშვებ არაფრისმომცემ მიმოწერას, რაც გუნდის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს იქნება უპირველესი წესი“, – დეშამის სიტყვებს L’Equipe-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად შვეიცარიის, ეკვადორისა და ჰონდურასის ნაკრებები ჰყავს. მუნდიალის დაწყებამდე 23 დღე დარჩა.

ბექა დოგრაშვილი

დეშამმა ახსნა, რატომ არ შეიყვანა ნასრი სამუნდიალო განაცხადში

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის 23-კაციანი განაცხადი წარადგინა, რომელშიც ვერ მოხვდა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი სამირ ნასრი. „მამალთა“ დამრიგებელმა მოგვიანებით ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

„ნასრი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც საფრანგეთის ნაკრებში სათამაშოდ არის საჭირო. მას არ მოსწონს, როცა ცვლიან და ამას ღიად გამოხატავს, რაც ნეგატიურად აისახება გუნდის ატმოსფეროზე. ჩვენ ფეხბურთელებს ვაფასებთ არამხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. დამიჯერეთ, ეს განაცხადი სამ დღეში არ შემიდგენია“, – დეშამის სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ზლატანი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს

ცნობილი გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლ მოთამაშეთა ვინაობა.

ტიტულის მოსაპოვებლად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო სილვა და ტიაგო მოტა, აგრეთვე „მონაკოს“ მოთამაშე ხამეს როდრიგესი იბრძოლებენ.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ლაივენ კურზავა („მონაკო“), ხამეს როდრიგესი („მონაკო“), მარკო ვერატი („პსჟ“), სერჟ ორიე („ტულუზა“);

სეზონის საუკეთესო მეკარის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ვინსენტ ენიეამა („ლილი“), სტეფან რუფიე („სენტ-ეტიენი“), სტივ მანდანდა („მარსელი“), სალვატორე სირიგუ („პსჟ“);

სეზონის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ლორან ბლანი („პსჟ“), კლაუდიო რანიერი („მონაკო“), რამი გარდი („ლიონი“), რენე ჟირარი („ლილი“).

გამარჯვებულებს 11 მაისს დაასახელებენ.

ბექა დოგრაშვილი

ზიდანი ანჩელოტის შეცვლის?

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამინდელი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი 2016 წლის ზაფხულში კლუბის თავკაცის პოსტზე კარლო ანჩელოტის შეცვლის. „მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, 41 წლის სპეციალისტმა უკვე მიაღწია კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან წინასწარ შეთანხმებას.

თუმცა, ზიდანის მიმართ ინტერესს საფრანგეთშიც იჩენენ. კერძოდ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ეროვნული ნაკრები სწორედ ზიდანს ჩააბარონ. „მამლების“ ამჟამინდელმა თავკაცმა დიდიე დეშამმა უკვე განაცხადა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს, მის შემცვლელად კი ზიდანის კანდიდატურა ესახება.

ბექა დოგრაშვილი

რიბერი: „დღეს მე ჩემი სახეც მომწონს“

პარასკევს, ევროპაში კიდევ ერთი საფეხბურთო წიგნი იხილავს დღის სინათლეს. წიგნი სახელწოდებით „ფრანკი“ მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგ ნახევარმცველ ფრანკ რიბერის შესახებ მოგვითხრობს. ჩვენი ჟურნალი აღნიშნულ წიგნში შესულ რიბერის რამდენიმე ციტატას გაგაცნობთ.

შესავალში წიგნის ავტორი რამდენიმე ადამიანს რიბერის დახასიათებას სთხოვს. ერთ-ერთი მათგანი ფრანკის თანაკლუბელი დანიელ ვან ბუიტენი გახლავთ.

„საფეხბურთო ინდუსტრიაში ბევრ მეგობარს ვერ გაიჩენ. ფრანკი ის მეგობარია, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება“, – აღნიშნავს ბელგიელი მცველი.

ფრანკ რიბერის ციტატები:

იარების შესახებ:
1985 წელს ავტომობილი, რომლითაც რიბერის ოჯახი მგზავრობდა, სატვირთო მანქანას დაეჯახა. გამგზავრებამდე ორი წლის ფრანკის მამას შვილისთვის უსაფრთხოების ქამრის შეკვრა დაავიწყდა, რიბერიმ თავი საქარე მინას დაარტყა. სწორედ ამ პერიოდიდან აქვს მას სახის მარჯვენა მხარეს ორი გრძელი იარა. წლების შემდეგ, როდესაც ის მარსელის „ოლიმპიკში“ პოპულარული ფეხბურთელი გახდა, ადგილობრივმა მაღაზიამ ჰელოუინის დღეობაზე გასაყიდად რიბერის ნიღბები გამოიტანა – რა თქმა უნდა, საშინელი ნაიარევით. ფეხბურთელს პლასტიკური ოპერაცია შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა: „ეს იარები ძალას მმატებს. ბავშვობაში დამცინოდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მაგრამ ამან უფრო გამაძლიერა… იარებს არ მოვიშლი, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ!“
„ბავშვობაში კვაზიმოდოს მეძახდნენ. წარმოგიდგენიათ? ასე მომართვა გულს ძალიან მტკენდა. რომ არა ეს იარა, მეც ჩვეულებრივი ბიჭი ვიქნებოდი. ახლა გაცილებით ძლიერი ხასიათი მაქვს, გამარჯვებისკენ მივისწრაფი. დღეს მე ჩემი სახეც მომწონს. მიყვარს ჩემი ცხოვრება“.

მშენებლობაზე მუშაობის შესახებ:
„მამამ პნევმატური ჩაქუჩი მომცა და მეც საქმეს შევუდექი. მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, როცა მამა სამშენებლო ხარაჩოდან ჩამოვარდა. მაშინ მივხვდი, რომ მამაჩემის საქმიანობა ადვილი სულაც არ ყოფილა. მივხვდი იმასაც, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ისღა დამრჩენოდა, ფეხბურთელი გავმხდარიყავი“.

პირველი შვებულების შესახებ  (2004 წელს):
რიბერის რეაქცია, როდესაც „მეცის“ მწვრთნელმა ჟან ფერნანდესმა უთხრა, რომ ერთკვირიანი შვებულებით მეუღლესთან ერთად ტუნისში გამგზავრება შეეძლო. ჟან ფერნანდესი იხსენებს:
„წარმოიდგინეთ: ეს ცხოვრებაში მისი პირველი შვებულება იყო. ის პირველად გაემგზავრა თვითმფრინავით. მოგვიანებით დავურეკე და ასეთი რამ მითხრა: მწვრთნელო, ძალიან მომწონს! ჩემი მეუღლე ახლა აუზში ცურავს. ძალიან მაგარია!“

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

ანელკა: „დომენეკს პატივს არ ვცემ“

ფრანგმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ რაიმონ დომენეკთან ამ დრომდე კონფლიქტი აქვს. შეგახსენებთ, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში მათ შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ანელკა ნაკრებიდან გააძევეს.

„ყველამ კარგად ვიცით, რა მოხდა სამხრეთ აფრიკაში და ვინ არის დამნაშავე. მეცინება, როდესაც ის საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენს. ამ იმიჯის წყალობით წიგნებიც ადვილად ეყიდება.

კი ბატონო, მე მწვრთნელს შეურაცხყოფა მივაყენე, მაგრამ მანამდე მან შეურაცხო მთელი საფრანგეთი. მან არ იცის, რა არის გამარჯვება, ამიტომ მე მას პატივს არ ვცემ. როდესაც კარლო ანჩელოტისთან და სხვა მწვრთნელებთან გაქვს ნამუშევარი, ძნელია, დომენეკის მეთოდს შეეგუო. მე მას შეურაცხყოფა მივაყენე და ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებდი“, – განუცხადა ანელკამ „მეტრო ნიუსს“.

ბექა დოგრაშვილი

ლუკა ზიდანი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს

15 წლის ლუკა ზიდანმა, რომელმაც კვირას, მადრიდის „რეალში“ პირველი ვარჯიში ჩაატარა, საფრანგეთის 16 წლამდე ნაკრებისგან მოწვევა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

სახელგანთქმული ზინედინ ზიდანის მეორე შვილი „მამლების“ საწვრთნელ ბაზაზე რამდენიმე დღეს დაჰყოფს.

აღსანიშნავია, რომ მამისგან და უფროსი ძმისგან განსხვავებით, ლუკა ზიდანი მეკარის პოზიციაზე თამაშობს.

 

იბრაჰიმოვიჩი: „ბლეზ, როგორც ჩანს, ვარჯიშებზე მაკვირდებოდი“

„პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩვეული იუმორით შეაფასა თანაკლუბელ ბლეზ მატუიდის მიერ ჰოლანდიის ნაკრების კარში გატანილი ეფექტური გოლი.

„შენს მიერ გუშინდელ მატჩში გატანილი გოლი ვნახე. დიდებულია. როგორც ჩანს, ვარჯიშებზე მაკვირდებოდი“, – დაწერა სოციალურ ქსელში იბრაჰიმოვიჩმა.

თავად მატუიდიმ ამ კომენტას ასე უპასუხა: „ზლატან, ეს მოძრაობა შენ მასწავლე“.

მბაიე ნიანგს პატიმრობა მიესაჯა

„მილანის“ თავდამსხმელ მბაიე ნიანგს, რომელიც იჯარის წესით ფრანგულ „მონპელიეში“ თამაშობს, საფრანგეთში მომხდარი ინციდენტის გამო პატიმრობა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს 19 წლის ფეხბურთელი „ფერარის“ მარკის ავტომობილით კლუბის ბაზის მახლობლად ხეს შეეჯახა.

პროკურორი 170 საათის განმავლობაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაწევას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ნიანგი რამდენიმე პუნქტით სცნო დამნაშავედ (გადაჭარბებული სიჩქარე, ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე ტარება, ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, შუქნიშანზე წითელი ფერის იგნორირება) და 18 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მიმდინარე სეზონში ნიანგმა საფრანგეთის ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

დეშამი: „საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ამბიციური უნდა იყოს“

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცადა, რომ მისი გუნდი ეცდება, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს. ფრანგი სპეციალისტის თქმით, „მამლებმა“ 2010 წელს გამართულ მუნდიალზე განცდილი წარუმატებლობა უნდა დაივიწყონ.

„საფრანგეთის ნაკრები ამბიციური უნდა იყოს. ბრაზილიაში მივდივართ სურვილით, რომ ტურნირზე მაქსიმალურად მაღალი შედეგი ვაჩვენოთ. მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის იმას, რაც 2010 წელს მოხდა. ეს ისტორიად დარჩება, მაგრამ არ უნდა გავიხსენოთ. მთავარი ისაა, რაც წინ გველის: მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენს კედლებში გაიმართება. გულშემატკივრები მხარს გვიჭერენ. პრესაში ყველაფერი შეიძლება დაიწეროს, თუმცა მე ჩემი ფეხბურთელების მჯერა“, – დეშამის სიტყვები ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან ერთად Е ჯგუფში შვეიცარიის, ეკვადორისა და ჰონდურასის ნაკრებები მოხვდნენ.

ბექა დოგრაშვილი

ფრანგული კლუბები „მონაკოსა“ და ფეხბურთის ფედერაციის შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიან

რამდენიმე ფრანგული კლუბი „მონაკოსა“ და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული შეთანხმების გასაჩივრებას აპირებს.

„მონაკო“ მზად არის, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას 50 მილიონი ევრო გადაუხადოს იმისთვის, რომ კლუბის შტაბ-ბინამ საფრანგეთის ტერიტორიაზე არ გადაინაცვლოდ და გადასახადების გადახდა საფრანგეთის კანონებით არ მოუწიოს.

ფრანგულ კლუბთა პრეზიდენტების უმრავლესობა თვლის, რომ „მონაკოს“ შეღავათიან პირობებს სთავაზობენ, რადგან ასეთი შეთანხმება არ ითვალისწინებს იმ სარგებლის კომპენსირებას, რომელსაც „წითელ-თეთრები“ დააგროვებენ სხვა ფრანგული კლუბებისგან განსხვავებით. ამიტომ, ფრანგული კლუბების პრეზიდენტები მოითხოვენ, რომ „მონაკოს“ შტაბ-ბინამ საფრანგეთში გადმოინაცვლოს და გადასახადების გადახდაც იმ ოდენობით დაეკისროს, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა კლუბები იხდიან. ჯერჯერობით შვიდი ფრანგული კლუბია მზად, აღნიშნულ საჩივარზე ხელი მოაწეროს: „ბორდო“, „კანი“, „ლილი“, „ლორიანი“, „მარსელი“, „მონპელიე“, „პარი სენ-ჟერმენი“.

ბექა დოგრაშვილი

„პსჟ“ „მონაკოს“ დაუზავდა

საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი მონაკოს „ლუი მეორის“ სტადიონზე შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა გათამაშების ლიდერი „პარი სენ-ჟერმენი“ მიიღო.

ანგარიში პარიზელებმა გახსნეს. მე-8 წუთზე სტუმართა შემტევმა ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ ზუსტი დარტყმით „პსჟ“ წინ გაიყვანა. ლორამ ბლანის გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ უპირატესობა, თუმცა მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე ტიაგო სილვამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშიც გათანაბრდა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ბულგარელ თავდამსხმელ დიმიტარ ბერბატოვს, რომელიც მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა.

გუნდებმა სატურნირო ცხრილში პოზიციები შეინარჩუნეს. „პარი სენ-ჟერმენი“ გათამაშებას 55 ქულით ლიდერობს, მადევარ „მონაკოს“ 50 ქულა აქვს.

საფრანგეთის ჩემპიონატი
24-ე ტური
„მონაკო“—„პარი სენ-ჟერმენი“ 1:1 (0:1)

გოლები: ტიაგო სილვა 74′ (ა.გ.) — პასტორე 8′.
გაფრთხილებები: რიკარდუ კარვალიუ 36′, როდრიგესი 38′ — ვერატი 40′.

ბექა დოგრაშვილი